ქართველთა თვითცნობიერება: ისტორიული ასპექტები (XVIII საუკუნე)

20 მაი 2018

26 აპრილს უნივერსიტეტში თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტ ზურაბ თარგამაძის წიგნის – „ქართველთა თვითცნობიერება: ისტორიული ასპექტები (XVIII საუკუნე)"“ – პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი გამოიცა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2014 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო საგრანტო კონკურსით დაფინანსებული გრანტის (DO/351/1-10/14) ფარგლებში.
ნაშრომში თავმოყრილია ის მასალები, რომელიც დოქტორანტის მიერ სადისერტაციო კვლევის ფარგლებში იქნა დამუშავებული. ნაშრომის მიზანია ქართული იდენტობის ისტორიის საკითხების გაშუქება, უფრო კონკრეტულად კი, იმ ისტორიული ასპექტების დადგენა და გამოკვეთა, რომლებმაც განსაზღვრა ძირითადი მომენტები ქართული ერთობის თვითცნობიერების ჩამოყალიბებისას XVIII საუკუნეში და მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საზოგადოების ბედზე.
„ეს იყო ჩემი და ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელის, ქალბატონ მარიამ ჩხარტიშვილის 2013-2014 წლების სადოქტორო საგრანტო პროექტი – „ქართველთა თვითცნობიერება: ისტორიული ასპექტები (XVIII საუკუნე)"“, რომელზე მუშაობის დროსაც მომზადდა და გამოქვეყნდა რამდენიმე სამეცნიერო სტატია. წიგნში ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მე-18 საუკუნე არის უაღრესად საინტერესო და უმთავრესი ეპოქა ქართული თვითცნობიერებისა და ქართული ერთობის კონცეპტუალიზაციის თვალსაზრისით. ჩვენ ვცდილობთ, ეს ეპოქა გავიაზროთ ქართული იდენტობის გაგების კონტექსტში და ვფიქრობთ, რომ აქამდე არსებული შეხედულებებისგან მეტნაკლებად განსხვავებული სურათი გვაქვს ნაჩვენები“, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში ზურაბ თარგამაძემ.
ნაშრომის ინსპირაციის წყაროდ დასახელებულია მარიამ ჩხარტიშვილისა და ქეთევან მანიას მიერ 2011 წელს გამოცემული მონოგრაფია „ქართველთა ნაციონალური კონსოლიდაციის პროცესის ასახვა ბეჭდურ მედიაში: „ივერია“ და მისი მკითხველი საქართველო“, რომელშიც ქართული ნაციონალიზმის დაბადების პერიოდად მე-19 საუკუნის 20-30-იანი წლებია მიჩნეული და ავტორები გადამწყვეტ მომენტს 1832 წლის შეთქმულებას უწოდებენ. მასში ასევე მითითებულია, რომ ქართული ნაციონალიზმისთვის დამახასიათებელი ნიშანი ამ პერიოდიდან უკვე პოლიტიკური იყო, რასაც ზურაბ თარგამაძეც ეთანხმება, თუმცა მიიჩნევს, რომ ქართული ნაციონალიზმის დაბადების პერიოდი მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარს ემთხვევა.
წიგნი შედგება ექვსი თავისგან. პირველი თავი – „რა არის ისტორია?“ – ეძღვნება ისტორიის აქტუალური საკითხების გაშუქებას და მოცემულია საბჭოთა პრაქტიკისგან კონცეპტუალურად განსხვავებული დამოკიდებულება ისტორიული პროცესის და ისტორიკოსების საქმიანობასთან დაკავშირებით. კერძოდ, ნაჩვენებია, რომ ისტორიაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული ფაქტები და მათი ქრონოლოგია, არამედ გარკვეული მენტალური და აზრობრივი ბმა სხვადასხვა მოვლენას შორის.
მეორე თავში – „გამოკვლევის თეორიული საფუძველი“ – მკითხველი ეცნობა კვლევის ჩარჩოს – ეთნოსიმბოლისტურ პარადიგმას და მის როლს ისტორიის შესწავლაში.
მესამე თავში – „კულტურულ-საგანმანათლებლო მოძრაობა“ – გაშუქებულია ქართული ერთობის ცხოვრების კულტურული ასპექტები. ავტორი წერს, რომ „იმ პერიოდის მოღვაწეები, ეთნო-კულტურული პოსტულატების სახით, ქმნიდნენ და აცოცხლებდნენ ქართული ნაციონალიზმისთვის საჭირო სამშენებლო მასალას. მათ შორის, უმთავრესი ადგილი ეჭირა ენისა და რელიგიის საკითხს. ქართული ნაციონალიზმის დღის წესრიგის ფორმირებაში სრულიად განსაკუთრებული როლი ითამაშა ქართულმა ეკლესიამაც“.
ტრადიციული თემის განხილვას უწოდებს ზურაბ თარგამაძე მეოთხე თავში მოცემულ თემატიკას, რომელიც „სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს“ შეეხება. ამავე თავშია მოცემული ქალთა ეკონომიკური და სამართლებრივი აქტივობების ანალიზიც.
მეხუთე თავი – „პოლიტიკური ფრაგმენტაცია და მისი გავლენა ქართული ერთობის თვითცნობიერების ჩამოყალიბებაზე“ – ეძღვნება პოლიტიკური ისტორიის საკითხებს. როგორც ავტორი წერს, ამ თავში მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური პროცესის ქართული იდენტობის განვითარების კონტექსტში გააზრება.
ბოლო, მეექვსე თავში კი მოცემულია „ნაციონალური თვითცნობიერების განვითარების მომდევნო ეტაპები“. ესაა ზოგადი მიმოხილვა XIX-XX საუკუნეებში განვითარებული ისტორიული პროცესებისა. აქვე ამოიკითხავთ ამ პერიოდში ნაციონალური საკითხების შესახებ არსებულ ინტერპრეტაციებს და ავტორის დაკვირვებებს მეოცე საუკუნეში მიმდინარე დისკურსთან დაკავშირებით.
წიგნის თავები დალაგებულია იმ თემებისა და საკითხების მიხედვით, რომლებიც ქართულ ისტორიოგრაფიაში კარგად შესწავლილად მიიჩნევა. ავტორი წერს, რომ ეს გზა მან შეგნებულად აირჩია, რადგან ტრადიციული დასათაურების ქვეშ ამოკითხული განსხვავებული მოსაზრებების შემდეგ უფრო თვალსაჩინო გახდებოდა ქართული ისტორიოგრაფიის განვითარების თავისებური ხაზი.
რაც შეეხება ნაშრომის სამეცნიერო სიახლეს, როგორც ზურაბ თარგამაძის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პროფესორი მარიამ ჩხარტიშვილი აღნიშნავს, ეს არის პანორამული გამოკვლევა და ერთი საუკუნის გააზრება ახალი თეორიული ჩარჩოს – ეთნოსიმბოლიზმის ფარგლებში: „ამ წიგნში მე-18 საუკუნე, რომელიც სხვადასხვა კუთხით აქამდეც შესწავლილი იყო, ავტორმა განსხვავებული პრინციპით გააანალიზა. მან ბევრი კითხვა წამოჭრა, რაც ახალი კვლევებისთვის ინსპირაციას წყარო შეიძლება გახდეს. ამ ნაშრომს გამოარჩევს ის, რომ მასში არის კონკრეტული და თეორიული კვლევების კარგი შერწყმა. მე, პირადად, ასეთი ისტორია მომწონს“, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში წიგნის რედაქტორმა, პროფესორმა მარიამ ჩხარტიშვილმა.
წიგნი – „ქართველთა თვით-ცნობიერება: ისტორიული ასპექტები (XVIII საუკუნე)"“ – არაკომერციული გამოცემაა და იგი გამომცემლობა „მერიდიანმა“ დასტამბა.