ახალგაზრდა უნივერსიტეტელი მკვლევრები

29 მარ 2018

უდავოა, რომ მეცნიერების ნებისმიერი დარგის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ახალგაზრდა მკვლევრების პოტენციალია. მათი ხედვა, მიღწევები, სამომავლო გეგმები უმაღლესი განათლების სისტემის ხარისხის ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორიცაა. რა ვითარებაა ამ მიმართულებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში? ვინ არიან ადამიანები, რომლებიც სამომავლოდ ქართულ სამეცნიერო სივრცეს შეავსებენ? გაგაცნობთ ახალგაზრდა უნივერსიტეტელ მკვლევრებს, რომლებმაც როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე უკვე არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს.

ანა თოხაძე

იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი ანა თოხაძე კვლევას საკორპორაციო სამართლის მიმართულებით ახორციელებს. ეს არის დარგი, რომელიც ქართული რეალობისთვის ახალია, თუმცა აქტუალური და მოთხოვნადი. ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლობის სამ ათწლეულსაც არ ითვლის, სულ ახლახანს მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და აიღო ვალდებულებები საკორპორაციო სამართლის განვითარების კუთხითაც, ასე რომ საქართველო ამ მიმართულებით პროფესიონალი კადრებისა და კვლევების განვითარების საჭიროების წინაშე დგას. ანა თოხაძის სადოქტორო კვლევაა – „აქციონერის ქონებრივი უფლებები და სააქციო საზოგადოების კაპიტალი“, ხოლო მისი ხელმძღვანელი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე, პროფესორი ლადო ჭანტურიაა. 

„მიუხედავად იმისა, რომ სამეცნიერო ბაზა ძალიან კარგი გვაქვს, არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობის გამო, დოქტორანტები კვლევის წარმოების მიზნით ხშირად უცხოურ სასტიპენდიო პროგრამებს მივმართავთ. მე გამიმართლა და კვლევითი ვიზიტით უკვე მესამედ ვიმყოფები გერმანიაში. გასულ წელს ერასმუს ჰერმესის გაცვლითი პროგრამით ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში ვიყავი, სადაც ჩემს დისერტაციაზე ვმუშაობდი. 10 თვიანი პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეობა მივიღე DAAD-ის ფონდისა და გერმანიის განათლებისა და კვლევების სამინისტროს კურსდამთავრებულთა საერთაშორისო პროგრამაში, მათი დაფინანსებით 2 თვით გავიხანგრძლივე კვლევითი ვიზიტის პერიოდი. ამავე დროს განაცხადი შევიტანე მაქს პლანკის შედარებითი და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტის სასტიპენდიო პროგრამაზე. მივიღე დადებითი პასუხი და მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით ამ ინსტიტუტში ვახორციელებ კვლევას. 
ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურმა ვითარებამ და, მეტწილად, ისტორიამ საქართველოში საკორპორაციო სამართლის განვითარება შეაფერხა. მაშინ, როდესაც, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში კაპიტალის ბაზრის სამართალი აღზევების კულმინაციურ წერტილს აღწევდა, ჩვენ კერძო საკუთრების ინსტიტუტის დამკვიდრებისთვის ვიბრძოდით. ზოგადად, სამწუხარო ფაქტია, რომ ეს დარგი ჩვენთან ახლა იკიდებს ფეხს და ვისურვებდი, სასამართლო პრაქტიკაც ამ მიმართულებით თანამედროვე ტენდენციების კვალდაკვალ განვითარდეს. თუმცა, აღსანიშნავია ბოლოდროინდელი ინიციატივებიც – თუნდაც, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომელთან შესაბამისობა დარგის პროგრესის ხელშემწყობი იქნება და კვალიფიციური სპეციალისტებიც უფრო მოთხოვნადი გახდებიან. როგორც ვიცი, რეფორმაც მიმდინარეობს და კანონპროექტიც უკვე შემუშავებულია. კერძო სამართლის ეს დარგი საკმაოდ პერსპექტიულია“, – ამბობს ანა თოხაძე. 
კვლევითი საქმიანობის გარდა, იგი ჩართულია სასწავლო პროცესშიც. გასული სემესტრის განმავლობაში იგი თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე მოწვეული ლექტორის სტატუსით სასემინარო შეხვედრებს ხელმძღვანელობდა. მისი პირველი სამსახურიც, სტუდენტობის პერიოდში, ამავე ფაკულტეტის სტუდენტთა მომსახურების ცენტრი იყო. ასევე, მუშაობდა თსუ-სთან არსებულ „დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულ ცენტრსა“ და იურიდიული ფაკულტეტის „კრიმინოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში“. 
„ჩემი ფაკულტეტისა და პროფესორ-მასწავლებელთა ხელშეწყობის გარეშე ნამდვილად ვერაფერს მივაღწევდი. ამისათვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ. ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, არის ის, რომ ჩემი ცდონა და აკადემიური გამოცდილება პრაქტიკაში, ჯერ-ჯერობით, არ გამომიყენებია, თუმცა, სამომავლოდ, საკუთარ თავს ვხედავ საქართველოში და მინდა, მთელი შესაძლებლობები ჩემს ქვეყანას მოვახმარო“, – ამბობს ანა თოხაძე.


დავით ხუციშვილი

დავით ხუციშვილი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტია. იგი დისერტაციის დაცვას მიმდინარე წლის აპრილში გეგმავს. ამ დროისთვის მას უკვე გამოქვეყნებული აქვს 9 სამეცნიერო სტატია 5 მაღალ რეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში. ახალგაზრდა მკვლევრის სადოქტორო ნაშრომის თემა გახლავთ „მზის სპიკულებში მიმდინარე ფიზიკური პროცესების მრავალმასშტაბიანი დინამიკის შესწავლა“. 

„სპიკულები ეს არის მაგნიტური მილები, რითაც დაფარულია მზის ზედაპირი. ჩემი კვლევის მიზანია (ეს არის ასტროფიზიკაში ერთ-ერთი ძლიერი ამოცანა), რომ შევისწავლოთ კორონის გათბობის მექანიზმი, რაც ზეგავლენას ახდენს დედამიწაზე. თეორიულად მიჩნეულია, რომ სპიკულები ამაში დიდ მონაწილეობას იღებენ. გვაქვს ახალი აღმოჩენები – მზის სპიკულებში ნახევარსიგანეებისა და დოპლერის სიჩქარის ანტისიმეტრია, ანუ კორელაცია. იმედია, ეს აღმოჩენა მომავალში დაგვეხმარება წარმოდგენა გვქონდეს – თუ რა ახდენს გავლენას კორონის გათბობის მექანიზმზე. ჩემი კვლევის თემა ისეთია, რომ საქართველოში მისი დამტკიცება ვერ მოხერხდებოდა, ამიტომ კვლევითი ვიზიტით ავსტრიაში ვიმყოფებოდი, სადაც 3 თვის მუშაობის შედეგად ჩემი კვლევის შედეგები დავადასტურეთ და შემდეგ გამოვაქვეყნეთ. საზღვარგარეთიდან გარკვეული შემოთავაზებები მაქვს, ჯერჯერობით თავს ვიკავებ, მაგრამ საბოლოოდ, ალბათ, მომიწევს წასვლა. აქ ყველაფერი რთულია, მეცნიერის მუშაობა არ ფასდება და კვლევების სრულყოფილად განხორციელება შეუძლებელია“, – აღნიშნა დავით ხუციშვილმა. 
დავით ხუციშვილის სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფესორი ნანა შათაშვილია. ახალგაზრდა მკვლევარი პარალელურად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს და ე. ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მუშაობს.


ნათია სორდია

რა გზაა გასავლელი შემოქმედებითი პოტენციალის გამოყენებიდან მიღწევებამდე? მიზნის მისაღწევად რა ხელისშემშლელი და რა ხელშემწყობი ფაქტორები არსებობს? – ამ კითხვებზე დაზუსტებულ პასუხებს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის – ,,პოზიტიური ფსიქოლოგია – ემპირიული კვლევების“ დოქტორანტის, ნათია სორდიას სადოქტორო კვლევის დასრულების შემდეგ მივიღებთ. ახალგაზრდა მკვლევარმა სპეციალურად შეარჩია თემა, რომელიც, როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთაც ნაკლებად არის შესწავლილი. ეს თემა ძალიან აქტუალურია, რადგან ცნობილია, რომ ადამიანთა უმრავლესობას შემოქმედებითი პოტენციალი გააჩნია, მის რეალიზებას კი გაცილებით ნაკლები ახერხებს და კვლევაც სწორედ ამის გამოწვევი მიზეზების დადგენას უკავშირდება.

