რამდენად გაამართლა თსუ-მ პირველკურსელთა მოლოდინები

01 დეკ 2018

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი რომ უკვე საუკუნეა, რაც ლიდერის პოზიციას არ თმობს, ეს მხოლოდ „წარსული დიდების“ დამსახურება არ არის. მართალია, ის წელსაც, პირველი არჩევანის მიხედვით, ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტი იყო საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის და მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტების სიაშიც მოხვდა, მაგრამ, ეჭვგარეშეა, რომ მთავარი ინდიკატორი და პირუთვნელი შემფასებელი მაინც სტუდენტია, რომელიც უშუალო მონაწილეა სასწავლო თუ უნივერსიტეტში მიმდინარე სხვა პროცესებისა. თუ რას გეგმავენ სამომავლოდ ის ახალგაზრდები, ვინც წელს პირველად შეაღო სასწავლებლის კარი - პირველკურსელთა შთაბეჭდილებებზე თავად სტუდენტები საუბრობენ:


თამარ ქოჩიაშვილი, თსუ-ის ტურიზმის სკოლის სტუდენტი:
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარებაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი, ვინაიდან ის არის პირველი უმაღლესი სასწავლებელი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიაში. ბუნებით მაქსიმალისტი ვარ, ამიტომ სხვა უნივერსიტეტის არჩევაზე არც მიფიქრია. რაც შეეხება პროფესიას - ყოველთვის მიზიდავდა ტურიზმი, უცხოელებთან ურთიერთობა და მათთვის ჩვენი დიდი ისტორიისა და კულტურის გაზიარება. ჩემი მეგობრებისაგან ვიცოდი, რომ თსუ-ში ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა ერთ-ერთი საუკეთესოა. ვთვლი, რომ ამ პროგრამაზე ჩაბარებით სწორი არჩევანი გავაკეთე და წარმატებით დავეუფლები ჩემთვის სასურველ პროფესიას. 
ჩემი სტუდენტური მომავლის შესახებ დიდი მოლოდინები მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ აბიტურიენტობის დროსაც ვიყავი ინფორმირებული ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სკოლაში სასწავლო პროცესისა და სტუდენტური ცხოვრების თაობაზე. სასიამოვნოა, რომ ჩემი მოლოდინები მართლდება. სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართვასაც ვგეგმავ, მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო სტუდენტების ცხოვრების გამრავალფეროვნებაში, ასევე დავეხმარო ტურიზმის სკოლის ადმინისტრაციას ისეთი ინიციატივის რეალიზებაში, როგორიცაა სკოლის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე ტურიზმის ბიზნეს-ცენტრის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტების როგორც პრაქტიკის მაღალ დონეზე ორგანიზებას, ისე დასაქმებას. 

დემურ მერკვილაძე, თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი:
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა ნებისმიერი ქართველი ახალგაზრდისთვის მიმზიდველი და პრესტიჟულია. ჩემთვისაც თსუ ყოველთვის პირველი არჩევანი იყო და საქართველოში სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილების შემდეგ სხვა ვარიანტზე იშვიათად თუ დავფიქრებულვარ. ეს იმითაც იყო გამოწვეული, რომ ჩემი არჩეული პროფესიის - გეოლოგიის შესასწავლად თსუ რეგიონში საუკეთესო უნივერსიტეტად მივიჩნევ. საქართველოს პირველი უმაღლესი სასწავლებელი პირველკურსელების მე-100 თაობას განსაკუთრებული მზრუნველობით შეგვხვდა. ამჟამად თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის წევრი ვარ და სურვილი მაქვს, რომ უნივერსიტეტის შემდგომ განვითარებაში ჩემი წვლილიც შევიტანო. განსაკუთრებით ეს ეხება უნივერსიტეტის XI (ე.წ. განივ) კორპუსს, სადაც სტუდენტური დროის უმეტესი ნაწილის გატარება მიწევს. 
ასევე ვგეგმავ ჩემ მიერ არჩეული მიმართულების - გეოლოგიის პოპულარიზაციას, რათა მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს მეცნიერების ამ დარგის შესწავლით. თსუ სტუდენტებს ერთდროულად ერთზე მეტ მიმართულებაზე სწავლის საშუალებასაც აძლევს, ასე რომ, მოგვიანებით ამ შესაძლებლობით სარგებლობასაც ვაპირებ და არჩევანს, სავარაუდოდ, ფსიქოლოგიასა და ფილოსოფიას შორის გავაკეთებ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიდევ ერთი უპირატესობა გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო პარტნიორების მრავალფეროვნებაა. სასურველი შესაძლებლობის გამოჩენის შემთხვევაში, გაცვლითი პროგრამით სარგებლობას და უცხოეთში სწავლის გაგრძელებას მეც ვგეგმავ. საბოლოოდ, აუცილებელია, რომ სტუდენტი არჩეულ მიმართულებაში პროფესიონალად ჩამოყალიბდეს და უნივერსიტეტში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით სახელმწიფოს სამსახურში ჩადგეს. მეც სწორედ ამისკენ მივისწრაფვი.

