ვინ ქმნის დღეს უნივერსიტეტის იმიჯს

30 მარ 2018

რუბრიკა – სახე(ლ)ები უნივერსიტეტის გაზეთში პერიოდულად წარმოგიდგენთ იმ მეცნიერებს, რომელთა საქმეებიც უნივერსიტეტს საქვეყნოდ და მის ფარგლებს გარეთაც წარმოაჩენს. ამჯერად ჩვენ მხოლოდ გარკვეულ ნაწილს ვეხებით.

პროფესორ ირაკლი იმედაძის სახელმძღვანელოს – „XX საუკუნის ფსიქოლოგიის ძირითადი მიმდინარეობები“ – დიმიტრი უზნაძის სახელობის პრემია მიენიჭა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ირაკლი იმედაძის სახელმძღვანელოზე: „ფსიქოლოგიის ისტორია: ანტიკური ხანიდან ჩვენ დრომდე“ (თბილისი, „მწიგნობარი“, 2014 წ.) დიდი მოთხოვნაა. ამდენად, წელს მისი მეორე გამოცემა გამოვიდა. ნაშრომი განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისთვის. ამ წიგნით ინტერესდებიან არა მარტო ფსიქოლოგები, არამედ მომიჯნავე პროფესიის სპეციალისტებიც. როგორც ავტორი აღნიშნავს: „წიგნი გამორჩეულია თავისი სისრულით – მასში განხილულია მეცნიერების და, კერძოდ, ფსიქოლოგიის მეთოდოლოგიის ძირითადი საკითხები. იგი შეიცავს მსოფლიო ფსიქოლოგიის ყველა უმთავრესი თეორიული სისტემის თუ მიმდინარეობის ანალიზს. ეს ანალიზი და შეფასებები ყველგან განწყობის ზოგადფსიქოლოგიური კონცეფციის პოზიციიდან კეთდება. წიგნში განხილულია საკუთრივ უზნაძის სკოლის მონაპოვარიც, ისევე, როგორც ქართული ფსიქოლოგიური აზრის უფრო ადრინდელი ნიმუშები. ამით გამოირჩევა იგი ფსიქოლოგიის ისტორიის უცხოური სახელმძღვანელოებისგან. წიგნი მოიცავს როგორც „ძველ“, ისე „ახალ“ ისტორიას. ამიტომ მის საფუძველზე უნივერსიტეტში იკითხება ორი ფუნდამენტური კურსი – „ფსიქოლოგიის ისტორია“ და „ფსიქოლოგიის თანამედროვე მიმდინარეობები“, – აღნიშნავს ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირაკლი იმედაძე, რომელიც ჰუმანიტარულ, განათლების და ფილოსოფიის დარგობრივი აკადემიების წევრი და საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტია. ბატონი ირაკლი წლების განმავლობაში მუშაობდა დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში წამყვან პოზიციებზე, ხოლო 2006-2012 წლებში ამავე ინსტიტუტის დირექტორი იყო. 

პროფესორ ირაკლი იმედაძის სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებებია: ფსიქოლოგიის ისტორია და მეთოდოლოგია, ზოგადი და პიროვნების ფსიქოლოგია, განვითარების და განათლების ფსიქოლოგია, განწყობის ფსიქოლოგია. იგი ავტორი და თანაავტორია 140-მდე სამეცნიერო პუბლიკაციისა, მათ შორის, 8 წიგნის. იგი ოთხი ათეული წლის განმავლობაში კითხულობს ლექციებს თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტებში. 
თანამედროვე ფსიქოლოგიის პრობლემატიკა ბევრად უფრო ფართოდ არის წარმოდგენილი ირაკლი იმედაძის წიგნში „XX საუკუნის ფსიქოლოგიის ძირითადი მიმდინარეობები“, რომელმაც 2005 წელს მოიპოვა დიმიტრი უზნაძის სახელობის სახელმწიფო პრემია. 
აღსანიშნავია ავტორის კიდევ ერთი სახელმძღვანელო: „ფსიქოლოგიის საფუძვლები“ (თბილისი, „მწიგნობარი“, 2011 წ.). ეს არის შესავალი კურსი ფსიქოლოგიაში, რომელშიც განხილულია ზოგადი ფსიქოლოგიის ყველა ძირითადი თემა: ფსიქიკური პროცესები; ცნობიერების, არაცნობიერის, პიროვნებისა და ქცევის კატეგორიები; ფსიქიკური ცხოვრების ფილოგენეტური და ონტოგენეტური განვითარების პრობლემატიკა; სოციალური ფსიქოლოგიის საკითხები; ფსიქიკური აშლილობებისა და მათი ფსიქოლოგიური მკურნალობის ძირითადი ასპექტები. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, „თავისი სტრუქტურითა და შინაარსით სახელმძღვანელო მაქსიმალურად უახლოვდება თანამედროვე დასავლურ სტანდარტებს, ამასთან ინარჩუნებს ქართული ფსიქოლოგიური სკოლისთვის დამახასიათებელ ტრადიციებს. ამ სახელმძღვანელოზე დიდი მოთხოვნაა, რადგანაც ის გამოიყენება თითქმის ყველა უმაღლეს სასწავლებელში, სადაც კი ფსიქოლოგიას ასწავლიან. წიგნი უკვე ხუთჯერ გამოიცა და მზადდება ახალი გამოცემაც“.


