კავკასია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე

19 მაი 2018

თსუ-ის კავკასიოლოგიის ინსტიტუტისა და თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ახალი სალექციო კურსი შეიქმნა, რომელიც, სპეციალისტების შეფასებით, იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მასში ასახულია კავკასიის ხალხთა ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე, სამხრეთ და ჩრდილო კავკასიის ხალხთა თანაცხოვრების სოციალურ-კულტურული განვითარების პროცესები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ის პროფესორის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ჯონი კვიციანის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ნაშრომის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 
ამ სფეროში ახალი ნაშრომის შექმნა, ჯონი კვიციანის თქმით, თანამედროვე მსოფლიოში გლობალიზაციის პროცესში რეგიონალიზაციის აქტუალობამ განაპირობა. „გლობალიზაციის პროცესს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, ამიტომაც რეგიონულ და ლოკალურ დონეებზე უდიდეს გამოწვევად რჩება ეროვნულ საზოგადოებათა და სახელმწიფოთა რღვევის პროცესის დაწყება. ამ გამოწვევებზე პასუხის გაცემა ითხოვს ახალი ინტეგრალური აზროვნების ფორმირებას და, შესაბამისად, ხალხთა ლოკალურ, რეგიონალურ და გლობალურ დონეებზე ინტეგრაციას. ამ თვალსაზრისით, თუ ევროკავშირის ქვეყნების სოციალურ-კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაცია მისაბაძია, კავკასიაში – პირიქით, სახეზეა რეგიონის დეზინტეგრაცია, ეთნოპოლიტიკური კონფლიქტები და ა.შ.. რეგიონში ამ პროცესების შეჩერება და შემდგომ ერთიანი თანამედროვე მშვიდობიანი კავკასიის ფორმირება მხოლოდ ახალი სამოქალაქო საზოგადოებების და სახელმწიფოთა მიერ შესაბამისი კავკასიური პოლიტიკის გატარების შედეგად არის შესაძლებელი. ეს პოლიტიკა კავკასიურ იდეას უნდა ეფუძნებოდეს, რომლის იდეოლოგიური საფუძველი კავკასიური ცივილიზაცია შეიძლება იყოს, რომელიც გულისხმობს ერთი ან რამდენიმე ეთნოსის, სახელმწიფოს საერთო ღირებულებებით გაერთიანებას“, – აცხადებს ჯონი კვიციანი. 
ჯონი კვიციანის აზრით, კავკასიის ხალხთა საერთო ისტორიული წარსულის ახლებურად შესწავლა, ისტორიული მეხსიერების აქტუალიზაცია მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს. ნაშრომის შექმნის ერთერთ ფაქტორად იგი კავკასიის რეგიონის ისტორიისა და კულტურის შესწავლის ახალი ეტაპის დაწყებას ასახელებს. „კავკასიის შესწავლის კუთხით შეგვიძლია ოთხი ეტაპი გამოვყოთ. პირველი, ანტიკურ ხანაში „ისტორიის მამიდან“ - ჰეროდოტედან დაწყებული, შუა საუკუნეების ავტორებით (ლეონტი მროველი, ჯორჯიო ინტერიანო, არქანჯელო ლამბერტი და სხვ.) დამთავრებული. ამ ეტაპზე, რეგიონის ხალხების შესახებ მოცემული მასალები გვეხმარება მათი ეთნოგენეზისა და პოლიტოგენეზის ისტორიის შესწავლაში. მეორე ეტაპზე, ახალ და უახლეს დროში, როდესაც კავკასიის რეგიონი რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი გახდა, პეტერბურგში ჩამოყალიბდა კავკასიოლოგიური სამეცნიერო სკოლა. 1917 წლის რევოლუციამდე ამ სკოლაში მოღვაწეობდნენ ცნობილი კავკასიოლოგები: ნ. მარი, ვ. სტრუვე, ი. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ი. მინანდიანი და სხვები, რომლებსაც დიდი ღვაწლი მიუძღვით საბჭოთა კავკასიოლოგიის განვითარებაში. მესამე ეტაპი – ეს არის 1917-1992 წლები, როდესაც კავკასიოლოგიამ საბჭოთა კავშირის ცენტრიდან ადგილებზე, მოკავშირე და ავტონომიურ რესპუბლიკებში გადაინაცვლა. შეიქმნა კავკასიის ხალხთა ისტორიის, კულტურის შემსწავლელი სამეცნიერო დაწესებულებები, უმაღლეს სასწავლებლებში კი გაიხსნა კათედრები, სადაც კავკასიოლოგები მზადდებოდნენ. მეოთხე ეტაპზე კი, რომელიც 1992 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება, საჭიროა მეთოდოლოგიური პლურალიზმის საფუძველზე კავკასიის ისტორიის ახლებურად შესწავლა-რეკონსტრუქცია. თუ ადრე კავკასიოლოგია ცარიზმის ხელისუფლებასა და საბჭოთა სახელმწიფოს ემსახურებოდა, დღეს იგი ადამიანს უნდა ემსახუროს“, – განაცხადა ჯონი კვიციანმა.
როგორც წიგნის პრეზენტაციაზე აღინიშნა, საქართველოში კავკასიოლოგიის კვლევებისათვის რეგიონის ხალხთა საერთო ისტორიული წარსულის ახლებურად შესწავლა, ასევე, განპირობებულია ქვეყნის დემოკრატიული მშენებლობით, სიტყვის თავისუფლებითა და ისტორიული მეხსიერების აქტუალიზაციით. მეცნიერი კავკასიის ხალხთა მშვიდობიანი თანაარსებობის, ინტეგრაციის იდეოლოგიურ საფუძველს ხედავს კავკასიურ ცივილიზაციაში, რომელიც აგრარულ ეპოქაში ჩამოყალიბდა და ეფუძნება კავკასიის ხალხთა ერთიან ისტორიულ წარსულში ჩამოყალიბებულ საერთო ღირებულებებს: ეტიკეტს, საკომუნიკაციო კულტურას, ეთნოლინგვისტურ ერთობას. ნაშრომში საქართველო წარმოდგენილია, როგორც კავკასიური იდეის ხორცშესხმის ისტორიულ-კულტურული ცენტრი. ნაშრომში აქცენტები დასმულია ისეთ მაღალ კულტურულ-ცივილიზაციურ ღირებულებებზე, როგორიცაა: პიროვნების თავისუფლება, კანონის უზენაესობა (წესრიგი), საკუთრების პატივისცემა, „ოჯახიშვილობა“, რომლებიც კარნახობდა საზოგადოების შემდგომი სოციალურ-კულტურული განვითარების აუცილებლობას. ნაშრომში ასახულია, ასევე, კავკასიის ისტორიის ისეთი საჭირბოროტო საკითხები, როგორიცაა: პალეოკავკასიური ეთნოკულტურული ერთობა; ქრისტიანობისა და ისლამის გავრცელება კავკასიაში; კავკასია და გარე სამყარო VII-XII საუკუნეებში, საქართველო კავკასიის ეთნოკულტურულ სივრცეში XI-XII საუკუნეებში, თათარ-მონღოლები და კავკასია, რუსეთ-კავკასიის ურთიერთობები XVI-XIX საუკუნეებში, კავკასიის ომები და სხვა. ნაშრომში, მსოფლიო ისტორიის კონტექსტში, ცივილიზაციური მეთოდოლოგიის საფუძველზე, სისტემურ-სინერგეტიკული მეთოდის გამოყენებით, პირველად და ახლებურად არის გაანალიზებული კავკასიის ისტორიის აქტუალური საკითხები. კავკასიის ხალხთა ისტორიის ერთიანი სახელმძღვანელო დღემდე არ არსებობდა და, ამდენად, ახალი სალექციო კურსი ამ მხრივაც ძალზე მნიშვნელოვანია. სტუდენტების გარდა, ნაშრომი საინტერესო იქნება, ასევე, სპეციალისტებისა და კავკასიის ხალხთა ისტორიით დაინტერესებული მკითხველისათვის. 
წიგნის რედაქტორია ნინო ჩიქოვანი, რეცენზენტები: გიორგი ოთხმეზური და ივანე მენთეშაშვილი.
პრეზენტაციაზე წიგნის მნიშვნელობაზე თსუ-ის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ცირა ბარამიძემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯონი კვიციანის მიერ სალექციო კურსის შექმნა მართლაც მნიშვნელოვანი და მისასალმებელია. „ჩვენი მიმართულება მემკვიდრეა 1993 წელს დაარსებული კავკასიის ხალხთა ისტორიის კათედრისა, რომელიც კვლავ ერთგულია ივანე ჯავახიშვილის კონცეფციის – რომ ისტორიკოსი და კავკასიოლოგი მხოლოდ იმ შემთხვევაშია სრულყოფილი სპეციალისტი, როდესაც იგი, ამავე დროს, კარგი ლინგვისტიც არის და პირიქით – სრულფასოვნად ფლობს ისტორიული მიმართულების ემპირიულ მასალას. ჩვენი ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი, პროფესორი ჯონი კვიციანი კარგად იცნობს ამ პრობლემებს, კავკასიის ხალხთა ისტორიას და ეს მის ნაშრომშიც აისახა“, – განაცხადა ცირა ბარამიძემ.