ამოცანათა კრებული კვანტურ მექანიკაში

28 მარ 2018

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების ასისტენტ-პროფესორის თეიმურაზ Nნადარეიშვილის წიგნი: „ამოცანათა კრებული კვანტურ მექანიკაში“ გამოსცა.
„კრებული განკუთვნილია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების სტუდენტებისთვის და მოიცავს არარელატივისტური კვანტური მექანიკის თითქმის ყველა ძირითად საკითხს. კრებულში შესულია 604 სხვადასხვა სირთულის ამოცანა, რომელთაგან რთულ, ვარსკვლავებით აღნიშნულ ამოცანებს აქვთ მითითებები. თითოეულ თავს გააჩნია მოკლე შესავალი – თეორიული ნაწილი, სადაც თავმოყრილია ამოცანების ამოხსნისთვის აუცილებელი ფორმულები“, – ნათქვამია კრებულის წინასიტყვაობაში.
კრებულს აქვს დამატება, რომელშიც დიდი ნაწილი უკავია სპეციალური ფუნქციების თეორიის ელემენტებს, რაც აუცილებელია ამოცანების ამოხსნისთვის. წიგნი ქართულ ენაზე ამ ტიპის ამოცანათა კრებულის შექმნის პირველი მცდელობაა. 
წიგნის რედაქტორია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის პროფესორი მერაბ ელიაშვილი, რეცენზენტები: ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის პროფესორი თამაზ კერესელიძე და ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი გიორგი ციციშვილი.
„კრებულების გამოცემა განაპირობა იმან, რომ საბაკალავრო საფეხურზე სწავლება ქართულ ენაზეა და ამ ტიპის ამოცანათა კრებული ქართულად არ გვაქვს. ამდენად, სასწავლო პროცესში მიხდებოდა სხვადასხვა სახელმძღვანელოში ამოცანების მოძიება და თარგმნა. ეს ჩვეულებრივი პროცესია და როცა სწავლების დიდი ხნის გამოცდილება გაქვს, გიჩნდება სურვილი – თავი მოუყარო სასწავლო საკითხებს, რათა სტუდენტს სწავლა გაუადვილდეს“, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში თემურ ნადარეიშვილმა.
კრებულში შეტანილია ამოცანები 19 სხვადასხვა სახელმძღვანელოდან, მათ შორისაა 5 ინგლისური, 12 რუსული და 2 ქართული სახელმძღვანელო, ამოცანების ნაწილი კი თავად ავტორის მიერაა შედგენილი. 
კრებული გათვალისწინებულია ბაკალავრიატის საფეხურის III კურსის სტუდენტებისთვის, თუმცა მისი არეალი სცდება ამ კურსის ფარგლებს და მაგისტრატურის სტუდენტებმაც შეიძლება გამოიყენონ – მაგალითად, კრებულის ბოლო თავში გათვალისწინებული საკითხი – მოძრაობა მაგნიტურ ველში, რაც მაგისტრატურაში ისწავლება და სტუდენტებს შეუძლიათ კრებულში ამ ტიპის ამოცანებიც მოიძიონ. 
კრებულის თითოეულ თავს წინ უძღვის თეორიული ნაწილი – ის ფორმულები, რომელიც მათ ამოცანის ამოხსნაში დასჭირდებათ, ასევე დართულია მათემატიკური დამატება, რასაც თავისი ობიექტური წინაპირობა აქვს: „ყოველთვის ვეუბნები ჩემს სტუდენტებს, რომ კარგი ფიზიკოსი სამ პროფესიას უნდა აერთიანებდეს – ფიზიკას, მათემატიკას და ფილოსოფიას, რადგან მასში ხედვა არის ფიზიკა (რას აკეთებ), გააზრება – ფილოსოფია, ხოლო ენა – მათემატიკა. მყოლია კარგი სტუდენტები, რომლებსაც ფიზიკა უყვარდათ, მაგრამ მათემატიკაში რომ ე.წ. „თეთრი ლაქები“ ჰქონდათ, დაიკარგნენ, როგორც ფიზიკოსებიც. ამიტომ, აქ არის მათემატიკური დამატებაც, რათა, რაც დასჭირდებათ, ამ დამატებაში მოიძიონ“, – ამბობს თემურ ნადარეიშვილი.
ავტორს ამოცანათა კრებულის ოთხი ტომის გამოცემა აქვს დაგეგმილი, მათ შორის, სტუდენტები ცოტა ხანში მიიღებენ მეორე ნაწილს – „ამოცანათა კრებული არარელატივისტურ კვანტურ დაჯახებათა თეორიაში და რელატივისტურ კვანტურ მექანიკაში“, შემდეგი იქნება ამოცანები „თეორიულ მექანიკაში“ და ბოლოს „ველის თეორიაში“. ოთხივე ტომში 2500-მდე ამოცანა მოიყრის თავს. 
კრებულის ელექტრონული ვერსია უკვე მზადაა. ის მომავალი ფიზიკოსების სწავლების განუყრელი ნაწილი გახდება.