„კაცი – დღესასწაული“

22 მაი 2018

ჯანსუღ კახიძემ 1958 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (საგუნდო სადირიჟორო განხრით) ოდისეი დიმიტრიადის სადირიჟორო ჯგუფში და სტაჟირება გაიარა საფრანგეთში იგორ მარკევიჩთან. 1958-1962 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. 1957 წელს ჩამოაყალიბა ვოკალური ანსამბლი „შვიდკაცა“. 1962-1971 წლებში იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი, 1965 წელს – მთავარი დირიჟორი. 1972 წელს მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით დაიდგა ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“. 1973 წლიდან ჯანსუღ კახიძე საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი იყო. მას შექმნილი აქვს მუსიკა კინოფილმებისთვის: „შერეკილები“ – გია ყანჩელთან ერთად, „დათა თუთაშხია“ – ბიძინა კვერნაძესთან ერთად და სხვა; მისი ხელმძღვანელობით თბილისში პირველად შესრულდა მთელი რიგი კლასიკური ნაწარმოებები. მის შემოქმედებას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იცნობდნენ. იგი დირიჟორობდა ბავარიის და ლონდონის სიმფონიურ ორკესტრებს, ასევე პარიზის, მილანის, ლა-სკალას, ვაშინგტონის, ბოსტონის, სიდნეისა და მელბურნის სიმფონიურ ორკესტრებს.

მისი „ჯადოსნური“ სადირიჟორო ჯოხი იტალიის ქალაქ ბუსეტოში, ვერდის სახლ-მუზეუმში ინახება... სწორედ ამ ჯოხმა მოუტანა მას მსოფლიო აღიარება, პოპულარობა და ხალხის სიყვარული. დიდი მაესტროს – ქართველი დირიჟორის, ლოტბარის, კომპოზიტორისა და მომღერლის, საქართველოს სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატის, საქართველოს სახალხო არტისტის ჯანსუღ კახიძის ცხოვრება და შემოქმედება ბევრ „დაუვიწყართან“, „პირველთან“ და „განსაკუთრებულთან“ ასოცირდება. 
იგი იყო „კაცი – დღესასწაული“ – ასე მოიხსენია თსუ-ის პროფესორმა ვალერი ასათიანმა დიდი მაესტრო 26 აპრილს თსუ-ის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით გამართულ ჯანსუღ კახიძისადმი მიძღვნილ შემოქმედებით საღამოზე, რომელსაც სტუდენტებთან ერთად ჯანსუღ კახიძის ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები დაესწრნენ. 
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, ასევე, მომღერალი ეკა მამალაძე, ანზორ ერქომაიშვილი და ანსამბლი „რუსთავი“.
სტუდენტებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ჯანსუღ კახიძის ბიოგრაფია. მათთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო დოკუმენტური კადრები, რომელმაც შემოინახა მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები.

