საგრანტო კონკურსის ყველაზე წარმატებული დოქტორანტი

17 დეკ 2018

მიმდინარე წელს შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა უმაღლესი შეფასება თსუ-ის დოქტორანტის გიორგი ბენაშვილის სადოქტორო კვლევით პროექტს მისცა და მაქსიმალური დაფინანსება გამოუყო. გიორგი ბენაშვილმა უმაღლესი შეფასება კონკურსის ყველა მონაწილეს შორის მიიღო.
„სასიხარულოა, რომ საქართველოში შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა, უკვე მრავალი წელია, არაერთ დოქტორანტს დაუჭირა მხარი წარმოდგენილი კვლევის სრულფასოვნად განხორციელებაში. გამიმართლა და დღეს მათ შორის ერთ-ერთი მეც ვარ. თუმცა, ორმაგად სასიხარულო და, ალბათ, საპასუხისმგებლოც არის ის, რომ ფონდის მიერ გამოცხადებულ წლევანდელ კონკურსში, ყველა სხვა მონაწილე დოქტორანტს შორის, პირველი ადგილი დავიკავე. ეს მნიშვნელოვანი სტიმულია ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა მეცნიერისთვის და გამიხარდა, რომ ჩემ მიერ წარმოდგენილი კვლევის პროექტი აქტუალურად ჩათვალა სახელმწიფომ და კვლევის რეალურად განხორციელებით დაინტერესდა“, - განაცხადა გიორგი ბენაშვილმა. 
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის ყველაზე წარმატებული დოქტორანტი ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის მეორე კურსზეა და მისი სადოქტორო კვლევა საერთაშორისო ვაჭრობას, კერძოდ კი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების შესწავლას და ქვეყნის ეკონომიკაზე მათი გავლენის ანალიზს მოიცავს.
„კვლევის აქტუალობა საქართველოს გეოპოლიტიკურმა და სავაჭრო პოტენციალმა დამანახა. მოგეხსენებათ, საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა აქტიურად მოიაზრებოდა არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი დერეფნისა და სავაჭრო ჰაბის მნიშვნელოვან ნაწილად. ეს საკითხი დღის წესრიგში კვლავ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გაჩნდა შესაძლებლობა - სიღრმისეული ეკონომიკური თანამშრომლობა ვაწარმოოთ როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან. ორივე მათგანი გეოპოლიტიკაში, საერთაშორისო ვაჭრობასა და მსოფლიო ეკონომიკაში მნიშვნელოვანი აქტორები არიან, ამიტომ ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ამ ორი მიმართულებით ვაჭრობის ურთიერთობებისა და მისი პერსპექტივების შესწავლა საკმაოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თემის კვლევით ჯერ კიდევ მაშინ დავინტერესდი, ვიდრე დოქტორანტურაზე სწავლის გაგრძელებას გადავწყვეტდი.
ეკონომიკის მეცნიერების შესწავლის დაწყების პერიოდიდანვე უზომოდ გამიმართლა, რადგან შესაძლებლობა მომეცა მემუშავა საქართველოში ჩვენს დარგში ერთ-ერთ ყველაზე წამყვან მეცნიერთან, სახელმწიფო და საუნივერსიტეტო სფეროს გამორჩეულ ავტორიტეტთან და საინტერესო პიროვნებასთან, აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძესთან. ჯერ კიდევ მაგისტრატურაზე სწავლის პერიოდში ყოველთვის ვგრძნობდი მის მხარდაჭერას და თანადგომას ჩემი განვითარებისთვის აკადემიურ კომპონენტში. მისი რჩევები და რეკომენდაციები, ვფიქრობ, გადამწყვეტი იყო, აკადემიური განვითარების სხვადასხვა საფეხურზე, ჩემ მიერ მიღწეულ შედეგებში“, - ამბობს გიორგი ბენაშვილი.
თანამედროვე განათლების სისტემაში წარმატების მისაღწევად უდიდესი მნიშვნელობა აქვს აქტიურ საერთაშორისო ურთიერთობებს და მრავალმხრივი უცხოური გამოცდილების არსებობას. ამ მხრივ აქტიურობა გიორგიმ ჯერ კიდევ ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის დროს დაიწყო: მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციებში, რაშიც ხელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც უწყობდა. საერთაშორისო აქტიურობას ურჩევს თავის მეგობრებს და კოლეგებსაც: „ჩემს მეგობრებს ხშირად ვურჩევ, რომ ამ მიმართულებით მაქსიმალურად იაქტიურონ და გამოიჩინონ თავი, რადგან ვფიქრობ, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, იმისთვის, რომ ახალგაზრდა მეცნიერი საერთაშორისო საზოგადოებას, მსოფლიო გამოცდილებას და აკადემიურ გარემოს გაეცნოს და, მეორე მხრივ, საკუთარი აქტივობა დაანახოს უცხოელ კოლეგებსა თუ თანატოლებს. ამჯერად ესტონეთის მთავრობისგან მოპოვებული სტიპენდიის ფარგლებში ტარტუს უნივერსიტეტში ვახორციელებ კვლევით ვიზიტს, სადაც ჩემს არგენტინელ კონსულტანტთან ერთად არაერთ საინტერესო საკითხზე ვმუშაობ. პარალელურად კი ვგეგმავ აშშ-სა და ჩინეთში დავამყარო საინტერესო ურთიერთობები, რომელიც დამეხმარება კვლევის სრულყოფაში“.
გიორგი ბენაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საფეხური პოლიტიკის მეცნიერებების სპეციალობით დაამთავრა და მაგისტრატურაში სწავლა საერთაშორისო ეკონომიკის მიმართულებით გააგრძელა. დოქტორანტურაში კი სამაგისტრო სწავლების დროს დაწყებული კვლევის გაღრმავების მიზნით ჩააბარა. პირველად სამსახური პირველი კურსის II სემესტრში დაიწყო. მას შემდეგ, სწავლის პარალელურად, სულ მუშაობს.
„გამოცდილება მრავალმხრივია, რამაც, ალბათ, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჩემს პიროვნულ ზრდასაც. ჯერ კიდევ ბაკალავრიატზე ვსწავლობდი, როცა სამსახური თსუ-ში დავიწყე. ამ პერიოდიდან უნივერსიტეტი ჩემთვის, განათლების კერის გარდა, სამუშაო ადგილი და ბევრი ცხოვრებისეული გაკვეთილის მასწავლებელი გახდა, რამაც დღემდე არა ერთი დადებითი როლი ითამაშა ჩემს კარიერაში“, - ამბობს გიორგი ბენაშვილი. 
მაგისტრატურაში სწავლის პერიოდში გადაწყვიტა, რომ განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება სხვა ახალგაზრდებისთვისაც გაეზიარებინა და არასამთავრობო ორგანიზაცია - „ევროპული საგანმანათლებლო ცენტრი“ - ჩამოაყალიბა, რომელიც დღეს, საქართველოს მასშტაბით, არაერთ საინტერესო ღონისძიებას ახორციელებს.