ანგელა მერკელის მკაფიო გზავნილები მსოფლიოს

09 ოქტ 2018

24 აგვისტოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში იგი სტუდენტებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა

ანგელა მერკელმა ისაუბრა გერმანიის საგარეო პოლიტიკაზე, მათ შორის, რუსეთთან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ გერმანიის დამოკიდებულებებზე, ევროკავშირის გეგმებსა და საქართველოს ევროპულ მომავალზე. 
სტუდენტები დაინტერესდნენ, რა პოლიტიკას ატარებს გერმანია აღმოსავლეთ ევროპისადმი და რა ცვლილებებს უნდა ელოდოს მსოფლიო ამ მიმართულებით, რაზეც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა თავის გამოსვლაშიც ისაუბრა. კითხვაზე ანგელა მერკელმა უპასუხა, რომ ეს არ არის გერმანიის საგარეო პოლიტიკის ახალი ორიენტაცია და ჰაიკო მაასმა ხაზი გაუსვა მხოლოდ იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთთან კარგი ურთიერთობის დამყარება, რადგან ის არის ევროკავშირის მეზობელი, თუმცა, მეორე მხრივ, გერმანია აცნობიერებს იმასაც, რომ უნდა გამოიკვეთოს მკაფიო პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით. 
„საქართველო დანამდვილებით არის ქვეყანა, რომელსაც უკრაინასთან ერთად აქვს ყველაზე დიდი ევროპული პერსპექტივა. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე გვაქვს ვიზალიბერალიზაცია, არსებობს ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უახლოესი 10 წლის განმავლობაში კიდევ გამოვკვეთავთ იმ ნაბიჯებს, რაც სამომავლოდ უნდა გადაიდგას“, - აღნიშნა მერკელმა და იქვე დაამატა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანთა შორის ურთიერთობები, უმაღლესი განათლების მიღება, პროფესიული განათლების მიღება, პროფესიული საქმიანობა, დასაქმება და ამისთვის ლეგალური გზების გამოძებნა. „ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ ბევრი ჩამოვიდა საქართველოდან, როგორც თავშესაფრის მაძიებელი. ბუნებრივია, ეს არ არის ჩვენი მიზანი. ჩვენ უნდა ვნახოთ ლეგალური გზები, რათა გაღრმავდეს ჩვენი ურთიერთობები. გახსნილად უნდა ვთქვათ, რომ ძალიან რთულია რუსეთთან ურთიერთობების დალაგება, ვხედავთ, რაც ხდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების მიმართ, მაგრამ გერმანიის საგარეო პოლიტიკა კვლავინდებურად იქნება პერსპექტივაზე ორიენტირებული, რომ თქვენ ძალიან ახლოს იყოთ ევროპასთან. ეს არის ჩვენი ურყევი მიზანი”, - განაცხადა კანცლერმა და დასძინა, რომ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ საერთო ევროპული იდეისათვის მხოლოდ მშვიდობიანი თანაცხოვრებითა და ურთიერთპატივისცემით. 
ანგელა მერკელმა გამოკვეთა საქართველოს, აზერბაიჯანისა და მოლდავეთის ტერიტორიული კონფლიქტები და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარს უჭერს იმ ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას, რომლებსაც ეს პრობლემა აქვთ. მან მოკლედ ისაუბრა ასევე რუსეთთან ენერგომიმართულებით თანამშრომლობაზე. 
შეხვედრაზე თსუ-ის სტუდენტებმა გერმანიის კანცლერს კითხვები დაუსვეს ვიზალიბერალიზაციაზე, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე, ევროკავშირის მომავალზე, მეცნიერებისა და პროფესიული განათლების ხელშეწყობაზე, საქართველოსა და კავკასიის რეგიონში დემოკრატიის ხარისხზე და სხვა საკითხებზე.
ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას და უკრაინასთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე დიდი პერსპექტივა აქვს. „ღიად ვაცხადებ, რომ მხარს ვუჭერ საქართველოს ევროპულ ამბიციებს. ჩვენი ურყევი მიზანია, ახლოს იყოთ ევროპასთან, მაგრამ სწრაფ, ნაჩქარევ დაპირებებს ვერ მოგცემთ. წევრობის კანდიდატი ქვეყანა უნდა ასრულებდეს გარკვეულ წინაპირობებს. თავის მხრივ, ევროკავშირს უნდა შესწევდეს ახალი ქვეყნების მიღების უნარი“, - განაცხადა ანგელა მერკელმა და დასძინა, რომ ევროკავშირსაც სჭირდება რეფორმები.
სტუდენტის კითხვაზე – როგორ შეაფასებდა გერმანიის კანცლერი ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში მიმდინარე პროცესებს, ანგელა მერკელმა უპასუხა, რომ 
„ეს არის უსამართლობა” და გერმანიას შეუძლია დაეხმაროს საქართველოს იმ ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებაში, რომელიც ამ რეგიონებიდან ლტოლვილ მოსახლეობას აქვს. „იქ რაც ხდება, არის მიუღებელი სიტუაცია. მე ბევრ დროს ვუთმობ უკრაინასა და საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარებაზე ფიქრს. ეს არის სიტუაცია, რომელიც რუსეთის ხელშეწყობით ცუდად ვითარდება. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ არ უნდა შევეგუოთ ამას, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის გრძელვადიანი პროცესი. ამ რეგიონებში ადამიანებს ძალიან ცუდად აქვს საქმე. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, პირველ რიგში, ჰუმანიტარულად, სადაც ამის შესაძლებლობაა. გვაქვს ევროკავშირის მისია, რომელიც ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს პრობლემის მოგვარებაში და როდესაც ადამიანს სჭირდება სამედიცინო დახმარება, განათლება და ა.შ., მას აუცილებელია ჰქონდეს შესაძლებლობა - გადმოლახოს ე.წ. საზღვარი“, - განაცხადა მან.
მერკელის პასუხს მოჰყვა თსუ-ის დოქტორანტ კონსტანტინე შუბითიძის კითხვა: „აფასებთ თუ არა აფხაზეთში და ცხინვალში განვითარებულ მოვლენებს, როგორც ოკუპაციას?“ ამ კითხვის პასუხადაც მერკელმა საქართველოში ვიზიტის განმავლობაში პირველად დააფიქსირა, რომ „ეს არის ოკუპაცია. საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, რაც დიდი უსამართლობაა. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი“.
კანცლერის პასუხზე კომენტარი გააკეთა შეკითხვის ავტორმა: „ტერმინ „ოკუპაციის“ გამოყენება ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს არის ერთადერთი სწორი შეფასება, რომელიც შეიძლება მიეცეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მდგომარეობას. კანცლერმა რუსეთის ქმედება შეაფასა ოკუპაციად და მე კმაყოფილი ვარ. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი დიდი და ძლიერი ქვეყნის ლიდერი, როგორიც გერმანიაა, სწორ და ზუსტ შეფასებას აძლევდეს იმ ყველაფერს, რაც ხდება საქართველოში“, - განაცხადა თსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების დოქტორანტმა კონსტანტინე შუბითიძემ.
სტუდენტებთან შეხვედრაზე კითხვა დაისვა, ასევე, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე, რაზეც მერკელმა უპასუხა, რომ ეს მოკლე ვადებში არ მოხდება: „საქართველოს ნატოში სწრაფ გაწევრიანებას ვერ ვხედავ - ასეთია გერმანიის პოზიცია, მაგრამ, ამის მიუხედავად, ნატოს ბოლო სამიტზე დამტკიცდა ნატო-საქართველოს პაკეტი. დღეს შევხვდები გერმანელ ჯარისკაცებს, რომლებიც წვრთნებში იღებენ მონაწილეობას ქართულ შეიარაღებულ ჯარებთან ერთად. გერმანია და საქართველო ერთობლივად მოქმედებენ ავღანეთში. საქართველო იღებს მონაწილეობას ნატოს გარკვეულ მისიებში და ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით ნელ-ნელა ყველაფერი ახლოვდება. ეს არის ჩემი ხედვა და პასუხი ამ კონკრეტულ კითხვაზე“, - განაცხადა მან.
