როგორ აპირებს სენატის ახალი წევრი პრინციპული გეგმებისთვის ბრძოლას

18 დეკ 2018

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლად არჩეულ სენატში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა ინტერესებს დაჩი ჩიტაია წარადგენს. დაჩი ჩიტაია პოლიტიკის მეცნიერების სპეციალობის II კურსის სტუდენტია. როგორც ამბობს, ამ სპეციალობის არჩევის გადაწყვეტილების წინაპირობა ქვეყანაში არსებული ვითარება და პოლიტიკის დარგის მიმართ მისი დიდი ინტერესი გახდა: „მივიჩნევ, რომ პოლიტიკა არ არის მხოლოდ ის შაბლონური ტერმინი, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ. პოლიტიკა დამოუკიდებელი სამეცნიერო დარგია და რამდენიმე სოციალურ მიმართულებას აერთიანებს. მისი შესწავლა ბევრ შესაძლებლობას იძლევა - მაქსიმალურად გამოადგე როგორც ქვეყანას, ასევე უნივერსიტეტს“.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სკოლის პერიოდიდანვე კარგად იცნობდა, ესწრებოდა სხვადასხვა ლექციებს და, შესაბამისად, უმაღლესი სასწავლებლის შერჩევაზე დიდხანს არ უფიქრია. ახლა სტუდენტის პასუხისმგებლობის შესრულებასთან ერთად, სამოქალაქო აქტივიზმშიც არის ჩართული და თავისუფალ დროს, ძირითადად, სხვადასხვა სოციალური, საგანმანათლებლო თუ პოლიტიკური საკითხების განხილვას უთმობს.
„ახლახან შევქმენით „პლატფორმა სოციალური დიალოგისათვის“, სადაც ჩვენი ფაკულტეტის რამდენიმე სტუდენტი გავერთიანდით. ხშირად ვიკრიბებით სოციალურ კაფეებში, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ვაანალიზებთ და არსებული პრობლემების მოგვარების ჩვენეულ ხედვას ვაყალიბებთ. პლატფორმის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზეც გვექნება საუბარი“, - აცხადებს დაჩი ჩიტაია.
როგორც თსუ-ის სენატის წევრი, შიდასაუნივერსიტეტო „ახალგაზრდა მეცნიერთა პლატფორმის“ შექმნასაც გეგმავს. ახალგაზრდა მეცნიერთა პლატფორმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით წლიურ ანგარიშებს შეადგენს, სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებს გაუწევს ორგანიზებას, აკადემიური პერსონალის თანამონაწილეობით დისკუსიებსა და ე.წ. კითხვის წრეებს გამართავს, სადაც პროფესორები სტუდენტებთან ერთად სამეცნიერო ნაშრომებისა და სხვადასხვა ანალიტიკური ხასიათის ესეების შესახებ იმსჯელებენ.
„ვფიქრობ, სენატის წევრის სტატუსით, როგორც სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისთვის, ასევე მთლიანად უნივერსიტეტისთვის ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. სენატი, უპირველესად, არის ტრიბუნა, საიდანაც გაქვს საშუალება ესაუბრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებს და მოისმინო მათი პოზიციები. ვაპირებ, სტუდენტებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი შევქმნა, რითაც სენატის წვერებს დავანახებ, რომ ცალკე ინდივიდი არ ვარ და სტუდენტების ინტერესებს წარმოვადგენ. შესაბამისად, ჩემ ნებისმიერ წამოწყებას საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების ხელმოწერებს დავურთავ. ამას, რა თქმა უნდა, იურიდიული ძალა არ აქვს, თუმცა ჩვენს პოზიციას უფრო თვალსაჩინოს გახდის. უამრავი სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხია უნივერსიტეტში მოსაგვარებელი და გვინდა, ხელმძღვანელობას ჩვენი ხედვა შევთავაზოთ. მე „აუდიტორია 115“-ის წევრიც გახლდით და ვფიქრობ, შეცდომა იყო ამ სტუდენტური გაერთიანების აქტიურობის შეწყვეტა. მიმაჩნია, სწორედ მათი დამსახურებაა სტუდენტური პროექტების დაფინანსების საბჭოს შექმნა, რისი საშუალებითაც საუნივერსიტეტო რესურსებზე წვდომა დღეს უკვე ნებისმიერ სტუდენტს თავისუფლად შეუძლია. ვგეგმავ, რომ სტუდენტური სამეცნიერო პლატფორმა მუდმივმოქმედი გაერთიანება გახდეს და მათი წარმომადგენლები საფაკულტეტო საბჭოების სამუშაო პროცესშიც ჩაერთონ“, - გვითხრა დაჩი ჩიტაიამ.
ახლად არჩეული სენატის წევრის საახალწლო სურვილები მის სამომავლო გეგმებთან თანხვედრაშია. უნდა, რომ ქართული საზოგადოება არ იყოს პოლარიზებული და საერთო ღირებულებების - დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის, სოციალური პრობლემების მოგვარებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის - გარშემო გაერთიანდეს. რაც შეეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებულ სურვილს, ამბობს, რომ „საიუბილეო თარიღმა საზოგადოებას უნდა შეახსენოს - საიდან მოდის და რა ღირებულებებზე დაყრდნობით შეიქმნა კავკასიაში პირველი უნივერსიტეტი“. შესაბამისად, სურს 2019 წელი განვითარებისა და პროგრესის წელი იყოს.