„მშობელთა კლუბი“ თავის საქმიანობას იწყებს

15 ოქტ 2015

„თსუ-ისსაბავშვოუნივერსიტეტი“ ახალ სასწავლო წელს ახალი, უფრო მასშტაბური შემეცნებითი, საგანმანათლებლო პროგრამით ხვდება. „თსუ-ის საბავშვო უნივერსიტეტის“ ხელმძღვანელობამ მოსწავლეთა მშობლებს „მშობელთა კლუბში“ გაწევრიანება და რამდენიმე პროექტში მონაწილეობა შესთავაზა

„მშობელთაკლუბში“ მშობელთა ჩართულობის პროგრამების, სკოლის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმირებულობის მნიშვნელობის შესახებ გვესაუბრება „თსუ საბავშვო უნივერსიტეტი" - სხელმძღვანელი მარინა ლომოური.

ქალბატონო მარინა, რა აქტივობებს შესთავაზებს თსუ-ის „მშობელთა კლუბი“ მასში გაწევრიანების მსურველ მშობლებსა და პედაგოგებს?

- თსუ საბავშვო უნივერსიტეტი წელს ახალ პროექტს იწყებს, რომელსაც „თსუ მშობელთა კლუბი“ დავარქვით. „თსუ მშობელთა კლუბი“ არის როგორც ვირტუალური (facebook კლუბი) ასევე რეალური კლუბი, რომელსაც კონკრეტული მისამართი გააჩნია, სადაც მშობლებს მყუდრო გარემო და კეთილგანწყობილი სპეციალისტები დახვდებიან. ჩვენ ასევე მზად ვართ, შეხვედრები გავმართოთ - სკოლებში, საბავშვო ბაღებში ან მშობლების თავშეყრის სხვა ნებისმიერ ადგილას.

შეხვედრების დროს მშობლებს შეეძლებათ თავიანთი გამოცდილების, პრობლემების, სირთულეების განხილვა, გამოცდილების გაზიარება. დაიგეგმება სისტემატური შეხვედრები მშობლებთან როგორც თბილისის, ასევე რეგიონის სკოლებში, მოეწყობა კონკრეტული აქტუალური პრობლემების განხილვა. საბავშვო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსდება „მშობელთა კლუბი“, რაც საშუალებას მისცემს ყველა მსურველს, გააზიაროს თავისი მოსაზრება, წამოიწყოს დისკუსია, მიიღოს კომპეტენტური რჩევა და ასე შემდეგ.

ჩვენი კლუბი თავისუფალი სოციალური სივრცეა, მაგრამ ერთი შეზღუდვით: ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, არ გავცეთ პასუხი, დავბლოკოთ ან წავშალოთ ტექსტი, თუ მასში დისკრიმინაციის, ინსინუაციის ან სხვა რაიმე ფორმით საზოგადოების, რომელიმე სოციალური ჯგუფის ან პიროვნების შეურაცხყოფის მცდელობას აღმოვაჩენთ. გარდა ამისა, მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ უწყვეტი განათლების ცენტრის პროგრამების ფარგლებში სხვადასხვა ფასიანი კურსი შეარჩიონ.

- მშობელთაკრება სკოლებში ვერ უზრუნველყოფს მაქსიმალურ ინფორმირებასმიმდინარე პროცესებისა და 
სიახლეების თაობაზე. მეტი ინფორმირებულობისთვის რა ღონისძიებების გატარებას გეგმავთ?

- ჩვენს ქვეყანაში ოჯახის მთავარი საზრუნავი კარგი შვილის აღზრდა და მისთვის კარგი განათლების მიცემაა. რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ, მშობლებმა, რომ ჩვენი შვილების წარმატებულ მომავალს, კარგი განათლების მიღებას ხელი შევუწყოთ? მშობლებს შვილების აღზრდა-განათლების საკითხში საკვანძო მისია აკისრიათ და „საბავშვო უნივერსიტეტის“ აქტიურობა ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია. ჩვენ თხოვნით მივმართავთ მშობლებს, გაწევრიანდნენ თსუ-ის მშობელთა კლუბში, რათა ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთ, აღზრდისა და განათლების სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე ერთად ვიმსჯელოთ, შევხვდეთ პედაგოგიკის, ფსიქოლოგიის, მედიცინის სპეციალისტებს, მეცნიერებს, მწერლებს, საზოგადოების თვალსაჩინო მოღვაწეებს, მშობლებთან ერთად დავსახოთ მუშაობის გეგმა, დავეხმაროთ ჩვენს შვილებს პიროვნულ განვითარებაში, კარიერულ წინსვლაში და წარმატების მიღწევაში.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ პროექტის განხორციელებისას შესაძლოა თავი იჩინოს სხვადასხვა პრობლემამ. ეს შეიძლება იყოს მშობელთა მოტივაციის დაბალი დონე, მოუცლელობა, ეკონომიკური და კულტურული დაყოფა, სტერეოტიპული შეხედულებები და ის დიდი კედელი, რაც წლების მანძილზე არსებობს სასწავლო დაწესებულებასა და მშობლებს შორის. რადგან საქართველოსთვის მშობლის ჩართულობის ცნება შედარებით ახალია, მოსალოდნელია, თავიდან ჩართულობის დაბალი მაჩვენებელი მივიღოთ, მაგრამ იმედი გვაქვს, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ჩვენი აქტიური თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მშობელთა მოტივაციას და ინტერესის გაზრდას.

მასწავლებლისა და მშობლის აქტიური თანამშრომლობით შესაძლებელია სხვადასხვა არასასურველი შედეგის (სწავლასთან, ქცევასთან, სოციალურ ურთიერთობებთან დაკავშირებული პრობლემების) პრევენცია მოხდეს. რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა უკვე გავმართეთ თბილისისა და რუსთავის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, რამაც მშობელთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

- ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობებისგარდა, მშობელთა კლუბში გაწევრიანება ხელს შეუწყობს თუ არა მშობელთა ცნობიერების ამაღლებას ინკლუზიური განათლების მიმართულებითაც?

- რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, მშობლებს გავაცნოთ ის უახლესი მეთოდები, რომლებიც დაეხმარებათ მათ შვილების მოტივაციასა და სტიმულირებაში. მშობლებმა უნდა შეიძინონ პრაქტიკული უნარები თავიანთი შვილების დასახმარებლად.

მშობლებთან შეხვედრების დროს ასევემოხდება მშობლების ინფორმირება მოზარდის საჭიროებების შესახებ, ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურებების, მოზარდის უსაფრთხოების დაცვისა და სამართლებრივი რისკების, ოჯახში ძალადობის შედეგებისა და პრევენციის შესახებ.

საკუთარი მაგალითით უნდა დავუმტკიცოთ ჩვენს შვილებს, რომლებიც ჩამოყალიბების პროცესში იმყოფებიან, რომ საერთო გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში ჩართვა ღირს ძალისხმევად და ხშირ შემთხვევაში, ეს სახალისო და საინტერესო პროცესია.