„ივანე ჯავახიშვილი ქართული უნივერსიტეტისთვის“

22 მაი 2018

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ სულ ცოტა ხნის წინ გამოსცა წიგნი – „ივანე ჯავახიშვილი ქართული უნივერსიტეტისათვის”, რომელშიც თავმოყრილია უნივერსიტეტის დამაარსებლის მიერ მომზადებული სხვადასხვა დოკუმენტური მასალა. კრებულის შემდგენელია ისტორიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის ცენტრის ხელმძღვანელი, თსუ-ის მუზეუმის დირექტორის მოადგილე დავით სართანია, ხოლო რედაქტორი – პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე. 24 აპრილს ავტორებმა წიგნი საუნივერსიტეტო საზოგადოებას წარუდგინეს.


კრებულში თავმოყრილია ქართული უნივერსიტეტის დაარსებისთვის გაწეული სამუშაოების ამსახველი დოკუმენტაცია, მოხსენებები, წერილები, მიმართვები, რომელსაც ივანე ჯავახიშვილი აწერს ხელს. 70-მდე დოკუმენტში, რომელშიც არის ივანე ჯავახიშვილის მოხსენება „ქართული უნივერსიტეტის დაარსების აუცილებლობის შესახებ“, ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების წესდება, ქართული უნივერსიტეტის წესდება, უნივერსიტეტის ძირითადი დებულებანი, უნივერსიტეტის გახსნისა და სასწავლო პროცესის დარეგულირების დოკუმენტაცია, ივანე ჯავახიშვილის წერილები კიტა აბაშიძესთან, მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანთან, აკაკი ჩხენკელთან, გიორგი ახვლედიანთან, ასევე მისი მიმართვები, უნივერსიტეტის საზოგადოების სხდომის ოქმები და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ნათლად აღწერს იმ პერიპეტიებს, რომლის გადალახვამაც მოუწიათ ივანე ჯავახიშვილსა და მის თანამოაზრეებს. კრებული არის პირველი გამოცემა, სადაც ასე ერთად და თვალსაჩინოდაა მოცემული უნივერსიტეტის დაარსების ეტაპობრივი სვლები. 
„ჩვენ შევეცადეთ, წინამდებარე კრებულში ქართული უნივერსიტეტის დაარსების პერიპეტიების ამსახველი დოკუმენტებიდან მხოლოდ იმ მასალებისთვის მოგვეყარა თავი, რომლებიც ან თავად ივანე ჯავახიშვილმა შექმნა, ან მის მონაწილეობას ასახავს. ამიტომ გამოცემა ორი ნაწილისგან შედგება. პირველი დაკომპლექტებულია იმ მასალებით, რომლებიც ივანე ჯავახიშვილის მიერაა დაწერილი... მეორე ნაწილად კი დავამატეთ დანართი, რომელში მოცემული მასალაც ივანე ჯავახიშვილის მიერ არაა დაწერილი, მაგრამ კარგად აჩვენებს მისი გარჯის ცალკეულ დეტალებს. ასეთი მასალა ძირითადად საოქმო ჩანაწერები, ან საგაზეთო პუბლიკაციებია. ისინი, სხვა ინფორმაციასთან ერთად, შეიცავენ ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებებს, რომლებიც მან სხვადასხვა ვითარებაში წარმოთქვა და მესამე პირმა – კრების მდივანმა თუ გაზეთის კორესპონდენტმა ჩაიწერა“, – ნათქვამია კრებულის წინასიტყვაობაში.
აქვე ისიცაა მითითებული, რომ ვერ მოხერხდა ყველა დოკუმენტისთვის დედნის პირის დართვა, რაც თვალსაჩინოს გახდიდა მეცნიერის შემოქმედებით ლაბორატორიას. 
კრებულში შესულია 8 დანართი: მოხსენებათა ფრაგმენტები, დებულებები, უნივერსიტეტის დაარსების ღონისძიებები, წერილები, მიმართვები, „საანკეტო ფურცელი ქართველ სტუდენტობის ყოფა-ცხოვრების გამოსარკვევად“, „საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭო უნივერსიტეტის დაარსების შესახებ“, „უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები“, „მასალები გაზეთ „საქართველოდან“, „მასალები გაზეთ „სახალხო საქმედან“, „უნივერსიტეტის საზოგადოების ოქმები“, „მოხსენება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 20 წლისთავის აღსანიშნავ საიუბილეო-სამეცნიერო სესიის სხდომაზე 1938 წლის 25 მაისს“ და „ნაწყვეტი მოგონებიდან“. 
კრებულის გარეკანი ეკუთვნის ნინო ებრალიძეს. წიგნი გამოცემულია თსუ-ის საუნივერსიტეტო საგამომცემლო საბჭოს გადაწყვეტილებით.
პრეზენტაციაზე თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა თამარ დოლბაიამ აღნიშნა, რომ 2018 წელი უნივერსიტეტის საიუბილეო წელია და ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნად მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის ღონისძიებები იმართება. მან ღირებული მოვლენა უწოდა კრებულის გამოსვლას, რადგან მასში პირველადაა დოკუმენტურად დალაგებული და წარმოჩენილი უნივერსიტეტის გარშემო 100 წლის წინ მიმდინარე მოვლენები. „მინდა გამოვყო, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება და კონკრეტულად მისი ხელმძღვანელი, პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე, რომელიც იკვლევს ივანე ჯავახიშვილის მემკვიდრეობას პოლიტიკურ, ისტორიულ თუ სხვა კონტექსტში. გამოცემა ამ კრებულისა, რომელშიც თავმოყრილია მნიშვნელოვანი დოკუმენტები და შეკრებილია ის მასალა, რომელიც საფუძვლად დაედო უნივერსიტეტის შექმნას, სწორედ მისი რედაქტორობით მოხერხდა და, ვფიქრობ, მეტად მნიშვნელოვანი და საჭირო საქმე გაკეთდა. არ შემიძლია არ მოვიხმო ფრაგმენტი ივანე ჯავახიშვილის მოხსენებიდან, რომელშიც იგი წერს, რომ „ქართული უნივერსიტეტი, ერთსა და იმავე დროს, სამეცნიერო კვლევა-ძიების და ცდის დაწესებულებაც უნდა იყოს და უმაღლესი სამეცნიერო სასწავლებელიც, სადაც მეცნიერების შესწავლა, სამეცნიერო მუშაობის მეთოდებისა და პრაქტიკის შეთვისება შესაძლებელი იქნება“. სწორედ ეს არის ის პოსტულატი, რომელიც 100 წლის წინ ივანე ჯავახიშვილის მიერ იქნა გამოყოფილი, როგორც ძირითადი თეზა და რომელსაც დღესაც მიჰყვება ქართული საუნივერსიტეტო საზოგადოება“, – აღნიშნა თამარ დოლბაიამ.
კრებულის რედაქტორმა მალხაზ მაცაბერიძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო დოკუმენტების გამოცემაში. მან მოკლედ ისაუბრა იმ ისტორიულ პერიპეტიებზე, რომელიც წინ უძღოდა უნივერსიტეტის დაარსებას. „ივანე ჯავახიშვილის მემკვიდრეობიდან, რომელიც ამ წიგნში შევიდა, დიდი ნაწილი ცნობილი იყო, მაგრამ ერთად თავმოყრილი ეს დოკუმენტაცია არ გამოქვეყნებულა და მკითხველისთვის ძალზედ შთამბეჭდავია. ცხადია, ამ წიგნის წაკითხვა ყველას არ შეუძლია. თავად ადამიანი უნდა იყოს მზად, რომ გაიგოს, რაზე საუბრობს ივანე ჯავახიშვილი და რისი გაკეთება სურს მას. ბატონ ივანეს, ერთი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, სხვა არაფერი გაუკეთებია გარდა იმისა, რომ ქართულ საზოგადოებას უსაბუთებდა ქართული უნივერსიტეტის გახსნის აუცილებლობას. მანამდე ქართული საზოგადოება, ითხოვდა კავკასიური უნივერსიტეტის გახსნას თბილისში, რომელიც, ერთი მხრივ, გააადვილებდა ქართველი ახალგაზრდების მიერ უმაღლესი განათლების მიღებას, მეორე მხრივ კი, გააძლიერებდა რუსიფიკაციის პროცესს, რაც რუსული სახელმწიფოს ინტერესში შედიოდა. ივანე ჯავახიშვილმა შეძლო საზოგადოების დარწმუნება, რომ შესაძლებელი იყო განხორციელებულიყო პრინციპი – იკვლიე და ასწავლე ქართულად“, – აღნიშნა მან.
წიგნი საზოგადოებას წარუდგინა მისმა შემდგენელმა დავით სართანიამ, მან დაწვრილებით მიმოიხილა უნივერსიტეტის დაარსების წინა პერიოდის თითოეული დოკუმენტი, რომელიც კრებულში შევიდა და პროცესი, რომელსაც ივანე ჯავახიშვილმა წერილი, მიმართვა თუ მოხსენება მიუძღვნა. ისაუბრა უნივერსიტეტის პირველ სტრუქტურაზე, რომელიც ივანე ჯავახიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა ქართულ სინამდვილეს მოარგეს. „ჩვენ ვალდებულნი ვიყავით, ეს მასალები შეგვეკრიბა და ერთად მიგვეტანა მკითხველამდე. მაშინაც იყო საუბარი და დღესაც, პრივატულ საუბრებში, ხშირად ამბობენ, რომ ივანე ჯავახიშვილმა უნივერსიტეტი შექმნა გერმანული მოდელის საფუძველზე. თვითონ ივანე ჯავახიშვილი ამას კატეგორიულად უარყოფდა. კრებულში გამოტანილია ციტატა, სადაც ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილი თავად საუბრობს. რა თქმა უნდა, მან მიბაძა და რაღაც აიღო გერმანული სისტემიდან, რაღაც – ამერიკულიდან და რაღაც – რუსულიდან, მაგრამ, საბოლოო ჯამში, არანაირი მიბაძვით – მან შექმნა თავისი, ახალი ქართული უნივერსიტეტი. აქვე ივანე ჯავახიშვილი ამბობს, რომ ჩვენ ძალა არ შეგვწევდა ყველა ფაკულტეტის გახსნისა და ამიტომ უნდა შეგვექმნა ერთი, რომელიც დაყოფილი იქნებოდა გარკვეულ განყოფილებებად. ამ განყოფილებების ერთ გამაერთიანებელ ფაკულტეტს კი რაღაც სათაური უნდა ჰქონოდა. ევროპაში და, კონკრეტულად, გერმანიაში ამას ერქვა ფილოსოფიის ფაკულტეტი, მაგრამ სიტყვა ფილოსოფიას საქართველოში ის მნიშვნელობა არ ჰქონდა, რაც ევროპულ ენებში, ამიტომ, მას უნდა ეძებნა ახალი სიტყვა-შესატყვისი და ივანე ჯავახიშვილმა შექმნა ეს სიტყვა – „სიბრძნისმეტყველება“. მან დაიმოწმა შოთა რუსთაველის პოემა და ამ სიტყვის მეშვეობით შექმნა ფილოსოფიური ფაკულტეტის ადეკვატური ტერმინი“, – თქვა დავით სართანიამ. 
მან ასევე გამოკვეთა პროფესურის შერჩევის პრინციპები და პირველი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტები. აქვე აღნიშნა, რომ სულ რაღაც 8 წელიწადში ივანე ჯავახიშვილს 150 წელი შეუსრულდება, რისთვისაც უნივერსიტეტმა აქედანვე უნდა დაიწყოს სამზადისი: „ივანე ჯავახიშვილს მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ჩვენ უნდა შევკრიბოთ მასალები, რომლებიც სხვადასხვა არქივშია გაბნეული და იმ მკითხველამდე მივიტანოთ, ვისაც აინტერესებს – ეს არის ძალიან ბევრი ისტორიული დოკუმენტი და შრომატევადი საქმე. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, პირადად ივანე ჯავახიშვილის არქივში, 120 000-ზე მეტი ფურცელი ინახება. ამას რომ დავამატოთ ცალკე გამოყოფილი ფონდი, იქაც საკმაოდ ბევრი საბუთია შესასწავლი და გამოსამზეურებელი. ასევე, არის კორნელი კეკელიძის არქივი, აკაკი შანიძის არქივი და უამრავი სხვა არქივი, სადაც შეგვიძლია მოვძებნოთ ისეთი დოკუმენტი, წერილი ან მიმართვა, რომელიც ჯერ არ ვიცით. ამ საქმეს სჭირდება თაოსნობა და უნივერსიტეტის მხრიდან ხელშეწყობა. ვფიქრობ, უნდა შედგეს სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამას თავის თავზე აიღებს. ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წელს ქართული საზოგადოება და, პირველ რიგში, უნივერსიტეტი უნდა შეხვდეს სულ სხვა ვითარებაში – ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს ივანე ჯავახიშვილის მემკვიდრეობის სრული აკადემიური გამოცემა. აქამდე გამოცემულია მხოლოდ 12-ტომეული და ისიც – ხარვეზებით. არადა, თუ კარგად შევისწავლით, ივანე ჯავახიშვილის მემკვიდრეობა 30 ტომზე მეტი შეიძლება გამოვიდეს“, – განაცხადა დავით სართანიამ.
ივანე ჯავახიშვილის მემკვი-დრეობის ვრცლად გამოცემას მხარი დაუჭირეს დარბაზში მსხდომმა სტუმრებმაც. თსუ-ის ემიგრაციის მუზეუმის ხელმძღვანელმა რუსუდან კობახიძემ მზადყოფნა გამოთქვა დასახმარებლად და აღნიშნა, რომ სასურველი იქნება – ამ გამოცემაში ერთი ტომი ივანე ჯავახიშვილისა და ქართული ემიგრაციის ურთიერთობის საკითხებს მიეძღვნას. „მისასალმებელია, რომ 2026 წლისთვის ახალი ტომები მომზადდეს და ასე შევხვდეთ ამ დიდებული ადამიანის 150 წლისთავს. აქ მსხდომმა საზოგადოებამ მშვენივრად იცის, თუ რა დონეზე იყო პოპულარული ივანე ჯავახიშვილი პოლიტიკურ ემიგრაციაში. მას არაერთი სერიოზული ნაშრომი მიუძღვნეს ქართველმა ემიგრანტმა მოღვაწეებმა. მათ შორის, არსებობს მიხაკო წერეთლის არაჩვეულებრივი ნარკვევი ივანე ჯავახიშვილზე. ასევე ძალიან საინტერესო მოგონება აქვს გრიგოლ რობაქიძეს. საერთოდ, პერიოდულ გამოცემებში უნივერსიტეტთან და, კონკრეტულად, ივანე ჯავახიშვილთან დაკავშირებით უამრავი მასალა არსებობს. ხშირად ექსკურსიების დროს ახალგაზრდებს ვეუბნებით, რომ ემიგრანტებს საქართველოს მაჯისცემაზე ჰქონდათ დადებული ხელი, რადგან მათ მართლა დიდი როლი შეასრულეს ქართული უნივერსიტეტის დაარსებაში. როდესაც ემიგრაციაში საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 50 წელი აღინიშნა, ასეთი პოსტულატი წარმოადგინა ლევან ზურაბიშვილმა, რომელიც იმ დროს პარიზის ქართულ სათვისტომოს ხელმძღვანელობდა (ცნობილი ქართველი მოღვაწის ივანე ზურაბიშვილის ვაჟი, ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი): „1917 წლის 25 მარტს საქართველოში აღდგა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, ეს იყო სრული სუვერენიტეტი; 1918 წლის 28 იანვარს (ახლით 8 თებერვალს) გაიხსნა პირველი ქართული უნივერსიტეტი; ხოლო 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა პოლიტიკური თავისუფლება. ეს სამი უმნიშვნელოვანესი თარიღი იყო ფუძე, საძირკველი ქართული სახელმწიფოს ძლიერებისა და, რაც მთავარია, ეს იყო ქართველი ერის საუკუნეების ნატვრის ახდენა“. ვფიქრობ, იმ დიდ გამოცემას, რომელიც მომზადდება, აუცილებლად უნდა დაემატოს, ერთი ტომი თუ არა, რაღაც ნაწილი მაინც, რომელსაც ერქმევა „ქართული ემიგრაცია და ივანე ჯავახიშვილი“, – აღნიშნა რუსუდან კობახიძემ. 
ამავე საკითხზე ისაუბრა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ჩუხუამ, რომელმაც კრებული დროულ და საჭირო გამოცემად შეაფასა და აღნიშნა, რომ სავალალოა, როცა ქართული მეცნიერების და, შეიძლება ითქვას, ქართული სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლის, ივანე ჯავახიშვილის მემკვიდრეობა სრულყოფილი სახით აქამდე არ გამოცემულა. „ვფიქრობ, დღეიდანვე უნდა დაიწყოს ზრუნვა ყველა მიმართულებამ, რომელშიც წვლილი შეიტანა ივანე ჯავახიშვილმა, როგორც მოღვაწემ და მეცნიერმა – იქნებიან ესენი ისტორიკოსები, იურისტები, ეკონომისტები, ლინგვისტები თუ სხვა. მეცნიერები უნდა გაერთიანდნენ ერთ დიდ მუშა ჯგუფად, არა იმ ტიტულების მიხედვით, თუ ვის რა წოდება აქვს, არამედ იმის მიხედვით, ვის რისი გაკეთება შეუძლია. მეცნიერებაში ტიტული არაფერს ნიშნავს – საქმეს აკეთებენ პროფესიონალები და ის ადამიანები, რომლებისთვისაც ეს საქმე არ იქნება კიდევ ერთი, ზედმეტი დაკისრებული მოვალეობა. დღესვე დავიწყოთ მზადება 2026 წლისთვის“, – აღნიშნა მერაბ ჩუხუამ. 
კრებულის გამოსვლას მიესალმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი ნუნუ ოვსიანიკოვა, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა, მხარი დაუჭიროს ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისთვის მისი მემკვიდრეობის ვრცლად გამოცემის ინიციატივას.