შოთა სამსონია: „ჩემი აკადემიკოსად არჩევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამსახურებაა“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს შოთა სამსონიას თავისი მეცნიერული მემკვიდრეობიდან რომელიმე ნაშრომის გამოყოფა უჭირს, თუმცა ასახელებს იმ მიმოხილვით სტატიებს, რომლებშიც ციტირებულია მისი ნაშრომები თანაავტორებთან ერთად: Samsoniya Sh.A., Targamadze N.L., Suvorov N.N. The chemistry of pyrroloindoles. Russian Chemical Reviews, 1994, 63, #10, pp.815-832 da Samsoniya Sh.A., Trapaidze M.V. The chemistry of indoloindoles. Russian Chemical Reviews, 2007, v. 76, #4, pp.313-326.

აკადემიკოსის სამეცნიერო ინტერესების სფეროა: ახალი ჰეტეროციკლური სისტემების, ბისსპირონაერთების, ადამანტილბენზიმიდაზოლებისა და დიპეპტიდების სინთეზი და კვლევა. მისი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უკავშირდება.
„უნივერსიტეტის გარდა არსად მიმუშავია. მხოლოდ 1995-2010 წლებში ვიყავი პარალელურად „საქპატენტის“ მეცნიერ-კონსულტანტი. უნივერსიტეტში მუშაობა 1967 წლიდან დავიწყე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ილია გვერდწითელის გარდაცვალების (1978 წ.) შემდეგ ორგანული ქიმიის კათედრის გამგე გავხდი. მას შემდეგ 40 წელი გავიდა. გარდა აღნიშნულისა, ქიმიის დეპარტამენტსაც ვხელმძღვანელობ. 
20 წელიწადი „ორგანული ქიმიის“ სახელმძღვანელოს შექმნაზე ვმუშაობდით. ცალკეული ნაწილები ბროშურებისა და წიგნების სახით გამოვაქვეყნეთ, ხოლო 2017 წელს გამოვიდა ორგანული ქიმიის სახელმძღვანელო თანაავტორებთან ერთად, რომელშიც ქიმიური რეაქციები სქემებში მოვათავსეთ. 
უნივერსიტეტმა ბევრი რამ მომცა. მის კედლებში გავიზარდე, აქ მივიღე ქიმიკოსის პროფესია, პედაგოგიური და სამეცნიერო გამოცდილება. აღსანიშნავია ის, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ ჩემი აკადემიკოსად არჩევა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამსახურებაა“, – აღნიშნავს ბატონი შოთა სამსონია, რომელიც თვლის, რომ უნივერსიტეტის იმიჯს მისი თანამშრომლები ქმნიან: „უნივერსიტეტის თანამშრომელს უნდა უყვარდეს სტუდენტი და პირიქით. უნივერსიტეტის იმიჯს ქმნიან ის თანამშრომლები, რომლებიც კარგი პედაგოგები არიან, უყვართ სტუდენტი და პარალელურად ავითარებენ მეცნიერების იმ დარგს, რომელსაც ემსახურებიან“.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბაკალავრის თამარ დოროშენკოს სადიპლომო ნაშრომი, რომლის ხელმძღვანელები იყვნენ პროფესორები: შოთა სამსონია და იოსებ ჩიკვაიძე, გამოქვეყნდა გერმანიაში: „Bisindole Derivatives. Synthesis of bis(1H-Indol-5-yl)methane new derivatives“. Lambert Academic Publishing, Saarbruecken. Printed in the U.S.A., 2011, 61 pp.
ბატონი შოთას ოჯახში ყველა ქიმიკოსია. დედა ელენე ცქიტიშვილი და მამა ავთანდილ სამსონიაც ქიმიკოსები იყვნენ. ორი შვილი: ავთანდილი და ნინო სამსონიაც ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატები არიან.


