მთავარი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება

26 ოქტ 2015

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ნაწილი კვლავ აქტიურად არის ჩართული საპროტესტო მოძრაობაში. ჩვენ არ ვჩერდებით და კიდევ ერთხელ ვაყენებთ დღის წესრიგში უმწვავეს პრობლემებს, რომლებიც ყოველდღიურად აუარესებენ ჩვენს საუნივერსიტეტო ყოფას. თუმცა, უკმაყოფილების გამოხატვა არ ნიშნავს იმას, რომ გაბრაზებული სტუდენტების რიგი ჯგუფები ვერ ვამჩნევთ გარკვეულ პროგრესს ჩვენს სასწავლებელში. უკვე ერთი წელია თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი ვარ და ნამდვილად შემიძლია თამამად ვისაუბრო შესამჩნევ პოზიტიურ ნაბიჯებზე, რომლებიც უნივერსიტეტში გადაიდგა. თქვენს ყურადღებას ოთხ ძირითად საკითხზე გავამახვილებ:

1) უნივერსიტეტის პროფესორის შრომის ხელშეკრულება თანამდებობაზე არჩეული პირის მიერ სამეცნიერო და სასწავლო საქმიანობის შესრულებას ითვალისწინებს. უკანასკნელ პერიოდამდე უნივერსიტეტის შესაბამის სამსახურებს მკაფიო და ყველასათვის გასაგები კრიტერიუმებით პროფესორის საქმიანობის მხოლოდ სასწავლო კომპონენტის შეფასების შესაძლებლობა ჰქონდა. მაშასადამე, უნივერსიტეტი პროფესორის მიერ შრომის ხელშეკრულების შესრულებას, ძირითადად, მხოლოდ ლექციების წაკითხვის საფუძველზე აფასებდა. სამეცნიერო სამუშაოების წარმოება კი აკადემიური თანამდებობის პირთა ხალისსა და განწყობაზე, ასევე აკადემიური კონკურსების მოახლოებაზე გახლდათ დამოკიდებული. მომავალი წლიდან თსუ-ში მინიმალური სამეცნიერო სტანდარტი დაწესდება, რომლის მიხედვითაც პროფესორებს ახალი ელემენტარული ვალდებულებები მაინც დაეკისრებათ. ვალდებულებები სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობას, რეფერირებულ სამეცნიერო-კვლევით ჟურნალებში სტატიების გამოქვეყნებასა და კვლევითი პროექტების განხორციელებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა სამეცნიერო დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით, პროფესორებისათვის შესაბამისი შეღავათებია დაწესებული (მაგალითად, სოციალური მეცნიერების წარმომადგენლები, ბუნებისმეტყველთა მსგავსად, ვერ მოახერხებენ იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალში სტატიის გამოქვეყნებას, შესაბამისად, მათთვის ადეკვატური ალტერნატივებია შეთავაზებული).

სამეცნიერო საქმიანობის შეფასების კრიტერიუმები რომ უნდა არსებობდეს, ამ საკითხზე არავინ დავობს. სენატის წევრმა დამოუკიდებელმა სტუდენტმა დელეგატებმა მხოლოდ ის გავიკვირვეთ, რომ შეფასების კრიტერიუმები ძალიან პრიმიტიული გახლდათ. თუმცა, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა ნაწილმა, პრიმიტიული სქემების საფუძველზე, სამეცნიერო საქმიანობის შეფასების წესის დადგენის საკითხიც კი კინაღამ ჩააგდო. მოკლედ, მომავალ წლებში ვიღაცები იძულებულნი გახდებიან სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა გაააქტიურონ, რადგან მათ ამ საქმიანობის საფუძველზეც გადაუხდიან ხელფასს. იქნებ მინიმალური სამეცნიერო სტანდარტის დაწესება რიგ ფაკულტეტებზე კვლევითი პროცესის გამოღვიძების საფუძველი გახდეს.

