ნანა შათაშვილი: „უნივერსიტეტში გავატარე მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება“

22 მაი 2018

გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი” აგრძელებს იმ პროფესორთა წარმოჩენას, რომლებიც დღეს უნივერსიტეტის იმიჯს ქმნიან. ასეთ პროფესორთა შორისაა თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ნანა შათაშვილი.

პროფესორმა ნანა შათაშვილმა სამეცნიერო მოღვაწეობა უკვე სტუდენტობის ასაკიდან დაიწყო. ასპირანტურაში ჩაბარებისთანავე უაღრესად საინტერესო ამოცანა მისცა ხელმძღვანელმა და, რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს, სწორედ ამ ამოცანის გადაწყვეტას ასახელებს ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამეცნიერო ნაშრომად – ეს გახლავთ 1982 წელს გამოქვეყნებული პირველი ნაშრომი, რომელშიც აკადემიკოს ნოდარ ცინცაძესთან ერთად განავითარა ახალი თეორია არაწრფივი ლანდაუს ჩაქრობის მოვლენისათვის ძლიერად ტურბულენტურ პლაზმაში Nonlinear Landau Damping Phenomenon in a Strongly Turbulent Plasma.N.L. Shatashvili & N.L. Tsintsadze. Physica Scripta, T2/2, 511 (1982).
ქალბატონი ნანასთვის რთული აღმოჩნდა სამეცნიერო ნაშრომებიდან ყველაზე მნიშვნელოვანის გამოყოფა და, ამიტომ, რამდენიმეს ასახელებს, რომლებმაც ფიზიკოსის სამეცნიერო მოღვაწეობა განსაზღვრა. „ერთ-ერთ ნაშრომში, თეორიასთან ერთად, ნიშანდობლივია ახალი არალოკალური არაწრფივი შრედინგერის განტოლების მიღება და მისი ამოხსნის უნიკალური მათემატიკური გზის შემოთავაზება. ასევე გამოვყოფდი 1997 წელს სვადეშ მაჰაჯანთან (ოსტინი, აშშ) და პროფესორ ვაჟა ბერეჟიანთან ერთად შემოთავაზებულ მოდელს დიდმასშტაბიანი მაგნიტური ველის გენერაციისათვის Theory of Magnetic Field Generation by Relativistically Strong Laser radiation. V.I. Berezhiani, S.M. Mahajan & N.L. Shatashvili. Phys. Rev. E 55, 995 (1997). ამ ნაშრომებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვეს და, რეალურად, ბიძგი მისცეს მრავალ ახალ კვლევას. აქვე აღვნიშნავ, რომ ამავე პერიოდში დავიწყე მუშაობა ასტროფიზიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანაზე, კერძოდ, მზის ატმოსფეროში გაცხელების პრობლემაზე, რასაც არაერთი პუბლიკაცია მოჰყვა ამ მიმართულებით, როგორც გაცხელებაზე, ასევე დინების აჩქარება-ფორმირებაზე ასტროფიზიკურ ობიექტებში. ამ ნაშრომებიდან ასევე გამოვყოფ ჰიპოტეზას/მოდელს მზის ატმოსფეროში პირველადი გაცხელებისას Formation and Primary Heating of the Solar Corona - Theory and Simulation. S.M. Mahajan, R.Miklaszewski, K.I. Nikol’skaya & N.L. Shatashvili. Phys. Plasmas. 8, 1340 (2001) – შემოთავაზებულს ს. მაჰაჯანთან, კ. ნიკოლსკაიასთან (რუსეთი) და რ. მიკლაშევსკისთან (პოლონეთი) ერთად, რომელშიც შემოთავაზებულ იქნა იდეა პლაზმური დინებების საშუალებით მზეზე გაცხელების პროცესისა. ეს საკითხი ბოლოდროინდელი დაკვირვებებით აბსოლუტურად დამაჯერებელი გახდა. საინტერესოა, რომ იმ პერიოდში (1999-2001 წწ.) ამ სტატიების გამოქვეყნების გამო დიდი დაბრკოლებებიც კი შეგვხვდა, რადგანაც ჯერ კიდევ არ არსებობდა ამის დამადასტურებელი ასტროფიზიკური დაკვირვებები. ასე რომ, რეალურად, თეორიული წინასწარმეტყველება გამოგვივიდა!“, – განაცხადა პროფესორმა ნანა შათაშვილმა. შემდგომში ეს თეორია ქალბატონმა ნანამ ასტროფიზიკური დისკი-ჯეტის სტრუქტურის უნივერსალური მოდელის შემოთავაზებით განავითარა ზენშო იოშიდასთან (ტოკიო, იაპონია) ერთად, რაზეც დღესაც აგრძელებს მუშაობას.
