„გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“ თანამედროვე რუკების სახით

19 დეკ 2018

7 დეკემბერს გეოგრაფიის აკადემიურმა დოქტორმა რომან მაისურაძემ პროექტის - „სამცხე-ჯავახეთის რეგიონის რეტროსპექტული კარტოგრაფირება და სივრცითი ანალიზი „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარის“ საფუძველზე“ - პრეზენტაცია გამართა.

პროექტი, რომელიც უკვე დასრულების ფაზაშია, 2016 წელს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო გრანტების ფარგლებში დაფინანსდა და გულისხმობდა XVI საუკუნის პერიოდის ოტომანთა მიერ მომზადებული დოკუმენტის - „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარის“ საფუძველზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გეოგრაფიულ-ლანდშაფტური, საზოგადოებრივ-გეოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური სურათის აღდგენას. „შემიძლია ვთქვა, რომ ორი წლის განმავლობაში მთელი ენერგია მოვახმარე ამ პროექტს, რადგან ეს გახლდათ საინტერესო გამოწვევა ჩემთვის, როგორც მკვლევრისთვის. დოკუმენტში - „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“ - უნიკალური და გამორჩეული ფაქტები, მოვლენები და, შეიძლება ითქვას, ეპოქის სულია დაფიქსირებული, რასაც აუცილებლად სჭირდებოდა შემონახვა“, - აღნიშნა რომან მაისურაძემ.
როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, პროექტი, თითქმის დასრულებულია. მისი განხორციელების პროცესში შეიქმნა დაახლოებით 100-მდე რუკა, რომელიც 4-5- საუკუნის წინანდელ საქართველოში, კონკრეტულად კი, სამცხე-ჯავახეთში, არსებულ სურათს ასახავს. პროექტის ფარგლებში ასევე მომზადებულია თემატური მონაცემთა ბაზები და გეოინფორმაციული სისტემა.
პრეზენტაციაზე ისიც ითქვა, რომ პროექტზე მუშაობისას თავი იჩინა წინააღმდეგობებმაც, რადგან ძალიან რთული აღმოჩნდა მაღალი დეტალურობის მქონე სამეცნიერო პროდუქტის შექმნა და ინფორმაციის მთელი სისრულით გადმოცემა წვრილმასშტაბიანი რუკების სახით.
შედგენილი რუკების თემატიკა მრავალფეროვანია. ისინი შეეხება ადმინისტრაციულ მოწყობას, სასოფლო დასახლებების განაწილებას, სასოფლო და საქალაქო დასახლებებს, არქიტექტურულ მრავალფეროვნებას, ფულადი და ნატურალური გადასახადების ოდენობას, მიწის ფონდის სტრუქტურას, სოფლის მეურნეობის დარგებს, მოსახლეობას, მის ეთნიკურ-სოციალურ სტრუქტურას და მსგავს თემებს, რომლითაც XVI საუკუნის სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ხასიათდებოდა.
„პერსპექტივაში შესაძლებელია ამ პროექტის გაგრძელება, რადგან არსებობს წყაროები, რომლებიც მიგვითითებენ, თუ როგორ წარიმართა ამ რეგიონში ადამიანის საქმიანობა და საზოგადოებრივი ცხოვრება, მიმდინარე პოლიტიკური, გეოპოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით. ასევე, როგორ შეიცვალა ბუნებრივი და საზოგადოებრივი გარემო XVI საუკუნიდან დღემდე. კვლევა ჩატარებულია საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ „გურჯისტანის ვილაიეთი“ მოიცავდა საქართველოს გარეთ მდებარე ოლქებსაც, რომლებიც დღეს თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებშია. დიდი სურვილი მაქვს, რომ ამ ტერიტორიებისთვისაც მომზადდეს ანალოგიური ნაშრომი, რადგანაც ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისათვის“, - აღნიშნა რომან მაისურაძემ ჩვენთან საუბარში.
პროექტმა დაინტერესება გამოიწვია როგორც მეცნიერ-გეოგრაფებში, ასევე სტუდენტებში. „პრეზენტაცია ძალიან საინტერესო იყო. რა თქმა უნდა, ეს არის სიახლე. პროექტში გამოყენებულია ალექსანდრე ასლანიკაშვილის რუკა და „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“, მაგრამ რომანმა მათ ძალიან ბევრი რამ შემატა - შექმნა, ფაქტობრივად, კომპლექსური ტიპის ატლასი, რომელიც, როგორც აღინიშნა, დაახლოებით 100-მდე რუკისგან შედგება. ეს არის საკმაოდ სოლიდური კაპიტალური კარტოგრაფიული ნაწარმოები“, - გვითხრა გეომორფოლოგია-კარტოგრაფიის კათედრის ასოცირებულმა პროფესორმა, საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის ხელმძღვანელმა თენგიზ გორდეზიანმა.
პროექტი „სამცხე-ჯავახეთის რეგიონის რეტროსპექტული კარტოგრაფირება და სივრცითი ანალიზი „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარის“ საფუძველზე“ წელს სრულდება. პროექტის შედეგების მიხედვით იგეგმება სამეცნიერო ნაშრომების მომზადება და მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნება.