როგორ ხვდება მომავალ სასწავლო სემესტრს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი?

25 აპრ 2018

გუშინ, დღეს, ხვალ
სულ ცოტა ხნის წინ საუნივერსიტეტო საზოგადოებას ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გასული წლის გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
რა პრიორიტეტები გამოიკვეთა 2017 წელს და როგორ ხვდება მომავალ სასწავლო სემესტრს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი? – ამის შესახებ გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტს“ თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ქალბატონი ნუნუ ოვსიანიკოვა ესაუბრა.

– ქალბატონო ნუნუ, რა იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციისთვის გასული წლის ძირითადი პრიორიტეტები?
– უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მოქმედებს სტრატეგიული განვითარების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, რაც, პირველ რიგში, სტუდენტის, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის საჭიროებებზე ორიენტირებულ ადმინისტრირებას გულისხმობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესებაზე ზრუნვა. სტუდენტების ინტერესების გათვალისწინება, მათი პრობლემების გადაჭრა ადმინისტრაციის უპირველესი ამოცანაა. ჩვენი ორიენტირებია: ღიაობა, ინოვაციურობა, გამჭვირვალობა.
გასულ წელს დიდი ყურადღება დაეთმო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარებას, ადმინისტრირების ინოვაციური მეთოდების დანერგვას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობას. ამ ამოცანების გადაწყვეტა კი შესაძლებელია მხოლოდ სათანადო ფინანსური უზრუნველყოფის შემთხვევაში. შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაგვეანალიზებინა – თუ რა რესურსებს ვფლობდით და როგორ უნდა გადაგვეწყვიტა, მწირი ბიუჯეტის პირობებში, დასახული ამოცანები. სამწუხაროდ, გვიწევს იმ ფაქტის კონსტატაცია, რომ ბოლო წლებში ფიქსირდება უნივერსიტეტის ეკონომიკური შემოსავლის შემცირების ტენდენცია.
– რამ განაპირობა ეკონომიკური შემოსავლის შემცირება?
– როგორც მოგეხსენებათ, უნივერსიტეტის შემოსავლის ერთ-ერთ ძირითად წყაროს სტუდენტების მიერ გადახდილი სწავლის საფასური წარმოადგენს. ამ შემოსავლებით ფინანსდება აკადემიური, ადმინისტრაციული, დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება, კომუნალური გადასახადები, საგადასახადო გადასახადები, ოფისის ხარჯები, მივლინებები, სახელმწიფო შესყიდვები და სხვა.
უნივერსიტეტის ბიუჯეტის დამტკიცებისას არაერთხელ აღვნიშნავდი, რომ ფინანსური რესურსების კუთხით რთული მემკვიდრეობა გვერგო. არსებობდა შემოსავლის შემცირების ტენდენცია, რომელიც რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული. კერძოდ, ბოლო წლებში შემცირდა აქტიური და სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტების რაოდენობა. გარკვეულწილად, შემოსავლის შემცირება განაპირობა პროგრამული დაფინანსების წესში შეტანილმა ცვლილებებმაც – უკვე აღარ ფინანსდებიან პროგრამული დაფინანსების ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტები, რამაც გამოიწვია 2017/2018 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტებიდან შემოსავლის შემცირება 900 000 ლარის ფარგლებში. ასეთ პირობებში კი, გარდამავალი ნაშთის ხარჯზე, ხარჯები შემოსავალზე მეტი იყო. ამან, თავის მხრივ, გამოიწვია გარდამავალი ნაშთის თანდათანობითი შემცირება, რამაც უნივერსიტეტის ფინანსურ მდგრადობას გარკვეული საფრთხე შეუქმნა.
– რა გზები დაისახა ამ პირობებში უნივერსიტეტის ფინანსური უზრუნველყოფისთვის?
