მერაბ ჩუხუას ფუნდამენტური ნაშრომი

30 მარ 2018

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და სსიპ ჩერქეზულ-ადიღეური კულტურის ცენტრის ხელშეწყობით, 2017 წელს გამოიცა თსუ-ის ასოცირებული პროფესორის მერაბ ჩუხუას ფუნდამენტური ნაშრომი: „ქართულ-ჩერქეზულ-აფხაზური ეტიმოლოგიური ძიებანი (მასალები იბერიულ-კავკასიურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონისათვის)“.
ნაშრომი მოიცავს 1500-მდე სიტყვა-სტატიას. მასში განხილულია ქართული, კოლხური (მეგრულ-ლაზური), სვანური, აფხაზური, აბაზური, უბიხური, ადიღეური, ყაბარდოული ენების სათანადო მასალა, ანუ ის ძირითადი ლექსიკური ფონდი ენისა, რომლის მიხედვითაც, შესაბამისი მეთოდის გამოყენებით, მტკიცდება ამა თუ იმ ენებს შორის გენეტიკური ნათესაობა.
წიგნის შესავალ ნაწილში ხაზგასმულია ნაშრომის სამეცნიერო სიახლე, კერძოდ, აღნიშნულია, რომ ამ მასალებზე მუშაობის დროს „შეიქმნა ახალი პარადიგმა, რომლის ფარგლებშიც სინდურ-ქართველურ ენებს შორის გამოვლინდა რეგულარული, კანონზომიერი და სისტემური ბგერათშესატყვისობები და მასზე დაყრდნობით დამტკიცდა დასახელებულ ხალხთა და ენათა ერთიანი გენეტიკური წარმომავლობა-ნათესაობა“.
აქვე ნათქვამია, რომ ნაშრომის ფარგლებში მიღებული დასკვნები სრულ თანხმობაშია გენეტიკური კვლევების მიღწევებთან, რომლის მიხედვითაც აფხაზ-ქართველ-ჩერქეზებს ძირითადი საერთო ჰაპლოჯგუფი G2A აღმოაჩნდათ.
წიგნის რედაქტორები არიან პროფესორები: ნანა მაჭავარიანი და მანანა ბუკია. იგი განკუთვნილია თსუ-ის კავკასიოლოგიისა და ქართველოლოგიის მიმართულებათა სტუდენტებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის. 
რა მიგნებებით გამოირჩევა „ქართულ-ჩერქეზულ-აფხაზური ეტიმოლოგიური ძიებანი“ და აპირებს თუ არა ავტორი სხვა მონათესავე ენების ანალოგიური მეთოდით შესწავლას, გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი მერაბ ჩუხუა.

– ბატონო მერაბ, 1500 სიტყვა-სტატია, რომელშიც სიღრმისეულადაა მოცემული თითოეული სიტყვის ძირის ნათესაობა სხვადასხვა ენებთან, კოლოსალურ შრომას მოითხოვს. რა არის თქვენი კვლევის ძირითადი პრინციპი და რა მიზანს ემსახურება სხვა ენებთან ქართული სიტყვების ნათესაობის სიღრმისეული ანალიზი?
– ჩემი მუშაობის სფერო და პრობლემატიკა განსაზღვრულია საწყისით – თუ რა პრობლემა დგას თანამედროვე კავკასიოლოგიის წინაშე. 
კითხვები ისმის ასე: არის თუ არ არის ქართველური ენები, მათ შორის ქართული ენა, ადგილობრივი, ანუ ენდემური წარმომავლობის? თუ არის, მაშინ რა ახლო მონათესავე ენებთან გვაქვს გენეტიკური, ანუ ისტორიულ-გენესიზური წარმომავლობითი ერთიანობა და რომელი ოჯახის წევრი არის ჩვენი მშობლიური სახელმწიფო ქართული ენა? ყველასთვის ცნობილია, რომ ქართული კოლხურთან, ანუ მეგრულ-ლაზურთან და სვანურთან ერთად შეადგენს ერთ ენობრივ ჯგუფს, რასაც ქართველურს, ხშირად, სამხრეთ კავკასიურსაც უწოდებენ, მაგრამ სამხრეთ კავკასიური არის გეოგრაფიული ტერმინი, ხოლო ქართველური – გენეტიკური ტერმინი, რომელიც გულისხმობს და ვარაუდობს, რომ ქართული არის მეგრულ-ლაზურთან და სვანურთან ერთიანი წარმომავლობის ენა. ამ პრობლემის რაობის განსაზღვრა განაპირობებს ჩემს კვლევით საქმიანობასა და სამეცნიერო მოღვაწეობას. ამასთან, სწორედ ეს არის ძირითადი პრობლემა ქართული კავკასიოლოგიისა, ლინგვისტური კავკასიოლოგიისა. 
