გზა თსუ-დან ევროპული განათლებისკენ

30 ნოე 2018

თითოეული ახალგაზრდისთვის საზღვარგარეთ სასწავლებლად გამგზავრება წარმატებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. საქართველოში უამრავი სტუდენტია, რომელთათვისაც უცხოეთში არსებულ რომელიმე პრესტიჟულ უნივერსიტეტში განათლების მიღება უდიდესი სურვილია, რის საშუალებასაც გაცვლითი პროგრამები იძლევა. ზოგადად, გაცვლითი პროგრამები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახდა პოპულარული, მიზანი კი ქვეყნებს შორის კულტურის ურთიერთგაცვლა, გამოცდილების მიღება და უცხო ენის ცოდნის გაუმჯობესება იყო. დღეს უცხოეთში სასწავლებლად წასვლამ საკმაოდ მასშტაბური ხასიათი მიიღო. 
თსუ მსოფლიოს 200-მდე წამყვანი უნივერსიტეტის პარტნიორია. ის თავის სტუდენტებს სთავაზობს ინგლისურ, გერმანულ, თურქულ და არაბულენოვან გაცვლით პროგრამებს, რომელთა ფარგლებშიც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ მოიპოვონ სტიპენდია. აღნიშნული პროგრამები მოიაზრებს პარტნიორ უნივერსიტეტებში უფასო სწავლას, საცხოვრებელ ბინასა და ყოველთვიურ სტიპენდიას.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ასობით სტუდენტს მისცა შესაძლებლობა უფასოდ ესწავლა ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლების სხვადასხვა საფეხურზე, რომელთა შორის არის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის III კურსის სტუდენტი მარიამ ნარიმანიძე.