– მოცემულ ეტაპზე ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების რამდენიმე გზაა: გაიზარდოს შემოსავალი, მოვახდინოთ ხარჯების ეკონომია, მოვიზიდოთ სახსრები გარე წყაროებიდან და მოვახდინოთ არსებული რესურსების კომერციალიზაცია. სწავლის საფასურის ოდენობის გაზრდა არ არის გამოსავალი. უფრო მეტიც, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით და სტუდენტების სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით (თუ როგორ უჭირთ სწავლის გადასახადის სრული ოდენობით გადახდა), დავუშვით შესაძლებლობა, რომ სტუდენტებს მათ მიერ შედგენილი გრაფიკის მიხედვით გადაეხადათ სწავლის სემესტრული საფასური. მართალია, სტუდენტების ფინანსური დავალიანება 5 მილიონ ლარს აღემატება, მაგრამ 4000-მდე სტუდენტს კიდევ ერთხელ მიეცა შანსი სწავლის გაგრძელებისა, რაც, ვფიქრობთ, უნივერსიტეტის მხრიდან მათთვის დიდი ხელშეწყობაა.
შექმნილ პირობებში აუცილებელია სახელმწიფო დონეზე დაფინანსების ამჟამად არსებული წესისა და პირობების შეცვლა. პროცესი ჩვენზე არაა დამოკიდებული, თუმცა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა აქტიურადაა ჩართული აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ პრობლემა უახლოეს დროში მოგვარდება.
ამგვარი არამყარი ფინანსური რესურსების პირობებში ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ხარჯების ეკონომიამ და სახსრების გარე წყაროებიდან მოზიდვამ. ამ გზით 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, 3%-ით შემცირდა მივლინების, ხოლო 18%-ით წარმომადგენლობითი და ადმინისტრაციული ხარჯები. ამასთან, უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მივიღეთ 6 მილიონ ლარზე მეტი. გარდა აღნიშნულისა, უნივერსიტეტმა მოიპოვა 102 საგრანტო პროექტი, მათ შორის 8 – საერთაშორისო გრანტებიდან. გრანტებით მოზიდული თანხები 12 მილიონ ლარს აღემატება. Aასევე მიმდინარეობს აქტივობები არსებული რესურსების კომერციალიზაციისათვის.
– რომელ პრიორიტეტულ მიმართულებებს მოხმარდა ეკონომიის ხარჯზე მიღებული სახსრები და რა გაკეთდა უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისთვის?
– ხარჯების ეკონომიით მიღებული სახსრები, ძირითადად, მიმართული იქნა სარემონტო სამუშაოებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისათვის. განისაზღვრა ჩასატარებელი სამუშაოების პრიორიტეტები. კერძოდ, ბიოლოგების კორპუსში ჩატარდა გადახურვის სამუშაოები, დასრულდა მაღლივი კორპუსის ფანჯრების გამოცვლა, სასწავლო კორპუსებში გარემონტდა აუდიტორიები, კაბინეტები, ლაბორატორიები, სველი წერტილები და სხვა. ინფრასტრუქტურაზე და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებაზე საანგარიშო პერიოდში, სულ, 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
გარდა აღნიშნულისა, 2017 წლის ბოლოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის პროგრამების ფარგლებში, გაფორმდა ხელშეკრულებები და 5 829 877 ლარი გამოიყო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სარემონტო სამუშაოებისათვის, ასევე გამოყოფილია 577 629 ლარი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სარემონტო სამუშაოებისა და აღჭურვისათვის და 323 788 ლარი რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სარემონტო სამუშაოებისათვის.
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საინფორმაციო ტექნოლოგიების სრულყოფის მხრივ. მომზადდა ტექნიკური დოკუმენტაცია და შესრულდა წინასწარი სამუშაოები სატელეფონო ინფრასტრუქტურის ციფრულით სრულად ჩანაცვლებისათვის, რაც საკომუნიკაციო ხარჯებს 75%-მდე შეამცირებს. დაინერგა ინტერნეტ-როუმინგის საერთაშორისო სისტემა. 2017 წლის განმავლობაში შეძენილ და დამონტაჟებულ იქნა 300-მდე კომპიუტერული, 100-ზე მეტი საბეჭდი მოწყობილობა, 35 აუდიტორია აღიჭურვა პროექტორით, ეკრანით და ა.შ.
