„14 გბ“ – ისტორიები აფხაზეთზე

26 ნოე 2018

„თითქმის 25 წელი გავიდა, რაც სახლიდან წავედი და აღარ დავბრუნდი... ამ ქვეყანაზე არსებულ ხმაურთაგან ის ხმა, რასაც მაშინ ჩემი ჭიშკარი გამოსცემდა, დღემდე ყველაზე მეტად მზარავს. ჭიშკართან დედა იდგა. მაშინ ისიც ჩემსავით ორმოცდარვის თუ ორმოცდაცხრის იყო... – თეა, ომი დაიწყო! აღარ გავაგრძელებ წერას. სხვები მოჰყვებიან ჩემი აფხაზეთის ამბავს, ყველაფერს, რაც ნამდვილად იყო!“ - თეა კალანდიას ეს ემოცია „გადაედო“ იმ 14 არტისტს (პაპუნა პაპასქირი, ნინო კალანდია, ანა ბუკია, გიორგი ესაბუა, თეა თოფურია, პაატა შამუგია, ვინდა ფოლიო, კახა კინწურაშვილი, ზურა ჯიშკარიანი, ლადო ფოჩხუა, თომა პაპასქირი), რომელთა ჩანაწერებმაც ერთ წიგნში: „14 გეგაბაიტი“ მოიყარეს თავი და საკუთარი ისტორია ჩანაწერების, ფოტოებისა და ნახატების საშუალებით გაუზიარეს მკითხველს. 
„ისტორია მეხსიერებასა და წარმოსახვით რეალობას შორის“ - ამ სახელწოდებით მოეწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის განხილვა და დისკუსია, რომელიც ახალგაზრდა მეცნიერთა II საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართა.
თეა კალანდიას ინფორმაციით, წიგნში სამი თაობა ხვდება ერთმანეთს: „ეს არ არის წიგნი არც ომზე და არც მშვიდობაზე, აქ სამი თაობის მელანქოლიის, აპათიის, მარცხის და საკუთარ თავზე გამარჯვების ამბავია - ეს არის ამბავი არტისტებზე „ედემის გეტოებიდან“, მათზე, ვინც წყენა ხელოვნებად აქცია და დევნილობის გაუსაძლის დღეებს აზრი შესძინა. 23 წლის ვიყავი, როდესაც ეს ყველაფერი მოხდა, მას შემდეგ 26 წელი გავიდა... სწორედ ამ დისტანცირებამ და დრომ მომცა იმის საშუალება, მეფიქრა და გადამეწყვიტა - რა ფორმით და საშუალებით გამოვხატავდი სათქმელს. 
რატომ „14 გბ“? - ამ კითხვაზე წიგნის ავტორის პასუხი ასეთია: „იმიტომ, რომ აფხაზეთის ომი გრძელდებოდა 13 თვე და 13 დღე და მინდოდა, რომ ეს საკრალური - ცამეტი - აღარ განმეორებულიყო. რიგით მე-14-ე 13 წლის თომა პაპასქირია. წიგნში ამ თავს ჰქვია „ხვალ“. მართალია, თომას საკუთარი თვალით არ უნახავს აფხაზეთი, მაგრამ წერს სოხუმზე, ოცნებობს მეზღვაურობაზე და ხატავს... ჩვენ მარტონი არ ვართ, არიან ასევე აფხაზი ბავშვები, მათ არ დაუგეგმავთ საკუთარი მომავალი, მაგრამ შეძლეს და დევნილობის კლანჭებს თავი დააღწიეს, სრულიად ახალი, საკუთარი ისტორია შექმნეს ამ ურთულეს ეპოქაში. წიგნში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავია - „შენ“. ...და ეს ფურცლები ცარიელია. ეს თავი იმ ყველას დასაწერია, ვისაც ჯერ კიდევ არაფერი უთქვამს“, - ამბობს თეა კალანდია.