ცხადია, თუ ჩვენს ენებს მხოლოდ ქართველოლოგიის ფარგლებში ვიკვლევთ, მაშინ ეს პრობლემა არ დგას, მაგრამ წარმომავლობითი, ანუ ისტორიულ-გენეზისური პრობლემატიკის სიღრმისეული ანალიზის დროს, ჩვენს წინაშე დგას საკითხი ქართველური ენების ადგილის განსაზღვრისა, კერძოდ, აუცილებელია პასუხის პოვნა კითხვაზე, თუ რომელ ენათა ოჯახს განვეკუთვნებით, ვინაიდან მსოფლიოს რამდენიმე ათასი ენა, გენეალოგიური კლასიფიკაციით, ამა თუ იმ ენათა ოჯახის წევრია.. 
– რამდენად დაუახლოვდა თქვენი კვლევა არნოლდ ჩიქობავას თეორიას იბერიულ-კავკასიური ენების თეორიის შესახებ?
– არნოლდ ჩიქობავას თეორია, რომელიც ბევრად უფრო ადრე იღებს სათავეს, ვიდრე თავად ბატონი არნოლდის მოღვაწეობა, გახლავთ ქართული და კავკასიური ენების, ანუ იბერიულ-კავკასიური ენების გენეტიკური წარმომავლობითი ერთიანობის თეორია, რომლებიც ქმნიან არა გეოგრაფიულ ტერმინს, არამედ გენეტიკურად ერთიან წარმომავლობას. იბერიულ-კავკასიური ნიშნავს ქართულთან წარმოშობით/წარმომავლობით გენეტიკურად დაკავშირებულ ენათა ოჯახის ერთობას. არნოლდ ჩიქობავა მიუთითებდა, რომ არის ოთხი ჯგუფი: ქართველური, აფხაზურ-ადიღური, ნახური და დაღესტნური, რომლებიც ასევე მოიაზრებენ ამ თეორიის ფარგლებში ბასკურს – თავიანთ ცოცხალ ნათესავს. ასევე გავრცელებული თვალსაზრისია, რომ იბერიულ-კავკასიურ ენებთან გენეტიკური ნათესაობა აქვს ძველი ცივილიზაციის ისეთ ენებსა და ხალხებს, როგორებიც იყვნენ: მცირე აზიაში – ხათები, შუა მდინარეთში – შუმერები, ჩვენი ენების გავრცელების სამხრეთით – ჰურიტული და ურარტული – ძველი ცივილიზაციის ენები. 
აქვე დგას საკითხი ეტრუსკულის, ელამიტურისა და კასიტურის შესახებ, რომლებიც ჯერჯერობით, მსოფლიო გენეალოგიურ ენათა კლასიფიკაციაში მხოლოდ პირობით თუ არიან გაერთიანებული, როგორც კავკასიურ ენებთან შესაძლო ნათესაობის მქონე ენები და ხალხები. ეს ყველაფერი არის თეორია, რომელიც საჭიროებს მტკიცებულებას, ხოლო მტკიცებით ხასიათს ნებისმიერი თეორია იღებს მხოლოდ მას შემდგომ, რაც მას ენობრივი ფაქტებით, ძირითადი ანუ არანასესხები ლექსიკის მოხმობით განამტკიცებ. ეს შესაძლებელია ისტორიულ-შედარებითი მეთოდის გამოყენებით, მაგრამ სხვა ენებისაგან განსხვავებით, ჯერ არავის დაუმტკიცებია. მაგალითად რუსული, ინგლისური და გერმანული რომ შევადაროთ ძირითადი ლექსიკის დონეზე და ავიღოთ სიტყვები: „და“, „წყალი“, „ძმა“ და სხვ. მათი საერთო წარმოშობის დამტკიცება დიდი პრობლემა არ არის, მაგრამ ჩვენს სინამდვილეში ქართული „წყალი“ ან „ძმა“ რომ ავიღოთ და გავიაროთ მთელი კავკასია, უცებ ვერ ვპოულობთ ნათესავებს, ვერც „წყლისთვის“, ვერც „ძმისთვის“ და ვერც „დისთვის“. რა ხდება? ცხადია, რომ ენობრივი ნათესაობა, რომელსაც ახასიათებს წარმომავლობითი ერთიანობა, არის დროში მეტი სიძველის მიხედვით გამორჩეული, ამიტომაც საძიებელი და საწვალებელი მეტია, მითუმეტეს, მაშინ, როდესაც ისე სრულყოფილად, როგორც, ვთქვათ, ინდოევროპულის შემთხვევაში, იბერიულ-კავკასიური ენები აღწერილი არ არის. თვით ქართულიც კი, დღეს არ არის წარმოდგენილი ქართული ენის ეტიმოლოგიური ლექსიკონის სახით, რომელიც იძლევა სრულ ინფორმაციას ქართული ენის ძირითადი ლექსიკური ფონდის შესახებ. ამიტომაც, მომიხდა ერთდროულად მუშაობა რამდენიმე ჯგუფის ენებზე.
