მიზნამდე შორი და რთული გზაა

26 ოქტ 2015

ნინი ჯოხაძე ჯერ თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის III კურსის სტუდენტია, მაგრამ მისი ცხოვრება უკვე საინტერესო ეტაპებად იყოფა. გერმანიის ქალაქ ბრულში გატარებული ერთი კვირა და იქ მიღებული შთაბეჭდილებები კი, მისთვის, როგორც მომავალი იურისტისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„იურისტობაზე სკოლიდანვე ვოცნებობდი, ყველა საგანს კარგად ვსწავლობდი, განსაკუთრებით მათემატიკას, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც იურისტობაზე შევაჩერე არჩევანი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით მოვხვდი. ვთვლი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, აქ სწავლა ძალიან მომწონს. სწორედ უნივერსიტეტმა მომცა საშუალება - მონაწილეობა მიმეღო ისეთ საინტერესო გაცვლით პროგრამაში, როგორიც იყო გერმანიის სამოქალაქო სამართლის საფუძვლების კურსი ქალაქ ბრულის პოლიციის აკადემიაში, იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება სამომავლოდ ძალიან დამეხმარება ჩემი პროფესიის უკეთესად დაუფლებაში“, - ამბობს ნინი.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის მიერ დაფინანსებულ პროექტში, რომელიც ითვალისწინებდა გერმანიის სამოქალაქო სამართლის კანონების გაცნობას ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნის იურისტებისთვის, პირველად მიიღო მონაწილეობა საქართველოს წარმომადგენელმა. სალექციო კურსს ერთი კვირის მანძილზე გერმანიის სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები კითხულობდნენ და თავიანთ გამოცდილებას უზიარებდნენ სტუდენტებსა და ახალგაზრდა იურისტებს.

„ჩემთვის საინტერესო იყო არა მარტო გერმანელი ლექტორების ლექციები, არამედ სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაც ამ სფეროში. ერთმანეთს ვაცნობდით და ვუზიარებდით მოსაზრებებს სამოქალაქო სამართალთან დაკავშირებით, ვმსჯელობდით მსგავსებებზე, განსხვავებებზე და პრობლემების გადაჭრის გზებზე. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო უკრაინის გამოცდილება, ასევე, ევროპის სამოქალაქო სამართლის კურსის მოსმენა, სადაც საუბარი მიმდინარეობდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ცვლილებები შეიძლება განიცადოს სამოქალაქო სამართალმა ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, თუ ისინი ევროკავშირის წევრები გახდებიან. დიდი პატივი იყო მომეთხრო პროექტის მონაწილეებისთვის საქართველოს შესახებ. ვთვლი, რომ ამ პროექტში მონაწილეობა, ჩემს მომავალ საქმიანობაზე დადებითად აისახება“, - ამბობს ნინი.

მომავალი იურისტი თვლის, რომ მის პროფესიაში მთავარი სამართლიანობის დაცვაა, ამისთვის კი იმის ცოდნაა საჭირო, როგორ დაიცვა ადამიანების უფლებები. ნინი თავს არ ზოგავს, რომ კარგი განათლება მიიღოს და პროფესიონალი გახდეს. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დამთავრებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეგმავს, რადგან სამოქალაქო სამართლის სფერო ყველა ქვეყანაში სპეციფიკური და განსხვავებულია, თუმცა საზღვარგარეთ სხვა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას კვლავაც აპირებს.

„იურიდიულ ფაკულტეტზე საუკეთესო ლექტორები გვასწავლიან, ძალიან საინტერესოა დიმიტრი გეგენავას სემინარები სამართალმცოდნეობის დარგში, ასევე ზურაბ ძლიერიშვილისა და ირაკლი დვალიძის ლექციები. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ მაქვს, რომელ მიმართულებას ავირჩევ, ამაზე ბევრს ვფიქრობ, ადვოკატობაც მომწონს, მოსამართლეობაც მინდა, თუმცა, მანმადე კარგი განათლების მიღებაა საჭირო“, - ამბობს ნინი.

ცხოვრებაში ბევრი გატაცება აქვს. Uუყვარს კითხვა, განსაკუთრებით დოსტოევსკის რომანებს კითხულობს გატაცებით. „დანაშაული და სასჯელი“ მისი საყვარელი ნაწარმოებია და თვლის, რომ ეს წიგნი ყველა იურისტს უნდა ჰქონდეს წაკითხული. თავისუფალ დროს ხატავს, ძირითადად, გრაფიკაში, უყვარს წაკითხული წიგნების დასურათება. Uუსმენს მუსიკას და მეგობრებთან ერთად ფილმებს უყურებს.

რეალისტია და ისიც იცის, რომ მიზნამდე შორი და რთული გზაა, თუმცა მზად არის ამ გზის გასავლელად...