უნდა შეხედო საკუთარ თავს, როგორც მოყვასს

09 ოქტ 2018
თამარ ჯობავას პორტრეტი ინტერიერში
 
„თუ A წარმატებაა, მაშინ A = X + Y + Z; სადაც X არის შრომა, Y - თამაში, Z კი ენაზე კბილის დაჭერა“, - არავინ იცის, მართლა თქვა თუ არა ეს ფრაზა აინშტაინმა, მაგრამ თუ დიდი მეცნიერების საქმიანობასა და ქცევას დავაკვირდებით, სიმართლისგან ძალიან შორსაც არ უნდა იყოს - შრომა, მდუმარე და ფიქრიანი ყოფა და თამაში სამყაროს კანონზომიერებათა სიღრმეებში წვდომისთვის - ესაა იმ ადამიანების ცხოვრების არსი, რომელიც გარშემომყოფთათვის ხშირად შეუცნობელია. ისინი ჩვენს გვერდით დადიან, უჩინრად აკეთებენ დიდ საქმეებს და მერე, როცა ამ საქმეებზე ვეკითხებით - უხერხულობენ - ჩვენ მაღალნი იმიტომ ვჩანვართ, რომ წინამორბედთა მხრებზე ვდგავართო...
სწორედ ასეთი თავმდაბალი, დიდ სამეცნიერო საქმეებს შეჭიდებული და საკუთარ მიღწევებზე ძვირად მოლაპარაკე ადამიანი დადის დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, რომ ის მაღალი რეიტინგი, რომელიც უნივერსიტეტს საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე აქვს, სხვა კოლეგებთან ერთად, მისი დამსახურებაცაა, ოღონდ ამაზე თავად არასოდეს ლაპარაკობს და მხოლოდ მაშინ ხდება ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციებზე უცხოელი მეცნიერები სიამაყით აღნიშნავენ ხოლმე, რომ ისინი მეგობრობენ თამარ ჯობავასთან - ქართველ ფიზიკოსთან, რომელიც წლებია ჩართულია არაერთ საერთაშორისო პროექტში, მათ შორის ბირთვული გამოკვლევების ევროპული ორგანიზაციის ექსპერიმენტებში.
 
ფონენდოსკოპი, რომელიც პატრონის გარეშე დარჩა
 
„დავამთავრე თბილისის #55 საშუალო სკოლა. ეს სკოლა გამორჩეული გახლდათ თავისი აკადემიური მიღწევებით და ერთ-ერთი პირველი იყო, სადაც ინგლისური ენა გაძლიერებით, მეორე კლასიდან, ისწავლებოდა. ცოტა რომ წამოვიზარდე, გადავწყვიტე, სწავლა კომაროვის სახელობის სკოლაში გამეგრძელებინა, მაგრამ მერვე კლასის შემდეგ ჩვენს სკოლაშიც შეიქმნა მათემატიკური ჯგუფები, რომელშიც კომაროვის ადეკვატური სასწავლო პროგრამით გვასწავლიდნენ და პედაგოგებიც კომაროვის სკოლიდან გვყავდა. ამდენად, გადასვლა აღარ მიფიქრია - დავრჩი. საკმაოდ კარგი კლასი გვქონდა მაგალითად, ჩემი კლასელი იყო კახა ბენდუქიძე,“ - იხსენებს ქალბატონი თამარი.
სკოლა მედალზე დაამთავრა და რადგან იმ პერიოდში მედალოსნებისთვის ყველაზე პოპულარული ფაკულტეტი და ინსტიტუტი სამედიცინო იყო, ოჯახსაც აქეთ მიუწევდა გული - უნდოდათ შვილი ექიმი გამხდარიყო, მაგრამ იქ ჩაბარება არც უფიქრია, ექიმის პროფესია ძალიან რთულია და დიდი პასუხისმგებლობაა, „ემოციური ადამიანი ვარ და ვიცოდი, რომ მედიცინა ჩემი არ იყოო“, - ასე „ამართლებს“ ახლა საკუთარ გადაწყვეტილებას, რეალურად კი ფიზიკა იყო მისი ინტერესის სფერო, რისთვისაც ბევრი საყვედურიც მოისმინა - „რა მედალს აფუჭებო“...
როდის გაჩნდა ფიზიკა თამარ ჯობავას ინტერესის არეალში, არ ახსოვს - იცის მხოლოდ, რომ ფიზიკოსი ბიძის მიერ შექმნილი გარემოცვის გამო, მისი აზრი და მიზანი სხვა მიმართულებით არც წასულა: „ცნობილი ფიზიკოსები ჩემთვის ნაცნობები და ახლობლები იყვნენ. მაგალითად, გივი ხუციშვილი, რომელიც ძალიან ცნობილი მეცნიერია, ჩემთვის გივი ბიძია და ბიძაჩემის მეგობარი იყო. ვიცნობდი ასევე საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ფიზიკოსებსაც. ბიძაჩემი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა, შემდეგ სასწავლებლად გადავიდა მოსკოვის საინჟინრო ფიზიკის ინსტიტუტში, რომელიც დიდი წარმატებით დაამთავრა. მისი კურსელები იყვნენ ნობელის პრემიის ლაურეატები (მაგ. ლაზერების შემქმნელი ნიკოლოზ ბასოვი). ბედნიერი ვარ, რომ საკმარისად საინტერესო ადამიანებთან მომიწია ურთიერთობა და უფალს მადლობას ვწირავ ამისთვის“, - ამბობს ქალბატონი თამარი, რომელმაც სკოლის დასრულების შემდეგ სანუკვარ ფიზიკის ფაკულტეტს მიაშურა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ამით ახლაც ბედნიერია.