- მარიამ, რამდენადაც ვიცი, ,,ერასმუს+”-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ერთი სემესტრი გერმანიაში, გისენის უნივერსიტეტში გაატარე. იქნებ მოკლედ მოგვიყვე გზა, რომელიც ამ წარმატებამდე გამოიარე...
- მართალი გითხრათ, ჯერ კიდევ უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ჩემი მიზანი საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება იყო. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელი ეტაპი უცხო ენის ტესტირების ჩაბარებაა, რომელსაც თსუ ატარებს. როცა ტესტირებაზე პირველად გავედი, მინიმალური ზღვარი ვერ გადავლახე, თუმცა ეს არ გამხდარა მიზეზი, რომ მოტივაცია დამეკარგა... მომდევნო ჯერზე, ამჯერად უკვე უკეთ მომზადებულმა, ისევ ვცადე ბედი და საკმაოდ მაღალი შედეგი დავდე – ახლა უკვე ვიცოდი, რომ მიზანთან მხოლოდ ერთი ეტაპი - გასაუბრებაღა მაშორებდა, რომელსაც წარმატებით გავართვი თავი... აი, ასე აღმოვჩნდი გერმანიაში.
- შენი გადასახედიდან, რა განსხვავებაა ევროპისა და ჩვენი ქვეყნის უნივერსიტეტების აკადემიურ გარემოს შორის? იქაური სწავლების მეთოდი განსხვავდება თუ არა ჩვენს ქვეყანაში არსებული მეთოდისგან? მაგალითად, ლექცია-სემინარების რეჟიმი...
- ევროპულ და ქართულ აკადემიურ სივრცეებს შორის საგრძნობი სხვაობა არაა, მაგრამ, ჩვენგან განსხვავებით, ლექციების ხანგრძლივობა სამი საათია. ლექცია დაახლოებით იგივე ფორმატში მიმდინარეობს, როგორც საქართველოში, თუმცა სემინარები უფრო საინტერესო და შემეცნებით ჭრილში გვიტარდებოდა, ვიდრე მკაცრად გაწერილი სტრატეგიის მიხედვით. სტუდენტებს შეგვეძლო თავად აგვერჩია სადისკუსიო თემები, ჩაგვეტარებინა ექსპერიმენტები და პრაქტიკული სამუშაოები, რაც ჩემთვის ნამდვილად დიდი ინოვაცია იყო. მსგავსი სწავლების მეთოდი სტუდენტებს აძლევს დიდ სტიმულს და ახალისებს მათ გადატვირთული გრაფიკის მიუხედავადაც კი.
- როგორ დაახასიათებ უნივერსიტეტის პროფესორებს? აქვთ თუ არა ქართველი პროფესორებისგან განსხვავებული დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ? მაგალითად, მზად იყვნენ თუ არა ნებისმიერ დროს დაგხმარებოდნენ, აეხსნათ მასალა ხელახლა, ან თუნდაც ემეგობრათ ჩასულ სტუდენტებთან?
- ევროპელი ლექტორების მიმართ კარგი და დადებითი შთაბეჭდილებები დამრჩა. ქართველი ლექტორებისგან განსხვავებით, სტუდენტთა მიმართ მეტად თბილი და მეგობრული დამოკიდებულება აღმოაჩნდათ. ისინი მზად იყვნენ ნებისმიერ დროს ნებისმიერ კითხვაზე ამომწურავი და საინტერესო პასუხი გაეცათ და ამ ყველაფერს დიდი სიამოვნებით აკეთებდნენ. ყველაზე მეტად კი, რამაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, იყო ის, რომ სტუდენტებთან კომუნიკაციას ამყარებდნენ აკადემიური სივრცის გარეთაც - ერთად ვერთვებოდით სხვადასხვა საინტერესო და შემეცნებით აქტივობებში, დავდიოდით გასართობ ღონისძიებებსა და პიკნიკებზეც კი. ვფიქრობ, ასეთი გარემო მეტად აახლოებს სტუდენტსა და ლექტორს, რაც შემდგომში წარმატებული თანამშრომლობის საწინდარია.
- რამდენადაც ვიცი, საქართველოს მიმართ პროფესორების მხრიდან ინტერესი იყო... 
- დიახ, როცა უნივერსიტეტში გაიგეს, რომ საქართველოდან ვიყავი, ჩემდა გასაკვირად, ამ საკითხმა დიდი ინტერესი გამოიწვია, როგორც ლექტორებში, ისე სტუდენტებში. უნდოდათ მეტი გაეგოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და ტრადიციებზე. რაღაც ნაწილი ნამყოფიც კი იყო ჩვენს ქვეყანაში და განსაკუთრებით დიდი სიმპათიები გამოხატეს ჩვენი სამზარეულოს მიმართ.
- იქნებ მოკლედ მოგვიყვე სტუდენტურ ცხოვრებაზე – გარდა სწავლისა, რით ერთობოდით და ხორციელდებოდა თუ არა უნივერსიტეტში რაიმე სტუდენტური აქტივობები?
- როგორც იცით, ჩემ გარდა იქ იმყოფებოდნენ სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნიდან და ყოველ შაბათ საღამოს ვატარებდით მსგავს გაცნობით ღონისძიებებს, დავდიოდით კლუბებსა და ბარებშიც, ვერთვებოდით სპორტულ შეჯიბრებებსა და აქტივობებში - ეს ყველაფერი კი ჩემთვის ძალიან განსხვავებული და საინტერესო აღმოჩნდა, რადგან ქართველ სტუდენტებს, როგორც მოგეხსენებათ, მსგავსი ფუფუნება არ გვაქვს...
- ძალიან ბევრი უცხო ქვეყანაში გამგზავრებისას სირთულეებს აწყდება, უჭირთ ახალ გარემოსთან შეგუება... როგორ იყო შენს შემთხვევაში - დაგხვდა თუ არა გარემო, რამაც ადაპტაციის სირთულეები მარტივად გადაგალახინა?
- არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ თავდაპირველად საკუთარ თავში წავაწყდი ძალიან ბევრ ბარიერს და არა მარტო საკუთარ თავში. გარემოს სწრაფმა ცვლილებამ ცუდად მაგრძნობინა თავი. მქონდა გაუცხოების მომენტიც, თუმცა, მალევე მივხვდი, რომ ჩემი უარყოფითი განცდები ფუჭი იყო, რადგან დამხვდა გასაოცრად მეგობრული და თბილი გარემო. მქონდა საუბრის კომპლექსიც, თუმცა სტუდენტებისა და ლექტორების დახმარებით მალე გადავლახე ეს ბარიერიც. საბოლოო ჯამში ვიტყვი, რომ ადაპტაცია საკმაოდ წარმატებულად გავიარე და ისე შევეგუე იმ გარემოს, სადაც მიწევდა სწავლის პროცესში ყოფნა, რომ გამიჭირდა კიდეც მისი დატოვება...
- დღეს როგორ გეხმარება ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ამ პერიოდის მანძილზე მიიღე?
- გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ბევრ გამოწვევას წავაწყდი. თამამად ვიტყვი, რომ სრულიად განსხვავებული, მეტად გახსნილი, გამოცდილი და თავდაჯერებული ადამიანი დავბრუნდი, ამ პერიოდის განმავლობაში შევიძინე დამოუკიდებლად ცხოვრების უდიდესი გამოცდილება და პიროვნულად გავიზარდე. ჩემი თავი დავინახე სხვადასხვა ჭრილში - მივხვდი, რომ მთავარია ძლიერი სურვილი და უნდა გვახსოვდეს, რომ შეუძლებელი არაფერია! 
- და ბოლოს, რა რჩევას მისცემდი იმ სტუდენტებს, რომლებიც გაცვლით პროგრამებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას?
- პირველ რიგში, ყველა სტუდენტს ვურჩევ, გამოიყენოს ეს უნიკალური შანსი საკუთარი თავის, სამყაროსა და უცხო კულტურისა თუ ტრადიციების შეცნობისა. თითქოს ტოვებ ვაკუუმს და ხვდები განსხვავებულ გარემოში, სადაც სრულიად სხვა ცხოვრების რიტმია – იღებ უდიდეს გამოცდილებას და, რაც მთავარია, საკუთარი თავის რწმენას. ძალიან მინდა, ყველა სტუდენტს მიეცეს იგივე შესაძლებლობები, რაც მე მქონდა. მინდა ვუსურვო მათ დიდი წარმატება!

სალომე მელიქიშვილი,
თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი