სტუდენტური თვითმმართველობის ორწლიანი მუშაობის ანგარიში

02 დეკ 2018

VI მოწვევის თსუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ ორწლიანი მუშაობის ანგარიში წარმოადგინა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ პერიოდის განმავლობაში სტუდენტებმა 506 პროექტი განახორციელეს, აქედან 2017 წელს 127 პროექტი - სამეცნიერო და საგანმანათლებლო, 58 - კულტურის, 9 - სპორტისა და 9 - ტურიზმის მიმართულებით; 2018 წელს სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროფილით - 161, კულტურის - 94, სპორტის - 24, ტურიზმის მიმართულებით კი 16 პროექტს გაუწიეს ორგანიზება. აღნიშნული 506 პროექტიდან 147 თსუ-ის სტუდენტური პროექტების დაფინანსების კომისიამ, 358 პროექტი კი გარე სპონსორებმა დააფინანსეს. 
„ამ ორი წლის განმავლობაში დიდი რაოდენობით განხორციელებული პროექტების გარდა, აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული ღონისძიება საინტერესო და პროდუქტიული გახლდათ. სტუდენტებს ვთავაზობდით განსხვავებულ კულტურულ პროექტებს, მაგალითად, ცნობილი შემოქმედი და ხელოვანი ადამიანების საღამოებს. სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებას რაც შეეხება, ახალგაზრდა მეცნიერებს საკუთარი შესაძლებლობების განსახორციელებლად ფართო პლატფორმა შევთავაზეთ. ჩვენი ორგანიზებით ჩატარდა სამეცნიერო ექსპედიციები საქართველოს მასშტაბით და, ასევე, საქართველოს ისტორიულ ტერიტორიებზეც, მათ შორის, ტაო-კლარჯეთსა და საინგილოში. საგანმანათლებლო პროექტების ნაწილში სკოლის მოსწავლეებიც ჩავრთეთ, რომლებსაც ხელმძღვანელობას ჩვენი სტუდენტები უწევდნენ. წარმატებული პერიოდი გვქონდა სპორტული მიმართულებითაც. შევქმენით თსუ-ის ლიგისა და „basket თსუ“-ის ბრენდი. ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ იშვიათად უნახავს მსგავსად ორგანიზებული ტურნირი. უკვე დასრულდა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ვებ-გვერდზე მუშაობა, რომელიც განათლების საერთაშორისო ცენტრის გრანტის ფარგლებში გაკეთდა. ამჟამად საპილოტე რეჟიმშია, თუმცა იმდენად კომფორტული და მოსახერხებელია, რომ მის მუდმივმოქმედ რეჟიმში დატოვებას ვგეგმავთ. გაკეთდება ვებ-გვერდის ინგლისურენოვანი ვერსიაც“, - განაცხადა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ბახვა კვირიკაშვილმა. 
VI მოწვევის თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სტუდენტთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი გახლდათ. სტუდენტების უფლებების დაცვის მიზნით სოციალურ ქსელში გაკეთდა სპეციალური აპლიკაციაც. ბახვა კვირიკაშვილის ინფორმაციით, მართალია დეპარტამენტმა სრული სტუდენტური სეგმენტი ვერ მოიცვა, მაგრამ დახმარებისა და პრობლემის მოგვარების თხოვნით თვითმმართველობას არა ერთმა სტუდენტმა მიმართა. სტუდენტური თვითმმართველობის წევრებისგან დაკომპლექტებული მონიტორინგის ჯგუფები, ფინალური გამოცდების პერიოდში, საგამოცდო ცენტრშიც მუშაობდნენ.
თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა საზღვარგარეთის უნივერსიტეტებთან კონტაქტების დამყარებისა და საერთაშორისო პროექტების ორგანიზების კუთხითაც და VII მოწვევის სტუდენტურ თვითმმართველობას ამ მხრივ აქტივობების განსახორციელებლად შესაბამისი ფუნდამენტი დახვდება. იგულისხმება ორენოვანი სერტიფიკატების მომზადება, თსუ-ის თვითმმართველობის ვებ-გვერდის ქართულ-ინგლისური ვერსიის გაკეთება და კომუნიკაცია თელავივის ერთ-ერთ კერძო უნივერსიტეტთან, რომელმაც თსუ-ის სტუდენტურ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის ინიციატივა უკვე გამოთქვა.
„ჩვენ გავეცანით ერთმანეთის სამუშაო გამოცდილებას და, არ დაგიმალავთ, აღმოჩნდა, რომ ჩვენგან განსხვავებით მათ, დაახლოებით, 4 მილიონამდე ლარის დაფინანსება აქვთ გამოყოფილი. შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ, მიუხედავად ამისა, პროექტების ხარისხსა და რაოდენობას თუ გადავხედავთ, მათგან განსხვავებით ჩვენ ბევრად წინ ვართ“, - გვითხრა ბახვა კვირიკაშვილმა. მასთან, როგორც სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტთან, საუბარი ბოლო იყო, რადგან 16 ნოემბერს ახალი სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.