გურამ თევზაძის ცხოვრების საზრისის დასაბუთება

08 ოქტ 2018

"თსუ-ში სულ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები იყვნენ, ვინც საბჭოთა დროში ფილოსოფიას გვასწავლიდნენ იმ ღირსებითა და ღირებულებით, როგორც "სიბრძნის სიყვარულს“ შეეფერება. მათ შორის იყო ბატონი გურამ თევზაძე. რა სამწუხაროა, რომ ის გარდაიცვალა... ისეთი განცდა მაქვს, რომ ჭეშმარიტი სწავლულობისა და ინტელიგენტობის ბოლო წარმომადგენელმა გაიხურა კარი!
გმადლობთ, ბატონო გურამ, მთელი თქვენი სამაგალითო ბიოგრაფიისთვის!" - ასე ეხმაურებიან საქართველოში აღიარებული ფილოსოფოს-მეცნიერის გურამ თევზაძის გარდაცვალების ფაქტს მისი ყოფილი მოწაფეები...
თანამედროვე ქართული ფილოსოფიური სკოლის შექმნა და განვითარება  სწორედ მის სახელს უკავშირდება. როგორც მისი თანამედროვენი აღნიშნავენ, აღიარებულმა ფილოსოფოსმა  უდიდესი წვლილი შეიტანა ახალი თაობის მეცნიერების აღზრდაში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ემერიტუსი   გურამ თევზაძე 2005 წლამდე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ისტორიის კათედრის გამგედ მუშაობდა.
"ფილოსოფოსი არის ადამიანი, რომელიც ცხოვრების საზრისის დასაბუთებას ეძიებს...", - ამბობდა იგი ერთ-ერთ ინტერვიუში. სწორედ ამ ძიებაში გაატარა მან თავისი ცხოვრება და მდიდარი მემკვიდრეობა დატოვა სახელმძღვანელოების, მონოგრაფიებისა და თარგმანების სახით. პროფესორი გურამ თევზაძე ავტორია 218 ნაშრომის, მათ შორისაა: "ანტიკური ფილოსოფია", "შუა საუკუნეების ფილოსოფია", "აღორძინების ეპოქის ფილოსოფია", "ახალი ფილოსოფიის ისტორია", "XX საუკუნის ფილოსოფიის ისტორია", "იმანუელ კანტი", "გერმანული ნეოკანტიანელობის შემეცნების თეორია", "ნიკოლაი ჰარტმანის ონტოლოგიის კრიტიკა", "ვალენტინ ვაიგელი", "თეოფრასტე პარაცელსი" და სხვ.
გურამ თევზაძის სახელს უკავშირდება კანტის, ჰაიდეგერისა და ჰარტმანის ფილოსოფიური ნაშრომების ქართულად თარგმნა და ფუნდამენტური კვლევა; ქართველ ფილოსოფოსთა - პეტრე იბერი, იოანე პეტრიწი, სოლომონ დოდაშვილი და ა.შ. - კვლევა და გამოცემა. მან, ასევე, დიდი წვლილი შეიტანა ფილოსოფიის ისტორიის ისეთი კურსების მომზადებასა და გამოცემაში, როგორიცაა შუა საუკუნეებისა და მე-20 საუკუნის ფილოსოფია.
ასევე, გამოსცა რეპრესირებული ფილოსოფოსების - მოსე გოგიბერიძის ოთხტომეული და სავლე წერეთლის გამოუქვეყნებელი ნაშრომები.
მეცნიერი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის დამსახურებაზე ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი და ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ მახარაძე  საუბრობენ.
"ვიცოდი, რომ ბატონ გურამ თევზაძეს დიდი დღე აღარ ეწერა. თითქოს მზადაც ვიყავი მისი გარდაცვალების ამბის გასაგებად - და მაინც გული მეტკინა ისე, როგორც ახლობელი ადამიანის გარდაცვალებამ შეიძლება გატკინოს. თუკი ჯავახიშვილის უნივერსიტეტს ოდესმე ევროპული ყაიდისა და რანგის პროფესორი ჰყოლია, ერთი მათგანი, უთუოდ, იგი გახლდათ - და ეს მაშინ, როდესაც იმ ეპოქაში იდეოლოგიური საზღვრების გამო ფილოსოფოსობა ლამის ყველაზე იოლ საქმედ შეიძლება ჩათვლილიყო. არ ჩამოვთვლი - რა გააკეთა პირადად ჩემთვის, როდესაც ასპირანტურაში ჩემი ხელმძღვანელი და ჩემი სადოქტოროს კონსულტანტი იყო. მისი წყალობით გავიაზრე სრულიად ახალგაზრდამ - თუ რა დიდი და ძნელი საქმე იყო ფილოსოფია და რა მძიმე, თუმცა კი უხილავ პასუხისმგებლობას გაკისრებს ფილოსოფოსობა. დიდ სკოლას მაზიარა და მუდამ ისე მეგულებოდა, როგორც ახლობელი და მზრუნველი ადამიანი შეიძლება გეგულებოდეს. ვიცი, ასე იყვნენ მისი სხვა მოწაფეებიც. ერთი იმათთგანი იყო, ვისი გარდაცვალებაც დიდხანს გიტოვებს ტკივილიანი სიცარიელის განცდას. ისე მოხდა, რომ წესიერად ერთხელაც ვერ გამოვხატე მის მიმართ მადლიერება. ნათელში იყოს", - ასე იხსენებს მეცნიერს ზაზა ფირალიშვილი.
გურამ თევზაძის ყოფილი სტუდენტი მიხეილ მახარაძე მასწავლებელს თავის მოგონებაში   "მრისხანე" პროფესორს უწოდებს, რომელიც, მისი თქმით,  ქართველ ფილოსოფოსთა გამორჩეული თაობის უკანასკნელი წარმომადგენელი იყო.  

* * *
"გურამ თევზაძეზე, როგორც გამორჩეულ ფილოსოფოსზე და მის ნაშრომებზე  არაერთხელ დამიწერია. ახლაც დიდი პატივისცემით და მადლიერების გრძნობით გავიხსენებ დიდ მეცნიერს.
ბატონი გურამი საშუალოზე მაღალი ტანის,  გამხდარი, ბეჭებში ოდნავ მოხრილი კაცი იყო,  სათვალეებს ატარებდა და  მუდამ აჩქარებული  ნაბიჯით დადიოდა.  იგი სტუდენტებში ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ გამომცდელად იყო ცნობილი. ამბობდნენ, რომ სწორედ  ბატონ გურამთან გამოცდის ჩაბარება-ვერჩაბარებაზე იყო დამოკიდებული - დაამთავრებდი თუ არა უნივერსიტეტს. ასე ჩამოყალიბდა სტუდენტებში გურამ თევზაძის, როგორც "მრისხანე პროფესორის", სტერეოტიპი, თუმცა,  მისი მიზეზით  უნივერსიტეტიდან გარიცხული სტუდენტის შესახებ არაფერი მსმენია. ბოლოს, როგორც წესი, სამოწყალო სამიანს მაინც გაიმეტებდა ხოლმე. სინამდვილეში, ბატონი გურამის "მრისხანება" გამოიხატებოდა მომთხოვნელობაში, პრინციპულობაში და ბოლოს... შემწყნარებლობაში.
როგორც სტუდენტი, ცუდად არ ვსწავლობდი,  მაგრამ დიდ დროს გართობაში ვფლანგავდი. IV კურსის II სემესტრში  დაგვეწყო ურთულესი საჯილდაო სპეცკურსი კანტის "წმინდა გონების კრიტიკაში", რომელსაც გურამ თევზაძე კითხულობდა. ყველა ლექციას ვესწრებოდი, მაგრამ  სემინარებს ვაცდენდი, თუმცა ბოლოს მთელი ჩემი ძალა და ენერგია გურამ თევზაძის საგნის მომზადებას მოვახმარე, გამბედაობა მოვიკრიბე და  გამოცდაზე პირველი გავედი. რამდენიმე დამატებითი კითხვის შემდეგ  დამაკმაყოფილებელი დამიწერა,  მაგრამ არ დავეთანხმე.  რამდენიმე დღის შემდეგ  განმეორებით გამოცდაზე გავედი. ამჯერად პროფესორმა "ოთხიანზე" შეაფასა ჩემი შრომა - კვლავ გავაპროტესტე და მესამედაც გავედი გამოცდაზე. ბატონმა გურამმა "ხუთიანი" დამიწერა და დასძინა, რომ ამის გაკეთებას პირველივე გამოცდაზე აპირებდა, თუმცა, იმიტომ "დამსაჯა", რომ სემინარებს არ ვესწრებოდი. ამ ისტორიაში მთავარი ის არის, რომ ურთულესი ბარიერის წარმატებით გადალახვამ რწმენა შემმატა. რომ არა  ეს "ბეწვის ხიდი", შეიძლება ფილოსოფიას საერთოდ არ გავყოლოდი, ყოველ შემთხვევაში, ასე წარმატებული მაინც ვერ ვიქნებოდი... ბატონმა გურამმა, ასევე, დიდი როლი ითამაშა "საპროფესოროდ მოსამზადებლად" ჩემს დატოვებაში. შემდეგ იყო მისი ფილოსოფიური სემინარები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც  შემდგომში არაერთი ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი ჩამოყალიბდა.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის 1986 წლის 30 იანვრის დადგენილებით ფილოსოფიის ინსტიტუტს დაევალა ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორიის ოთხტომეულის მომზადება. ბატონი გურამი ამ გამოცემის ჯერ მთავარი რედაქტორის მოადგილე იყო, ხოლო შემდგომ მთავარი რედაქტორი. მან, აგრეთვე, მოამზადა სტატიები I და IV ტომებისთვის. მე, როგორც სარედაქციო კოლეგიის პასუხისმგებელ მდივანს, ძირითადად, ბატონ გურამთან მიხდებოდა ურთიერთობა. ოთხტომეული 2010 წელს დასრულდა და იგი  საქართველოს ეროვნული პრემიით აღინიშნა. ასევე ვთანამშრომლობდი გურამ თევზაძესთან ზურაბ კაკაბაძის ფილოსოფიური შრომების ერთტომეულის მოსამზადებლად და ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორიის ოთხტომეულის მე-2 გამოცემისას.
ბოლოს ბატონ გურამს გასული წლის 11 მაისს შევხვდი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში, სადაც წავიკითხე  მოხსენება თემაზე: "ახალი რელიგიური გამოწვევები".
რამდენიმე თვე ბატონი გურამი შეუძლოდ იყო და მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა. მისი მოღვაწეობის შესახებ მაშინაც დავწერე მოგონება, რომელიც გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში" გამოქვეყნდა. როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ წერილით ბატონმა გურამმა ძალიან გაიხარა", - წერს ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ მახარაძე.