332-ე ჯგუფში დაწყებული მეგობრობა
 
„უნივერსიტეტში მოსვლის პირველივე დღიდან, პირველივე წუთიდან შესანიშნავი გარემო დამხვდა. მაშინ ფიზიკის ფაკულტეტი ძალიან დიდი იყო: კურსზე, დაახლოებით, 200 კაცამდე ვიყავით, შემდეგ დაგვყვეს და ისეთ ჯგუფში აღმოვჩნდი, რომ ძალიან კარგი მეგობრები შევიძინე. იმ პერიოდში მათემატიკური ანალიზის კურსს პროფესორი ელიზბარ წითლანაძე კითხულობდა, რომელიც ძალიან ცნობილი პედაგოგი იყო. მან განათლება საფრანგეთში მიიღო და საოცარი ლექციები ჰქონდა - რომ დაიწყებდა ფიზიკის აუდიტორიის დიდ დაფებზე მარცხენა კუთხიდან წერას, ისე გაავსებდა, დახატული გეგონებოდა. სემინარებს ატარებდა დოცენტი არჩილ სულაქველიძე, რომელიც ძალიან გვიყვარდა - ისეთი შესანიშნავი პიროვნება იყო, რომ ყველას გვინდოდა მის ჯგუფში მოხვედრა. ჩვენი ჯგუფი 322-ე იყო. შემთხვევით მოხდა თუ გამიზნულად, არ ვიცი, მაგრამ საკმაოდ კარგი სტუდენტები მოხვდნენ ერთ ჯგუფში, ვმეგობრობდით ერთმანეთთანაც და ბატონ არჩილთანაც. ამ ჯგუფში ძალიან კარგად მიდიოდა საქმე. ერთად ვმეცადინობდით, ერთად დავდიოდით ექსკურსიებზე, ერთხელ საგაზეთო პუბლიკაციაც კი დაიწერა ჩვენი ჯგუფის შესახებ. ჩემი ჯგუფელები იყვნენ: თეიმურაზ ნადარეიშვილი, რომელიც ჩემი უახლოესი მეგობარი იყო პირველივე კურსიდან; ზურა მენთეშაშვილი, რომელთანაც რაღაც პერიოდი ერთ ინსტიტუტში ვმუშაობდით, ლევან ფალავანდიშვილი, გიორგი ლოლაძე, ქეთევან და თამარ კიკნაძეები, ნათელა ჩაჩავა, ნინო ოქროპირიძე, მაია გრიგოლავა. ჩვენი მეგობრობა ახლაც გრძელდება“, - ამბობს ქალბატონი თამარი და იხსენებს, რომ მის სახლში ხშირად იკრიბებოდნენ ჯგუფელები და სტუდენტური წლების სიხარულს ერთად იზიარებდნენ.

დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტიდან CERN-ამდე
 
მომავალ სპეციალობად მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკა აირჩია და უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ამავე განხრის კათედრაზე დაიწყო მუშაობა, რაც საბოლოოდ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის საბაზისო კათედრა აღმოჩნდა. 1979 წლიდან ეს ინსტიტუტი ოფიციალურად გაიხსნა და თამარ ჯობავაც მისი თანამშრომელი გახდა. აქედან იწყება მისი, როგორც მეცნიერის გზა, რომელმაც არაერთხელ მოუტანა აღიარება. „მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაცია მქონდა ასპირანტურაში ჩაბარებისა, ისე მოხდა, რომ პირდაპირ ჩავები კვლევით საქმიანობაში. ჩემი სამუშაო თემატიკა და პროფილი მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტთან იყო დაკავშირებული. მაშინ ჩვენთვის საბაზისო ორგანიზაცია იყო მოსკოვის ოლქში მდებარე ქალაქ დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტი, რომელიც ახლაც არსებობს. ეს იყო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაერთიანება, რომელიც შეიქმნა 1956 წელს. მე ამ ინსტიტუტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ლაბორატორიის ერთ-ერთ ექსპერიმენტში ჩავერთე. ჩემი ხელმძღვანელი გახლდათ ცნობილი მეცნიერი ლიდა ჩხაიძე. ამ ექსპერიმენტში ხდებოდა რელატივისტურ ენერგიებამდე აჩქარებული ბირთვების შეჯახების შედეგად წარმოქმნილი ურთიერთქმედებების შესწავლა. ეს საკმაოდ კარგი კოლაბორაცია იყო, რომელშიც შედიოდა რამდენიმე ინსტიტუტი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან: პოლონეთიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ინსტიტუტიდან. ექსპერიმენტში ძალიან კარგი ფიზიკოსები იყვნენ ჩართულნი და ეს ჩემთვის დიდი სკოლა იყო თავისი მიმართულებით, გამოკვლევების სირთულითა და საინტერესო შედეგებით“, - ასე აღწერს დიდ მეცნიერებაში გადადგმულ პირველ ნაბიჯებს ქალბატონი თამარი და მადლიერებით იხსენებს იმ წლებს, რადგან პროფესიონალებთან ურთიერთობამ ბევრი რამ მისცა, როგორც მეცნიერს.
სწორედ დუბნის ექსპერიმენტის შედეგებზე დაყრდნობით დაიცვა დისერტაციებიც - 1989 წელს საკანდიდატო, ხოლო 2004 წელს სადოქტორო. ამავე წლების გამოცდილებამ მოამზადა იგი შემდგომი სამეცნიერო წარმატებებისთვის, რომელიც უკვე ბირთვული გამოკვლევების ევროპული ორგანიზაციის მიმდინარე ATLAS-ექსპერიმენტმა მოუტანა.

ATLAS-ექსპერიმენტი და CERN-ის ქართველი „შემოქმედები”
 
