თანამედროვე რუსთველოლოგიური კვლევებით კომენტირებული „ვეფხისტყაოსანი“

21 მაი 2018

„ამ პოემის ყველა მკითხველს და, მით უფრო, ყველა მკვლევარს თავისი „ვეფხისტყაოსანი“ აქვს, რაც დიდი მხატვრული ქმნილების სპეციფიკაა“, – ეს სიტყვები თსუ-ის პროფესორს ელგუჯა ხინთიბიძეს ეკუთვნის, რომლის ხელმძღვანელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკანასკნელ ათწლეულებში ქართველოლოგიური კვლევების მიმართულებით მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის, „თანამედროვე რუსთველოლოგიური კვლევებით კომენტირებული ვეფხისტყაოსანი“, რომელიც შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა 2015 წელს დააფინანსა. სამწლიანი კვლევის შედეგად მომზადებული მონოგრაფიის პრეზენტაცია 30 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, სადაც მონოგრაფიის ავტორმა და პროექტის ხელმძღვანელმა ელგუჯა ხინთიბიძემ, თსუ-ის პროფესორებმა დარეჯან თვალთვაძემ და ზაზა ხინთიბიძემ ახალი კვლევის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პრეზენტაცია ცნობილ ქართველ მეცნიერსა და ქართველოლოგს კორნელი კეკელიძის დაბადების დღეს მიეძღვნა.

პრეზენტაცია პროექტის ერთერთმა თანამონაწილემ, თსუ-ის პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ წარმოადგინა. მან ვრცლად ისაუბრა რუსთველოლოგიაში კომენტირების მნიშვნელობაზე, რომელსაც ხანგრძლივი ისტორია აქვს.
როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, უძველესი დროიდან „ვეფხისტყაოსნის“ არაერთ გამოცემას თან ახლდა ლექსიკონები თუ კომენტარები. პირველ ქართველოლოგიურ ნაშრომად კი 1712 წელს რუსთველის პოემის პირველი ბეჭდური გამოცემა, ვახტანგ VI-ის მიერ დაბეჭდილი შრომა – „თარგმანი პირველი წიგნისა ამის ვეფხისტყაოსნისა“ სახელდება, რომელმაც ხელი შეუწყო ქართველ მწიგნობართა მომდევნო თაობებს, რომ ამ მიმართულებით კვლევა გაეგრძელებინათ. ამ კუთხით, ასევე, აღსანიშნავია XIX საუკუნეში ქართველი სწავლული უფლისწულის თეიმურაზ ბაგრატიონის „განმარტება პოემა ვეფხისტყაოსნისა“, რომელშიც ძირითადად პოემის ლექსიკაა განხილული.
რუსთველოლოგიური კვლევების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია XIX საუკუნის ბოლო და XX საუკუნის დასაწყისი, რადგან ეს პერიოდი პოემის გამოცემის სიმრავლით გამოირჩევა. 1867 წლიდან 1899 წლის ჩათვლით „ვეფხისტყაოსანი“ 11-ჯერ დაისტამბა. ამ პერიოდში დაბეჭდილ თითქმის ყველა გამოცემას ახლავს ლექსიკონი, რომელიც, ძირითადად, პოემისეული ლექსიკის ახსნას ეძღვნება და დიდწილად თეიმურაზ ბაგრატიონის „განმარტებებს“ ეფუძნება. რუსთველოლოგიური ნაშრომების სიმრავლით გამოირჩევა XX საუკუნის პირველი ნახევარიც, როცა „ვეფხისტყაოსანი“ მრავალ ენაზე ითარგმნა. მონოგრაფიაში, ასევე, ვრცლად არის საუბარი XX საუკუნის მე-2 ნახევარში რუსთველოლოგიაში განხორციელებულ მნიშვნელოვან კვლევებზე. 1962 წელს „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისია შეიქმნა, რომელმაც განსაკუთრებით შეუწყო ხელი რუსთველოლოგიური კვლევებით დაინტერესებას, მათ შორის, პოემის ტექსტის განმარტება-კომენტირებას. 