დემოკრატიის გაკვეთილები – ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტორია (1877-2008 წლები)

29 ნოე 2018

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამის და თსუ-ის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ ვასილ კაჭარავას წიგნის - „დემოკრატიის გაკვეთილები - ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტორია (1877-2008 წლები)“ პრეზენტაცია გაიმართა თსუ-ში. ღონისძიებას თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში მიხეილ ჩხენკელი, საქართველოში აშშ-ის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, თსუ-ის პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ. 
პროფესორ ვასილ კაჭარავას სახელმძღვანელოში „დემოკრატიის გაკვეთილები - ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტორია (1877-2008 წლები)“ წარმოდგენილია ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტორია 1877 წლიდან 2008 წლამდე. წიგნი აშშ საელჩოს გრანტის ფარგლებში თსუ-ის მხარდაჭერით გამოიცა.
„სახელმძღვანელო მნიშვნელოვანია დღეს მიმდინარე იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებს ჩვენი მთავრობა - ესაა ქართველი საზოგადოებისთვის დასავლეთის ფასეულობების უკეთ ახსნა. სწორედ ამ რაკურსში უნდა დავინახოთ სახელმძღვანელოს მნიშვნელობა, რომელიც არამარტო ჩვენი სტუდენტებისთვის, არამედ ჩვენს საზოგადოებას აძლევს აშშ-ს შესახებ ფართო და ობიექტურ ინფორმაციას“, - განაცხადა ავტორმა.
წიგნი განკუთვნილია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, ასევე, ამერიკის ისტორიით დაინტერესებული ფართო მკითხველი საზოგადოებისთვის. წიგნის რედაქტორია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ელენე მეძმარიაშვილი, რეცენზენტები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თედო ჯაფარიძე და მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ ბარნოვი. 
სახელმძღვანელო აერთიანებს შემდეგ თემებს: პოსტრეკონსტრუქციული ერა კვლავ გაერთიანებულ ამერიკაში; პროგრესივიზმის ერა; 1920-იანი წლები - აყვავების ხანა; დიდი დეპრესია და „ახალი კურსი“; ამერიკის შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში; მეამბოხე 1960 წლები; ვიეტნამის სინდრომიდან სტაგფლაციის ფენომენამდე; რონალდ რეიგანის კონსერვატიული რევოლუცია და ამერიკის შეერთებული შტატები - მონოპოლარული სამყაროს ლიდერი. წიგნში აგრეთვე გაეცნობით ამონარიდებს ამერიკის პრეზიდენტების საინაგურაციო გამოსვლებიდან. ის ქრონოლოგიურად მოგვითხრობს აშშ-ის იმ შიდა და გარე პოლიტიკური მოვლენების, მოძრაობების და აშშ-ის გამორჩეული პოლიტიკოსების მოღვაწეობის შესახებ, რომლებმაც გავლენა მოახდინეს აშშ-ის პოლიტიკის ფორმირებასა და განვითარებაზე.
როგორც თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, „მნიშვნელოვანია, რომ თსუ-ში სამივე საფეხურზე მიმდინარეობს ამერიკანისტიკის გაძლიერებული სწავლება.
„აშშ საელჩო მოხარულია, რომ თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ახალი წიგნი, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა, ეხება აშშ-ს დემოკრატიის გაკვეთილებს. წიგნი გამოიცა აშშ-ს საელჩოს მიერ წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ქართველ მკითხველს აძლევს საშუალებას ქართულად გაეცნოს ამერიკულ-სამეცნიერო ლიტერატურას“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა.
აშშ-ს საელჩოს მიერ წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში მალე გამოიცემა სახელმძღვანელოს II ტომი - „დემოკრატიის გაკვეთილები - ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტორია (დასაბამიდან 1877 წლამდე)“, რომელიც პროფესორმა ელენე მეძმარიაშვილმა მოამზადა.