მაკრინე ცქიფურიშვილი, თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი:
- როდესაც პროფესიის არჩევა გადავწყვიტე, დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი - თუ რომელ ფაკულტეტზე ჩამებარებინა. ფიზიკა და მათემატიკა სკოლის პერიოდიდან ყველაზე მეტად მაინტერესებდა. ხშირად მიფიქრია საკუთარ ბიზნესზე, თუმცა თავიდან, რატომღაც, გადავწყვიტე საინჟინროზე ჩაბარება, მაგრამ ერთხელ ბიზნესის ლექციებს დავესწარი და მივიღეE გადაწყვეტილება - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებაზე გამეგრძელებინა სწავლა. თსუ-მ სწავლის პირველივე დღიდან ჩემზე კარ-გი შთაბეჭდილება დატოვა. ამჟამად 6 საგანს ვსწავლობ და ყველა საგნის ლექტორი მომწონს. თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან და, რაც მთავარია, მოვალეობის მოხდის მიზნით არ ატარებენ ლექცია-სემინარებს. მაგალითად, მიკროეკონომიკის ლექტორს, ბატონ თემურ ბერიძეს წიგნის ყველა თავზე პრეზენტაცია აქვს გაკეთებული და ეტყობა, რომ ძალიან უნდა - სტუდენტებს საგანი კარგად გააგებინოს. მათემატიკა, რატომღაც, ყველაზე რთულ საგნად ითვლება და მომწონს, რომ ყოველდღე კონსულტაციებს გვიტარებენ საგნის უკეთ ათვისებისთვის. ერთადერთი, რაც არ მომწონს, ისაა, რომ საქართველოს უძველეს უნივერსიტეტს არც ისე კარგი ინფრასტრუქტურა აქვს. პირველი კორპუსის გარდა, „მაღლივი“, „განივი“ და ბიბლიოთეკა, სადაც გამოცდებს ატარებენ, მომხიბლავად ნამდვილად არ გამოიყურება.
ბაკალავრიატის წარმატებით დამ-თავრებას ვგეგმავ. მაინორად მათემატიკას ავირჩევ. ერთ დღეს კი მინდა, რომ რამე ჩემი საქმე - ბიზნესი წამოვიწყო. ამაში უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა დამეხმარება.

