ადამიანი, რომელმაც თავი ქორეოგრაფიას მიუძღვნა

28 ნოე 2018

„გვიყვარდეს, გვიყვარდეს, გვიყვარდეს ერთმანეთი“, - ეს არის ანსამბლის მთავარი ლოზუნგი, შეძახილი, რომლითაც ერთმანეთს ვაძლიერებთ, რომლითაც იწყება ჩვენი კონცერტები და იქმნება მუხტი მაყურებლის ერთიან სივრცეში მოსაქცევად“, - ეს სიტყვები ეკუთვნის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლის ხელმძღვანელს დავით კიკვაძეს, რომელიც უკვე 15 წელია უძღვება 84-წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლ „უნივერსიტეტი - მფრინავი ქართველების“ შთამომავლობას და დაუღალავად განაგრძობს საქმიანობას. როგორც ბატონი დავითი აღნიშნავს, მისთვის უდიდესი პატივია ანსამბლის ქორეოგრაფობა და დიდ სიამოვნებას განიცდის, როდესაც საკუთარი მოცეკვავეების მიერ ანშლაგით ჩატარებულ კონცერტებს ესწრება.

დავით კიკვაძე 1969 წლის 20 აპრილს დაიბადა. 14 წლის იყო, როდესაც ცეკვა დაიწყო და, რაც უნდა გასაკვირი იყოს, თავადაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლის მოცეკვავე გახლდათ. ანსამბლ „უნივერსიტეტს“, 1934 წლიდან მოყოლებული, მრავალჯერ ეცვლებოდა ხელმძღვანელობა. ჰყავდა ისეთი გამოჩენილი ქორეოგრაფებიც, როგორებიც იყვნენ: ჯანო ბაგრატიონი, რომან ჭოხონელიძე, იასონ ზედაშიძე. 1983 წლიდან კი, როდესაც დავითი მივიდა ანსამბლში, ქორეოგრაფები თენგიზ და ბუხუტი ყურაშვილები იყვნენ. სწორედ აქედან დაიწყო ის, რაც დღემდე გრძელდება. მრავალი წლის განმავლობაში მოცეკვავის ამპლუაში ყოფნის შემდეგ, 2003 წლიდან, დავითი ანსამბლის ხელმძღვანელი გახდა და მას შემდეგ მოცეკვავე სტუდენტებთან ერთად მუხლჩაუხრელად შრომობს.
ქართული ცეკვა მისთვის ცხოვრების აზრია. ეს არის ის, რაც მთელი სულითა და გულით უყვარს. „ცეკვაში ჩანს ქართული სული, კდემამოსილება, სილაღე და სიამაყე, ჩემი მისდამი დამოკიდებულებაც სწორედ ასეთია. ბედნიერი ვარ, რომ ქართული ცეკვის ქორეოგრაფი მქვია. ქართული ცეკვაა ის, რასაც, ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ მოცეკვავეები და ქორეოგრაფები, არამედ ყველა ქართველი უნდა მოუფრთხილდეს და პატივს სცემდეს, როგორც ქვეყნის ეროვნულ საგანძურს“, - ამბობს იგი.
როგორც ბატონი დავითი გვიამბობს, ანსამბლის სახელწოდების ინიციატორიც თავადაა. ეს იდეა კი მაშინ მოუვიდა აზრად, როდესაც ერთერთ გასტროლზე, კონცერტის დასრულების შემდეგ, გაოცებული იმპრესარიო მივიდა და უთხრა - „ანსამბლში მფრინავი ბიჭები გყავთ, ისინი კი არ ცეკვავენ, დაფრინავენ“.
ანსამბლმა თითქმის მთელ მსოფლიოში იმოგზაურა. მათ მიერ შესრულებულ ცეკვებს მაყურებელი აღფრთოვანებით ხვდებოდა ჩინეთში, იაპონიაში, ინდოეთში, აშშ-ში, ლათინურ ამერიკაში, გერმანიაში, იტალიაში, ნორვეგიაში, ეგვიპტეში, საბერძნეთში, ავსტრიაში, ნეპალში, პოლონეთში, უკრაინაში, ჩეხეთში, სლოვაკეთსა და კიდევ უამრავ სხვა ქვეყანაში.