2) უნივერსიტეტში სიახლეა სამეცნიერო საქმიანობის წახალისებასთან დაკავშირებითაც. 2014 წლიდან თსუ ყველა ფაკულტეტისათვის მიზნობრივ სამეცნიერო დაფინანსებას გასცემს. მაშასადამე, თითოეული ფაკულტეტი 75 ათასი ლარის ოდენობის გრანტს იღებს რიგი კვლევების ჩასატარებლად. მართალია, აღნიშნული მოცულობის გრანტი ბუნებისმეტყველებისა და მედიკოსებისთვის არაფერია; მართალია, ზოგიერთმა ფაკულტეტმა თავდაპირველად საერთოდ უარი თქვა თანხის ათვისებაზე (მათთან მეცნიერება ყვავის?); მართალია, ჩემმა ფაკულტეტმა თანხის სრულად ათვისება ვერ მოახერხა, მაგრამ რაღაც დაიძრა, ბაზური საბიუჯეტო დაფინანსების არარსებობის პირობებში ელემენტარული რესურსი ხომ მაინც გაჩნდა მეცნიერებისათვის. ბუნებრივია ეს ტენდენციაც მისასალმებელია.

3) აქვე გეტყვით იმასაც, რომ თსუ პირველი სასწავლებელია ჩვენს სახელმწიფოში, სადაც ძალიან მოკრძალებული ფორმებით პოსტდოქტურანტურის ინსტიტუტი დაინერგა. რამდენიმე ადამიანს მაინც მიეცა შესაძლებლობა დისერტაციის დასრულების შემდეგ კვლევის საუნივერსიტეტო სივრცეში გაგრძელებისა.

4) თსუ-ის ორი ძალიან პრესტიჟული ფაკულტეტის აჯანყების მცდელობის მიუხედავად, უნივერსიტეტი პირველი სასწავლებელია საქართველოში, რომელმაც პლაგიატის შემთხვევებზე კონკრეტული აკადემიური სასჯელები დააწესა. ჩვენ ვართ ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ჩვენს ქვეყანაში, სადაც ეს უდიდესი დანაშაული ორი კომისიის განხილვისა და შეფასების საფუძველზე დასჯადი ხდება. გაჩნდა უმცირესი იმედი, რომ გრანდიოზული ეთიკური პრობლემა შეიძლება მოგვარდეს.

ალბათ, ბევრმა თქვენგანმა იფიქრა, რომ კმაყოფილი სტუდენტის ტექსტს კითხულობს. ბევრმა შეიძლება წერილის ბოლომდე წაკითხვაც კი გადაიფიქრა. ცდებით, მე მაინც ძველებურად გაბრაზებული ვარ და მეშინია, ეს მუდმივი წყენა ხასიათში არ გადამივიდეს. მე ვსვამ კითხვებს: დღეს, აქ და ახლა რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს აღნიშნულმა ცვლილებებმა რიგით სტუდენტს? დღეს, აქ და ახლა შესაძლებელია თუ არა გარდაუვლად აუცილებელი დრამატული ცვლილების, გარდაქმნის მიღწევა?

უნივერსიტეტში კვლავ არაერთი არაკვალიფიციური და შეუფერებელი კადრი ახერხებს თავისი აკადემიური თუ ადმინისტრაციული თანამდებობის საშვილიშვილოდ შენარჩუნებას. თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური კვლავ სილაბუსებში პუნქტუაციის წესების შემოწმებით არის დაკავებული, რაც არაერთ სასწავლო გეგმაში ნეგატიური სასწაულების წარმოქმნის წინაპირობა ხდება. უამრავი ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა გარბის უნივერსიტეტიდან, რადგან ისინი თავიანთი რეფორმისტული იდეების გამო უფროსი კოლეგებისაგან რეპრესიების საფრთხეს ხედავენ. ფაკულტეტებსა და კათედრებს, მათ ხელმძღვანელებს შორის არსებული უთანხმოება (რიგ შემთხვევებში კი ზიზღი) შენობების, აუდიტორიების, სამეცნიერო ინფრასტრუქტურის გადანაწილების პროცესს აფერხებს, უამრავი სტუდენტი დანგრეულ და გაპარტახებულ სივრცეში შედის, უამრავი სტუდენტის ცხრილიც კი კვლავ მოუწესრიგებელია.