აქვე მინდა მადლობა ვუთხრა უნივერსიტეტის თითოეულ თანამშრომელს არსებული ფინანსური რეალობის გათავისების, თანადგომისა და მხარდაჭერისთვის, რამაც საშუალება მოგვცა – ადმინისტრაციული ხარჯების ეკონომიით გამოთავისუფლებული თანხა მთლიანად მიმართულიყო უნივერსიტეტის სრულყოფილად ფუნქციონერებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაუმჯობესებლად.
– უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია მეცნიერებაზე ზრუნვა და საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება. რა საქმიანობა გასწია ამ მიმართულებით ადმინისტრაციამ და რა შედეგები გვაქვს ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მხრივ?
– ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან შემუშავდა აკადემიური თანამშრომლობის ფორმატი. საანგარიშო პერიოდში განათლებისა და კულტურის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის 23 ხელშეკრულება გაფორმდა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ერთობლივ პროგრამებს. ამჟამად უნივერსიტეტში მოქმედებს 22 უცხოენოვანი პროგრამა, რომელთაგან 7 პროგრამა გასცემს დიპლომს ორმაგი აკადემიური ხარისხით. სხვადასხვა ევროპულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობით მომზადდა და ევროკომისიაში დასაფინანსებლად წარვადგინეთ „ერაზმუს+“-ის საერთაშორისო კრედიტმობილობის 73 საერთაშორისო საგრანტო განაცხადი, რომელთაგან დაფინანსდა ნახევარზე მეტი. ასევე, გაიზარდა უცხოელი სტუდენტების რიცხვიც.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულება 200-მდე პარტნიორ უნივერსიტეტთან აქვს გაფორმებული და მათთან ერთად ხორციელდება სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო პროექტები. გასული წლის განმავლობაში უნივერსიტეტში გაიხსნა რამდენიმე თანამედროვე კვლევითი-სამეცნიერო ლაბორატორია და 2018 წელსაც ვგეგმავთ ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას.
რაც შეეხება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფინანსურ უზრუნველყოფას, გასულ წელთან შედარებით, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაზე 2,5 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.
– როგორც თქვენ განაცხადეთ, გასულ წელს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იყო სტუდენტური ცხოვრების ხელშეწყობა. კონკრეტულად რა გაკეთდა ამ კუთხით და რაში გამოიხატებოდა ადმინისტრაციის მხრიდან სტუდენტების მხარდაჭერა?
– სტუდენტების ინტერესების გათვალისწინება ადმინისტრაციის საქმიანობის პრიორიტეტია. უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს სტუდენტური კვლევების, შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობაზე, მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია სტუდენტური ღონისძიებების მხარდაჭერა, რაც გულისხმობს სტუდენტური ინიციატივების წახალისებას; სამეცნიერო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების პროექტების დაფინანსებას თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით; სტუდენტების ბიზნეს-იდეების მხარდაჭერას. შემუშავდა სტუდენტური ღონისძიებების დაფინანსების წესი, რომელმაც პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე გახადა.
2017 წელს, სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს გადაწყვეტილებით, 780 000 ლარით დაფინანსდა 161 სტუდენტური პროექტი. მათ შორის, სამეცნიერო პროექტების დაფინანსებამ შეადგინა აღნიშნული პროექტის საერთო ბიუჯეტის 67%, ხოლო კულტურული და სპორტული ღონისძიებების სტუდენტური პროექტების დაფინანსებამ – 33%.