ნინი შონია, თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი:
- მართალია, ჯერ პირველკურსელი ვარ, მაგრამ უკვე შემიძლია იმის თქმა, რომ უნივერსიტეტმა ნამდვილად გაამართლა ჩემი იმედები. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ყველა ლექტორი მაღალპროფესიონალია. ისინი ყველანაირად გვიწყობენ ხელს, რომ სათანადო განათლება მივიღოთ. ეს არჩევანი შემთხვევით არ გამიკეთებია და ვფიქრობ, აქ მიღებული ცოდნა საკუთარი თავის წარმოჩენასა და რეალიზებაში დამეხმარება. შეიძლება ვინმესთვის ცოტა უცნაურიც კი იყოს, მაგრამ საგნებიდან განსაკუთრებით მიყვარს ქართული ენის გრამატიკა. ჩემი აზრით, დღეს საკმაოდ მწვავედ დგას ის საკითხი, რომ ახალგაზრდები არასწორად მეტყველებენ. ქეთევან მირზიკაშვილი, რომელიც ამ საგანს მიკითხავს, ჩემი საყვარელი ლექტორია. სამომავლო გეგმებიც უნივერსიტეტს უკავშირდება, თუმცა, იმედი მაქვს, საზღვარგარეთაც მოვახერხებ სწავლის გაგრძელებას გაცვლითი პროგრამების საშუალებით.

მარიამ ალბუთაშვილი, თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი:
- ყოველთვის მომწონდა და მაინტერესებდა მედიცინა. თავიდანვე მოლოდინი მქონდა, რომ დამხვდებოდა მეგობრული, საინტერესო და მრავალფეროვანი გარემო, სადაც მასწავლიდნენ გამოცდილი და პროფესიონალი ლექტორები - ასეც მოხდა... უნივერსიტეტი აღჭურვილია საჭირო ინვენტარით, გარემო თბილი და მეგობრულია... სწავლას რაც შეეხება, მასწავლიან პროფესიონალი ლექტორები. 
რაც შეეხება გეგმებს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვგეგმავ საზღვარგარეთ რეზიდენტურის გავლას, რის საშუალებასაც თსუ იძლევა.
 
ანა-მარია დოთიაშილი, თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი:
- ვამაყობ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ. პირველივე სემესტრში მივხვდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ჯერჯერობით ძალიან მომწონს ფილოსოფია და პედაგოგიკა, ასევე ფსიქოლოგია. მომავალში რომელიმე სფეროს ავირჩევ და აქვე ჩავაბარებ მაგისტრატურასა და დოქტორანტურაშიც.

თენგიზ მაზმიშვილი, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების სტუდენტი:
- ისტორია სკოლიდანვე ჩემი საყვარელი საგანი იყო, ამიტომ პროფესიის არჩევაზე დიდხანს არ მიფიქრია. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემი მოლოდინი გამართლდა, რადგან საუკეთესო პროფესორები მიკითხავენ ლექციებს. ჩემი სურვილია, სამეცნიერო კუთხით გავაგრძელო ჩემი საქმიანობა, თუმცა, ამას დრო გვიჩვენებს.

სალომე დარბაიძე, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი:
- არჩევანზე დიდხანს არ მიფიქრია, ბავშვობიდან განსაკუთრებულად მიყვარს ქართული ლიტერატურა, რაც ჩემი სკოლის პედაგოგის დიდი დამსახურებაა. ამ დარგის შესასწავლად ამაზე უკეთესი სასწავლებელი საქართველოში არ მეგულება. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ, ჯერჯერობით, ყველაფერი ისეა, როგორც წარმომედგინა.

მარიამ ხუცუნაშვილი, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი:
- ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიმიღია - რა მიმართულებას ავირჩევ, რადგან ძიების პროცესში ვარ. მოლოდინები გამიმართლდა, ლექტორებიც ძალიან მომწონს, თუმცა სტუდენტთა მომსახურების სფერო ჯერ კიდევ დასახვეწია.

გიორგი ემინაძე, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი:
- ვფიქრობ, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე ძალიან გამიმართლა, რადგან უნივერსიტეტის სასურველ ფაკულტეტზე მოვხვდი. პოლიტიკის მეცნიერებების შესწავლის სურვილიც შემთხვევითი არ არის, რადგან მომავალში მინდა პოლიტიკოსი გავხდე. ყველაფერს გავაკეთებ, რომ უნივერსიტეტის რესურსი გამოვიყენო და, პირველ რიგში, კარგი განათლება მივიღო. მაგისტრატურის გავლას საზღვარგარეთ ვგეგმავ, მაგრამ საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები.