პირველი ქართველი პროფესიონალი ეთნოლოგი

22 მაი 2018

150 წელი შესრულდა უდიდესი ქართველი საზოგადო მოღვაწის, პირველი ქართველი ეთნოლოგ-ანთროპოლოგის თედო სახოკიას დაბადებიდან. იმ ღონისძიებებს შორის, რომელიც ამ საიუბილეო თარიღს მიეძღვნა, იყო თსუ-ის ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო სესია.
სესიის გახსნაზე ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან ხუციშვილმა გაიხსენა თედო სახოკიას ღვაწლი და აღნიშნა, რომ მის მიერ ჩაყრილ ფუნდამენტზე უამრავი შენობა წამოიმართა: „იგი გამორჩეული ადამიანი იყო აკადემიური, სოციალური თუ პოლიტიკური აქტივობით და დიდი წვლილი შეიტანა იმდროინდელი საქართველოს განვითარებაში. თედო სახოკია არის ნიმუში პატრიოტი მოღვაწისა და თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ ჩვენი დარგის ფუძემდებლად. მან სამეცნიერო მეთოდოლოგიით შეისწავლა საქართველოს კუთხეები და შეუფასებელი შრომები დატოვა,“ – აღნიშნა ქეთევან ხუციშვილმა. 
სესიაზე წარმოდგენილი იყო სამი მოხსენება: „თედო სახოკიას ცხოვრება და მოღვაწეობა“ (რ. თოფჩიშვილი); „თედო სახოკია ქართული ხალხური მედიცინის შესახებ“ (ნ. მინდაძე) და „თედო სახოკიას ციმბირული მოგონებანი“ (რ. გუჯეჯიანი).

 

თედო სახოკიას ცხოვრება და მოღვაწეობა

თსუ-ის პროფესორის როლანდ თოფჩიშვილის მოხსენებიდან:

