ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის თსუ-ში უფასო მოსამზადებელი ცენტრი იქმნება

29 ნოე 2018

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტში უფასო მოსამზადებელი ცენტრი შეიქმნება, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის მოამზადებს. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა თსუ-ში აბიტურიენტებთან შეხვედრისას განაცხადა. მინისტრმა სამშვიდობო ინიციატივის - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი აბიტურიენტების მომზადების პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

პროგრამის პრეზენტაციას თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თსუ-ის რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, აბიტურიენტები ორ ლოკაციაზე შეძლებენ მომზადებას თბილისსა და ზუგდიდში. „ძალიან საინტერესო პროგრამაა. სტუდენტები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო მასალით, საცხოვრებელი პირობებით, სწავლებით. ამის შემდეგ მათ საშუალება ექნებათ ადაპტირებული ტესტი ჩააბარონ, რომელიც საშუალებას მისცემს არჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძონ სწავლა“, - აღნიშნა რექტორმა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის თქმით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს ძალიან რთულ პირობებში უწევთ სწავლა და, სწორედ ამიტომ, აუცილებელია უფრო მეტი ხელშეწყობა, რათა მომავალში ისინი წარმატებულები იყვნენ. „უფასო მოსამზადებელი ცენტრი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი აბიტურიენტებისთვის შეიქმნება. იმის გათვალისწინებით, რომ მათ ძალიან რთულ პირობებში უწევთ სასკოლო განათლების მიღება გალსა და ახალგორში, სადაც მათ, ფაქტობრივად, არ ეძლევათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა, სახელმწიფო მსურველებს შესთავაზებს სრულიად უფასო, უგამოცდო მოსამზადებელ ცენტრს. ცენტრში ისინი სხვადასხვა სასურველ საგანში მოემზადებიან და შემდგომ უკვე გამარტივებული წესით მოხვდებიან უმაღლეს სასწავლებლებში“, - განაცხადა მინისტრმა.
როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგენიძემ აღნიშნა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტების მომზადებასა და საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დააფინანსებს.
„ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალგაზრდების სასკოლო განათლება არ შეესაბამება ეროვნული გამოცდების მოთხოვნებს და, სწორედ ამიტომ, ძალიან რთულია ამ გამოცდების ჩაბარება. ეს პროგრამა კი ამ ახალგაზრდებისთვის იქნება კარგი შანსი“, - აღნიშნა სტუდენტმა დაჩი ახვლედიანმა.
პროგრამის საპილოტე ვერსია 2019 წლის თებერვლიდან ამოქმედდება, ხოლო ამავე წლის სექტემბრიდან სრული კურსი შევა ძალაში. გარდა იმისა, რომ პროგრამა და ახალგაზრდების განათლება მთლიანად დაფინანსდება, გათვალისწინებულია მათი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფაც.