სტუდენტური უნიქარდით მოგებული ბინა

20 დეკ 2018

„ცხოვრებაში არსებობს რაღაცები, რაც ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ რჩება, რათა წლების შემდეგაც სიამოვნებით, ფრაგმენტების ამოვარდნის გარეშე გავიხსენო ის ემოცია, რომელიც მივიღე... სწორედ ასეთი დღე იყო ჩემთვის 2018 წლის 11 ნოემბერი. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი დღე გათენდა, თუმცა საოცრად დაგვირგვინდა! უკვე ყველამ იცით, უნიქარდის გათამაშებაში მთავარი პრიზი - ბინა მოვიგე! ასეთი დღეები და ასეთი შემთხვევები არის სასწაული და უფლის საჩუქარი. რომ არ დაგიმალოთ, ჯერ კიდევ არ მჯერა და ემოციებს თავს ვერ ვაღწევ, თუმცა, იმის მეათასედსაც ვერ გამოვხატავ, რასაც შინაგანად განვიცდი, „ცხელ-ცხელ“ რეაქციებს კი გათამაშების მსვლელობისასაც ნახავდით... მინდა, საჯაროდ გადავუხადო მადლობა უნიქარდს და მთელ მის კოლექტივს, რომელმაც დაუვიწყარი დღე მაჩუქა... ასევე, ჩემს მშობლიურ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომლის სტუდენტურ უნიქარდსაც აქტიურად ვიყენებდი.
განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა თსუ-ის რექტორს გიორგი შარვაშიძეს, რომელიც დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო, რათა ჩემთვის ეს განსაკუთრებული საჩუქარი მოელოცა. არ არსებობს საკმარისი სიტყვები, რომელიც ჩემს მადლიერებას ბოლომდე გამოხატავს. მადლობა, მადლობა, მადლობა!!!“ - ასე გამოხატა ანი კიბაბიძემ თავისი სიხარული და ემოცია, როდესაც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ტერასა ჯგუფისგან უნიქარდის გათამაშების მთავარი პრიზი - ბინა ლისზე მოიგო. 
ანი რუსთავში ბებიასთან ერთად ცხოვრობს. რუსთავის მე-2 საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. 
„ბავშვობაში ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სასწავლებელში ვსწავლობდი, თუმცა შემდეგ რუსთავის მე-2 საჯარო სკოლა დავამთავრე. ბოლო წლებში, როდესაც უკვე ფიქრი დავიწყეთ იმაზე, თუ რა მინდოდა ცხოვრებისგან, რომელ სფეროში ვიგრძნობდი თავს კარგად, ოჯახში სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავდით, თუმცა ბოლო წელს უპირობოდ გადავწყვიტე თსუ-ში ჩაბარება, სპეციალობად კი სამართალი ავირჩიე. მიზნის მისაღწევად თავდაუზოგავად ვმეცადინეობდი. 2014 წელს სტუდენტი გავხდი და სრული დაფინანსებაც მოვიპოვე. ჩემთვის უნივერსიტეტში გატარებული ოთხი წელი დაუვიწყარი, ნაყოფიერი, დატვირთული, შემეცნებითი იყო. ძალიან ბევრი რამ მომცა უნივერსიტეტმა, გავხდი მეტად თავდაჯერებული და, რაც მთავარია, პროფესიულად გავიზარდე“, - ასე იხსენებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გატარებულ წლებს ანი კიბაბიძე.
ანი ამჟამად ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში მაგისტრატურის პირველ კურსზე სწავლობს, კერძო და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე. ამასთან, იგი დასაქმებულია სამშენებლო-საზედამხედველო კომპანიაში, რომელიც, მისივე თქმით, ძალიან საინტერესო პროექტს უწევს ზედამხედველობას, კერძოდ, საქართველოს მასშტაბით სკოლების რეაბილიტაციის პროექტს, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ. თავისი წარმატებებით ახარებს საზღვარგარეთ სამუშაოდ წასულ დედას და დას, რომელიც პიზის უნივერსიტეტის სტუდენტია.
„სიმართლე გითხრათ, დღემდე არ მჯერა, რომ ბინა მოვიგე, სასწაულივითაა... გაიღვიძებ და, უცებ, ბინა გაჩუქეს... ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე და განსაკუთრებით სასიხარულოა ასეთი სიურპრიზები. ჩემი მაშინდელი ემოციის გამოხატვა და აღწერა ძალიან რთულია, რადგან ეს იყო ნამდვილი და გულწრფელი რეაქცია. თავიდან საერთოდ არ ვიცოდი, როცა მითხრეს - საიდან მირეკავდნენ, რა პრიზი მოვიგე. ვიცოდი, რომ რაღაც მოვიგე... რატომღაც უფრო სკუტერს წარმოვიდგენდი, ვიდრე ბინას“, - ამბობს ანი.
იღბლიანი მოთამაშის გრაფიკი გადატვირთულია: „ბოლოს როდის მქონდა თავისუფალი დრო აღარც მახსოვს, სულ გადარბენაზე ვარ: სამსახური, უნივერსიტეტი... თუმცა, თუკი „სასწაული“ მოხდა, დიდი ხნის უნახავ მეგობრებს ვნახულობ, ან თეატრში მივდივარ, რადგან ძალიან მიყვარს სპექტაკლები. ასევე, წიგნების კითხვა ჩემი საყვარელი „საქმიანობაა“. შემიძლია ღამეები გავათენო“.
ანი იმასაც ამბობს, რომ არასდროს წამოსცდენია ფრაზა: „რა უიღბლო ვარ“ და სხვა მსგავსი, რადგან სჯერა, რომ ყველაფერი ბუმერანგივით ბრუნდება უკან - სიტყვაც, ქმედებაც, დამოკიდებულებაც... იქნებ ამიტომაც არის, რომ წარმატება მისი „იღბალია“.