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში არაერთი ინტელექტუალი გამოჩნდა. ისინი ქვეყნისა და ხალხის მომავალზე ზრუნავდნენ. ამ დიდ მოღვაწეთა შორის იყო თედო (თოდოტი) სახოკია.
თედო სახოკია 1868 წლის 14 მარტს სოფელ ხეთაში, სასულიერო პირის, ტიმოთე მღვდლის ოჯახში დაიბადა. სახოკიების გვარი ამ სოფლის მკვიდრი არ იყო. მის შესახებ გადმოცემა თედო სახოკიას ავტობიოგრაფიაში აქვს მოტანილი: „გადმოცემაა დარჩენილი, რომ ჩვენი წინაპარი რაჭველი გამყრელიძე ყოფილა. მას თავის სოფელში კაცი შემოჰკვდომია. სასჯელისა და მოკლულის ნათესავების მხრიდან შურისძიებისთვის თავის დასაღწევად გამოქცეულა გორდში, ლეჩხუმში. აქ ცოლი შეურთავს და მისცემია 4 ვაჟი და ერთიც ქალი. შემდეგ გამოქცეულან სამეგრელოში. ჯერ მისულან მარტვილის ტაძართან და ნიშნად ყმობისა და მონობისა, კისრით გამობმულან ტაძრის კარების ბოქლომზე. ამის შემდეგ ისინი ითვლებოდნენ მარტვილის ტაძრის ყმებად. გვარებიც გამოუცვლიათ. ორ ძმას სახოკიები დაურქმევიათ თავის თავისთვის და შხეფში დარჩენილან, ხოლო 2 ძმას გახოკია აურჩევია თავის გვარად.“
თედო სახოკია პირველი ქართველი პროფესიონალი ეთნოლოგი გახლდათ. მას განათლება საფრანგეთში ჰქონდა მიღებული, თუმცა, უნდა ითქვას, რომ თედო სახოკიას მეცნიერული ინტერესები უფრო ფართო იყო. მას აინტერესებდა ფოლკლორიც, ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანიც, ანდაზები. რაც მთავარია, ის იყო საყოველთაოდ ცნობილი მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელი. თავისი სიცოცხლის გარკვეული ახალგაზრდული მონაკვეთი მან პუბლიცისტიკას მიუძღვნა, რის გამოც ციმბირში იქნა გადასახლებული, თუმცა მან იქიდან გაქცევა მოახერხა. 
ეთნოლოგიის/ანთროპოლოგიის სპეციალობას თედო სახოკია საფრანგეთში დაეუფლა ჯერ სორბონის უნივერსიტეტში, ხოლო შემდეგ – უმაღლეს ანთროპოლოგიურ სკოლაში. ის წერდა: „ჩემი გული მიიწევდა ეთნოგრაფიისაკენ, რომელიც და ბოლოს ჩემს სალიტერატურო მუშაობაშიც ჩემს სპეციალობად უნდა გამეხადა“. სტუდენტი თედო სახოკია პარიზში ლექციებს ისმენდა ცნობილი ანთროპოლოგებისაგან. პირველი ეთნოლოგიური ნაშრომი – „ყვავილბატონები საქართველოში“ – მან 1903 წელს პარიზის ანთროპოლოგიური სამეცნიერო საზოგადოების სხდომას წარუდგინა და, მოხსენების მაღალი სამეცნიერო ღირებულების გამო, პარიზის ანთროპოლოგიური საზოგადოების საზღვარგარეთელ წევრ-კორესპონდენტად აირჩიეს.
