თამარ პაიჭაძის „საჭირო, მნიშვნელოვანი და აქტუალური ნაშრომი“

18 მაი 2018

ქართული მოდერნიზმის „ოქროს ხანა“ – XX საუკუნის პირველი ნახევარი, თავისთავად, გამორჩეული იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ იმ პერიოდში მოღვაწე პროგრესულად მოაზროვნე მწერლების შემოქმედებამ განუმეორებელი კვალი დააჩნია ქართულ ლიტერატურას. თუმცა, გასული საუკუნის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი, საბჭოთა რეჟიმის პირობებში, დიდხანს ობიექტურად და სისტემურად არ იყო გამოკვლეული. ეს პროცესი უფრო მოგვიანებით დაიწყო. თსუ-ის ასოცირებული პროფესორის თამარ პაიჭაძის ახალი წიგნი – „მოდერნიზმი და ქართული ლიტერატურა“ სწორედ ამ დანაკლისის შევსების წარმატებული მცდელობაა, – ითქვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ წიგნის პრეზენტაციაზე, რომელსაც ლიტერატურათმცოდნეები, პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. 
როგორც წიგნის წინასიტყვაობაში ავტორი აღნიშნავს, მონოგრაფიულ გამოკვლევაში XX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული ლიტერატურის ისტორიის ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა და მონაკვეთია ასახული. 
„ბოლო დრომდე ჩვენი ლიტერატურათმცოდნეობა ცალსახად განიცდიდა ჩამოყალიბებული (ფუნდამენტური და ქრესტომათიული) კვლევების სიმწირეს ქართული ლიტერატურის ისტორიაში მოდერნისტული ეტაპის არსებობის შესახებ. ამ ნაწილის გარეშე კი შეუძლებელია გაანალიზდეს უახლესი ქართული ლიტერატურის განვითარების გზაც და საფუძველიც. წარსული წლების სასწავლო მასალებში და, ზოგადად, კვლევებში ამ საკითხის უგულებელყოფა განპირობებული იყო საბჭოთა პერიოდის პოლიტიკით და, აქედან გამომდინარე, იდეოლოგიური მიდგომით თუ დამოკიდებულებით მოდერნიზმის, როგორც კულტურული ფაქტის, მიმართ, თუმცა შემდგომშიც, ამ პოზიციის შეცვლის შემდეგ, ისტორიული და კვლევითი დისკურსის ხასიათის ნაშრომი ქართული ლიტერატურული მოდერნიზმის შესახებ არ შექმნილა. ეს თემა მხოლოდ ბოლო წლებში გაიხსნა და ცალკეულ საკითხთა შესახებ რამდენიმე გასათვალისწინებელი გამოკვლევა გამოქვეყნდა. სულ უფრო იკვეთებოდა საჭიროება ლიტერატურის კვლევებისა განსაკუთრებით სასწავლო პროგრამაში, რომლებიც თანამედროვე მეთოდების, კომპონენტებისა და გამოწვევების კვალობაზე წარმოაჩენდნენ ქართული მოდერნიზმის ისტორიას, მის მხატვრულ თავისებურებებს და შესაბამის ადგილს მიუჩენდნენ ამ პროცესს ლიტერატურის ისტორიაში. შესაბამისად, ქართული მოდერნიზმის კვლევის პროცესი დღესაც აქტუალური და ამოუწურავია“, – აღნიშნავს თამარ პაიჭაძე. 
როგორც ავტორმა პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას განუცხადა, წიგნი მრავალწლიანი შრომის შედეგია, რომელიც მან ამ ხნის მანძილზე ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, არქივებში, სხვადასხვა გამოცემებში, საზღვარგარეთ მოძიებულ წყაროებზე მუშაობის შედეგად მოიპოვა. თამარ პაიჭაძის აზრით, ამ საკითხების კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ლიტერატურათმცოდნეობისთვის, რადგან სწორედ ამ პერიოდის მწერლებმა თავისი მოღვაწეობით კრიზისს გადაარჩინეს და ფსევდოლიტერატურულ მოსახვევებს აარიდეს ქართული ლიტერატურა, რომელიც იმ რეალობაში არსებობდა. 
