ქიმია, უნივერსიტეტი და მისი უდიდებულესობა – მეცნიერი!

24 აპრ 2018

შტრიხები ელიზა მარქარაშვილის პორტრეტისთვის

კასპში, ჩვეულებრივი მოსამსახურის ოჯახში დაიბადა. არასოდეს უფიქრია, რომ ცხოვრებას და მთელ თავის საქმიანობას ქიმიას მიუძღვნიდა, თუმცა ეს მანამ, ვიდრე სკოლის გაკვეთილზე პედაგოგი – ქალბატონი ნუნუ ლაცაბიძე შევიდოდა. იმ დღეს დაიწყო პირველი გაკვეთილი და მას მერე ქიმიას აღარასდროს მოსცილებია – ხან სახლში, ხანაც მასწავლებელთან ერთად, გაკვეთილების შემდეგ, მენდელეევის ტაბულის სიღრმეებში ისწავლა ხეტიალი. სკოლის დასრულების შემდეგ კი სხვაგან წასვლა არც უფიქრია – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მოაშურა – ისწავლა, დაამთავრა, აქვე დაიწყო მუშაობა და მეტი სამუშაო ადგილი მის ბიოგრაფიაში არც არის – 1982 წლიდან დღემდე სამსახურეობრივი გამოცდილების გრაფაში ყველგან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია მითითებული. 
ამ ადამიანს იცნობს ყველა, ვისაც ერთხელ მაინც შეუვლია თვალი ქიმიკოსების მიერ მოწყობილი სამეცნიერო, სტუდენტური თუ საბავშვო ღონისძიებებისთვის – ათასგვარ ქიმიურ ცდებსა და ფერად-ფერად „დრაკონებში“ მუდმივად ჩანს მომღიმარი, მოფუსფუსე და დაინტერესებული ადამიანებისთვის ყველა კითხვაზე მოპასუხე ქალბატონი ელიზა მარქარაშვილი – ქიმიის დოქტორი, თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაკრომოლეკულების ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის გამგე, საბავშვო უნივერსიტეტის კოორდინატორი და უბრალოდ, თავისი საქმის პროფესიონალი.

უნივერსიტეტში 1976 წელს ჩაირიცხა. ამბობს, რომ ქიმიისადმი ინტერესი ლექტორებმა, განსაკუთრებით კი დოცენტმა ცისანა ვარდოსანიძემ და აკადემიკოსმა ლოტარ ხანანაშვილმა გაუღრმავეს, რადგან მონდომებას ამჩნევდნენ და ხელსაც უწყობდნენ, რომ სასწავლო მივლინებებში ევლო და ცოდნა სხვადასხვა მოწინავე უნივერსიტეტში გაეღრმავებინა. ასე მოიარა ბალტიისპირეთის ქვეყნები, უკრაინა, რუსეთი – მოსკოვის და ლენინგრადის ინსტიტუტები, საკანდიდატო დისერტაციის ძირითადი ნაწილიც იქ გააკეთა და 1989 წელს დაიცვა კიდეც მაკრომოლეკულების ქიმიაში. ახლა მადლიერებით იხსენებს თავის პედაგოგებს და მხოლოდ ერთ რამეზე წყდება გული – თავის დროზე არ გამოიყენა გერმანიაში წასვლის შესაძლებლობა, რომელიც ბატონმა ლოტარ ხანანაშვილმა მისცა: „რომ წავსულიყავი, ალბათ, ჩემი ცხოვრებაც სხვანაირად წარიმართებოდა, თუმცა ამას ჩემთვის ხელი არ შეუშლია, რომ 31 წლის ასაკში დამეცვა საკანდიდატო დისერტაცია. ვფიქრობ, ცხოვრებაში სწორი არჩევანი გავაკეთე – ქიმია ჩემთვის ყველაფერია“, – ამბობს ქალბატონი ელიზა და ლაბორატორიისკენ გვითითებს – „აქ გავატარე თითქმის 37 წელი, გავიარე გზა მეცნიერ-თანამშრომლობიდან ლაბორატორიის გამგეობამდე და ვერც წარმომედგინა, თუ ოდესმე სხვა საქმის კეთება მომინდება, ოღონდ ესაა, ადრე უფრო კვლევები მაინტერესებდა, ახლა კი პედაგოგიური მოღვაწეობა უფრო მხიბლავს სტუდენტებთანაც და სკოლის მოსწავლეებთანაც“.