თედო სახოკიამ, საფრანგეთის გარდა, ახალგაზრდობის წლებში მოიარა ევროპის სხვა ქვეყნებიც, კერძოდ: იტალია, შვეიცარია, ბელგია. ის ხანგრძლივად იმყოფებოდა იტალიაში, რის შესახებაც წერდა: „ყველაზე მეტი შთაბეჭდილება ჩემზე იტალიამ დასტოვა თავისი გასაოცარი ჩამორჩენილობით, რა თქმა უნდა, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, და ამასთან გასაოცარია მსგავსება ჩვენს ქვეყანასთან: ეკონომიურის ყოფითა და მკვიდრთა ზნე-ჩვეულებებით“. ამ ჩამორჩენილობაში ის ფეოდალურ სისტემას გულისხმობდა. სახოკია არა მხოლოდ იტალიურს სწავლობდა, არამედ ისეთ დიდ ქართველ მოღვაწეებს ეხმარებოდა ნაწერების დასაბეჭდად მომზადებაში, როგორიც იყო მიქეილ თამარაშვილი. სახოკია შესანიშნავი საველე მუშაკი გახლდათ. ამიტომაც ის დიდ ყურადღებას აქცევდა ეთნოგრაფიული მასალების ზუსტ ჩაწერას. გიორგი ჩიტაია წერდა: „თედო სახოკია თავის ეთნოგრაფიულ ჩანაწერებში მოვლენებსა და ფაქტებს აღწერს საკმარისი სისრულით, თითქმის ყოველმხრივ და ზუსტად. ის თავისი დროისათვის მომზადებული გამჭრიახი და გონებამახვილი მკვლევარი და ეთნოგრაფია. მის ეთნოგრაფიულ ნაწერებში უხვადაა მოცემული საქართველოს ეთნოგრაფიული სინამდვილის ამსახველი მასა და, ამავე დროს, რიგი მეცნიერული ღირებულებების მქონე საკითხი მართებულად არის დასმული და სათანადოდ გადაწყვეტილი“.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ იგი მხოლოდ ისტორიულ-ეთნოგრაფიული ფაქტების დაფიქსირებას როდი ახდენდა. სადაც კი მოგზაურობდა, ასახავდა ამა თუ იმ სოფლის თანამედროვე მდგომარეობას. შეიძლება გავიხსენოთ გურიაში რუსული ოჯახის გაჩენა და რუსთა გაქართველების ფაქტებზე საუბარი; ნოვაციის მეორე ფაქტად შეიძლება გურიაში ჩონგურის ნაცვლად გიტარის გავრცელება დავასახელოთ, რასაც ის არ მიესალმებოდა. 
თედო სახოკიას მიერ მოპოვებულ მონაცემებს სხვა მხრივაც აქვს დიდი მნიშვნელობა. მან დაგვიტოვა ისეთი მოვლენების თუ ფაქტების აღწერილობა, რომელიც შემდეგ ახალი ცხოვრების შემოსვლით მალე გაქრა. ველზე მუშაობისას იგი პარალელურად სხვა მნიშვნელოვან სამუშაოებსაც ასრულებდა. იგი აგროვებდა ეთნოგრაფიულ კოლექციებს, რომლებიც ინახება როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში: პარიზსა და პეტერბურგში. პირველმა ქართველმა პროფესიონალმა ეთნოლოგმა თავისი მოღვაწეობა ეთნოლოგიაში საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებში მასალების მოპოვებით დაიწყო: დასავლეთ საქართველო, გურია, აჭარა, სამეგრელო, სამურზაყანო, აფხაზეთი, რაჭა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ პირველი ასეთი დაკვირვება მან შიდა ქართლზე მოახდინა, რომლის ერთ-ერთ სოფელში 1889 წელს მასწავლებლობდა. 
მან მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ ეთნოლოგიაში. მისი მიზანი იყო არა მხოლოდ ქართული ტრადიციების წარმოჩენა, არამედ თანამედროვეობა, საქართველოს მომავალი და ქართველი ხალხის კონსოლიდაცია იმის საფუძველზე, რომ საუკუნეების განმავლობაში ქართველ ხალხს ერთი და ერთიანი ხალხური კულტურა ჰქონდა შექმნილი. თედო სახოკია 1956 წელს გარდაიცვალა.