მას სიამოვნებას ჰგვრის დასაბუთებული პასუხების გაცემა ქართული კულტურის „ქურდებისთვის“

„ბედმა მარგუნა, რომ ორი შესანიშნავი მეცნიერ-ეთნოლოგის – აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას და პროფესორ მიხელ გეგეშიძის მოწაფე ვყოფილიყავი, რომლებიც არა მხოლოდ მეცნიერებას, არამედ სამშობლოს სიყვარულსაც გვასწავლიდნენ. ძნელია საკუთარ სამეცნიერო შემოქმედებაზე საუბარი. დღეისათვის 304 პუბლიკაციის ავტორი ვარ, რომელთაგან 43 წიგნია (მათ შორის 8 საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო). ჩემი ნაშრომებიდან ოთხს გამოვყოფ, ესენია: „ქართულ-ოსური ურთიერთობები და ოსთა საქართველოში მიგრაცია“, წიგნები „ქართული გვარების შესახებ“, ჩემი ხელმძღვანელობით მომზადებული სქელტანიანი წიგნი „საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია“ და „საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები“. ეთნოგრაფიულ მასალებთან ერთად, მაქვს ბევრი საარქივო მასალაც, განსაკუთრებით, ქართული გვარების შესახებ (18 ათასი ბარათი). იმედია, რომ ქართული გვარების ისტორიის 5-6 ტომს დავუტოვებ ჩემს ქვეყანას.
ეთნოლოგობამ ძალიან ბევრი რამ მომცა, პირველ რიგში ის, რომ შემოვიარე თითქმის მთელი საქართველო. ყველაზე მთავარი ამ ეთნოგრაფიულ ექსპედიციებში ის იყო, რომ ვხვდებოდი და ვეცნობოდი ქართველ გლეხ-ინტელექტუალებს. ვცდილობ, საველე-საექსპედიციო მუშაობისას ჩემს სტუდენტებს საქართველოს სხვადასხვა მხარეში მცხოვრები გლეხები გავაცნო, რომელთა წინაპრებმაც შექმნეს მდიდარი ქართული ეთნიკურ-გლეხურ-ხალხური კულტურა. როგორც ქართველისა და მეცნიერისათვის, ჩემთვის დაუვიწყარია თანამედროვე თურქეთში (როგორც ტაო-კლარჯეთში, ისე მარმარილოსა და შავი ზღვის რეგიონებში) მცხოვრებ ქართულ სოფლებში საველე-საექსპედიციო საქმიანობა. ჩემი ახალგაზრდობის დროს ხომ ვერც კი წარმოვიდგენდით – როგორ ცხოვრობდნენ საზღვრის იქით მცხოვრები ქართველები. ის წიგნიც, რომელიც თურქეთელი ქართველების შესახებ დავწერე, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნაშრომია” – ამბობს როლანდ თოფჩიშვილი.

მას სიამოვნებას ჰგვრის დასაბუთებული პასუხების გაცემა ქართული კულტურის „ქურდებისთვის“. მოგეხსენებათ, რომ ბოლო დროს კვებითი კულტურის ნიმუშს – სულგუნს და ქართულ სამოსს – ჩოხა-ახალუხს მეზობლებმა დაადგეს თვალი. ის, რომ ერთიც და მეორეც მხოლოდ ქართველთა შექმნილია, ამის თაობაზე ისტორიული მტკიცებულებები სწორედ როლანდ თოფჩიშვილმა შეადგინა. მცირე მოცულობის სამენოვანი წიგნი სულუგუნის შესახებ უკვე დაბეჭდილია, ხოლო ჩოხა-ახალუხის შესახებ წიგნს ოთხ ენაზე (ქართულად, ინგლისურად, თურქულად და რუსულად) წელს იხილავს მკითხველი. 

