„აღმოაჩინე გერმანია საქართველოში“
„აღმოაჩინე გერმანია საქართველოში“ – ამ სახელწოდებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“ მხარდაჭერითა და ხელშეწყობით ტიციან ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N43 საჯარო სკოლისა და ქალაქ ლუდვიგსბურგის გოტლიებ დაიმლერის სახელობის სკოლის მოსწავლეთა გაცვლითი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. როგორც პრეზენტაციის მონაწილეებმა აღნიშნეს, ქართველი და გერმანელი ხალხის ურთიერთობას შორეული ფესვები აქვს. საქართველოში გერმანელები ჯერ კიდევ 200 წლის წინ გამოჩნდნენ და მათ შესახებ მრავალი საინტერესო ცნობა მოიპოვება, ამიტომ ამ პროექტის მიზანი სწორედ ამ საინტერესო ისტორიის შესწავლა და საქართველოში იმ ადგილების მონახულებაა, რომელიც გერმანელებით იყო დასახლებული.
თსუ-ში გამართულ პრეზენტაციაზე ქართველმა და გერმანელმა სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს: „გერმანელი კოლონისტები საქართველოში“, „ვურტემბერგელი კოლონისტები კატარინენფელდში“, „პირველი ევროპელები საქართველოში“, „ქართული შრიფტი“, „ქართული სალები და საცხოვრებელი, ტრადიციები კუთხეების მიხედვით“, „მოსწავლეთა გაცვლითი პროექტის 14 დღე (შთაბეჭდილებები)“ და სხვა.
როგორც პროექტის ერთერთმა თანაავტორმა და ხელმძღვანელმა, თბილისის 43-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, განათლების საერთაშორისო ცენტრის ბენეფიციარმა სოფიო დედალამაზიშვილმა განაცხადა, წელს პროექტში ქართველი და გერმანელი VII, VIII და IX კლასის 34 მოსწავლე მონაწილეობს. „გერმანელი მოსწავლეები თბილისს 2 მაისს ეწვივნენ. ამ პერიოდში მათ ქართველ მოსწავლეებთან ერთად იმოგზაურეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და დაათვალიერეს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნაობები. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობების გარდა, ასევე, მნიშვნელოვანი იყო კომუნიკაცია ქართველ და გერმანელ თანატოლებს შორის, რომლებმაც შთაბეჭდილებები გაუზიარეს ერთმანეთს და, ყოველდღიური ჩანაწერების საშუალებით, პრეზენტაციები მოამზადეს საკუთარი თვალით დანახული ისტორიული წარსულის შესახებ. პროექტის მიზანი ასევე იყო: საქართველოსა და მისი დედაქალაქის – თბილისის გაცნობა და პოპულარიზაცია უცხოელი ახალგაზრდებისთვის, ქართველი და გერმანელი ხალხის 200 წლიანი მეგობრობის ამსახველი მასალის გაცნობა, გერმანელების საცხოვრებელი ადგილების მონახულება საქართველოში და, ამავე დროს, კულტურული მემკვიდრეობის წარმოდგენა უცხოელი სტუმრებისათვის“, – აღნიშნა სოფიო დედალამაზიშვილმა.
43-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ ნია არღვლიანმა თავისი შთაბეჭდილებები თანატოლებს გაუზიარა: „ასურეთი რომ ძველ მსოფლიო ისტორიაში ის ქვეყანა იყო, რომელმაც პირველად ჩვენი დიაოხი მოიხსენია, ეს ყველა იმ ადამიანმა იცის, ვისაც ისტორია უსწავლია, ამიტომ სახელწოდება – ასურეთის გაგებისას, პირველ რიგში, ძლევამოსილი ასურბანიფალი მახსენდებოდა. ასურეთი თეთრიწყაროს რაიონში მდებარეობს და აქ სწორედ მე-19 საუკუნეში, გენერალ ერმოლოვის ბრძანებით ჩამოსახლდნენ შვაბიიდან გერმანელები, კერძოდ, 1400 ოჯახი (სულ 7000-მდე ადამიანი). მათი უმეტესობა ხელოსნები, არქიტექტორები იყვნენ... მაშინ დღევანდელ ასურეთს – ელიზაბეთტალს, ელიზაბეტის ხეობას ეძახდნენ, ხოლო რაც შეეხება დღევანდელ სახელწოდებას – ასურეთს, ის ჯერ კიდევ კვლევის საგანია. თუმცა სხვა ვერსიაც არსებობს: ძველად თურმე აქ სურებს ამზადებდნენ და, შესაძლებელია, სახელწოდებაც აქედან მოდიოდეს... ეს ამბავი კი ჩვენმა პედაგოგმა ქეთი მიქიაშვილმა გვიამბო, რომელიც 10 მაისს, ერთ საოცრად წვიმიან დღეს, სოფლის ულამაზეს ქუჩასთან დაგვხვდა და ძალიან ბევრი საინტერესო ისტორია მოგვიყვა... მაგალითად, სახელწოდება ელიზაბეტთალი ალექსანდრე პირველის ცოლის, ელიზაბეტის სახელიდან მომდინარეობს, რომელიც წარმოშობით ასევე გერმანელი იყოო“.
„თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“ ხელმძღვანელმა მარინა ლომოურმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ,,ჩვენი აზრით, ასეთი პროექტების განხორციელებას მომავალი თაობების აღზრდაში დიდი მნიშვნელობა აქვს. „თსუ საბავშვო უნივერსიტეტი“ მზად არის – ხელი შეუწყოს ყველა იმ სასიკეთო ინიციატივას, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გამოიჩენენ. ეს, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მათი მომავლისთვის და სწორი ორიენტირებისთვის. პროექტის მონაწილეებისათვის გაიმართა კონცერტი ანსამბლ „გორდელას“ შესრულებით, ჩატარდა რამდენიმე სპორტული ღონისძიება, რისთვისაც მადლობა გვინდა გადავუხადოთ თსუ-ის კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას. „თსუ საბავშვო უნივერსიტეტი“ ასეთ სასიკეთო ინიციატივებს მომავალშიც მხარს დაუჭერს და წაახალისებს“, – აღნიშნა მარინა ლომოურმა.