სტუდენტური თვითმმართველობის ახალი პრეზიდენტის ინიციატივები

19 დეკ 2018

მიმდინარე წლის 25 ნოემბერს თსუ-ში VII მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობა აირჩიეს. სტუდენტების წარმომადგენლობით ორგანოს, რომელიც მომდევნო 2 წლის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ცხოვრების ამინდს შექმნის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის (ახალი და უახლესი პერიოდი) სპეციალობის II კურსის მაგისტრანტი შოთა კეჟერაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც, ამავე დროს, თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრიც გახლავთ. სტუდენტური თვითმმართველობის ახალი პრეზიდენტი VI მოწვევის სტუდენტურ თვითმმართველობაში პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელი იყო. 
„მეოთხე წელი იწყება, რაც სტუდენტურ თვითმმართველობაში ვარ. ამჯერად მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია, რაც ჩემთვის დიდი პატივიცაა“, - ამბობს შოთა კეჟერაშვილი. 
სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი მთავარ გამოწვევად საფაკულტეტო საბჭოებში თვითმმართველობის დელეგატების მუშაობას მიიჩნევს: „ფაკულტეტის საბჭოებში მუშაობისას ვაპირებთ, რომ ვიყოთ ძალიან აქტიურები, შევისწავლოთ მიმდინარე საკითხები, ჩავერთოთ მათ განხილვაში, დავაფიქსიროთ განსხვავებული აზრი და, საბოლოოდ, ეს პროცესი უფრო გავაჯანსაღოთ. მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი ვართ თსუ-ის სენატის წევრებიც. აუცილებლად ვეცდებით, რომ ეს ტრიბუნაც გამოვიყენოთ პრობლემების გადასაწყვეტად. პრობლემები კი ბევრია და აუცილებელია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა“. 
შოთა კეჟერაშვილი უნივერსიტეტში ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემად სილაბუსებისა და სასწავლო პროცესის ერთმანეთთან შეუსაბამობას ასახელებს. ასევე, აღნიშნავს, რომ მოძველებულია ცოდნის გადაცემის მეთოდიკა. მიუხედავად იმისა, რომ თსუ-ის კორპუსების ინფრასტრუქტურული მოწესრიგების პროცესი დაწყებულია, აუცილებლად მიიჩნევს ყველა საუნივერსიტეტო კორპუსში სივრცეების მოწყობას, სადაც ლექციებს შორის სტუდენტებს თავისუფალი დროის გატარება შეეძლებათ. 
VII მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის წევრების მუშაობის მთავარი პრიორიტეტი ისევ განათლების, მეცნიერებისა და სტუდენტების უფლებათა დაცვის მიმართულებები იქნება. მომავალი წლისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საგარეო ურთიერთობების გაღრმავება-გაუმჯობესება და შედეგად ევროპის სტუდენტთა საბჭოსთან აქტიური თანამშრომლობაა. ასევე, გეგმავენ, რომ, გამოცდილების გაზიარების მიზნით, საპასუხისმგებლო მოვალეობები პირველ და მეორეკურსელ წევრებს დააკისრონ.
„პირველად, როდესაც დელეგატებმა ამირჩიეს, ვთქვი და ახლაც ვამბობ, რომ ჩვენთვის მთავარი ღირებულებაა სტუდენტი და სტუდენტის უფლებები. სტუდენტების წარმომადგენლები ვართ და როდესაც პრობლემა ექმნებათ, გამოსავალს, პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვპოულობდეთ. რაც შეეხება პროექტებს, განათლებისა და მეცნიერების მიმართულება პრიორიტეტულია. ახლა საუბარია ხარისხისა და სტუდენტების ჩართულობის გაზრდაზე. სამწუხაროდ, უნივერსიტეტში ნაკლები საშუალებაა, რომ პრაქტიკული გამოცდილება მივიღოთ, სწორედ ამიტომ ამ მიმართულებით მუშაობას გავაძლიერებთ. ასევე, შევთავაზებთ უფრო მეტი კვლევითი ხასიათის პროექტებს. სტუდენტური ცხოვრების გასამრავალფეროვნებლად, რა თქმა უნდა, კულტურულ და სპორტული სახის ღონისძიებებსაც განვახორციელებთ. 
საგარეო ურთიერთობების გაღრმავების გარეშე განვითარება რთული იქნება. შესაბამისად, ევროპის სტუდენტთა საბჭოსთან, აქტიური თანამშრომლობის მიზნით, უკვე ინტენსიურად ვმუშაობთ თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად. მიმაჩნია, რომ თსუ უნდა იყოს საქართველოდან პირველი უნივერსიტეტი, რომელიც სტუდენტების ყველაზე დიდ წარმომადგენლობით ორგანოსთან თანამშრომლობის ინიციატორი იქნება“, - აცხადებს შოთა კეჟერაშვილი. 
შეიძლება ითქვას, რომ სტუდენტური თვითმმართველობის ახალი პრეზიდენტის მთავარი ინტერესი, მიზანი და გამოწვევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და უნივერსიტეტში სწავლაა. სამაგისტრო ნაშრომს „საქართველოში პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბების“ თემაზე ამზადებს, განსაკუთრებით აინტერესებს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდი, რომელიც, მისი აზრით, საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია: „დედა ისტორიის პედაგოგია, ამიტომ ბავშვობიდან მქონდა ისტორიულ ლიტერატურაზე წვდომა და ჩემი ინტერესიც აქედან გაჩნდა. უახლესი ისტორიის მიმართულება ავირჩიე, რადგან მოიცავს პერიოდს, რომელიც ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა. 1918-1921 წლები საქართველოს ისტორიაში ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის შესწავლილი და საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევს, ამიტომ გადავწყვიტე ამ პერიოდის შესწავლა“. 
თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა საახალწლო ტრადიციას წელსაც აგრძელებს და სტუდენტებს TSU New Yaer Party-ზე იწვევს.
„საახალწლოდ ვეცდებით, უნივერსიტეტში პოზიტიური განწყობა შემოვიტანოთ. მარტიდან კი აქტიურად დავიწყებთ სტუდენტებისთვის სხვადასხვა ხასიათის, საინტერესო პროექტების შეთავაზებას. ვისურვებდი, როდესაც საუნივერსიტეტო საკითხებზე სასაუბროდ შევიკრიბებით, რაც შეიძლება ნაკლები პრობლემა გვქონდეს განსახილველი“, - ამბობს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი.