დევნილობაში მოძებნილი ერთი სტუდენტის წარმატების ფორმულა

08 ოქტ 2018

18 წლის ნიკო გვალიამ „სამყაროს შესაცნობად“ ფიზიკა აირჩია, თუმცა, ოქროსმედალოსან მოსწავლეს დიდი არჩევანი ჰქონდა... ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლაში სწავლისას იგი ყველა საგანს კარგად ფლობდა და საზოგადოებრივ საქმიანობაშიც არ გასჭირვებია თავის გამოჩენა. 
მიზნების განხორციელების მთავარი ეტაპი, მისი აზრით, სწორედ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იწყება... ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერების ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების პირველკურსელს სჯერა, რომ სწორედ აქ შეუძლია კარგი განათლება მიიღოს.
„რატომ ფიზიკა? - ალბათ იმიტომ, რომ სწორედ ამ მეცნიერებას შეუძლია ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას გასცეს პასუხი, რომელიც კაცობრიობას დღემდე აწუხებს. მე სკოლის ასაკიდან ვადევნებ თვალს ქართველი ფიზიკოსების საქმიანობას ცერნში, განსაკუთრებით გია დვალის სამეცნიერო მოღვაწეობას... სოციალურ ქსელში უამრავი მეგობარი შევიძინე, რომლებიც, ასევე, ფიზიკით არიან დაინტერესებულები და მათთან ურთიერთობამ შემართება და მოტივაცია გამიძლიერა. ჩემი გეგმები თეორიულ ფიზიკას და მომავალში სამეცნიერო საქმიანობას უკავშირდება, ამისთვის ძალას და ენერგიას არ დავიშურებ“, - ამბობს ნიკო.
სკოლაში შესაშური აქტივობით გამოირჩეოდა: სკოლის თვითმმართველობის პრეზიდენტი, სასკოლო ტურებში მონაწილეობის გარდა, ჩართული იყო სხვადასხვა პროექტებში, რომელიც რეგიონის მასშტაბით ხორციელდებოდა. იყო ზუგდიდის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკვირაო სკოლის აქტიური წევრი და დებატებშიც იღებდა მონაწილეობას. ის დანაშაულის პრევენციის ცენტრის პროგრამის - „ლიდერთა სახლის“ პროექტშიც იყო ჩართული, სადაც ტრენინგები გაიარა და შემდეგ თავადაც ატარებდა. აქტიურად თანამშრომლობდა ბავშვთა დაცვის ორგანიზაცია „დეა“-სთან. იმიტირებულ არჩევნებშიც იღებდა მონაწილეობას და თავადაც ატარებდა იმიტირებულ სასამართლო პროცესებს. 
„ამ ორგანიზაციებთან მუშაობამ დიდი გამოცდილება შემმატა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ცხოვრებაში გამომადგება, ამ კუთხით სტუდენტობის პერიოდშიც გავაგრძელებ აქტიურობას, თუმცა, ჩემი სამომავლო გეგმები ფიზიკის საფუძვლიან შესწავლასა და სამეცნიერო საქმიანობას უკავშირდება. 
ფიზიკა საინტერესო საგანია იმ კუთხითაც, რომ ჩვენს დროში არ არსებობს სახელმწიფოს წინსვლა მეცნიერების განვითარების გარეშე. ზუსტი და საბუნებესმეტყველო მეცნიერებების განვითარება ქვეყნისთვისაც პრიორიტეტი უნდა იყოს. ამ კუთხით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ჩემი ინფორმაციით, დიდი რესურსი აქვს. ამიტომ, სურვილი მაქვს, რომ ამ შესაძლებლობით მაქსიმალურად ვისარგებლო“, - ასე ფიქრობს ნიკო თავის მომავალ პროფესიაზე და სამომავლო გეგმებზე.
ნიკო გვალიას ბიოგრაფია საინტერესოა იმითაც, რომ იგი აფხაზეთიდან დევნილი ოჯახიდან არის. მრავალშვილიან ოჯახში 7 და-ძმა იზრდება, მათ შორის ნიკო ყველაზე უფროსია. აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს ჯერ საკუთარი კერა არა აქვს, მაგრამ სირთულეების დაძლევაში ერთმანეთს ეხმარებიან. სწორედ მშობლების დამსახურებად თვლის ნიკო იმას, რომ „შორიდან“ ასე უყვარს აფხაზეთი და ოცნებობს იქ დაბრუნებაზე. სოფელ მუხურში გატარებულ ბედნიერ დღეებზეც მშობლების მონაყოლიდან იცის. 
„მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, ჩემი მშობლები ყველაფერს აკეთებენ, რომ შვილებმა კარგი განათლება მიიღონ. დიდი მადლიერებით მინდა გავიხსენო ჩემი პედაგოგები, როლებიც თავიანთი დამოკიდებულებით და საქმით ბევრს აკეთებენ მოსწავლეებისთვის. გარდა ამისა, ვამაყობ იმითაც, რომ მყავს საუკეთესო მეგობრები, რომლებიც მუდამ ჩემს გვერდით არიან. ჩვენ ხშირად ვიკრიბებით ერთად, ვსაუბრობთ საინტერესო თემებზე და აზრებს ვუზიარებთ ერთმანეთს“. 
თავისუფალი დრო ნიკოს ნაკლებად აქვს და, ძირითადად, სამეცნიერო ფილმების ყურებით „ერთობა“. უსმენს „ძველმოდურ“ მუსიკას - მისი საყვარელი ანსამბლი The Beatles-ია... კითხვაც უყვარს, განსაკუთრებით ქართული ლიტერატურა... მისი საყვარელი მწერალი კონსტანტინე გამსახურდიაა, საყვარელი წიგნი - „დიდოსტატის მარჯვენა“. 
აქტიური სტუდენტური ცხოვრებისთვის ნიკო სრულ მზადყოფნაშია. იცის, რომ ცოდნის გასაღრმავებლად მაქსიმალურად გამოიყენებს ამ წლებს. სურვილი აქვს, ჩაერთოს ყველა იმ აქტივობაში, რასაც ფაკულტეტი და ახალი ლექტორები შესთავაზებენ. ნიკო ამბობს, რომ მონაწილეობას მიიღებს სამეცნიერო კონფერენციებში, სხვადასხვა ღონისძიებებში და პროექტებში. ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ, თუ საშუალება ექნება, საზღვარგარეთ გეგმავს სწავლის გაგრძელებას. არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია, მაგრამ ყველაზე მეტად დიდ ბრიტანეთში სწავლაზე ოცნებობს. 
ნიკო უკვე საკმაოდ კარგად ფლობს უცხო ენებსაც - გერმანულსა და ინგლისურს. მისი აზრით, ეს მნიშვნელოვანია მეცნიერისთვის.
როგორც ვთქვით, ნიკო სკოლაში ყველა საგანს კარგად სწავლობდა. რაც უნდა გასაკვირი იყოს, მომავალ ფიზიკოსს ყველაზე მეტად მაინც ისტორია უყვარდა. „განსაკუთრებით მაინტერესებს საქართველოს ისტორია, რადგან, ჩემი აზრით, უკეთესი მომავლის შესაქმნელად ჯერ შენი ქვეყნის ისტორიას უნდა იცნობდე კარგად. სწორედ წარსულის გამოცდილება ეხმარება ადამიანებს - გააუმჯობესონ არსებული რეალობა“. 
შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ სწორედ მეცნიერების დაუფლებითა და ისტორიის ცოდნის მიღებით შეეცდება ნიკო მომავალში ღირსეულად ემსახუროს თავის ქვეყანას.