1994 წელს დაიწყო ბირთვული გამოკვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN) ურთიერთობა. მაშინ თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტში (რომელიც დღეს უკვე თსუ-ის შემადგენლობაშია) ერთდროულად მოვიდა ინფორმაცია, რომ შეეძლოთ ჩართულიყვნენ ცერნის მშენებარე დიდი ადრონული ამაჩქარებლის მომავალ ATLAS-ექსპერიმენტში. „ეს ისეთი წლებია საქართველოში, როცა სამეცნიერო ექსპერიმენტი კი არა, შუქი, წყალი და პურიც კი დეფიციტი იყო და, წარმოიდგინეთ, ამ დროს, იბადება იდეა, რომ ითანამშრომლო მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სამეცნიერო ცენტრთან ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებით. არ ვიცი, მგონი მაშინ არც გვესმოდა, რას ვიწყებდით. ასეთ დროს ან ამ საქმეზე ფანატიკურად შეყვარებული უნდა იყო, ან, უბრალოდ, ვერ უნდა აზროვნებდე. ჩვენ ფანატიკოსები აღმოვჩნდით და ლეილა ჩიქოვანი, ლეილა გაბუნია, მაია მოსიძე და მე, პირველივე წლებიდან, როცა ჯერ მხოლოდ კოლაბორაციები იქმნებოდა და ATLAS-ექსპერიმენტის თანამშრომლობა ის-ის იყო ფეხს იდგამდა, მოვლენების ცენტრში აღმოვჩნდით“, - ამბობს ქალბატონი თამარი.
ადვილად კი გვიყვება, მაგრამ ასე იოლიც არ იყო ამ ექსპერიმენტებში თავის დამკვიდრება. პირველი სატესტო დავალება ჯგუფს 1995 წელს მისცეს. მათ სხვადასხვა გენერატორის საშუალებით უნდა გაეკეთებინათ მოდელირება იმ პროცესისა, სადაც იბადება ჰიგსის ნაწილაკი და უნდა შეეფასებინათ, შეიძლებოდა თუ არა ამ ნაწილაკის აღმოჩენა ამ დანადგარით. დანადგარის მახასიათებლები ჯერ დაზუსტებული არ იყო, მაგრამ, იმ დროისთვის არსებული ტექნიკური მონაცემების საფუძველზე, არსებობდა მოდელირების პროგრამები და უნდა ენახათ - დაიჭერდა თუ არა ეს დანადგარი ამ პროცესს.
ჯგუფმა წარმოუდგენელ პირობებში შეასრულა დავალება - არც კომპიუტერები, არც ელექტროენერგია, არც ის პროგრამები, რომლითაც უნდა ემუშავათ.... მიუხედავად ამისა, დიდი აზარტით, ინტერესით და საქმისადმი ფანატიკური სიყვარულით შეძლეს დავალების იმ დონეზე შესრულება, რომ პარალელურად (კარგ პირობებში) მომუშავე ჯგუფებთან შედარებით უკეთესი შედეგები მიიღეს. „გავაკეთეთ ეს სატესტო დავალება და გავაგზავნეთ შედეგები. ჩვენი ნამუშევარი ისე მოეწონათ, რომ დაინტერესდნენ და მოინდომეს გაცნობა. აქ აღმოვჩნდით მეტად სასაცილო მდგომარეობაში: 1995 წლის ივლისში ქ. დუბნაში ბირთვული გამოკვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში გაიმართა საერთაშორისო ვორქშოპი, რომელიც დიდ ადრონულ ამაჩქარებელზე განსაზღვრული ექსპერიმენტების განხილვას მიეძღვნა. მათ შორის იყო ATLAS-ექსპერიმენტის საკითხებიც. ამ ვორქშოპის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა ATLAS-ექსპერიმენტის ფიზიკური პროგრამის კოორდინატორი პროფ. დანიელ ფროდევუ (Daniel Froidevaux). სწორედ ამ ვორქშოპზე მიგვიწვიეს, რადგან ექსპერიმენტის ხელმძღვანელებს სურდათ ჩვენი გაცნობა. წასვლა ძნელი იყო, მაგრამ რაღაცნაირად გამოვნახეთ სახსრები და ჩვენი ხარჯით წავედით კონფერენციაზე, დავესწარით სხდომებს, შევხვდით პროფ. დანიელ ფროდევუს და პროფ. პიტერ იენს, რომელიც მაშინ ATLAS-ექსპერიმენტის ხელმძღვანელი იყო და წამოვედით... საღამოს ბანკეტზე თურმე გვეძებდნენ... ჩვენ კი ბანკეტის კი არა, სასტუმროს ფულიც არ გვქონდა და ღამეს მეგობრების ბინაში ვათევდით, მაგრამ ამას ხომ ვერ ვიტყოდით... ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა“, - იხსენებს ქალბატონი თამარი.
შემდეგ იყო სხვა, უფრო რთული დავალებები. შედეგად - ქართული ჯგუფის წევრები 1995 წლის სექტემბრიდან ATLAS-ის ნამდვილი წევრები გახდნენ. დღეს მათი სამეცნიერო სტატიები იბეჭდება მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში და საქართველოში (და, შეიძლება ითქვას, კავკასიაშიც) ყველაზე მაღალ ციტირების ინდექსს ფლობენ. თავად მეცნიერი ამას საკუთარ დამსახურებად არ მიიჩნევს. ამბობს, რომ ეს მხოლოდ იმ ექსპერიმენტების და მათში ჩართული მეცნიერების დამსახურებაა. „ჩემთვის საამაყო და სასიხარულოა ეს მონაცემები, მაგრამ ასეთი ინდექსის მატარებელი მარტო მე არ ვარ - ვინც იმ წლებიდან ATLAS-ექსპერიმენტშია ჩართული, ყველა ასეა: ირაკლი მინაშვილი, ჯემალ ხუბუა, მაია მოსიძე, ვახტანგ ქართველიშვილი, გივი სეხნიაიძე, ედიშერ ცხადაძე, და კიდევ სხვები, ძალიან მაღალ ციტირების ინდექსს ფლობენ. თუმცა, მეც მაქვს ერთი ნაშრომი, რომლითაც ნამდვილად ვამაყობ. ის შრომა (ლეილა ჩიქოვანთან და უცხოელ მეცნიერთა ჯგუფთან ერთად) შეეხებოდა ტოპ კვარკის იშვიათი დაშლების შესწავლას. ნაშრომი მაღალრეიტინგულ ჟურნალში დაიბეჭდა (European Physical Journal)“, - გვიყვება ქალბატონი თამარი.
ამ ერთგვარ „არაპოპულარობის ხიბლს“ თამარ ჯობავას სამეცნიერო ბიოგრაფია არ შეეფერება. ის აქტიური მონაწილეა ATLAS-ექსპერიმენტისა, ფლობს რამდენიმე სამეცნიერო გრანტს, მათ შორის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან, საერთაშორისო სამეცნიერო ტექნოლოგიური ცენტრიდან, საერთაშორისო სამეცნიერო ფონდიდან და სხვა. მინიჭებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პ. მელიქიშვილის სახელობის სამეცნიერო პრემია ნაშრომთა ციკლისთვის „მაღალ ენერგიებზე ბირთვ-ბირთვულ ურთიერთქმედებებში კოლექტიური გამოდინების ეფექტების ექსპერიმენტული შესწავლა“. დაჯილდოებულია თსუ-ის მედლით „ხანგრძლივი ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისა და ინსტიტუტის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი წვლილისთვის“. ავტორია 837 სამეცნიერო სტატიისა, არის 2 დოქტორანტის და 1 მაგისტრანტის ხელმძღვანელი, პარალელურად აქტიურად მონაწილეობს თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს და სადისერტაციო საბჭოს მუშაობაში... ერთი ადამიანისთვის წარმოუდგენელი საქმიანობაა, მაგრამ ამისთვის საქმისადმი ისეთი ფანატიკური დამოკიდებულებაა საჭირო, როგორიც ქალბატონ თამარს აქვს.