რაც შეეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგიურ მოღვაწეობას, ქალბატონი ნანა ამ მხრივ რამდენიმე ეტაპს გამოჰყოფს: „განსაკუთრებით საინტერესო იყო გაჭირვების წლებში მოღვაწეობა, როდესაც გაუსაძლის პირობებში გვიხდებოდა თსუ-ის პროფესურასა და სტუდენტებს კვლევა და სწავლა. ყველანი აქტიურად ვიყავით ჩართულნი სასწავლო და კვლევით პროცესებში. ასევე საინტერესო იყო განათლების სისტემაში რეფორმების გატარების წლები (2005-2008 წწ.), როდესაც წილად მხვდა იმ ჯგუფში მუშაობა, რომლებმაც თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით განახორციელეს არსებული სასწავლო პროგრამების მოდერნიზაცია ფიზიკის დარგში“, – ამბობს პროფესორი ნანა შათაშვილი, რომელსაც მთელი თავისი პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობა თსუ-ში აქვს გატარებული: „ჩემი წარმოდგენით უნივერსიტეტის იმიჯს ქმნიან ის წარმატებული მეცნიერები და სტუდენტები, რომლებიც დღეს თსუ-ში მოღვაწეობენ და ასევე ისინიც, რომლებიც უცხოეთის წამყვან აკადემიურ და სამეცნიერო ცენტრებში მოღვაწეობენ. მეამაყება, რომ ამაში დიდი წილი ფიზიკოსებსაც მიუძღვით“, – აღნიშნა მან. როგორც მიწვეული პროფესორი და მკვლევარი, იგი სხვადასხვა დროს უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში მუშაობდა, სადაც ჩართული იყო ყველა საუნივერსიტეტო თუ სამეცნიერო აქტივობაში, მათ შორის: ტოკიოს უნივერსიტეტში (The University Of Tokyo, იაპონია), ჩალმერსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (შვედეთი), აბდუს სალამის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრში (Abdus Salam ICTP, ტრიესტი, იტალია), ალკალა დე ჰენაარესის უნივერსიტეტში (მადრიდი, ესპანეთი) და ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტში (UBC, ვანკუვერი, კანადა).
ფიზიკოსი ნანა შათაშვილი 2009 წლიდან დღემდე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი, ხოლო 2013 წლიდან ამავე დეპარტამენტის ასტროფიზიკის კათედრის გამგე. 2014 წლიდან არის საქართველოს განათლების განვითარების ეროვნული ცენტრის „ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების შემუშავების“ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი. მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო და სამეცნიერო პრემია. 
პროფესორი ნანა შათაშვილი 63 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორია, მათ შორის მისი 40-მდე პუბლიკაცია გამოქვეყნებულია მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში. არის არაერთი საერთაშორისო კონფერენციისა და თანამშრომლობის პროექტის თანაორგანიზატორი, ასევე მიწვეული რეფერი სხვადასხვა მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე სამეცნიერო ჟურნალისა. Pპროფესორი ნანა შათაშვილი საქართველოს ფიზიკოსთა საზოგადოების წევრი და თბილისის ებრაული სახლის ერთ-ერთი დამფუძნებელია.