– რომელი ენები შეისწავლეთ და რა შედეგები მიიღეთ?
– აქ მოხმობილი გახლავთ 8 ენის მასალა. ეს ენებია: ქართველურის შემთხვევაში – ქართული, მეგრულ-ლაზური, ანუ კოლხური და სვანური, ხოლო აფხაზურ-ადიღურის, ანუ სინდური ენების შემთხვევაში – აფხაზური, აბაზური, უბიხური, ადიღეური და ყაბარდოული. ნებისმიერი ამ რვიდან თუ ერთ ქართველურ რომელიმე ლექსემას, ძირითადი ლექსიკური ფონდიდან აღმოაჩნდება შესატყვისი ნებისმიერი აფხაზურ-ადიღური ენიდან, უკვე დგება საკითხი საერთო კავკასიური წარმომავლობის ძირის შესახებ, რომელიც ხან სვანურში შემოგვრჩება, ხან ქართული ენის რომელიმე დიალექტში, ხან მეგრულში და ხანაც ლაზურში. სიტყვები ჩნდება და იკარგება, გამომდინარე სიტყვათა აქტიური ან პასიური ხმარების პრაქტიკიდან. ზოგ სოციუმში ან ჯგუფში, რომელიც მატარებელია ამა თუ იმ დიალექტისა, რაღაცა ლექსიკის ნაწილი პასიური ხდება. მაგალითად, სვანებისთვის და ხევსურებისთვის ზღვის ტერმინოლოგია ვერ იქნება აქტუალური, ისევე როგორც გემის, ნავის და საწყლოსნო ტრანსპორტისა. მაგრამ, იგივე ტერმინოლოგია ლაზურში და საკუთრივ ქართულში უმდიდრესია. ასევეა აფხაზურში, ჩერქეზულსა და უბიხურში, რატომ? იმიტომ, რომ, ესენი ზღვის სანაპიროს ენებია. ამიტომ არაფერი არის მოულოდნელი იმაში, რომ ამ ნაწილშიც ჩვენ გვაქვს ერთიანი წარმომავლობის სიტყვები.
– რამდენ ლექსიკურ ერთეულზეა საუბარი?
– ამ გამოცემაში 1500 ძირ-ფუძეზე არის საუბარი, როდესაც, სულ მცირე, ორ ენობრივ ქვესისტემაში არის თავჩენილი ლექსიკური იზოგლოსები, ანუ ერთიანი წარმომავლობის ძირ-ფუძეები. ამ საკითხზე ვმუშაობ 1987 წლიდან. ჩემი პირველი მონოგრაფია მიეძღვნა ქართველურსა და ნახურს, მეორე მონოგრაფია – ქართულ–აფხაზურ-ადიღურს, მესამე მიეძღვნება ქართულ-ალბანურს, ანუ ქართულ-დაღესტნურს და მეოთხე მონოგრაფია იქნება შემაჯამებელი ნაშრომი, როდესაც ოთხი ჯგუფის ენების: აფხაზურ-ადიღურის, ნახურის, დაღესტნურის და ქართველურის მასალები ერთ დიდ ლექსიკონში – იბერიულ-კავკასიურ ენათა სემანტიკურ-ეტიმოლოგიურ ლექსიკონში მოიყრის თავს. აქვე გვექნება პარალელები ბასკურიდან, ეტრუსკულიდან, შუმერულიდან, პელაზგურიდან, ხათურიდან, ჰურიტულიდან, ურარტულიდან და ა.შ.
აქვე, მინდა ვთქვა, რომ ჩემს ამ კვლევებში დიდი წვლილი აქვთ მასწავლებლებს – აკადემიკოს ქეთევან ლომთათიძეს და პროფ. გიორგი როგავას, რომლებიც იყვნენ, როგორც ქართველური, ასევე აფხაზურ-ადიღური ენების უბადლო მცოდნენი და მკლევარნი, მათ მიერ აღზრდილ ასევე გამორჩეულ ჩერქეზ კოლეგასთან, ქალბატონ ზეინაბ კერაშთან ერთად. ნიშნად პატივისცემისა, სწორედ აკადემიკოს ქეთევან ლომთათიძეს და პროფესორ ზეინაბ კერაშს მივუძღვენი ჩემი 30 წლის შრომა.