100 წლისთავზე თსუ-ში

09 ოქტ 2018

გვესაუბრება თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე:

- წელს განსაკუთრებული წელია უნივერსიტეტისთვის - ვზეიმობთ 100 წლის იუბილეს... მთელი წლის განმავლობაში ტარდება ღონისძიებები, რომლებიც ეძღვნება ღირსშესანიშნავ თარიღს. უნივერსიტეტმა ერთი საუკუნის განმავლობაში ღირსეულად ატარა ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ფლაგმანის სახელი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ლიდერი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიაშიც, რაც დასტურდება მრავალი რეიტინგით. ეს არის ერთადერთი უნივერსიტეტი რეგიონში, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2 პროცენტში შედის (N359,/The U.S. News&World Report - Best Global Universities Ranking (2017 წ.). თაიმსის რანჟირებითაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის საუკეთესო 1000-ეულში (Times Higher Education World University Rankings, N801 (2016 წ.). უნივერსიტეტის ფიზიკის მიმართულება კი შანხაის დარგობრივ რანჟირებაში 151-200-ე ადგილს იკავებს (2017 წ.). ანუ თსუ ერთადერთი უნივერსიტეტია ჩვენი რეგიონიდან, რომელიც მესამედ ხვდება ამ ძალიან პრესტიჟულ რანჟირებაში.
დღეს უნივერსიტეტში 7 ფაკულტეტი და 18 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტია, რის ბაზაზეც მიმდინარეობს ინტენსიური სამეცნიერო კვლევები. ყოველწლიურად (და განსაკუთრებით ამ წელს) ინტენსიური იყო ჩვენი სამეცნიერო შედეგები: უნივერსიტეტში 200-ზე მეტი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი განხორციელდა; ჩვენი მეცნიერების, პროფესორების ავტორობით 500-ზე მეტი პუბლიკაცია გამოქვეყნდა იმპაქტ-ფაქტორიან გამოცემებში - ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია ჩვენი უნივერსიტეტისათვის. 
აღსანიშნავია, რომ 180-ზე მეტი საერთაშორისო პარტნიორი უნივერსიტეტი გვყავს მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში. ინტენსიურად ვმუშაობთ „ერაზმუს+“-ის პროგრამის მიმართულებითაც - „ერაზმუს+“-ის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობითაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიდერია. შედარებისთვის შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს 121 განხორციელებული პროექტი, რაც ჯამურად იმაზე მეტია, ვიდრე მთელი ცენტრალური აზიის პროექტები - ერთად აღებული. ეს პროგრამები პროფესორებს, უპირველეს ყოვლისა, სტუდენტებს და, მათ შორის, ადმინისტრაციას აძლევს მობილობის სქემებში მონაწილეობის საშუალებას გაცვლითი პროგრამების ფარგლებში. ჩვენ, ასევე, ვაგრძელებთ თანამშრომლობას CERN-თან, სადაც მიმდინარეობს რამდენიმე ექსპერიმენტი - უპირველესად, ეს ეხება ATLAS-ის (ადრონული კოლაიდერი) ექსპერიმენტს. ინტენსიური თანამშრომლობა გვაქვს იულიხის კვლევით ცენტრთან, სადაც ამაჩქარებელზე მიმდინარეობს კვლევები. ჩვენი მეცნიერები აგრეთვე ჩართულნი არიან J-PARC ამაჩქარებელზე დაგეგმილ COMET ექსპერიმენტში. საერთაშორისო თანამშრომლობა არა მხოლოდ ჩვენი მეცნიერების იქ გაგზავნაში გამოიხატება, არამედ თავად უნივერსიტეტშიც ვქმნით ლაბორატორიებს საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობის მისაღებად. მაგალითად, უკვე თსუ-ში დაარსდა რამდენიმე ლაბორატორია - SMART|Lab, SMART|AtmoSim-Lab, რომელთა ბაზაზეც ჩვენი სტუდენტები კვლევის პროცესებში რეალურად არიან ჩაბმულნი. ეკონომისტებისთვის მუშაობს Bloomberg-ის ლაბორატორია, რაც კარგ შედეგებს იძლევა.