საქართველოს სახალხო არტისტმა, ფოლკლორისტმა ანზორ ერქომაიშვილმა მეგობარი და კოლეგა ასე გაიხსენა: „ბედნიერი ვარ, რომ იმ პერიოდში მომიწია ცხოვრება, როდესაც ჯანსუღ კახიძე მოღვაწეობდა. მისმა შემოქმედებამ ჩემს თვალწინ გაიარა. მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ 1957 წელს მან ფოლკლორული ანსამბლი „შვიდკაცა“ ჩამოაყალიბა, რომელმაც სულ მოკლე დროში წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ ფოლკლორში. მოწმე ვარ იმ დიდი წარმატებებისა, რომელიც ანსამბლმა მოიპოვა – მათ მოიარეს არა მარტო საბჭოთა კავშირის მოკავშირე რესპუბლიკები, არამედ საზღვარგარეთის ქვეყნები. სწორედ ჯანსუღ კახიძემ პირველმა გაუკვალა გზა ევროპაში ქართულ ფოლკლორს. იგი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი გახლდათ. უმაღლესი კლასის დირიჟორის პირველი სიმფონიური კონცერტები დაუვიწყარი იყო. იგი სხვადასხვა ქვეყანაში დირიჟორობდა ორკესტრებს, დგამდა სპექტაკლებს, მან პირველმა გაიტანა ქვეყნის გარეთ „აბესალომ და ეთერი“, სადაც საოპერო დასს დიდი წარმატება ხვდა წილად. 2000 წელს, როდესაც იუნესკოს კომისიის წევრი გავხდი, ჩემი პარიზში ჩასვლა ჯანსუღ კახიძის გასტროლებს დაემთხვა, სადაც ის პარიზის ცნობილ ორკესტრს დირიჟორობდა. მეორე დღეს იუნესკოს კომისიაში მხოლოდ ამაზე საუბრობდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ასეთი მაღალი დონის დირიჟორი ღირსია მსოფლიო სამეულში შევიდესო. 
დაუვიწყარია მისი გაკვეთილები, იგი არა მხოლოდ მუსიკოსებს, არამედ კარგ მსმენელებად ზრდიდა მომავალ თაობას და დღეს თუ საკონცერტო დარბაზებში მისი შვილის – ვახტანგ კახიძის კონცერტები ანშლაგით იმართება, ესეც მისი მოღვაწეობის შედეგია. ჯანსუღ კახიძემ, ასევე, უნიკალური ნიმუშები შექმნა ქართულ სასიმღერო ხელოვნებაში, თუმცა თავს კომპოზიტორად არ თვლიდა. თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტი გახლდათ. იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანაში სამოქალაქო ომი იყო, მან არაერთი შემოთავაზება მიიღო უცხოეთიდან, მაგრამ ამჯობინა – თავის ხალხთან ერთად გამოეარა გაჭირვება. იგი იყო უანგარო მეგობარი, იშვიათი იუმორით დაჯილდოებული პიროვნება, ყველა დროის დიდ დირიჟორად და მუსიკოსად დარჩება. სასიამოვნოა, რომ უნივერსიტეტი მომავალ თაობას უნახავს ასეთი დიდი შემოქმედის სახელს“, – აღნიშნა ანზორ ერქომაიშვილმა. 
ჯანსუღ კახიძის შემოქმედებაზე თსუ-ის პროფესორმა ვალერი ასათიანმაც ისაუბრა: „ჯანსუღ კახიძე ეროვნულ მეხსიერებაში სამუდამოდ აღიბეჭდა. იგი არაჩვეულებრივი მუსიკოსი, შემსრულებელი და დირიჟორი იყო. ვეთანხმები ერთ პოეტს, რომელიც ამბობდა: ჯანსუღ კახიძის გაცოცხლებულ ხალხურ სიმღერებს რომ ვისმენ, ისეთი შეგრძნებაა, თითქოს შორეული წინაპარი გელაპარაკებაო“. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ იგი, ამავე დროს, იყო მოდერნისტი, ნოვატორი, მუდმივად სიახლის მაძიებელი, რომელმაც მრავალი საინტერესო ნიმუში შექმნა. 
მას ძალიან უყვარდა ახალგაზრდობა, შეეძლო მათი ნიჭიერებით აღფრთოვანება. მას ისეთი რეგისტრი ჰქონდა, რომ იმ სიმაღლიდან ყველაფერი ჰარმონიულად აღიქმებოდა. ამავე დროს, შეუვალი იყო, როდესაც საქმე პრინციპების დაცვას ეხებოდა. მისი წყალობით ქართული საზოგადოება მომსწრე ყოფილა არაერთი ზეიმისა, მას აღფრთოვანებით ხვდებოდნენ ქვეყნის გარეთაც. გვახარებს ის ფაქტი, რომ დღეს მუსიკალურ-კულტურული ცენტრი, რომელიც დიდმა მაესტრომ დააფუძნა, საიმედო ხელშია და ვახტანგ კახიძის მეშვეობით კვლავ ეროვნული კულტურის ეპიცენტრშია. ჯანსუღ კახიძე იყო „ადამიანი – დღესასწაული“, რომელიც ყოველთვის ჩვენთან დარჩება“, – განაცხადა ვალერი ასათიანმა. 
ღონისძიებას ესწრებოდა ჯანსუღ კახიძის შვილი, მუსიკოსი და დირიჟორი ვახტანგ კახიძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა თსუ-ის სტუდენტურ თვითმმართველობას და დამსწრე საზოგადოების წინაშე მამის მოღვაწეობა გაიხსენა: „ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ დღეს უნივერსიტეტში ჯანსუღ კახიძეს იხსენებენ. იყო პერიოდი, როდესაც მამას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა უნივერსიტეტთან, როდესაც აქ მუსიკის მოყვარულთა კლუბი ფუნქციონირებდა. იგი ამ სცენაზე წელიწადში რამდენჯერმე კონცერტს მართავდა, რის შემდეგაც მიმდინარეობდა დისკუსიები, საუბრები მუსიკაზე და ხელოვნებაზე. მახსოვს, მამა ამ შეხვედრებიდან ყოველთვის კმაყოფილი და ერთგვარად განცვიფრებულიც მოდიოდა, რადგან ახალგაზრდები ასეთ ინტერესს იჩენდნენ კლასიკური მუსიკის მიმართ. სასიამოვნოა, რომ დღეს ჩვენ ამ კედლებში კვლავ ვიხსენებთ მის მოღვაწეობას“, – აღნიშნა ვახტანგ კახიძემ. 
დიდი მაესტრო მომღერალმა ეკა მამალაძემაც გაიხსენა. „ბედნიერება მერგო, მეცხოვრა ამ ადამიანის გვერდით და სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ჯანო კახიძეს გამორჩეული დამოკიდებულება ჰქონდა ჩემ მიმართ. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც ვმუშაობდით ერთად, მონაწილეობას ვიღებდი მის მიერ გამართულ კონცერტებზე. დედა, ცოტა არ იყოს, „ეჭვიანობდა“ კიდეც. დაუვიწყარია მისი საკონცერტო საღამოები, სადაც მე, როგორც მომღერალმა, პირველი ნაბიჯები გადავდგი გოგი დოლიძესთან ერთად. ამიტომ მის მიმართ მეც განსაკუთრებული გრძნობა მქონდა. მას კიდევ ბევრი სასიკეთო საქმე დარჩა გასაკეთებელი. მისი დაკარგვით საქართველომ დიდი დანაკლისი განიცადა“, – გაუზიარა თავისი ემოცია საზოგადოებას ეკა მამალაძემ. 
შეხვედრაზე ჯანსუღ კახიძისეული რეპერტუარით წარსდგა ანსამბლი „რუსთავი“. ჯანსუღ კახიძის მიერ დაწერილი სიმღერები შეასრულეს მომღერალმა ეკა კახიანმა და ვახტანგ კახიძემ. როგორც თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მომავალში მსგავსი შეხვედრებით კვლავ „გაანებივრებენ“ სტუდენტებს.