უნივერსიტეტი
 
უნივერსიტეტი თამარ ჯობავასთვის ის ადგილია, რომლის გარეშეც შეგნებული ცხოვრების არცერთი ეტაპი არ უცხოვრია. მასთან ერთად გამოიარა უამრავი ქარტეხილი და დღესაც მასთან ერთად მიაბიჯებს მეცნიერების დიდ გზაზე. როგორც ყველა დიდი პედაგოგი, ისიც ფიქრობს, რომ შესანიშნავი თაობა მოდის: „ნიჭიერი ახალგაზრდობა გვყავს, სხარტი, გონებაგახსნილი, თავისუფალი. ეს თაობა არ არის დათრგუნული იმ კომპლექსებით, რაც ჩვენ გვქონდა და ეს ძალიან დიდი მონაპოვარია. ჩვენი სტუდენტები არცერთი სხვა ქვეყნის სტუდენტზე ნაკლები არ არიან, უკეთესები თუ არა. ამას ამჩნევენ უცხოეთში და პირდაპირ „ნადირობენ” მათზე“, - სიამაყით აღნიშნავს იგი და დასძენს, რომ ეს ახალგაზრდები ნელ-ნელა საზღვარგარეთ გარბიან, რადგან უკეთეს პირობებში ურჩევნიათ სწავლა. ამიტომ პროფესურას მეტი მოთმინება და დაკვირვება მართებს. ხელშეწყობის პირობებში კი ისინი წავლენ, ისწავლიან და დაბრუნდებიან, რომ საკუთარ ქვეყანას გამოადგნენ.

გზა, რომელიც ფიზიკაზეც დიდია
 
თუ შეცვლიდა ცხოვრების არჩევანს? „დიახ, - ამბობს და უცნაური სინათლე უდგება თვალში - მონასტერში წავიდოდი“. მეცნიერისგან ამგვარ პასუხს ცოტა თუ ელოდება, ქალბატონი თამარისთვის კი ეს გაცნობიერებული პასუხია: „სახარებაზე და ბიბლიაზე ჭკვიანი წიგნი არ შექმნილა. ან კი როგორ შექმნის ადამიანი იმაზე მეტს, რაც ღვთისგან არის შექმნილი? ყველა დიდი მეცნიერი მორწმუნე იყო, აინშტაინიც, მათ შორის“, - ამბობს და გვიხსნის, რომ ამ კანონებს და მეცნიერულ ცოდნას უფალი იმ დროს გვიჩენს, როცა ამისთვის კაცობრიობა არის მზად.
თამარ ჯობავას ფიზიკის გარდა სხვა ინტერესებიც აქვს - უყვარს ხელოვნება და მუსიკა, აინტერესებს ღმრთისმეტყველების სხვადასხვა საკითხები. ასწრებს ყველაფერს - მათ შორის იმასაც, რომ იყოს საუკეთესო მეგობარი და გამორჩეულად გულისხმიერი პედაგოგი. მისი სიკეთე და ყურადღებიანობა ხაზგასმით გამოკვეთეს მისმა დოქტორანტებმა არჩილ დურგლიშვილმა და თამარ ზაქარეიშვილმა, მეგობრებმა კი ის ამოუწურავი ენერგიის მქონე ადამიანად დაახასიათეს.
თემურ ნადარეიშვილისთვის „თამრიკო“ ყველაზე პრინციპული, ყველაზე ერთგული, ყველაზე სანდო დასაყრდენი და ცოტა „მაჩხუბარაა“. თურმე სტუდენტობის დროს მის ბინაში შეკრებილი მეგობრები ქალბატონ თამარს ვინმეზე „ჭორს“ ვერ გააგონებდნენ და მხოლოდ მაშინ „ეშმაკობდნენ“, როცა იგი ოთახში არ იყო.
ქალბატონ მაია მოსიძისთვის კი თამარი კეთილშობილებით გამორჩეული კოლეგაა, რომლის გარეშეც, წლებია, არ უცხოვრია: „მას შეუძლია უამრავი ენერგია გასცეს, შეუძლია საკუთარი საქმე გადადოს და ყველასთვის იყოს შეუდარებელი მეგობარი, კოლეგა, ხელმძღვანელი, უბრალოდ ადამიანი, რომელსაც ყველა საქმეში დაეყრდნობი“.
როგორ გამოსდის ეს ყველაფერი ერთად? არავინ იცის - უბრალოდ, ასეთად უნდა დაიბადო და მერე, როგორც თავად ამბობს, „უნდა შეხედო საკუთარ თავს, როგორც მოყვასს“.