„XX საუკუნემ ისე ჩაიარა, რომ ამ ადამიანებზე არავინ წერდა და ამის მიზეზი, პირველ რიგში, იყო იდეოლოგიური წნეხი, თუმცა, ის სტიგმა და სტერეოტიპი, რომელიც მოდერნისტული ლიტერატურის გარშემო არსებობდა, შემდგომშიც გაგრძელდა. როდესაც ეს მწერლები „დაუბრუნდნენ“ სასწავლო პროგრამებს თუ მკითხველს, მათ მიმართ დამოკიდებულება, გარკვეულწილად, კვლავ არაობიექტური იყო. ჩვენმა თაობამ ეს თავის თავზე გამოსცადა. სკოლებში ისწავლებოდა ამ მწერლების მიერ დაწერილი ნაწარმოებები, თუმცა, მათი შემოქმედება რა კუთხითაც იყო საინტერესო, კვლავ უცნობად რჩებოდა, ზოგიერთი მწერალი კი საერთოდ აკრძალული იყო. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ იდეოლოგიური წნეხის გარდა, არც იმდროინდელი საზოგადოება აღმოჩნდა მზად ახალი მიმდინარეობის მისაღებად – ესეც ერთ-ერთი მიზეზი გახდა იმისა, რომ მოდერნიზმის განვითარებას საქართველოში ფართო გასაქანი არ მიეცა. ამ სტერეოტიპიდან გამოსვლას გარკვეული დრო დასჭირდა. სამწუხაროდ, ეს ჩვენი ეპოქის რეალობა იყო. ამ დამოკიდებულებიდან ჩვენი ლიტერატურა შედარებით გვიან, XXI საუკუნეში გამოვიდა. დაინტერესება იყო ევროპელი მკვლევრების მხრიდანაც. 70-იან წლებში პირველი წერილები სწორედ მათ ეკუთვნით. ისინი კარგად აცნობიერებდნენ იმ მნიშვნელობას, რომელიც გააჩნდა ქართულ ლიტერატურას, თუმცა, ჩვენი მხრიდან ინფორმაცია არ ჰქონდათ. საბედნიეროდ, ბოლო წლებში ეს დამოკიდებულება შეიცვალა, მნიშვნელოვანი კვლევები შეიქმნა ამ კუთხით, რომელთა გათვალისწინებითაც დაიწერა ეს წიგნი“, – აღნიშნა თამარ პაიჭაძემ. 
ახალი ნაშრომის ავტორი მიიჩნევს, რომ ქართული მოდერნიზმის კვლევა ახალ ეტაპზე გადავიდა და ამ მიმართულებით კვლავ ბევრია სათქმელი და გასაკეთებელი. წიგნის ავტორის თქმით, ქართული მოდერნისტული ტექსტების გაცნობა, კვლევის გარდა, დიდი ემოციის მიღების შესაძლებლობაცაა. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მისი ნაშრომი, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდა თაობისთვის არის განკუთვნილი და მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის საგამომცემლო საბჭოს და თსუ-ის სამეცნიერო საბჭოს, რომელთა გადაწყვეტილებით ნაშრომი სასწავლო პროგრამაში შევიდა. თამარ პაიჭაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა წიგნის რედაქტორს კახაბერ ლორიას და რეცენზენტებს: ბელა წიფურიას და თამარ შარაბიძეს, მხარდაჭერისა და გვერდით დგომისთვის კი – მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ახალი ნაშრომი თსუ-ის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. 
წიგნის მნიშვნელობაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ბელა წიფურიამ ისაუბრა: „ქართული მოდერნიზმის და ავანგარდის მემკვიდრეობა XX საუკუნის ქართული ლიტერატურის მემკვიდრეობაში დღემდე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია. საბჭოთა პერიოდში, ათწლეულების განმავლობაში ამ მემკვიდრეობის კვლევა არ იყო სათანადო დონეზე წარმართული. პირიქით, იყო ძალიან ტენდენციური იდეოლოგიზირებული დამოკიდებულება, რომელიც კრძალავდა ამ მიმდინარეობისადმი სათანადო ინტერესის გამოხატვას, ზუსტ და ობიექტურ შეფასებებს. ამიტომ ეს პერიოდი ხელახლა შესასწავლი და გადასააზრებელია, შესაბამისად, თამარ პაიჭაძის ეს წიგნი ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ბელა წიფურიამ. 
თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა წიგნს „საჭირო, მნიშვნელოვანი და აქტუალური ნაშრომი უწოდა, რომელშიც კვლევისა და სწავლების ინტეგრირება მოხდა“. 
როგორც პრეზენტაციაზე წიგნის რედაქტორმა კახაბერ ლორიამ განაცხადა, თამარ პაიჭაძის წიგნი კარგი შენაძენია ქართველი მკითხველისთვის, ლიტერატურათმცოდნეებისთვის და სტუდენტებისთვის. 
„მე-20 საუკუნის გარიჟრაჟიდან მოდერნიზმი იქცა ქართული ლიტერატურის იმ ხაზად, რომელმაც განსაზღვრა ქართული ლიტერატურული პროცესები. ეს წიგნი ავტორის სიღრმისეული ანალიზით, კომპლექსურობით და მრავალმხრივობით გამოირჩევა. ფაქტობრივად არ დარჩენილა არც ერთი მიმდინარეობა და ლიტერატურული შენაკადი ამ მაგისტრალური და მოდერნისტული გზის ქართულ ლიტერატურაში, რომელიც შესაბამისად არ ასახულიყო ამ ნაშრომში. ეს კი იმის გარანტიას და წინაპირობას წარმოადგენს, რომ იგი საინტერესო იქნება როგორც სამეცნიერო წრეებისთვის, ფართო მკითხველისთვის და, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდობისათვის“, – აღნიშნა თსუ-ის პროფესორმა კახა ლორიამ.
პრეზენტაციაზე მოსაზრებები სტუდენტებმაც გამოთქვეს: თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტის ანა გოგოლაძის აზრით, სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან და სწავლობენ ამ პერიოდის ლიტერატურას, მნიშვნელოვანია ისეთი სახელმძღვანელოს არსებობა, სადაც კომპლექსურად არის თავმოყრილი სხვადასხვა წყაროებში გაბნეული მასალა; თანმიმდევრულად და სისტემურად არის წარმოდგენილი ქართული მწერლობის უმნიშვნელოვანესი ეტაპები.