წარჩინებული სტუდენტები უზრუნველყოფილნი იყვნენ 150-ლარიანი სახელმწიფო სტიპენდიით. სემესტრულად 618 წარჩინებულ სტუდენტზე გაიცა 938 100 ლარის სახელმწიფო სტიპენდია. საუნივერსიტეტო დაფინანსებიდან 667 მაღალი აკადემიური შედეგების მქონე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის წარჩინებული სტუდენტი დაფინანსდა.
სტუდენტთა გაცვლით პროგრამებში, სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებში, იმიტირებულ პროცესებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად დაფინანსდა 234 სტუდენტი, 500 დოქტორანტს კი გაეწია სწავლის გადასახადის შეღავათი.
განხორციელდა თსუ-ის საბავშვო უნივერსიტეტის პროექტები, როგორც უნივერსიტეტში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. აღსანიშნავია, აგრეთვე, სტუდენტური და თსუ-ის საბავშვო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი „თსუ დესპანის“ მიერ გაწეული საქმიანობაც.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გადმოგვეცა და ექსპლუატაციაში შევიდა 320-ადგილიანი თანამედროვე სტანდარტების სტუდენტური საერთო საცხოვრებელი.
– ჩვენი საუბარის შესაჯამებლად მკითხველს კიდევ ერთხელ მოვუთხროთ – თუ რა სამუშაოები იქნა განხორციელებული 2017 წელს ადმინისტრაციის წინაშე დასახული ამოცანების გადასაჭრელად?
– 2017 წელს ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის შემდეგ ძირითად მიმართულებებს გამოვყოფდი. კერძოდ,
ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით:
მაღლივ კორპუსში შეიცვალა ფანჯრები, კორპუსების მიხედვით შესრულდა სველი წერტილებისა და სახურავების სარემონტო სამუშაოები და დაიხარჯა 1 031 052 ლარი.
დაიწყო უნივერსიტეტის მეორე კორპუსისა და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
გაუმჯობესდა უნივერსიტეტის აუდიტორიებისა და ლაბორატორიების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და დაიხარჯა 1 370 022 ლარი.
ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისათვის ჩვენი სახსრებით განხორციელდა 3 344 238 ლარის სამუშაოები, ხოლო სახელმწიფოსაგან მივიღეთ 6 731 294 ლარი. გარდა ამისა, გადმოგვეცა 6 498 892 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან კოორდინირებულად გრძელდება უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული ქონების გადმოცემის პროცედურები.
საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების კუთხით:
დაინერგა საქმის წარმოების და დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა.
მაღლივ კორპუსში დასრულდა ქსელური ინფრასტრუქტურის მოდიფიკაცია. შეიცვალა ქსელების არქიტექტურა, ყველა აუდიტორიაში მოხდა ინტერნეტის ქსელის მიყვანა და სართულებზე დამონტაჟდა ინტერნეტთან წვდომის უსადენო მოწყობილობები.
დაინერგა სააუდიტორიო რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა. სტუდენტებისთვის შეიქმნა საერთო საცხოვრებლების ონლაინ რეგისტრაციის სისტემა.
ორგანიზაციული მართვის სისტემის უზრუნველსაყოფად:
აუდიტორულმა კომპანიამ „PriceWaterhouseCoopers“ წარმოადგინა დასკვნა უნივერსიტეტის ორგანიზაციული ეფექტიანობის ანალიზის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაისახა სამოქმედო გეგმა შედეგზე ორიენტირებული მენეჯმენტის უზრუნველსაყოფად და ეფექტიანობაზე დამყარებული ოპტიმალური ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად.
უზრუნველვყავით ავტორიზაციის სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების ანგარიშის მომზადებისათვის მასალების დამუშავება და წარდგენა.
სტუდენტური ცხოვრების კუთხით:
ლისის ტბაზე ფუნქციონირება დაიწყო სტუდენტთა კეთილმოწყობილმა საერთო საცხოვრებელმა და სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა იცხოვრონ კომფორტულ გარემოში;
აღსანიშნავია, რომ მოგვარდა სტუდენტების კვების საკითხი და უნივერსიტეტის სხვადასხვა კორპუსში ფუნქციონირება დაიწყო კვების ოთხმა ობიექტმა.
