საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა კარლ კაუცკის თვალით

27 ნოე 2018

თსუ-ში გერმანიის სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთი თეორიტიკოსისა და ლიდერის კარლ კაუცკის წიგნის - „საქართველოს გლეხთა სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკა: შთაბეჭდილებანი და დაკვირვებანი“ - სამენოვანი (ქართულ-ინგლისურ-გერმანული) გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ასახავს კარლ კაუცკის საქართველოში ვიზიტს 1920 აგვისტოში. მან საქართველოში ქართველ სოციალ-დემოკრატების მოწვევით ევროპელ სოციალისტთა დელეგაციასთან ერთად იმოგზაურა. დელეგაციის ყველაზე ცნობილი წევრი იყო კარლ კაუცკი, სოციალ-დემოკრატიის დიდი თეორიტიკოსი და მრავალი ნაშრომის ავტორი, რომელმაც ხალხში მარქსიზმის პოპულარიზაცია მოახდინა. კაუცკის რუსეთის რეჟიმისადმი კრიტიკული დამოკიდებულება იყო მიზეზი იმისა, რომ იგი ასე სძულდათ ლენინს და ტროცკის. ლენინი მას მოღალატედ მოიხსენიებდა, რადგან მხარი არ დაუჭირა ბოლშევიკურ გადატრიალებას და დიქტატორული რეჟიმის დამყარებას. კაუცკი დელეგაციასთან ერთად ევროპაში არ დაბრუნებულა, მან გადაწყვიტა, კიდევ რამდენიმე თვით დარჩენილიყო საქართველოში, რათა ღრმა წარმოდგენა შექმნოდა აქ განვითარებულ მოვლენებზე. 1921 წელს, როდესაც წითელმა არმიამ საქართველოდან სოციალ-დემოკრატიული მთავრობა განდევნა, კაუცკი აკრიტიკებდა და გმობდა რუსული კომუნიზმის აგრესიას. 
კარლ კაუცკიმ თავის წიგნს - „საქართველოს გლეხთა სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკა: შთაბეჭდილებანი და დაკვირვებანი“, რომელიც გერმანულ ენაზე 1921 წელს გამოიცა, საფუძვლად დაუდო 1920 წლის ოქტომბერ-დეკემბერში შეგროვებული ინფორმაციის გააზრება და შეფასება. ავტორი თავის წიგნში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თითქმის ყველა სფეროს განიხილავს, ასევე, აანალიზებს ქართულ სოციალ-დემოკრატიულ მოდელს, აკრიტიკებს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას, მოითხოვს საქართველოს სუვერენიტეტის დაცვასა და დამოუკიდებლობის აღდგენას. წიგნი იმავე წელს ითარგმნა ინგლისურად და ავტორის წინასიტყვაობით გამოიცა დიდ ბრიტანეთში. 
ახალი სამენოვანი გამოცემისთვის შესავალი პროფესორებმა: დიმიტრი შველიძემ, სტივენ ჯონსმა და ზიგფრიდ ჰეიმანმა სპეციალურად მოამზადეს. წიგნს დაერთვის კომენტარები და ავტორის საქართველოში ვიზიტის ამსახველი ფოტო-მასალები. 
„დღეს, როცა აღარავის უკვირს სოციალისტური მთავრობების მოსვლა ევროპის ქვეყნებში, მსოფლიოს ისტორიამ შეიძლება გაიხსენოს, რომ სოციალ-დემოკრატიული მთავრობების წელთაღრიცხვა სწორედ საქართველოში დაიწყო, როცა თბილისში 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა დამოუკიდებლობა. ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს სათავეში ქართველი სოციალ-დემოკრატები იდგნენ, რომლებსაც თავიანთი თავი ევროპის სოციალ-დემოკრატიის მოწაფეებად მიაჩნდათ. ისინი ხომ მარქსის, ენგელსისა და მათი უპირველესი მემკვიდრის - კარლ კაუცკის ნააზრევით აღიზარდნენ“, - წერს წიგნის წინასიტყვაობაში დიმიტრი შველიძე. 
„არსებობს ბოლშევიკური სტერეოტიპი, რომ პირველი სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკა „წარუმატებელი ექსპერიმენტი“ იყო, რომ იგი სუსტი და სიცოცხლის უუნარო სახელმწიფო გახლდათ და ამიტომაც დაინგრა. ეს დისკურსი, სამწუხაროდ, დიდი ხნის განმავლობაში იყო ფესვგადგმული საქართველოში და რეალურად რა ხდებოდა, ამაზე ხმამაღლა არავინ ლაპარაკობდა. 
კარლ კაუცკის ნაშრომი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ გადავაფასოთ უახლოესი წარსული და სხვა თვალით შევხედოთ იმდროინდელ რეალობას - თუ როგორ იყო შეფასებული ის ინტელექტუალებისა და პოლიტიკოსების მიერ. 
ძალიან მნიშვნელოვანია ის შეფასებები, რომელსაც სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი კარლ კაუცკი აკეთებს პირველი რესპუბლიკის დროინდელი საქართველოს შესახებ. ამ წიგნით დაიწყო მთელი დისკუსია, რომელშიც ლევ ტროცკიც ჩაერთო. თუმცა, დასკვნა ისაა, რომ ქართული სოციალ-დემოკრატია, მართლაც, მაგალითის მიმცემი იყო მთელი ევროპისთვის და ეს იყო ძალიან წარმატებული ექსპერიმენტი, რომელიც სამწუხაროდ დამთავრდა, მხოლოდ იმის გამო, რომ ბოლშევიკურმა რუსეთმა დაიპყრო საქართველო“, - აღნიშნა თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. 
ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობასთან პარტნიორობით უნივერსიტეტმა წიგნი ქართულ ენაზე პირველად თარგმნა და ახალი გამოცემა მოამზადა. ფონდის ხელმძღვანელმა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ფელიქს ჰეტმა ისაუბრა წიგნის ავტორის პოზიციაზე. „წიგნში კარგად ჩანს, რომ კომუნისტები და სოციალ-დემოკრატები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ნაშრომი შეიძლება აღვიქვათ, როგორც ერთგვარი ინსპირაცია, თუ როგორი უნდა იყოს პოლიტიკოსებისა და ინტელექტუალების პასუხისმგებლობა. მასში საინტერესოდ არის გადმოცემული სხვადასხვა თეორიული დებატები სოციალ-დემოკრატიის ირგვლივ“, - აღნიშნა ფელიქს ჰეტმა. 
„ნაშრომში ფაქტობრივად ყველა სფეროა წარმოდგენილი კაუცკის შეფასებით, მისი თვალთახედვით და ძალიან საინტერესოდ არის განსაზღვრული პერსპექტივები - როგორ განვითარდებოდა ქართული სახელმწიფო რომ არა ბოლშევიკური ინტერვენცია“, - აღნიშნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ირაკლი ირემაძემ, რომელიც ქართული გამოცემის ერთ-ერთი რედაქტორიცაა. 
სახელმწიფოს ბუნებრივი პირობები, ისტორია, მიწათმოქმედება, მრეწველობა, სოციალური რევოლუცია, მთავრობის სირთულეები, კაპიტალიზმი და სოციალიზმი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიმტკიცე, რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა, ბოლშევიკური შემოჭრა და მოსკოვის ბონაპარტიზმი - ეს ის საკითხებია, კარლ კაუცკი თავის ნაშრომში რომ განიხილავს და აანალიზებს. 
წიგნი ქართულად თარგმნა სოფიკო შუბითიძემ, გამოსაცემად მოამზადეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და გამომცემლობის თანამშრომლებმა. 
პროექტი განხორციელდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ფარგლებში. წიგნის ახალი გამოცემა მკითხველის წინაშე პირველად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იყო წარდგენილი.