ახალი სახე(ლი) ამერიკისმცოდნეობის მიმართულებიდან

27 ნოე 2018

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის მიმართულების დოქტორანტმა მარიამ ხატიაშვილმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის გრანტი მოიპოვა. თავისი სადისერტაციო ნაშრომის სრულყოფისათვის, ამ გრანტის ფარგლებში, იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის სახალხო დიპლომატიის ცენტრში მარიამ ხატიაშვილი სადისერტაციო ნაშრომის თანახელმძღვანელს, პროფესორ ფილიპ სიბსა და სახალხო დიპლომატიისა და რბილი ძალის საკითხებზე მომუშავე წამყვან ამერიკელ პროფესორებსა და ექსპერტებს შეხვდება. იქ მარიამი სხვადასხვა საპრეზიდენტო და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში იმუშავებს. როგორც თავად აღნიშნავს, დაგეგმილი აქვს სხვადასხვა სამეცნიერო პროექტის განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ამერიკისმცოდნეობის დარგის განვითარებას. 
„მარიამის სახით საერთაშორისო სტანდარტის მქონე სტუდენტი გვყავს, რომელიც თავისი ცოდნითა და ორგანიზატორული ნიჭით აფართოებს ჩვენი ფაკულტეტის საერთაშორისო კავშირებს და არეალს. მას აქტიური კავშირები აქვს საერთაშორისო სამეცნიერო წრეებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან“, – ასე ახასიათებს მას თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამისა და ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ვასილ კაჭარავა.
„მარიამის სადოქტორო თემის თანახელმძღვანელი ვარ, იგი პირველი სტუდენტია საქართველოში, ვინც ამერიკის შეერთებული შტატების სახალხო დიპლომატიის საკითხებს განიხილავს. ამ საკითხის შესწავლით მან არა მარტო ქართველი, არამედ ამერიკელი მეცნიერებიც დააინტერესა. მარიამი თსუ-ში ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის ხელმძღვანელია. იგი სტაჟიორად მუშაობდა საქართველოში აშშ-ის საელჩოში და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. მან 2017 წელს წარმატებით გაიარა საქართველოს დიპლომატიური კონკურსი და ჩაირიცხა დიპლომატიურ რეზერვში; ვფიქრობ, პროფესურას მისი სახით ღირსეული ცვლა ეზრდება“, - განაცხადა თსუ-ის პროფესორმა, ამერიკისმცოდნეობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელმა ელენე მეძმარიაშვილმა. 
„ამერიკისმცოდნეობის მიმართულება იმიტომ ავირჩიე, რომ გაძლევს ცოდნას ამერიკულ მენტალობაზე, ფასეულობებსა და განწყობებზე, ისტორიულ, პოლიტიკურ, სამართლებრივ, ფილოსოფიურ, მხატვრულ, რელიგიურ და ზნეობრივ კულტურაზე, ამერიკული ცხოვრების წესზე. ყოველთვის მინდოდა შემექმნა ისეთი ჯგუფი ან ფორუმი, სადაც ამერიკისმცოდნეობის მიმართულების სტუდენტები ღიად, საინტერესოდ ისაუბრებდნენ ამერიკის შეერთებული შტატების და, ზოგადად, ამერიკის მთელი კონტინენტის შესახებ. ამ მიზნით, 2012 წლიდან დავიწყე თსუ-ში სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების ჩატარება და გავხდი ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის თავმჯდომარე. წელს უკვე VI კონფერენცია გავმართეთ. გარდა ამისა, ამავე ჯგუფში ამერიკული ფილმების, შედევრების ჩვენება-განხილვას ვაწყობდი. თსუ-ში ამერიკის აღმომჩენის - ქრისტეფორე კოლუმბის დღეც აღვნიშნეთ“, - გვითხრა მარიამმა. 
იგი გახდა მოხალისე სპიკერი თბილისის ამერიკულ კუთხეში, სადაც ატარებს საინტერესო შემეცნებით პრეზენტაციებს, სემინარებს, ტრენინგ-კურსებს და კონფერენციებს, აწყობს მრგვალ მაგიდას. 
„თსუ-ის ამერიკისმცოდნეობის სასწავლო პროგრამის ორივე საფეხური წარმატებით გავიარე. ერთადერთი სტუდენტი ვიყავი, რომელმაც ამ მიმართულების მაგისტრატურა ყველაზე მაღალი ქულებით დავამთავრე და დღეს უკვე დოქტორანტი ვარ. 
ჩემი ინტერესების სფერო ამერიკისმცოდნეობის მიმართულებით ინტერდისციპლინურია, მაგრამ აქცენტებს ვაკეთებდი აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე, კერძოდ, შეერთებული შტატების რბილ ძალაზე; სახალხო, სამოქალაქო, კულტურულ დიპლომატიაზე; ეროვნულ უსაფრთხოებასა და სტრატეგიულ კომუნიკაციაზე. 
სახალხო დიპლომატია სწორედ ის სფეროა, სადაც დიდი ინტერესით ვმუშაობ როგორც აკადემიური, ასევე პრაქტიკული საქმიანობის კუთხითაც. შევქმენი ერთ-ერთი პირველი აკადემიური ნაშრომი ქართულ სამეცნიერო სივრცეში საბაკალავრო კვლევის სახით. ვიკვლევდი აშშ-ის სახალხო დიპლომატიის ისტორიას საქართველოში, კონკრეტულად კი კულტურული და სამოქალაქო დიპლომატიის საკითხებს. კვლევის წარმატებით დასრულებაში დამეხმარა ის ფაქტიც, რომ გავხდი შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გრანტის მფლობელი მაგისტრანტებისათვის. სახალხო დიპლომატია ჩემი სადისერტაციო ნაშრომის მთავარ თემადაც იქცა, რომელიც უკავშირდება 1980-იან წლებში საბჭოთა კავშირის მიმართ აშშ-ის რბილი ძალის თავისებურებებს საქართველოს მაგალითზე. 
სადისერტაციო ნაშრომის მომზადებაში დახმარებას მიწევენ თანახელმძღვანელები: კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი, სახალხო დიპლომატიის ექსპერტი და მსოფლიოში წამყვანი სპეციალისტი, პროფესორი ფილიპ სიბი და თსუ-ის პროფესორი ელენე მეძმარიაშვილი“, - აღნიშნა მარიამ ხატიაშვილმა. 
2017 წელს მარიამმა გაიმარჯვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ექსკვირიან საგარეო პოლიტიკის მკვლევართა გაცვლით პროგრამაში, სადაც მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს 17 ქვეყნიდან საუკეთესონი. მათ შორის მარიამი ასაკით ყველაზე პატარა იყო. პროგრამის ფარგლებში, მას შეხვედრები ჰქონდა ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის სამთავრობო და არასამთავრობო წრეებთან, აკადემიურ ცენტრებში, უნივერსიტეტებში, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკებსა და კონგრესში. 
სულ ცოტა ხნის წინ კი მარიამი გახდა საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის განვითარების ალუმნი პროგრამის გრანტის მფლობელი. პროექტის სახელია „ქალები და გოგონები საგარეო პოლიტიკასა და დიპლომატიაში“.