„საქართველოს სხვადასხვა მხარეში საექსპედიციო საქმიანობით უშუალოდ ვხედავ ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებს და, სამწუხაროა, რომ ეთნოლოგიურ მეცნიერებას ხელისუფლება არ იყენებს. ყველაზე მთავარი და გულსატკენი კი ისაა, რომ ქვეყანა დემოგრაფიულ კრიზისშია და ეს კრიზისი უფრო ღრმავდება“, – აღნიშნავს როლანდ თოფჩიშვილი.


ელგუჯა მექვაბიშვილი: „ცოდნა, გამოცდილება, სახელი, პატივი და მეგობრები – აი, რა მომცა უნივერსიტემა!“

„როგორც დედისთვისაა რთული შვილებისგან რომელიმეს გამორჩევა, მეცნიერსაც გაუჭირდება იმის თქმა – თავის რომელ საავტორო ნაშრომს ანიჭებს უპირატესობას“, – ამბობს ეკონომისტი, პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი და საეტაპო მნიშვნელობის მქონე ნაშრომად 2009 წელს გამოცემულ მონოგრაფიას – „ეკონომიკის გლობალიზაცია: მიმართულებები, გამოწვევები, პერსპექტივები“ ასახელებს. 

„მიუხედავად იმისა, რომ ნაშრომის გამოსვლიდან თითქმის 10 წელი გავიდა, მასში ჩამოყალიბებული ბევრი მოსაზრება და დებულება დღესაც აქტუალურია. პრობლემის კვლევის გაგრძელების სახით გადაწყვეტილი მაქვს, მიმდინარე წელს, მონოგრაფიის – „გლობალიზაციის ეპოქის ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისები და საქართველოს ეკონომიკა" გამოცემა, რომელშიაც 2007-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის გამოცდილების საფუძველზე ბევრი საკითხი დაკონკრეტდება, განსაკუთრებით, საქართველოს ეკონომიკის ფუნქციონირება-განვითარების თვალსაზრისით“, – აღნიშნავს პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი.
ბატონი ელგუჯა უკვე 30 წელია, რაც თსუ-ში მოღვაწეობს. იგი განსაკუთრებით 90-იან წლებს გამოყოფს: „ეს იყო რთული დრო მწვავე პრობლემებით, წინააღმდეგობებით აღსავსე, მაგრამ ამასთანავე ეგზისტენციალური ხასიათის მქონე. პოსტ-კომუნისტური ტრანსფორმაცია, პირველ რიგში, მეცნიერებისა და განათლების სფეროებს შეეხო და ჩვენს წინაშე ეპოქალური მნიშვნელობის ამოცანები დააყენა. მათგან ყველაზე რთული პროფესორებისა და სტუდენტების მენტალიტეტის შეცვლა აღმოჩნდა, თუმცა გარკვეული რევოლუციური გარდაქმნების შედეგად პროცესები, ძირითადად, სწორი მიმართულებით წარიმართა. 
ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი უნივერსიტეტთანაა დაკავშირებული. უნივერსიტეტმა მომცა ყველაფერი, რაც გამაჩნია: ცოდნა, გამოცდილება, სახელი, მეგობრები. ჩემი ოჯახის შექმნაც უნივერსიტეტს უკავშირდება“. იგი თვლის, რომ დღეს უნივერსიტეტის იმიჯს, პირველ რიგში, მისი პროფესორ-მასწავლებლები ქმნიან, რომლებიც დიდი მონდომებით, პასუხისმგებლობით, პროფესიონალიზმით აკეთებენ თავიანთ საქმეს. „მაღალი იმიჯის შემქმნელია უნივერსიტეტის მოწინავე სტუდენტობა, რომელიც საზოგადოებრივი პროგრესის ავანგარდში დგას. სულ ახლახან, ისრაელში ბენ-გურიონის უნივერსიტეტში სტუდენტებისა და პროფესორებისაგან დაკომპლექტებული ჯგუფის ვიზიტის დროს, სიმპოზიუმზე ჩვენი უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებმა შთამბეჭდავი პრეზენტაციები წარმოადგინეს ინგლისურ ენაზე. მასპინძლებს ისე მოეწონათ ჩვენი სტუდენტები, რომ ექვსთვიანი სტაჟირების გავლა შესთავაზეს საუკეთესო პირობებით. სწორედ ასეთი ახალგაზრდები ქმნიან უნივერსიტეტის სახეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, რაც ყველაზე სასიხარულო და მისასალმებელია,” – აცხადებს პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი.

თამარ დადიანი, შურთხია ბეროშვილი