ელიზა მარქარაშვილი ათამდე სახელმძღვანელოს და მონოგრაფიის ავტორია, მათ შორისაა რამდენიმე წიგნი ომარ მუკბანიანთან, ჯ. ანელისთან და თამარ თათრიშვილთან თანაავტორობით. მას გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნიერო სტატია მაღალრეიტინგულ ჟურნალებში, იყო 10 საერთაშორისო და 5 ადგილობრივი საგრანტო პროექტის ჯგუფის ხელმძღვანელი და მეცნიერ-თანამშრომელი. აქტიურადაა ჩართული საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განხორციელებაში. ამას გარდა, ქალბატონი ელიზა არის ლექტორი, რომელიც მუდმივად ზრუნავს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასა და მათ ოლიმპიადებში ჩასართავად. იგი კურირებს საწარმოო პრაქტიკასაც: „სასწავლო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია საწარმოო პრაქტიკის არსებობა, რომ სტუდენტს შეეძლოს ქიმიური ნაერთების სინთეზი ანალიზის სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით. ის სწორედ ამ პროცესში ეუფლება ექსპერტიზის საფუძვლებს, რაც საშუალებას მისცემს, გასცეს კონკრეტული რეკომენდაციები ამა თუ იმ თვისების მქონე მასალის დამზადებაზე, ან უზრუნველყოს დამზადებული პროდუქტის, სასმელის და მასალის საექსპლუატაციო თვისებების კონტროლი უსაფრთხოების ნორმებისა და ეკოლოგიის დაცვით. ჩვენთან საწარმოო პრაქტიკა ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების საფუძველზე ხორციელდება და მეამაყება, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ქიმიის მიმართულების 40-მდე კურსდამთავრებული დასაქმდა პარტნიორ ორგანიზაციებსა და სააგენტოებში“, – გვითხრა ქალბატონმა ელიზამ და შეგვახსენა, რომ მარტის დასაწყისში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა სწორედ ამ საწარმოო სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობისთვის დააჯილდოვა ოცამდე პარტნიორი ორგანიზაცია, მათ შორის: „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო, კომპანია „ავერსი“, შპს „ჯორჯიან ვოთერს ენდ ფაუერი“, ქართული ლუდის კომპანია „ზედაზენი“, „ჰენკელ ბილდინგ ქემიკალს ჯორჯია“, რძის პროდუქტების კომპანია „მილკო ფუდი“, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, სამხედრო-სამრეწველო ცენტრი „დელტა“, სოფლის მეურნეობის ლაბორატორია და სხვები. ქიმიის მიმართულების პროფესურასთან ერთად, ამ წარმატებაში ქალბატონ ელიზასაც მიუძღვის დიდი წვლილი. 
თითქოს ეს საქმიანობა ერთი ადამიანისთვის საკმარისი უნდა იყოს, მაგრამ მთავარი თურმე წინ ელოდა – იგი უკვე რამდენიმე წელია თსუ-ის „საბავშვო უნივერსიტეტის“ ქიმიის კოორდინატორია და ბავშვებთან ურთიერთობამ საკუთარ თავში კიდევ ახალი მისწრაფება აღმოაჩენინა – მოსწავლეების მეცნიერებით დაინტერესება: „მათთან ძალიან საინტერესოა სალექციო კურსის ჩატარება. სახალისო ლექციებსაც ვატარებთ და ცდებსაც. კვირაში ორჯერ მოდიან სხვადასხვა სკოლიდან, როგორც რაიონებიდან, ასევე თბილისიდან. ამ საქმეს ხალისით ვაკეთებ, რადგან ქიმიის გარეშე წარმოუდგენელია ცხოვრება, მითუმეტეს დღეს, როცა ჩვენ გარშემო მუდმივად ქიმიური რეაქციები მიმდინარეობს – მაგალითად, როცა ჰაერს შევისუნთქავთ, ჟანგბადის მოლეკულები ჩადის, ამოვისუნთქავთ – CO2-ის მოლეკულები ამოდის; როცა წყალს ან თუნდაც ჩაის ან ყავას სვამთ, წყლის მოლეკულებს ვყლაპავთ... რასაც ჩვენ აქ, ლაბორატორიაში ვაკეთებთ, ეს, ფაქტობრივად, სახლში ტაფებზე და ქვაბებში კეთდება – იქნება ნამცხვრის, პურის გამოცხობა თუ სადილის გაკეთება – ყველაფერი ქიმიაა. ჩვენს ორგანიზმშიც ქიმიური პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ფერმენტები წარმართავენ და ასე შემდეგ. სწორედ ასეთ საკითხებში ვათვითცნობიერებთ მოსწავლეებს და ვაყვარებთ ქიმიას“, – ასე გვიხსნის ახალ გატაცებას მეცნიერი და იქვე გვიჩვენებს თავისი ავტორობით გამოცემულ დამხმარე სახელმძღვანელოებს: „ქიმია, თაფლი, ყავა, შოკოლადი“, „ქიმია ყოფა-ცხოვრებაში“, „ქიმია და სამკაული“, „ქიმია და მედიცინა“, „ქიმია და მშენებლობა“. ეს სახელმძღვანელოები დიდი პოპულარობითY სარგებლობს სკოლებში. მაგალითად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წირქვალის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელმა ვაჟა ღავთაძემ პროექტი „თავისუფალი გაკვეთილები“, რომელშიც საგრანტო დაფინანსება მოიპოვა, მთლიანად ქალბატონი ელიზას დამხმარე სახელმძღვანელოებზე ააგო. უნივერსიტეტთან ასევე ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აქვთ ბათუმის კერძო სკოლა „ლამპარსა“ და საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლას. 
„ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის, რაც ძალიან მარტივად ვისწავლე თეორიულად, ასე ძნელი განსახორციელებელი იქნებოდა ლაბორატორიაში. ყველაფერი თავიდან უნდა ვისწავლო და გავიაზრო. ეს ძალიან კარგი გაკვეთილია ჩემთვის. თეთრ ხალათში მუშაობა უჩვეულო და სასიამოვნოა. დიდი მადლობა ამისთვის“, – ეს მარი ბროსეს სკოლის მოსწავლის, სოფო მებაღიშვილის შთაბეჭდილებაა „საბავშვო უნივერსიტეტის“ სასწავლო აქციის თაობაზე. ამგვარ ჩანაწერებს ლაბორატორიის სამახსოვრო წიგნში ბევრს შეხვდებით. მოსწავლეებმა კი, შესაძლოა, არც იციან, რომ ყველაფრის ორგანიზატორი და სულის ჩამდგმელი თეთრ ხალათში გამოწყობილი ის ქალბატონია, რომელიც ახლა ემოციით გვიყვება ქიმიის როლზე ყოფა-ცხოვრებაში: „ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები მუდმივად სარგებლობენ ისეთი საგნებით და ნივთიერებებით, რომლებიც ქიმიური გარდაქმნის შედეგადაა მიღებული. საითაც უნდა გაიხედოთ, დაინახავთ საგნებსა და ნაკეთობებს, რომლებიც დამზადებულია ქიმიურ ქარხნებსა და ფაბრიკებში მიღებული მასალებისა და ნივთიერებებისგან. ამდენად, ყოველდღიურ ცხოვრებაში, მისდაუნებურად, ყველა ჩვენგანი ვატარებთ ქიმიურ რეაქციას, მაგალითად, საპნით ხელის დაბანის, სარეცხის რეცხვის, ცხელ ჩაიში ლიმონის ნაჭრის ჩაგდების დროს – როცა ჩაი, ლაკმუსის მსგავსად, ინდიკატორია. საკვების მომზადებაც ქიმიური პროცესია. ტყუილად კი არ ამბობენ, რომ ქიმიკოსები კარგი კულინარები არიან – საკვების მომზადება ხშირად ლაბორატორიაში ორგანული ნაერთების სინთეზს მოგვაგონებს“, – ამბობს იგი და ჩვენს კითხვაზე, უძნელდება თუ არა ყოფითი ცხოვრება იმის გამო, რომ ბევრი რამ იცის, გვპასუხობს: „ქიმია ხელს მიშლის იმაში, რომ შეიძლება მომეწონოს რაღაც საგანი, მაგრამ ვერ შევიძინო. მაგალითად, შეიძლება გარეგნულად მომხიბლოს ქვაბმა, ტაფამ, ტანსაცმელმა, ან კოსმეტიკამ, მაგრამ ვითვალისწინებ – როდესაც კანი ოფლიანდება, განსაკუთრებით ზაფხულში, ის ქიმიური საღებავები, რომლებიც ტანსაცმელში ან კოსმეტიკურ პროდუქტშია გამოყენებული, ჩვენს კანში შედის, ამიტომ ხშირად არჩევანის წინაშე ვარ. ეს ეხება საკვებსაც, რომელშიც ძალიან ბევრი ისეთი დანამატია, რომელიც არ უნდა მივიღოთ. რომ ჩავუღრმავდები, ფაქტობრივად, ბევრი რამ არ უნდა ჭამო, კარაქიც კი ყველა არ იჭმევა, ამას სპეციალური ანალიზი სჭირდება. რძის პროდუქტებიც საკმაოდ საშიშია, მასში ხელოვნური ფხვნილებია გამოყენებული. ცალკე პრობლემაა ის კონტეინერები, რაშიც საკვები თავსდება – შესაძლებელია გარკვეული დროის შემდეგ იმ მასალიდან პროდუქტში გადავიდეს მავნე ნივთიერებები და ბევრი დაავადება გამოიწვიოს. უმჯობესია, გამოვიყენოთ უფერო, გამჭვირვალე საკვები კონტეინერები, მინის ბოთლები და ქაღალდის შესაფუთი მასალები.