უნივერსიტეტის უმაღლესი მმართველი ორგანო კვლავ არადემოკრატიული წესით აირჩევა და კვლავ რამდენიმე ადამიანს აერთიანებს. უნივერსიტეტის არაერთ ბიუროში კვლავ მხოლოდ ფანქრების გათლით არიან დაკავებულნი.

უნივერსიტეტის მოხელეებს შორის უკეთესი კომუნიკაციის გარდა, რა არის აუცილებელი ფუნდამენტური ცვლილებების გასატარებლად?

სახელმწიფოს დახმარების გარეშე არა-ფერი გამოგვივა. ოღონდ დახმარება რექტორის ან კანცლერის თანამდებობის დაკავების ავადმყოფური სურვილის მქონე ადამიანების მხარდაჭერაში არ უნდა გამოიხატოს, არც სამინისტროს მაღალჩინოსნების უცნაური ფანტაზიების დაკმაყოფილებაში. დახმარება განათლების პოლიტიკის სამი მიმართულებით ცვლილებას უნდა გულისხმობდეს:

1) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წასახალისებლად და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სახელმწიფომ პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება უნდა გამოყოს.

2) სამინისტრომ ხელახლა უნდა დაწეროს „კანონი უმაღლესი განათლების შესახებ“, რადგან დოკუმეტი 527 ცვლილების შემდეგ აღარ იკითხება. ახალ კანონში უნივერსიტეტთა დემოკრატიული, უფრო ფართო წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ მართვა და საუნივერსიტეტო ადმინისტრაციების რეფორმირების მოქნილი შესაძლებლობებიც უნდა დაკანონდეს.

3) სახელმწიფოს ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით უნდა დაწესდეს პროფესორთა საერთაშორისო რეფერირების საფუძველზე შერჩევის შესაძლებლობა.

უნივერსიტეტის ამჟამინდელ რექტორს „საცხონებლად“ ისიც ეყოფა, რასაც აკეთებს და რის გაკეთებასაც მომავალში გეგმავს. სავარაუდოდ, მასზე არავინ იტყვის, რომ უნივერსიტეტში რაიმე ახალი გააფუჭა. 6-7 წლის შემდეგ აუცილებლად გაიხსენებენ, რომ აკადემიკოსმა რამდენიმე ელემენტარული, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ცვლილება გაატარა. თუმცა, ამასობაში წლები გადის და ახალი თაობებიც საუკუნოდ უცვლელი პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგანან.

ცხადია, მე არ მაქვს ილუზია, რომ უნივერსიტეტისადმი აგრესიულად განწყობილი პირებით ან სრულიად არაკომპეტენტური ხელმძღვანელებით დაკომპლექტებული განათლების სამინისტრო, პარლამენტი და მთავრობა დასახელებული სამი პრინციპის საფუძველზე შეცვლიან განათლების პოლიტიკას. მაგრამ მე ვიმედოვნებ, რომ, ძალიან მალე, წლების განმავლობაში ნატანჯი ჩემი თანაკურსელების, თანაფაკულტეტელებისა და თანაუნივერსიტეტელების ხელში გადავა პოლიტიკური პროცესის მართვის სადავეები. ისინი კი ახალ სტანდარტებს აუცილებლად დააწესებენ და ჩვენს მეცნიერებას, ჩვენს განათლების სისტემას მარტო აღარ დატოვებენ.

ლევან ლორთქიფანიძე,
თსუ-ის პოლიტიკის მეცნიერების
მაგისტრანტი