სიმპოზიუმის საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარის თეა ქამუშაძის ინფორმაციით, წელს სიმპოზიუმის ძირითადი თემატიკა ისტორიას ეძღვნება და ამიტომ მრგვალი მაგიდის სადისკუსიო თემად შეირჩა ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი და მტკივნეული საკითხი - აფხაზეთი. „ჩვენ საშუალება მივეცით დამსწრე საზოგადოებას - გაგვეხსენებინა არა მხოლოდ პოლიტიკური პროცესები, არამედ, ამ შემთხვევაში, აქცენტი გაკეთდა შემოქმედებაზე - თუ როგორ შეიძლება იქცეს ტრავმული გამოცდილება შემოქმედებით წყაროდ. ჩვენ სხვადასხვა სპეციალისტებთან ერთად ვსაუბრობთ იმ ისტორიულ მეხსიერებაზე, რომელიც სხვადასხვა სფეროში მჟღავნდება“, - აღნიშნა თეა ქამუშაძემ.
თსუ-ის პროფესორმა ნინო ჩიქოვანმა წიგნის შესახებ თავისი მოსაზრება გაუზიარა დამსწრე საზოგადოებას: „როდესაც ამ ტექსტებს კითხულობ, ისეთი შეგრძნება გეუფლება, რომ ისინი მკითხველისთვის არ დაწერილა, ეს ადამიანები თავისთვის წერენ, თუმცა, ჩვენ ბევრ ისეთ რამეს ვიგებთ, რაც ძლიერად მოქმედებს ჩვენს ემოციაზე. ტრავმის დაძლევისთვის და გადალახვისთვის, რომლის გარეშე ცხოვრება ვერ გაგრძელდება, ერთ-ერთი გარდაუვალი ნაბიჯია მისი ამოთქმა და სხვებისთვის გაზიარება. ამ წიგნში სხვადასხვა ფორმით კარგად არის წარმოდგენილი - თუ როგორ ხდება ეს პროცესი. ამასთან, თითქოს ჩვენც ვხდებით ამ ემოციის თანამოზიარეები, რაც ხელს უწყობს ამ ტრავმების გადალახვას და მიზნის მიღწევას“, - აღნიშნა ნინო ჩიქოვანმა.
წიგნის შინაარსსა და დიზაინზე ისაუბრა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელმა, მხატვარმა ლევან სილაგაძემ: „მე სოხუმელი არ ვარ, ჩემს დიდ ბებია-ბაბუას ჰქონდათ იქ სახლი, ამიტომ ბავშვობის დიდი ნაწილი სოხუმში მაქვს გატარებული. დღესაც, ჩემს წარმოდგენაში ასეთი ლამაზი ქალაქი არ არსებოს... მისი დაკარგვით გამოწვეული ტკივილი და ემოცია ყველას გვაერთიანებს. წიგნის შემდგენლის თეა კალანდიას, მხატვრის პაპუნა პაპასქირის და დიზაინერ ია მახათაძის დამსახურებაა, რომ წიგნი დახვეწილი გემოვნებით არის გაფორმებული და ვიზუალური ფოტო-მასალა თუ ნახატები თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს“, - აღნიშნა ლევან სილაგაძემ.
თსუ-ის ფსიქოლოგიის მიმართულების დოქტორანტის მარიამ გოგიჩაიშვილის აზრით, წარსულის დავიწყება და „გადაგდება“ შეუძლებელია. „ადამიანებს, რომლებმაც არ იციან - რა მოუხერხონ თავიანთ ტრავმულ ცხოვრებას, ხშირად წარსულისთვის თვალის გასწორება უჭირთ, მაგრამ წიგნის ავტორმა გამოძებნა გზა და, ასევე, სხვა ადამიანებსაც დაეხმარა ამ გზის პოვნაში. ძლიერი ადამიანების მიზანიც და შესაძლებლობაც ეს არის, რომ როდესაც მათ შეუძლიათ საკუთარ მწარე გამოცდილებაში იპოვონ საზრისი და უკეთესი შესთავაზონ მომავალ თაობებს. ათასგზის „შელახულ“ თემას წიგნის ავტორმა ახალი სიცოცხლე შესძინა“, - აღნიშნა მარიამ გოგიჩაიშვილმა.