ნათია სორდიას სადოქტორო კვლევა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის ფარგლებშია დაფინანსებული.
„ჩვენ ვიკვლევთ პიროვნებასთან და სოციალურ ინტერაქციასთან დაკავშირებული ფაქტორების როლს შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებაში. გვინდა, გამოვყოთ ისეთი პიროვნული მახასიათებლები, რომლებიც ხელს უწყობენ შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებას. თუმცა მარტო ხელშემწყობ ფაქტორებზე არ გვაქვს ყურადღება გამახვილებული. ვეძებთ ისეთ ფაქტორებსაც, რომლებიც ხელს უშლიან ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაში. ეს შეიძლება იყოს სოციალურ ინტერაქციასთან დაკავშირებული ფაქტორები. შემოქმედებითობა სოციალური ნორმებისა და სტანდარტებისგან განსხვავებულ და, ზოგჯერ, ამ ნორმების საწინააღმდეგო პროდუქტის შექმნას გულისხმობს. ემპირიულ კვლევებზე დაყრდნობით, ვფიქრობთ, რომ ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა ნეგატიური შეფასების შიში, ან უარყოფის მიმართ მგრძნობელობა, შესაძლოა, ადამიანს ხელს უშლიდეს შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებაში. ხელშემწყობ ფაქტორებად განვიხილავთ, მაგალითად, შემოქმედებით თვითეფექტურობას და შემოქმედებით პიროვნულ იდენტობას, რომლებიც ასევე სოციალურ ინტერაქციაში ფორმირებული კონსტრუქტებია. კვლევის ერთ-ერთი მიზანი, თეორიული ცოდნის გამდიდრებასთან ერთად, პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავებაცაა, რაც გამოსადეგი იქნება როგორც სკოლაში მოზარდებთან მომუშავე მასწავლებლებისთვის, ასევე სტუდენტებთან მომუშავე აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისთვისაც. სასწავლო პროცესი, ძირითადად, ფაქტობრივი ცოდნის გადაცემაზეა ორიენტირებული და არა – ახალგაზრდებში შემოქმედებითი პოტენციალის სტიმულირებაზე. თანამედროვე სამყაროს გამოწვევებთან გასამკლავებლად კი ფაქტების ფლობაზე მნიშვნელოვანი, ამ ფაქტობრივი ცოდნის საფუძველზე, რაღაც ახლის, განსხვავებულის შექმნის უნარია. სწორედ ამ უნარის განვითარების ხელშეწყობაზე იქნება ორიენტირებული ის რეკომენდაციები, რომელსაც კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შევიმუშავებთ. შემოქმედებით პოტენციალსა და მიღწევებს შორის კავშირზე გავლენის მქონე ფაქტორები, ამ კუთხით, შესწავლილი არ არის. შესაბამისად, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენი კვლევის იდეა სიახლეა როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს მიღმაც“, – გვითხრა ნათია სორდიამ. 
სადოქტორო ნაშრომის მომზადების ფარგლებში ნათია სორდია ავსტრიელ ფსიქოლოგთა ჯგუფთან თანამშრომლობს და მათთან კვლევითი ვიზიტითაც იმყოფებოდა. პარალელურად, მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, მათ შორის აღსანიშნავია ავსტრიაში, ვენაში გამართული „ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა საერთაშორისო ყრილობა“ (International Convention of Psychological Science) და პორტუგალიაში, ლისაბონში გამართული „ფსიქოლოგიური შეფასების მეთოთხმეტე ევროპული კონფერენცია“ (14th European coference on Psychological Assessment). მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს კი მას დაგეგმილი აქვს ვიზიტი ბუდაპეშტში, სადაც „პოზიტიური ფსიქოლოგიის მეცხრე ევროპულ კონფერენციაში“ (9th European conference on Positive Psychology) მასთან ერთად თსუ-ის პოზიტიური ფსიქოლოგიის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტებიც მიიღებენ მონაწილეობას.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია – უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვახორციელო აკადემიური საქმიანობა. მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამეცნიერო სივრცესთან ინტეგრირება, რაც საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში სტატიების გამოქვეყნებას უკავშირდება და რაზეც აქტიურად ვმუშაობ ჩემს ხელმძღვანელთან, პროფესორ ხათუნა მარწყვიშვილთან ერთად“, – აღნიშნა ნათია სორდიამ.
ახალგაზრდა მკვლევარი სამი სამეცნიერო სტატიის თანაავტორია, რომელიც საერთაშორისო მაღალი რეიტინგის მქონე ჟურნალებში დაიბეჭდა.

P.S. გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“ უნივერსიტეტელ ახალგაზრდა მკვლევრების საქმიანობის შესახებ ინფორმაციას პერმანენტულად მოგაწოდებთ.