1966 წელს გამოიცა პოემის ახალი საიუბილეო გამოცემა, შეიქმნა ახალი თარგმანები და გამოქვეყნდა არაერთი მნიშვნელოვანი რუსთველოლოგიური ნაშრომი. 70-იან წლებში კორნელი კეკელიძის, აკაკი შანიძის, შალვა ნუცუბიძის, ალექსანდრე ბარამიძის, გიორგი წერეთლის, სარგის ცაიშვილის, ზვიად გამსახურდიას, ნოდარ ნათაძის და სხვათა რუსთველოლოგიური შრომების გამოქვეყნებამ მრავალმხრივ გაამდიდრა მეცნიერება რუსთველისა და მისი პოემის შესახებ. ამ პერიოდში პოემის კომენტირება სხვადასხვა რელიგიურ, იდეოლოგიურ თუ ფილოსოფიურ საფუძველზე იყო დამყარებული და ხშირად ანგარიშს უწევდა XX საუკუნის ქართული საზოგადოებრივი აზრის ცვალებად იდეოლოგიურ პოზიციებსაც. მათში ნაკლებად იყო გათვალისწინებული ლიტერატურული და რელიგიურ-ფილოსოფიური აზრის განვითარების ის კონკრეტული ეტაპი, როდესაც რუსთველის პოემა იქმნებოდა. თავის მხრივ, ამ გააზრებებს ემყარებოდა პოემის უცხოენოვანი თარგმანებიც. „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის (XX საუკუნის მე-2 ნახევრიდან) დღემდე არსებული თანმიმდევრული განმარტებები ძირითადად შემოიფარგლება ლექსიკისა და ფრაზეოლოგიის თანმიმდევრული განმარტებებით.
როგორც დარეჯან თვალთვაძემ პრეზენტაციაზე აღნიშნა, ახალი პროექტის – „თანამედროვე რუსთველოლოგიური კვლევებით კომენტირებული „ვეფხისტყაოსანი“ – მთავარი მიზანი იყო სრული ტექსტის თანმიმდევრული მეცნიერული კომენტირება, რომელიც ფილოლოგიური მეცნიერების თანამედროვე მეთოდოლოგიას და რუსთველოლოგიური მეცნიერების უახლეს მიღწევებს ეფუძნება. ასევე საჭირო გახდა ქართველოლოგიური სამეცნიერო წრეებისა და საზღვარგარეთელი მთარგმნელებისა თუ ქართველოლოგებისათვის ახალი თეორიული საფუძვლის შექმნა რუსთველის პოემის თანამედროვე მეცნიერულ დონეზე გასააზრებლად.
თანამედროვე რუსთველოლოგიური კვლევების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემაზე საუბრისას ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ თანამედროვე რუსთველოლოგიური კვლევების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა რუსთველის ადგილის განსაზღვრა ქრისტიანული და ევროპული საზოგადოებრივ-ლიტერატურული აზრის პროცესში. 
„აღნიშნული მოსაზრების ჩამოყალიბება დაკავშირებულია იმ მეცნიერულ კვლევებთან, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკანასკნელ ათწლეულებში მიმდინარეობს თსუ-ის პროფესორის, ცნობილი რუსთველოლოგის ელგუჯა ხინთიბიძის მიერ. მათში ახლებურადაა განმარტებული რუსთველის პოემის მრავალი პასაჟი, მხატვრული სახე, ფილოსოფიური ტერმინი, ლექსიკური ერთეული, ავტორის უმნიშვნელოვანესი იდეურ-თემატური კონცეფციები. სწორედ ამ კვლევების ფარგლებში ჩამოყალიბდა ახალი მეთოდოლოგია და გამოვლინდა ახალი ფაქტები, რომლებიც ცხადყოფენ პოემის პარალელებს და მიმართებებს მსოფლიო ლიტერატურისა და ფილოსოფიურ-თეოლოგიური წყაროებისადმი, ასევე, მიმართებებს ქართულ პატრისტიკულ ლიტერატურასთან. ელგუჯა ხინთიბიძის მეცნიერული კვლევები ანტიკური ფილოსოფიის, ქრისტიანული