არაქართულენოვან სტუდენტთა ოცნების პროგრამა და რეალიზებადი იდეები

26 ნოე 2018

2010 წლიდან ჩვენი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში შემოიღეს კვოტირების სისტემა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის: მშობლიურ ენაზე უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, არაქართულენოვანი აბიტურიენტები 1 წლის განმავლობაში ემზადებიან ქართულ ენაში და ენის სათანადოდ ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატის აღების შემდეგ ირჩევენ მათთვის სასურველ საბაკალავრო პროგრამას. 
კვოტირების სისტემის შემოღებამ მნიშვნელოვნად გაზარდა ეთნიკური უმცირესობების აბიტურიენტთა რაოდენობა ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში. 2010 წლიდან დღემდე ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტი გახდა 2700-ზე  მეტი ჩვენი არაქართულენოვანი მოქალაქე. მარტო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩაირიცხა 1900-ზე მეტი აბიტურიენტი, პროგრამა წარმატებით გაიარა 1700-მდე სტუდენტმა. 
„ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა 2009 წელს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით შეიქმნა. ამ პროგრამის გავლის შემდეგ არაქართულენოვანი სტუდენტი შეძლებს თსუ-ში საბაკალავრო პროგრამაზე სწავლას. მას შუძლია აირჩიოს თსუ-ის ნებისმიერი ფაკულტეტი, ნებისმიერი პროგრამა და გააგრძელოს სწავლა მომდევნო 4 წლის განმავლობაში არჩეული სპეციალობით. 
სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე, 2010 წლიდან დღემდე, ამ პროგრამაზე ყველაზე მეტი სტუდენტი თსუ-ში ჩაირიცხა. მათი უმრავლესობა სომხურ და აზერბაიჯანულენოვანია. მიმდინარე სასწავლო წელს პროგრამაზე 300 სტუდენტი ჩაირიცხა. აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველწლიურად იზრდება არაქართულენოვანი აბიტურიენტების ინტერესი აღნიშნული პროგრამისადმი. ისინი დიდი პასუხისმგებლობითა და ინტერესით ეკიდებიან ქართული ენის სწავლის საკითხს და თვლიან, რომ ეს ნაბიჯი აუცილებელია ქართულ საზოგადოებაში ღირსეულად ინტეგრირებისათვის. 
ქართული ენის შესწავლის გარდა, არაქართულენოვანი სტუდენტები 1+4 პროგრამის ფარგლებში ეუფლებიან ამა თუ იმ პროფესიას და საქართველოს სრულფასოვან მოქალაქეებად ყალიბდებიან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) თანამშრომლობით პროგრამის სტუდენტებისთვის დააარსა თსუ-ის ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც არაქართულენოვანი ახალგაზრდების სამოქალაქო და კულტურული ინტეგრაციის პროცესს უწყობს ხელს“, - განაცხადა სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ თეა ქამუშაძემ, რომელმაც პროგრამის მონაწილე აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან სტუდენტებს შეგვახვედრა. 
პირველი, რამაც გაგვაოცა და რაც ყველაზე მეტად მოგვხვდა თვალში - მათი მეგობრობა და ერთმანეთთან თბილი დამოკიდებულებაა, და ეს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ფონზე. ისინი ერთმანეთს ამხნევებენ და გულშემატკივრობენ. ასეთი ხალასი დამოკიდებულება ქართველი პედაგოგების დამსახურებაცაა და მოზარდების სწორი ხედვის შედეგიც. ყველა მათგანი საოცარი პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევა თავისი მასწავლებლების მიმართ. „საქართველო ჩვენი სამშობლოა და აქედან არსად წავალთ - აქ ვიცხოვრებთ, აქ ვისწავლით და ჩვენი ქვეყნის სამაგალითო მოქალაქეები გავხდებით“, - ასეთი პათოსით გვესაუბრებიან ისინი საკუთარ თავსა და სამომავლო გეგმებზე.