„შემიძლია ვთქვა, რომ დავით კიკვაძე ანსამბლ „უნივერსიტეტის“ სახეა. მიზანდასახული, მოტივირებული და დისციპლინირებული - ეს სამი უმთავრესი თვისება, რომელიც ასე ჭარბადაა ამ ადამიანში, ანსამბლის უდიდესი წარმატების საიდუმლოცაა. არასდროს შევხვედრივარ უფრო კრეატიულ, პირდაპირ და სასიამოვნო ადამიანს, ვიდრე დავითია“, - ასე აღწერს ანსამბლის ყოფილი მოცეკვავე სალომე გაბლიანი ქორეოგრაფს, რომელსაც მოცეკვავეებთან ძალიან თბილი და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. როგორც ბატონი დავითი ამბობს, „ჩვენ ვართ ერთი დიდი ოჯახი, რომელშიც თითოეულის პრობლემა ყველას პრობლემაა. გვესმის ერთმანეთის და, შეძლებისდაგვარად, ყველას ვუწევთ ანგარიშს“.
ანსამბლის წევრები ქორეოგრაფზე დიდი სიყვარულითა და ემოციებით საუბრობენ. ერთ-ერთი მოცეკვავე სალომე მელიქიშვილი ბატონ დავითზე საუბრისას იხსენებს იმ დროს, როდესაც მასთან შერჩევაზე მივიდა: „მაშინ საკმაოდ ბევრი გოგო იმყოფებოდა გასინჯვაზე, დათოს კი არჩევანი უნდა გაეკეთებინა, რადგან ამდენს ფიზიკურად ვერ აიყვანდა. მახსოვს, როგორ ძალიან ღელავდა და ნერვიულობდა, რადგან ზოგისთვის უარის თქმა უწევდა. იმის მერე თითქმის 2 წელი გავიდა. აქამდე ისედაც ვფიქრობდი, რომ თბილი ადამიანი იყო, მაგრამ ეს ფიქრი არაფერი ყოფილა იმასთან შედარებით, სანამ გასტროლზე მასთან ერთად არ წავედით - ყველანაირად გვერდში გვედგა, სულ ჩვენთან ერთად ერთობოდა და ხუმრობდა. მახსოვს, ერთხელ ღამე ძალიან მოგვშივდა, ჩაგვიყვანა ქვემოთ და უამრავი საჭმელი გამოგვატანა, გარდა ამისა, სულ ცდილობს, რომ ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილები ვიყოთ. მართალი ყოფილა ის, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს - როგორი იქნება ანსამბლის ქორეოგრაფი, რაც შემდეგ დიდ წილად განაპირობებს ანსამბლის შეკრულობასა და ერთიანობას“.
დავითის ოჯახის წევრები მისი ცოლი - ნათია გოცირიძე და ორი ვაჟიშვილი - ნიკოლოზი და სანდრო არიან. ის კი, რასაც თავს ვერ პატიობს და ნანობს, ნიკოლოზის ცეკვიდან გაშვებაა. „მთელი ცხოვრება ხინჯივით მაქვს, რომ ეს გავაკეთე, მაგრამ იმედია, ჩემს იმედებს ჩემი მეორე შვილი - სანდრიკო გაამართლებს“, - ამბობს იგი. 
ანსამბლის ხელმძღვანელისთვის წარმოუდგენელია სხვა პროფესიაში საკუთარი თავი, რადგან ცეკვა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ეს არის ის პროფესია, რომელიც ნამდვილად აინტერესებს და უყვარს.

ელენა გოლოშვილი,
თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი