უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის მორიგი წარმატება

30 მარ 2018

გაზეთი თბილისის უნივერსიტეტი“ სულ ცოტა ხნის წინ წერდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ ახალგაზრდა მეცნიერზე – ბაჩანა ლომსაძეზე, რომელიც ამერიკაში მოღვაწეობს. ინტერვიუ გასული წლის 17 ნოემბერს გამოქვეყნდა, იგი გვესაუბრებოდა სამეცნიერო ინტერესებსა და მომავლის გეგმებზე. 2018 წლის 8 თებერვალს (მის დაბადების დღეს) კი ბაჩანას მორიგმა წარმატებამ გადმოკვეთა ოკეანე – მკაცრი კონკურენციის პირობებში და ხანგრძლივი პროცედურის გავლის შემდეგ, მას პროფესორის პოზიცია შესთავაზეს ცნობილ სანტა კლარას უნივერსიტეტში (კალიფორნია).

ბაჩანა ლომსაძის სამეცნიერო ინტერესები მოიცავს ლაზერების გამოყენებით ატომებისა და მოლეკულების გაცივებას და მათი ურთიერთქმედებისა და დინამიკის შესწავლას. უშუალოდ ბაჩანას მიერ დაგეგმილი და აწყობილი ექსპერიმენტით, წარმატებით იქნა ნაჩვენები, თუ როგორ შეიძლებოდა ამ ცივი სისტემების კვანტური კონტროლი ლაზერთა პარამეტრების ცვლილებით. ეს შედეგები ძალზედ მნიშვნელოვანი გახლავთ ასევე კვანტური კომპიუტერების განვითარებისთვის.
რაც შეეხება ურთიერთქმედების და დინამიკის შესწავლას, მათ შესახებ მაღალი სიზუსტის (დეტალური ინფორმაციის) მიღება შეუძლებელი იყო არსებული ოპტიკური მეთოდებით. სწორედ ამიტომ, დოქტორის ხარისხის მინიჭების შემდგომ, ბაჩანამ მიზნად დაისახა შეექმნა ისეთი მაღალი გარჩევისუნარიანობის მქონე ოპტიკური მეთოდი, რომელიც აღნიშნული პრობლემების წარმატებით გადაწყვეტას შეძლებდა. საბოლოოდ, მან შეიმუშავა იდეა ასეთი მეთოდისთვის. 
როგორც ანალიზმა აჩვენა, ეს მეთოდი ასევე შეძლებდა ნივთიერებათა გარჩევას უცნობ ნარევში, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, მაგალითად, ასაფეთქებელი, აალებადი და მომწამლავი აირების დეტექტირებისთვის გარემოში. ბაჩანა ლომსაძის პროექტი დაფინანსდა გრანტით ამერიკის უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ, რაც მიზნად ისახავდა ამ მეთოდის შექმნას და პრაქტიკულ გამოყენებაში დემონსტრირებას. უნდა ითქვას, რომ ექსპერიმენტის დაგეგმვა, მისი დიზაინი, აწყობა, გაზომვა და შედეგების დამუშავება უშუალოდ ბაჩანას მიერ შესრულდა და დასმულ ამოცანას მან წარმატებით გაართვა თავი. პროექტის წარმატების დასრულების შემდეგ ბაჩანას ახალმა გამოგონებამ შესაძლებელი გახადა ნივთიერების დინამიკის და ურთიერთქმედების შესწავლა უპრეცედენტო სიზუსტით. ეს მეთოდი უახლოეს მომავალში გამოყენებული იქნება სხვადასხვა პრაქტიკული მიზნებისთვის, კერძოდ: გარემოს და ბრძოლის ველის მონიტორინგისთვის, ასაფეთქებელი და მომწამვლელი ნივთიერების იდენტიფიცირებისთვის, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ხალხთა მასიური შეკრების ადგილების დასაცავად (აეროპორტები, რკინიგზის სადგურები და ა.შ). მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ იგი იძლევა საშუალებას დისტანციურად (უშუალოდ შეხების გარეშე), უმოკლეს დროში (წუთებში და წამებში) და რეკორდული საიმედოობით ჩატარდეს მონიტორინგი.
აღსანიშნავია რომ 32 წლის ბაჩანა ლომსაძეს, ასეთ ახალგაზრდა ასაკში, მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები მას უკვე ექსპერტად აღიარებენ ლაზერულ სპექტროსკოპიაში. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ იგი არის მრავალი მაღალ იმპფაქტ ფაქტორიანი ჟურნალის რეცენზენტი. მას იწვევენ საერთაშორისო კონფერენციებზე როგორც ზეპირი მოხსენების გასაკეთებლად, ასევე კონფერენციების სესიების თავმჯდომარედ. ამავდროულად ახლახანს გამოვიდა 5-ტომეული „თანამედროვე ოპტიკის ენციკლოპედია“. ამ უნიკალურ გამოცემაში ბაჩანა ლომსაძემ ერთ-ერთი თავი დაწერა.
წარმატებული პრაქტიკული სამეცნიერო მოღვაწეობის შემდეგ, ლოგიკური იყო სანტა-კლარას უნივერსიტეტის მიერ ახალგაზრდა მეცნიერისთვის პროფესორის თანამდებობაზე დანიშვნა, რაც საკმაოდ გრძელი და რთული კონკურსის გავლის შემდგომ გადაწყდა. 
უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე 250-მდე აპლიკანტი აცხადებდა პრეტენზიას. მაძიებელთა წინასწარი სელექცია დოკუმენტთა შერჩევით მოხდა. შემდეგ ბაჩანა ლომსაძემ გაიარა „სკაიპით“ ზეპირი გასაუბრება, რის შედეგადაც იგი უშუალოდ უნივერსიტეტში მიიწვიეს 2-დღიანი ინტერვიუსთვის, რომელიც მოიცავს: თითოეულ ადგილობრივ პროფესორთან, დეკანთან და უნივერსიტეტის რექტორთან დაახლოებით 1 საათიან შეხვედრას, სამეცნიერო გეგმებზე მოხსენების გაკეთებას, საუნივერსიტეტო კოლოქვიუმის ჩატარებას და სტუდენტებისთვის ლექციების ჩატარებას. 
სანტა-კლარას უნივერსიტეტი, რომელმაც 12 თებერვალს უკვე გააფორმა ხელშეკრულება ქართველ მეცნიერთან, აშშ-ში ერთ-ერთ უძველეს და პრესტიჟულ უნივერსიტეტად მიიჩნევა. იგი მდებარეობს აღიარებულ „სილიკონ ველზე“, რომელიც მსოფლიო ტექნოლოგიების ცენტრია (მაგალითისთვის, აქ აქვს სათავო ოფისები „გუგლს“, „ფეისბუქის“ ა.შ). თავის მხრივ, იგი ძალიან ახლოს მდებარეობს სტენფორდისა და ბერკლის უნივერსიტეტებთან, რომლებთან კოლაბორაციები ბაჩანა ლომსაძეს უკვე დაგეგმილი აქვს. „პროფესორის თანამდებობაზე დანიშვნა გულისხმობს სავალდებულო სალექციო კურსების წაკითხვას, საკუთარი სამეცნიერო ლაბორატორიის შექმნას, სტუდენტების ხელმძღვანელობას, გრანტების მოძიებას, კოლაბორაციის დამყარებას სხვადასხვა სამეცნიერო ჯგუფებთან, როგორც უნივერსიტეტის და ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. „მე ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ამ დონის უნივერსიტეტში მუშაობის შესაძლებლობა მექნება“, – ამბობს ბაჩანა ლომსაძე, რომლის სამეცნიერო წარმატებებს კიდევ ველით.