* * * 
სუსანა ასატრიანი ახალქალაქის რაიონის სოფელ ხორენიაში დაიბადა და გაიზარდა. სომხურენოვანი სკოლაც აქ დაამთავრა, სადაც მხოლოდ 88 მოსწავლე იყო. მის ოჯახში ქართულად არავინ საუბრობს. ენას არც ქართულის მასწავლებელი ფლობდა კარგად და ამას ძალიან განიცდიდა. ბავშვობიდან ოცნებობდა სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაეგრძელებინა, არც მშობლებმა გაუწიეს წინააღმდეგობა და დღეს იგი ამ პროგრამის მსმენელია. 
„სკოლაში, ჩემს კლასში სულ 4 მოსწავლე ვიყავით. სწავლის გაგრძელება ყველას გვინდოდა, მე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავირჩიე, რადგან მსოფლიოში წარმატებულ უნივერსიტეტებს შორის ღირსეული ადგილი უკავია, პრესტიჟულია და, რაც ყველაზე მთავარია, პირველი უნივერსიტეტია რეგიონში. მინდა, სწავლა გავაგრძელო ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე, ინგლისური ენის მიმართულებით. ჩემი სოფლის სკოლას ინგლისურის მასწავლებელი არ ჰყავს. ერთი სული მაქვს - სწავლას როდის დავამთავრებ და იქ დავბრუნდები, რათა მოსწავლეებს ინგლისური ენა ვასწავლო და შევაყვარო. მანამდე კი ქართულ ენას უნდა დავეუფლო, კარგად ვისწავლო. მიყვარს ქართული ლიტერატურა, ვცდილობ ქართული წიგნები ვიკითხო. ბოლოს ნოდარ დუმბაძის „ჰელადოსი“ წავიკითხე, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ქართული ფილმებიც მიყვარს და ქართული სიმღერებიც.
ჩემი აზრით, თუ საქართველოს მოქალაქე ხარ და საქართველოში ცხოვრობ, აუცილებელია - ქართული ენა იცოდე - ეს ყველა არაქართულენოვანი ადამიანის ვალია! ქართული ენა პროფესიულ დაოსტატებასა და წარმატების მიღწევაში დამეხმარება“, - ამბობს სუსანა და მომავალს იმედიანი თვალით უყურებს.
რუზანა იაჟიანი ნინოწმინდის რაიონის სოფელ ჰეშტიაში ცხოვრობს. სკოლა წარმატებით დაამთავრა და ფლეხ-ის გაცვლითი-სასწავლო პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. ახლა თსუ-ის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს და სურვილი აქვს - სწავლა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით გააგრძელოს. ფლობს სომხურ, რუსულ, ინგლისურ და ესპანურ ენებს. 
„აქტიური სტუდენტი ვარ. მყავს ბევრი ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი, გერმანელი და იტალიელი მეგობარი. ბუნებით ტოლერანტი ვარ. მიყვარს საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობა. ვწერ სტატიებს სხვადასხვა თემაზე და ვოცნებობ მოგზაურობაზე. მინდა, საკუთარი ბიზნესი მქონდეს და მოგების დიდი ნაწილი ქველმოქმედებას მოვახმარო.
ეს პროგრამა გვაძლევს შანსს ერთმანეთს დავუმეგობრდეთ და სხვადასხვა ეროვნების თანატოლებთან კარგი ურთიერთობები დავამყაროთ“, - აღნიშნავს რუზანა, რომლისთვისაც სწავლა, დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანია. იგი ფიქრობს, რომ ადამიანს, ვისაც კარგი განათლება აქვს, აუცილებლად წარმატებული იქნება.
ანა ფაშაევამ სართიჭალის მე-2 საჯარო სკოლა დაამთავრა. სართიჭალის ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლში ქართულ-ნაციონალურ ცეკვვებს სწავლობდა. იგი სტუდენტობის დროსაც არ უღალატებს თავის გატაცებას. პედიატრია მისი პროფესიული არჩევანია და იმედი აქვს, კარგი ექიმი გახდება. 
„ეს პროგრამა გვაძლევს შანსს ეროვნული გამოცდა იმ ენაზე ჩავაბაროთ, რაზეც ვსაუბრობთ და შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გავაგრძელოთ. ამ პროგრამის მონაწილე სომეხ და აზერბაიჯანელ თანატოლებს კარგი ურთიერთობა გვაქვს. პირადად მე ბევრი სომეხი მეგობარი მყავს, რომლებიც აქ გავიცანი. რადგან ქართულს ვსწავლობ, ქართველ სტუდენტებთანაც ვმეგობრობ“, - ამბობს ანა. 
აისუდა კურბანოვა დმანისის რაიონის სოფელ ირგანჩაიში დაიბადა. სკოლაც აქ დაამთავრა და მისი ოჯახიც აქ ცხოვრობს. სახლში ქართულად არ საუბრობენ, უბრალოდ არ იციან და იმიტომ. აისუდა ამას ძალიან განიცდის და ქართული ენის სწავლაც იმიტომ გადაწყვიტა, რომ თანასოფლელები ქართულად აალაპარაკოს. 
„ქართული ენის ცოდნა კომუნიკაციის დამყარებაში დაგვეხმარება, სადაც უნდა ვიყოთ: სამსახურში, უნივერსიტეტში თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ეს მეტ პატივისცემასაც გამოიწვევს და სამაგალითოც იქნება“, - ამბობს აისუდა, რომელსაც უნდა იურისტი გახდეს და ძალები სამეცნიერო მიმართულებითაც მოსინჯოს. 
ტერანა ალახვერდიევამ მარნეულის მე-3 საჯარო სკოლა დაამთავრა. მამასთან ქართულად საუბრობს და ამაყობს, რომ საქართველო მისი სამშობლოა. ცდილობს, ქართული კარგად ისწავლოს და ფიქრობს, რომ ყველას უნდა ჰქონდეს შანსი - განათლება მიიღოს. რადგან მამა ბიზნესმენი ჰყავს, უნდა სწავლა ბიზნესის მიმართულებით გააგრძელოს.
„ეს პროგრამა კარგად შედგენილი და მომზადებულია არაქართველი სტუდენტებისთვის. გულისხმიერი ლექტორების დახმარებით და ცოდნის გაზიარებით ქართულ ენას უმოკლეს დროში ვეუფლებით. მადლობა მათ ასეთი მხარდაჭერისთვის. სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტები ერთად ვსწავლობთ და ირგვლივ საოცრად მეგობრული გარემოა. მშობლების მხრიდანაც თანადგომას ვგრძნობ, რადგან მიაჩნიათ, რომ თუ მშობლიური ქვეყნის ენა არ იცი, ღირსეული ადამიანი ვერ იქნები! მიყვარს ეს ქვეყანა და მინდა, ჩემი წარმატებებით ვასახელო“, - აცხადებს ტერანა და კედელზე გაკრულ საქართველოს რუკას სიყვარულით ეხება...