თსუ-ში ვაჟა-ფშაველას მუდმივმოქმედი ექსპოზიცია გაიხსნება

13 ოქტ 2015

ვაჟა ფშაველას მუდმივმოქმედი ექსპოზიცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უახლოეს მომავალში სწორედ იმ ოთახში გაიხსნება, სადაც საუკუნის წინ კლასიკოსი მწერალი გარდაიცვალა.

პირველი მსოფლიო ომის დროს, 1915-დან 1918 წლამდე, უნივერსიტეტის (მაშინდელი ქართული გიმნაზიის) შენობაში სამხედრო ლაზარეთი ფუნქციონირებდა. 1915 წლის ზაფხულში ფილტვების ანთებით დაავადებული ვაჟა-ფშაველა, ძმის მოწვევით, თბილისში ჩამოვიდა სამკურნალოდ. მწერლების ერთმა ჯგუფმა, სანდრო შანშიაშვილის თაოსნობით, გადაწყვიტა მწერლისთვის იუბილე გადაეხადათ ოპერის თაეტრში, რის შემდეგაც ვაჟას ორთაჭალის ბაღში გაუშალეს სუფრა. ამ დღის შემდეგ, ისედაც დასუსტებული მწერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ამიტომ იგი მაშინდელი მთავარი ექიმის, ვლადიმერ მახვილაძის ინიციატივით, ლაზარეთში გადმოიყვანეს და მესამე სართულზე მოათავსეს. სამწუხაროდ, მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და 54 წლის მწერალი ძველი სტილით 27 ივლისს გარდაიცვალა.

ვაჟა-ფშაველას კაბინეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველად 1961 წელს, პროფესორ გრიგოლ კიკნაძის ინიციატივით დაარსდა და ის 2006 წლამდე ფუნქციონერებდა. მას შემდეგ რამდენჯერმე იყო კაბინეტის აღდგენის მცდელობა, რის შესახებ დადგენილებებიც არსებობს, მაგრამ ამ დრომდე ვერ განხორციელდა.

დაახლოებით ერთი წლის წინ თსუ მუზეუმის დირექტორის, მაია გურაბანიძის ინიციატივით და თსუ რექტორის ლადო პაპავას ხელშეწყობით, დაიგეგმა ვაჟა-ფშაველას მუდმივმოქმედი საექსპოზიციო დარბაზის აღდგენა და თსუ-ის მუზეუმისთვის მიერთება.

თსუ-ის მუზეუმის უფრის სპეციალისტის, მამუკა ჭანტურაიას ინფორმაციით, უახლოეს მომავალში საზეიმოდ გაიხსნება ვაჟა-ფშაველას საექსპოზიციო დარბაზი, სადაც უკვე დასრულდა სარემონტო სამუშაოები და გამოიფინა სხვადასხვა მუზეუმებში და ოჯახებში მოძიებული ფოტოები, წიგნები და სხვა დოკუმენტები. აქ სტუდენტებსა და დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ იხილონ ქართველი მხატვრების: ლადო გუდიაშვილის, თეიმურაზ ყუბანეიშვილის, გოგი ოჩიაურის, ლევან ცუცქირიძის, ელენე ახვლედიანის, კორნელი სანაძის მიერ მწერლის ნაწარმოებებზე შექმნილი ორიგინალური ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, რომლებიც მათ საჩუქრად გადასცეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და სხვა მოძიებული მასალები.

„ვაჟა-ფშაველას მუდმივმოქმედი საექსპოზიციო დარბაზი, გახსნის შემდეგ, უმასპინძლებს მწერლის შემოქმედებით დაინტერესებულ სტუდენტებსა და ყველა მნახველებს. მათ საშუალება ექნებათ, კიდევ ერთხელ გაიხსენონ ვაჟა და მისი ცხოვრების უკანასკნელი დღეები,“ - განაცხადა თსუ-ის მუზეუმის ხელმძღვნემა მაია გურაბანიძემ.