თედო სახოკიას „ციმბირული მოგონებანი“, როგორც ეთნოგრაფიული წყარო

თსუ-ის ასოცირებული პროფესორის როზეტა გუჯეჯიანის მოხსენებიდან

თედო სახოკიას მეცნიერული მემკვიდ-რეობა ინტერდისციპლინურია, რადგან იგი გახლდათ პირველი სწავლული ეთნოლოგი/ანთროპოლოგი, ლექსიკოგრაფი, მთარგმნელი, მწერალი.
თედო სახოკიას არქივში (ლიტერატურის მუზეუმი) დაცულია ხელნაწერი (1931 წლისა) სახელწოდებით – „ციმბირში. მოგონებანი 1905 წლის რევოლუციის დროიდან“. ხელნაწერის სამი თავი 1939 წელს გამოქვეყნდა „მნათობში“. ხელნაწერი სრულად გამოქვეყნდა 2012 წელს.
რა აკავშირებდა თედო სახოკიას 1905 წლის რევოლუციასთან და რა იდეები ასულდგმულებდა მას? ცნობილია, რომ თედო სახოკია სტუდენტობის წლებშივე ჩაება ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში, რისთვისაც ის გარიცხულ იქნა ტფილისის სასულიერო სემინარიიდან.
1890-იანი წლების დასაწყისიდან თედო სახოკია მეგობრებთან ერთად (გიორგი დეკანოზიშვილი, შიო დედაბრიშვილი, გიორგი გვაზავა, იაკობ ფანცხავა...) ქმნის „საქართველოს თავისუფლების ლიგას“. ამ ეროვნული საქმის გამო ახალგაზრდების ჯგუფს აპატიმრებენ, გამოძიება გრძელდებოდა სამი წელი, 708-თვიანი პატიმრობის შემდეგ ისინი გათავისუფლდნენ, მაგრამ დარჩნენ პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ. 
1890-იანი წლების ბოლოდან თედო სახოკია, ძირითადად, აფხაზეთში მოღვაწეობს და ცდილობს აფხაზეთის გადარჩენას რუსიფიკაციისაგან. თედომ აფხაზეთში ჩამოაყალიბა „ქართული პარტია“ და მკვეთრად დაუპირისპირდა სოხუმის „ოკრუგში“ მიმდინარე რუსიფიკატორულ პოლიტიკას. საარქივო მასალით დასტურდება, რომ რუს მოხელეთა დაკვირვებით, თედო სახოკია სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა და საჭირო იყო მისი დაპატიმრება. 
1900 წელს თედო სახოკიამ დატოვა საქართველო და დამკვიდრდა ევროპაში, კერძოდ, პარიზში. ოთხი წლის განმავლობაში ეუფლებოდა ეთნოლოგის/ანთროპოლოგის პროფესიას. 
სწავლისა და მეცნიერული კვლევა-ძიების პარალელურად, თედო სახოკია აგრძელებს ეროვნულ მოძრაობასთან თანამშრომლობას. 1902 წელს პარიზში იკრიბებიან თედო სახოკია, არჩილ ჯორჯაძე, გიორგი დეკანოზიშვილი და იწყებენ სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის გაზეთის გამოცემას: გაზეთი „საქართველო“ 1905 წლამდე გამოიცემოდა და ვრცელდებოდა საქართველოშიც. 
1905 წლისათვის, გიორგი დეკანოზიშვილის მონდომებითა და ფინანსებით შეძენილ იქნა გემი და იარაღი, რაც უნდა ჩატანილიყო საქართველოში და დაწყებულიყო ქართველთა ბრძოლა სამშობლოს გათავისუფლებისათვის. გაზაფხულზე საქართველოში ნიადაგის მოსამზადებლად გააგზავნეს თედო სახოკია. ოქტომბერში გემი „სირიუსი“ იარაღით დატვირთული ამსტერდამიდან ფოთისაკენ გაემგზავრა. გემი ფოთს 22 ნოემბერს მიადგა. „ოხრანკა“ საქმის კურსში იყო და აქტიურად ცდილობდა გემისა და შეთქმულების დაპატიმრებას. თედო სახოკიამ და მისმა მეგობრებმა მაინც მოახერხეს იარაღის ნაწილის გადატანა ნავებზე და ნავებით შეიტანეს საქართველოში. ცოტა ხანში მენავეებიც და თედო სახოკიაც დაიჭირეს და გააციმბირეს. მას სამუდამო კატორღა (ირკუტსკის მხარეში) მიუსაჯეს და გადაასახლეს. აი, სწორედ ეს რთული ისტორია არის აღწერილი წიგნში (ქრონოლოგია: 1908 წლის ღვინობისთვე – 1909 წლის მაისი).
წიგნში აღწერილი არაერთი პოლიტიკური ფაქტი, პროცესი, სოციალური გარემო და ყოფითი ნიუანსები ფრიად მნიშვნელოვანი წყაროა ისტორიკოსთა და ეთნოლოგთათვის. 
1909 წელს თედო სახოკიამ კატორღიდან გაქცევა მოახერხა. საინტერესოა, რომ ურთულეს პირობებში მყოფი თედო სახოკია (პატიმარი, მშიერ-მწყურვალი, ფეხებშებორკილი, ავადმყოფი, მყოფი ყინვასა თუ გაუსაძლის უჰაერობაში, სასტიკ კრიმინალთა მხრიდან თავდასხმის პირობებშიც კი) სამყაროს ეთნოლოგის თვალით უმზერს და აღწერს ყოველ ყოფით ელემენტს თუ სოციალურ პროცესს. 
მნიშვნელოვანია თედოს მიერ აღწერილი სასამართლო პროცესი, ჩინოვნიკთა სახეები, ქართველი საზოგადოების მხარდაჭერა დაპატიმრებულებისადმი, ღალატის ისტორია, სატუსაღოები, პატიმართა გაუსაძლისი ყოფა, პატიმართა სახეობები: პოლიტიკურები და არაპოლიტიკურები, „კონვოის“ სისტემა, გზა, რიაჟსკის ციხეში ნანახი წარწერა: მისი მეგობრების, მასზე ადრე გაციმბირებული მენავეების მიერ დაწერილი, გაყინულ ვოლგაზე გადაადგილება, უფის, ზლატოუსტის, შემდეგ უკვე ციმბირული ყოფა და ვითარება. იგი ყურადღებას ამახვილებს ხელობის ცოდნის აუცილებლობაზე. აღწერს გავრცელებულ მანკიერებებს: არყის სმას, ქაღალდის თამაშს, სოდომის ცოდვას. 
გზადაგზა თედო სახოკია მოგვითხრობს სხვა პატიმრებზე, მეგობრებზე თუ სხვა ადამიანებზე, აღწერს მათ სულიერ მდგომარეობას, მათი ყოფის მძიმე პირობებს, პოლიტიკურ და არაპოლიტიკურ პატიმართა დაპირისპირებებს. საუბრობს ბურიატებზე, გადასახლებულ ლეკთა ტანჯვა-წამებაზე, ყირგიზებზე. თედოს გამოქცევისა და საქართველოში ჩამოღწევის გზაც არაერთი მნიშვნელოვანი ეთნოგრაფიული ფაქტით არის აღბეჭდილი. 
ამრიგად, თედო სახოკიას „ციმბირული მოგონებანი“ უძვირფასესი წყაროა 1900-იანი წლების კულტურულ-სოციალური ვითარების შესასწავლად და მას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმდროინდელი ყოფითი რეალიების რეკონსტრუირებისათვის.

მაია ტორაძე