პატრისტიკის, ევროპული მხატვრული ლიტერატურის ტიპოლოგიური მიმართებების, XII-XIV საუკუნეების სქოლასტიკისა და ასტროლოგიური თეორიების საფუძველზე ახლებურად განმარტავს „ვეფხისტყაოსნის“ მხატვრულ სახეებს, თეოლოგიურ-ფილოსოფიურ ცნებებს, ცალკეულ ფრაზეოლოგიურ გამოთქმებს თუ დებულებებს. რუსთაველის პოემის მრავალი გამოცემიდან კომენტირებისთვის შეირჩა აკაკი შანიძისა და ალექსანდრე ბარამიძის მიერ 1966 წელს გამოცემული ტექსტი (შოთა რუსთველი, „ვეფხისტყაოსანი“, ტექსტი და ვარიანტები (ა. შანიძის და ა. ბარამიძის რედაქციით). თბ., 1966 წ.), რადგან მასში ძირითადი ხელნაწერების ვარიანტული წაკითხვაც არის გამოქვეყნებული. ნაშრომი, რომელიც პროექტის ფარგლებში შეიქმნა, ძირითადად აკადემიკოს ელგუჯა ხინთიბიძის კვლევებს და მის მეთოდოლოგიას დაეფუძნა, თუმცა შექმნილია პროექტის ძირითად შემსრულებელთა თანამონაწილეობით და დამხმარე პერსონალის აქტიური მხარდაჭერით. მასში წარმოდგენილია ავტორთა არგუმენტირებული თვალსაზრისი ცალკეულ სტროფზე, პასაჟზე ან მონაკვეთზე. ამავე დროს, იქვე მითითებულია ამ საკითხზე არსებული სხვა მეცნიერთა მნიშვნელოვანი და განსხვავებული თვალსაზრისებიც“, – განაცხადა დარეჯან თვალთვაძემ. მისივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია „ვეფხისტყაოსნის“ მეცნიერული კომენტარის ინგლისური ვარიანტის შექმნა და მისი ელექტრონული და ბეჭდური სახით პუბლიკაცია, ასევე პოემის ტექსტის თანმიმდევრული კომენტარების ბეჭდური და ელექტრონული გამოცემა, რომელიც განკუთვნილი იქნება, უპირატესად, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის.
როგორც პრეზენტაციაზე პროექტის ხელმძღვანელმა პროფესორმა ელგუჯა ხინთიბიძემ აღნიშნა, თანამედროვე რუსთველოლოგიური კვლევებით კომენტირებული „ვეფხისტყაოსანი“ სრულიად განსხვავებულია იმ თვალსაზრისით, რომ მასში აქცენტი მეცნიერულ კომენტარებზეა გადატანილი. 
„მრავალი გამოცემა ვიცით, რომელსაც თან ახლავს ლექსიკონები და კომენტარები, მაგრამ ჩვენ სხვა გზით წავედით. ამ კვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან „ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიო ლიტერატურის შედევრად ითვლება. იგი ფართოდ გავიდა ლიტერატურულ ასპარეზზე. თანამედროვე ეპოქაში, განსაკუთრებით უკანასკნელ ათწლეულში კიდევ უფრო მეტი ინტერესია ამ ნაწარმოების მიმართ, რომელიც წინარენესანსული ეპოქის შედევრად არის მიჩნეული. ამიტომ საჭიროა, რომ ტექსტი მეცნიერულად იყოს განმარტებული როგორც ქართველი, ისე უცხოელი მკითხველისათვის. ხშირად, როდესაც „ვეფხისტყაოსანს“ თარგმნიან, არ ითვალისწინებენ იმ ქვეტექსტებს, რომელიც პოემაშია, ამიტომ, ამ კუთხით, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის შესასწავლი. თანამედროვე თარგმანები უთუოდ საჭიროებენ სერიოზულ მეცნიერულ კომენტარებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენმა განათლებულმა საზოგადოებამ „ვეფხისტყაოსანზე“ იმსჯელოს მეცნიერული პოზიციიდან – სწორედ ამ მიზნით განხორციელდა ეს პროექტი“, – აღნიშნა ელგუჯა ხინთიბიძემ.