ბოლოდროინდელ სამეცნიერო აქტივობას რაც შეეხება, ელიზა მარქარაშვილი ჩართულია ყველა იმ კვლევაში, რასაც მაკრომოლეკულების ქიმიის მიმართულება ახორციელებს, ძირითადად ეს შეეხება პოლიმერებს, რომელიც სილიციუმ-ორგანული ნაერთების ბაზაზეა მიღებული. ეს არის ელექტროგამტარი მემბრანები, რომლებსაც ფართო გამოყენება აქვთ. ლაბორატორია ასევე მუშაობს საშენ მასალებზე, მათ სურთ ფორმალდეჰიდური ფისები შეცვალონ სხვა შემკვრელით, რომ, მაგალითად, საავეჯო (და სამშენებლო) მასალები უსაფრთხო გახდეს, მაგრამ ამის დანერგვა ძნელია, რადგან ამას ბიზნესი განსაზღვრავს. 
მეცნიერმა ზუსტად იცის, რომ ქიმიის განვითარებისთვის სტუდენტები და მოსწავლეები მეტად უნდა დააინტერესონ, უნდა შეიქმნას ლაბორატორიები, შეიცვალოს სასწავლო ლიტერატურა როგორც უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე სკოლებში: „სკოლებს არ აქვთ ცდების ჩატარების შესაძლებლობა და პრაქტიკაში ვერაფერს აჩვენებს მოსწავლეებს. რეაქტივების შეძენა ძვირია. ჩვენც კი გვიჭირს. როცა სამეცნიერო ფესტივალისთვის ვყიდულობთ რეაქტივებს, ნაწილი გვრჩება და იმას ვიყენებთ „საბავშვო უნივერსიტეტის“ მსმენელებისთვის. რაც შეეხება სახელმძღვანელოებს – შესაცვლელია იმ მხრივ, რომ ზოგ წიგნში ვერ გაიგებ სად იწყება დავალება და სად არის თეორია, არეულია ყველაფერი. ასევე უნდა შეიცვალოს სწავლების მეთოდიც. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლება უფრო პრაქტიკული უნდა გახდეს, ახალგაზრდებს მეტი ხალისი უნდა მივცეთ, სხვანაირი მიდგომები სჭირდებათ“, – ამბობს იგი და მთლიანად ანგრევს აქამდე გავრცელებულ მოსაზრებას, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებულთა დასაქმების ბაზარი ვიწროა: „ვთვლი, რომ ქიმია საჭიროა ყველგან, სადაც კი ახალი კომპანია იხსნება. მაგალითად, შემიძლია ჩამოვთვალო 20 კომპანია, რომლებიც ხელს გვიწყობენ სტაჟირებაში, რის შემდეგაც ბოლო 3 წლის განმავლობაში 40-მდე სტუდენტი დატოვეს სამუშაოდ. ანუ დასაქმება უკვე რეალურია კვების მრეწველობაში, უალკოჰოლო და ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებაში, კოსმეტიკური საშუალებების წარმოებაში, გარემოს დაცვის სააგენტოში, სადაც საკმაოდ აქტიურად გადიან პრაქტიკას. ამით იმის თქმა მინდა, რომ უკვე გაჩნდა ადგილები, რომლებიც ქიმიკოსებმა უნდა დაიკავონ და დასაქმებაც რეალურია“.
მოვა მომავალი სამეცნიერო ფესტივალი, გაიშლება საგამოფენო სტენდები და ბევრი ჩვენგანი ისევ შეხვდება პრეზენტატორებს შორის მოფუსფუსე თეთრხალათიან ქალბატონს – მისი მახვილი თვალი ისევ ჩასწვდება ყველა ცდას, ყველა რეაქტივის გამოყენებას, ისევ ამოიფრქვევა ფერადი „დრაკონი“ კოლბიდან და ამ ჯადოსნობის ცქერით გართულ ადამიანებს ისე, სხვათა შორის, თამაშ-თამაშით აუხსნის ურთულეს ქიმიურ რეაქციას. ეს ელიზა მარქარაშვილია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი, მეცნიერი და, უბრალოდ, თავისი საქმის უბადლო მცოდნე; ადამიანი, რომელიც მუდამ ჩუმად, თავმდაბლად უხდის ხარკს მეცნიერებას – მის უდიდებულესობა ქიმიას!