რაც შეეხება საქართველოს მთავარ გამოწვევებს, გერმანიის კანცლერის აზრით, ესაა უსაფრთხოება და კეთილდღეობის შექმნა. „თქვენთვის გამოწვევა არის ის ფაქტი, რომ არსებობს ოკუპირებული ტერიტორიები და ეს ყველაფერი ძალიან დიდ ძალისხმევას ითხოვს. ასევე უდიდესი მნიშვნელობა აქვს კეთილდღეობის შექმნას - შეიძლება თბილისში ადამიანები უკეთ ცხოვრობენ, მაგრამ რეგიონებშიც უნდა მიდიოდეს განვითარების პროცესები. გუშინ პრემიერმინისტრთან საკმაოდ დიდხანს ვისაუბრე ინკლუზიურ ზრდაზე. ძალიან მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა - ახალგაზრდა ადამიანს უნდა ჰქონდეს საწარმოს ჩამოყალიბების, საკუთარი სექტორის შექმნისა და იაფი კრედიტის მიღების შესაძლებლობა, რათა ორიენტაცია იქნას აღებული განვითარებაზე. მცირე და საშუალო კომპანიების რაოდენობა უნდა გაიზარდოს. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან საქართველოსთვის არის უდიდესი გამოწვევა, შესაძლებლობა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ევროპულ ბაზარზე. ვისაც უნდა, რომ დამოუკიდებელი და თვითმყოფადი იყოს, მან უნდა ეს შესაძლებლობები სამართლებრივად და ეკონომიკურად გამოიყენოს“, - აღნიშნა ანგელა მერკელმა.
თსუ-ის სტუდენტებთან შეხვედრაზე გერმანიის კანცლერმა მკაფიო განცხადება გააკეთა რუსულ ბუნებრივ აირზე, გერმანიის და, საერთოდ, ევროპის დამოკიდებულებაზე, „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის პერსპექტივაზე. „პუტინს აქვს ინტერესი, რომ გაყიდოს ბუნებრივი აირი ევროპაში. მაშინ მან კეთილი ინებოს და პოლიტიკის მინიმალური სტანდარტები დააკმაყოფილოს. ჩვენ არ შევასრულებთ მის ყველა სურვილს, მხოლოდ იმას გავაკეთებთ, რაც საერთო ევროპულ ინტერესშია“, - აღნიშნა ანგელა მერკელმა.
სტუდენტების შეხვედრა გერმანიის კანცლერთან შეაფასა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ: „კარგია ასეთი შეხვედრები აკადემიურ სივრცეში რომ იმართება, რადგან აქ გაცილებით უფრო თავისუფლად გრძნობენ თავს პოლიტიკოსები. თუმცა, დაისვა ძალიან მწვავე შეკითხვები და გაკეთდა ძალიან მკაფიო გზავნილები, რომელიც კარგა ხანია არ მოგვისმენია თავისუფალი სამყაროს ლიდერებისგან. მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კედლებში, რომელიც დაფუძნებულია ლიბერალურ ტრადიციებზე და დღესაც აგრძელებს ამ ტრადიციას. სტუდენტების კითხვებსა და კანცლერის პასუხებში ნათლად ჩანდა, რომ ევროგაერთიანება არის ჩვენი მომავალი. ქალბატონმა კანცლერმა შეხვედრის შემდგომ აღნიშნა - იგრძნობა, რომ საქართველოში არის ევროპეიზმის ძალიან მაღალი მუხტი და ეს დასაფასებელია“, - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ. 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრის ბოლოს, საქართველოსა და გერმანიის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, თსუ-ის რექტორმა გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს უნივერსიტეტის საიუბილეო მედალი გადასცა.