ბაგებისა და ლისის ტბის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში ამოქმედდა კომპიუტერული რესურს-ცენტრი.
დამზადდა და სტუდენტებს გადაეცათ მრავალფუნქციური გამოყენების სტუდბილეთები.
გაიზარდა სტუდენტთა ჩართულობა უნივერსიტეტის ინსტიტუციურ გაცვლით პროექტებში და სტუდენტები გაიგზავნა დასავლეთ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე ჩინეთის, სხვადასხვა 100-მდე უნივერსიტეტში.
სრულად დაფინანსდა „ერაზმუს+“-ის პროექტის ფარგლებში 222 სტუდენტი.
შეიქმნა ახალი ვებ-გვერდის კონცეფცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს განახლებული ვებ-გვერდი იყოს გაცილებით მოქნილი, ინფორმაციული, მომხმარებელზე ორიენტირებული და პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს.
შემუშავდა სტუდენტური ღონისძიებების დაფინანსების ახალი წესი.
მნიშვნელოვანია, რომ საუნივერსიტეტო სიახლეებზე, თსუ-ში მეცნიერებისა და სტუდენტების საქმიანობის თაობაზე და მათ წარმატებებზე მუდმივად მიეწოდება ინფორმაცია საზოგადოებას. 2017 წლის განმავლობაში მედია საშუალებებში გავრცელდა 6000-მდე ინფორმაცია, სტატია, ტელე და რადიო სიუჟეტი, გადაცემა უნივერსიტეტისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტს, რომ 2017 წელს დაარსდა ქართული უნივერსიტეტის საზოგადოება (ფონდი) და წარმატებით განხორციელდა უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებული აქტივობები.
– როგორია მომავალი წლის გეგმები?
– სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, დაწყებულია შემდეგი აქტივობები: მიმდინარეობს ფინანსური რესურსების მობილიზება ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად; საუნივერსიტეტო მასშტაბით სრულყოფილი სახელფასო პოლიტიკის შემუშავების უზრუნველსაყოფად; ინოვაციური პროექტებისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდასაჭერად; ასევე, ზრუნვა მათ კომერციალიზაციაზე; ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შემდგომი განვითარების ფინანსური უზრუნველყოფისათვის; მიმდინარეობს ღონისძიებები სტუდენტთა მომსახურების სერვისების გაუმჯობესების, სტუდენტური საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, კულტურულ-სპორტული პროექტებისა და აქტივობების ფინანსური მხარდაჭერისათვის. მიმდინარეობს სახელმწიფოსაგან პროგრამული დაფინანსების მოპოვების და ინვესტორების მოძიების სამუშაოები. „მცირე საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, საერთაშორისო ცენტრის დაფინანსებით, სტუდენტური ინიციატივების წახალისებასა და სტუდენტების ბიზნეს იდეების მხარდასაჭერად შეიქმნება „ინოვაციური ცენტრი“. გრძელდება სამუშაოები სპეციალური სასწავლო საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის სპეციალური გარემოს შესაქმნელად.
დასასრულ, მინდა აღვნიშნო, რომ წლევანდელი წელი განსაკუთრებულია – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. უნივერსიტეტი იყო და რჩება ქვეყანაში უმაღლესი განათლების პირველ და მთავარ კერად. ჩვენ ვამაყობთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღიარებულია არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ მისი პოზიცია გაუმჯობესდა მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების სისტემაში. უნივერსიტეტი 2018 წლის საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2%-ში შედის (The U.S.News&World Report) და მას საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ლიდერის პოზიცია უკავია.
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მომავალ წელსაც შეეცდება, რომ ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო განვითარებას, საუნივერსიტეტო აქტივობებს.