რა სიახლე გვაქვს?

ერთ-ერთი სიახლე გახლავთ ისიც, რომ ჩვენს რეგიონში ევროპის აკადემიის კვლევითი ჰაბი იხსნება და ძალიან საამაყოა, რომ ეს ჰაბი გაიხსნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მის გახსნას ველოდებით 1 ოქტომბერს, რომელიც მიეძღვნება ინოვაციებისა და მეცნიერების მე-4 ფესტივალს. ამ ფესტივალს წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს თსუ-ის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით. 
ბევრი რამ არის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით. დავიწყეთ II კორპუსის ფუნდამენტური რეკონსტრუქცია. ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იმ მხარდაჭერისთვის, რაც მათ გამოიჩინეს თსუ-ის მიმართ. მეორე კორპუსში საკმაოდ შრომატევადი სამუშაოებია ჩასატარებელი, რადგან მისი აშენების დღიდან ამ კორპუსს კაპიტალური შეკეთება არ ღირსებია. იმედია, მალე გვექნება კიდევ ერთი თანამედროვე კორპუსი. გარდა ამისა, გვინდა დავიწყოთ დაანონსებული მშენებლობა დიდი საერთო საცხოვრებლისა, რომელიც არა მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, არამედ ბევრ სხვა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელს მოუხსნის სტუდენტების განთავსების პრობლემას. ამ მხრივაც თსუ თავის წვლილს შეიტანს საქართველოს სწორ პოზიციონირებაში საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზარზე. ვფიქრობ, რომ „ისწავლე საქართველოში“ არის ძალიან ღირებული პროგრამა, რომელშიც უცხოელი სტუდენტების მონაწილეობის დონე იზრდება, თუმცა სერვისები გასაუმჯობესებელია. ამ კუთხით ჩვენ შემოგვეშველა 320 ადგილიანი ახალი საერთო საცხოვრებელი ლისზე და სასიხარულოა, რომ ეს ადგილი ძალიან პოპულარული გახდა საზაფხულო სკოლების ჩატარების თვალსაზრისითაც. წელს ლისის საერთო საცხოვრებელი არაერთ საერთაშორისო სტუდენტურ ბანაკსაც მასპინძლობდა. ამდენად, ეს ყოველივე გვაძლევს საშუალებას, რომ ინტენსიური გახდეს სტუდენტური ცხოვრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.


რა შედეგებით ვხვდებით ახალ სასწავლო წელს?

უნივერსიტეტმა ღირსეულად გაიარა ავტორიზაცია. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო ავტორიზაცია ჩატარდა და უნივერსიტეტმა ამ რთული და შრომატევადი პროცესის ღირსეულად გავლა შეძლო, რაც ნამდვილად საამაყოა. 
ეროვნული გამოცდების შედეგების თანახმად, უმაღლესი სასწავლებლების პირველი არჩევანით თსუ კვლავ ლიდერობს. 7945 სტუდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ გამხდარიყო ჩვენი სტუდენტი. სამწუხაროდ, ყველა მათგანი ვერ ჩაირიცხა, რადგან ჩვენი მოთხოვნები უფრო მკაცრია, ანუ თამასა უფრო მაღლაა, ვიდრე სხვა უნივერსიტეტებისა საქართველოში, მაგრამ, საბოლოოდ, თსუ-ის სტუდენტი გახდა 4500-მდე სტუდენტი, რაც 1000 სტუდენტით მეტია, ვიდრე გვყავდა შარშან. 
აღსანიშნავია, რომ გრანტი მიიღო ჩარიცხული სტუდენტების 52 პროცენტმა, ანუ ნახევარზე მეტს აქვს სახელმწიფო გრანტი - ეს მიუთითებს იმაზე, რომ კარგი სტუდენტობა გვყავს, როგორც ყოველთვის.
ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტი საქართველოში ისევ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. იგი ჩაირიცხა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე. ეს გახლავთ დემურ მერკვილაძე, რომელიც გეოლოგიის მიმართულებაზე დაიწყებს სწავლას.