რითი იზიდავდა საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისათვის მოწყობილი საუნივერსიტეტო კუთხე

12 ივნ 2018

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე ასწლოვანმა პირველმა ქართულმა უნივერსიტეტმა სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნა – პირველი გიმნაზიის მიმდინარე ტერიტორიაზე საგამოფენო სივრცე მოეწყო, სადაც თსუ-ის დაფუძნების, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიისა და 1918-1921 წლების განათლების სისტემის ამსახველი დოკუმენტები და ფოტომასალა იყო წარმოდგენილი; არქეოლოგიური გათხრების იმიტაცია განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ბავშვებისთვის, ასევე, მათთვის მუშაობდა საბავშვო ლაბორატორია – „სახალისო ქიმია“, დამთვალიერებლებს შეეძლოთ ენახათ ვირტუალური რეალობა, მინერალოგიის მუზეუმის უნიკალური კოლექცია, თსუ-ის არქეოლოგიურ ექსპედიციებში აღმოჩენილი არტეფაქტები.

   

„ვაჩვენებთ რამდენიმე სახალისო ექსპერიმენტს, მაგალითად, როგორ იღებენ სისხლს კინოინდუსტრიაში; ექსპერიმენტს – სახელად „ეგვიპტური ღამე“; სხვადასხვა საინტერესო ტუტეების, მჟავეების შერევის პროცესს... ფერების ცვლა ბავშვებს იმდენად მოსწონთ, რომ მარაგი თითქმის გამოგველია“, – გვითხრა სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტმა სოფიკო მაღლაკელიძემ. 
„მინერალოგიის კუთხით უნივერსიტეტს სულ 7 000 ნიმუში აქვს, აქ მათი ნაწილი წარმოვადგინეთ“, – აღნიშნა გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ბეჟან თუთბერიძემ. 
„პატარა დამთვალიერებლები უფრო ქვიშით ინტერესდებიან, ძალიან ერთობიან „იმიტირებული არქეოლოგიური გათხრების“ პროცესით, სილამაზის მხრივ კი ინტერესს მინერალოგიის მუზეუმის გამოფენა იწვევს“, – გვითხრა ასისტენტ-პროფესორმა მარიამ ახალკაციშვილმა.

„ყველა მსურველს ვირტუალურ სამყაროში ვამოგზაურებთ, ვანახებთ რა შესაძლებლობები აქვს ნანოტექნოლოგიებს“, – აღნიშნა თსუ-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ირინე ჭონქაძემ. 
თსუ-მ დამთვალიერებლებს შესაძლებლობა მისცა კლდეზე ცოცვის „აი-ია“-საც გასცნობოდნენ. ამისათვის სპეციალური ადგილი თსუ-ის საგამოფენო სივრცისგან შედარებით მოშორებით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო. ეს ღონისძიებაც სიმბოლური გახლდათ, რადგან ქართული ალპინიზმისა და საუნივერსიტეტო სპორტის ისტორია თსუ-ის კლუბ „შევარდენით“ იწყება.

26 მაისს გამოვლინდა ინტელექტუალური და აქტიური შემეცნებით-სათავგადასავლო თამაშში – City Game გამარჯვებული გუნდები. თამაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა. ორდღიანი ინტელექტუალური თავგადასავლის განმავლობაში თითოეულმა ჯგუფმა 26 შეკითხვაზე პასუხი მოიძია და 26 სახალისო დავალება შეასრულა. სათავგადასავლო თამაშის (City Game) გამარჯვებულები თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ დააჯილდოვა.

 

„წელს საინტერესო თამაში გვქონდა, 100-ზე მეტმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. პირველ ადგილზე გავიდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის გუნდი, მეორეზე კი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდი. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფულადი და სხვადასხვა სახალისო წამახალისებელი საჩუქრებით. 
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით თსუ-მ თარგმნა და გამოსცა 6 საინტერესო წიგნი, რომელიც პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიას ასახავს, ასევე წარმოვადგინეთ გამოფენა, სადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების პირველი ვერსია, პირველი პროფესურის შესახებ ინფორმაციაა წარმოდგენილი და ა.შ. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის პირველი წესდების მთავარ პრინციპებად აღიარებულია აკადემიური თავისუფლება და უნივერსიტეტის ავტონომია, რაც დღესაც ძალიან თანამედროვედ ჟღერს. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა კი იყო მრავალპარტიული დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც ეროვნულ ფასეულობებზე იდგა, ამიტომაც იყო მიუღებელი საბჭოთა ისტორიოგრაფებისთვის და გვეუბნებოდნენ, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა იყო მენშევიკური პროექტი“, – განაცხადა თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. 

„ამ ორი დღის განმავლობაში ბევრნაირი ემოცია განვიცადეთ – სიხარული, წარმატება, იმედგაცრუება... მაგრამ გამარჯვების ემოციამ ყველაფერი გადაფარა. თამაში თავგადასავლებით იყო სავსე და ბევრი რამ გავიგეთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ“, – აღნიშნა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტმა ნინი ფურცხვანიძემ. 
საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეზე ასწლოვანი უნივერსიტეტის საგამოფენო სივრცე ხელისუფლების წარმომადგენლებმაც დაათვალიერეს.

„სიმბოლურია, რომ საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკასა და პირველ ქართულ უნივერსიტეტს 100 წელი შეუსრულდა. 100 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ საქართველო დაბრუნებოდა თავის ევროპულ წიაღს. ბუნებრივია, ამ ყველაფერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თავისი უნიკალური როლი შეასრულა. სამწუხაროდ, საბჭოთა ოკუპაციამ არ მისცა საშუალება, რომ ეს მისია ბოლომდე შეესრულებინათ. ახლა ეს ვალდებულება ჩვენს თაობას აკისრია, უნდა გავზარდოთ ისეთი თაობები, რომლებიც თავისუფლების იდეას ბოლომდე მიიყვანენ“, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. 

„ორი 100 წელი – 100 წელი თსუ-ის დაფუძნებიდან და 100 წელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობიდან – მართლაც, მნიშვნელოვანი თარიღებია. განსაკუთრებით ამაყი ვარ იმით, რომ ჩვენი უნივერსიტეტი თანამედროვე საქართველოზე სამი თვით უფროსია. მინდა, მივულოცო ყველა უნივერსიტეტელსა და სრულიად საქართველოს. წარმატებული ქვეყნის წარმატებული მოქალაქეები ვყოფილიყავით“, – განაცხადა თსუ-ის პროფესორმა, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა. 
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი თსუ-ის საგამოფენო სივრცის დასათვალიერებლად საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ბავშვებთან ერთად მივიდა. 
„ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მშვიდობიანი, შერიგების თანმიმდევრული პოლიტიკით. სრულიად დარწმუნებული ვარ, მომავალში ბევრ 26 მაისს შევხვდებით, როგორც ერთიანი ქვეყანა, და სრულად შევიგრძნობთ თავისუფლებას. ეს ბავშვები სკოლის მოსწავლეები არიან და, უპირველესად, განათლება აინტერესებთ, ამიტომაც მოვედით თსუ-ის გამოფენაზე. მათ უნდა ნახონ - რა სიახლეებს სთავაზობს უნივერსიტეტი, რადგან ყველაზე სწორი ინვესტიცია – ხარისხიანი განათლებაა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. 
„განათლებისა და მეცნიერების განვითარების გარეშე დამოუკიდებელი და სრულყოფილი სახელმწიფოს შექმნა შეუძლებელია. მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ამ ვექტორით განვითარდება საქართველო მომავალი 100 წლის მანძილზე“, – ეს კი, 26 მაისს, შვედეთის ლუდნის უნივერსიტეტის პროფესორმა, ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების ხელმძღვანელმა ზაალ კოკაიამ განაცხადა და თსუ-ის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზეც ისაუბრა.

„ჩემი ადგილი თუ არის საქართველოში, ჩემი ადგილი ასევე არის უნივერსიტეტში, რადგან თსუ ჩემი ალმა მატერია, აქ ჩამოვყალიბდი როგორც პიროვნება, როგორც მეცნიერი. ყველაფერი, რასაც ვაკეთებ და გავაკეთებ, მინდა დავუკავშირო უნივერსიტეტს. ჩემი გამოცდილებისა და კომპეტენციის ფარგლებში ყოველთვის ვცდილობ, დავუბრუნო ის, რაც მისგან მივიღე“, – აღნიშნა ზაალ კოკაიამ. 

26 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოფენო სივრცე ამბროლაურშიც მოეწყო.