უნივერსიტეტის ავტონომიის გამოსაცხადებლად მუშაობა ჯერ კიდევ 1989 წელს დაიწყო

30 მარ 2018

უნივერსიტეტის ისტორიიდან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი 1990 წლის 8 თებერვალია. ამ დღეს პირველმა ქართულმა უნივერსიტეტმა სამეცნიერო საბჭოს გაფართოებულ საზეიმო სხდომაზე ავტონომია გამოაცხადა. გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“ 1990 წლის 23 თებერვლის ნომერში წერდა, რომ „უნივერსიტეტის კოლექტივის, დედაქალაქის საზოგადოების წარმომადგენელთა თანდასწრებით ოფიციალურად გამოცხადდა, რომ უნივერსიტეტმა 72 წლის შემდეგ დაიბრუნა სუვერენული უფლებები“.
სიმბოლურია, რომ 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე დაარსდა პირველი ქართული უნივერსიტეტი და 90-იან წლების დასაწყისშიც, დამოუკიდებლობის ხელახლა გამოცხადებამდე, ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აღიარა ავტონომია. 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტონომიის დეკლარაციაში გაწერილი იყო შემდეგი უფლება-მოვალეობები: 
* თავად უნივერსიტეტისა და მისი მმართველობის სტრუქტურის ცვლილება;
* მმართველი ორგანოების არჩევა-დამტკიცება;
* სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შემუშავება-დამტკიცება;
* ახალი სპეციალობების შემოღება და ძველის გაუქმება;
* სწავლების ყოველნაირი შესაძლებელი ფორმის შემოღება-გაუქმება;
* სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებებისა და ხარისხების მინიჭება;
* საკუთარი საკადრო, საგარეო, სოციალ-ეკონომიკური და სამეურნეო პოლიტიკის გატარება მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.
დეკლარაციის მიხედვით, უნივერსიტეტის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანიზაციის, დაფინანსებასა და მატერიალურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებდა (უნივერსიტეტის კომპეტენციაში ჩარევის გარეშე). თავის მხრივ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ვალდებულება აიღო „აღუზარდოს ქვეყანას განათლებული, მაღალზნეობრივი თაობა – მეცნიერები, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები. აიყვანოს ქართული მეცნიერება თანამედროვე მსოფლიოს მოწინავე მეცნიერების დონეზე“. (წყარო გაზეთი „სახალხო განათლება“, 1 მარტი, 1990 წელი). 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტონომიის გამოსაცხადებლად მუშაობა 1989 წელს დაიწყო. ე.წ. ავტონომიის ჯგუფი სამი წევრისგან შედგებოდა – ფილოსოფოსი გურამ თევზაძე, მათემატიკოსი ზურაბ კიკნაძე და ამჟამინდელი თსუ-ის ქართულ-აფხაზური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ზურაბ შენგელია. სამუშაო პროცესში აქტიურად ჩაერთნენ: ისტორიკოსი – ოთარ ჯაფარიძე, ახალგაზრდა ბიოლოგი ზურაბ ჟვანია და რექტორატის წარმომადგენელი, იურისტი ლევან ალექსიძე. 
1990 წლის 8 თებერვლის სამეცნიერო საბჭოს ღია სხდომაზე მოხსენება უნივერსიტეტისთვის ავტონომიის მინიჭების აუცილებლობის შესახებ ზურაბ შენგელიამ წარმოადგინა, რომელშიც მან ზოგადად მიმოიხილა უნივერსიტეტების ფუნქცია და უფლება-მოვალეობები სხვადასხვა ქვეყნებში, როგორც ისტორიულ, ასევე თანამედროვე რაკურსში და დაასაბუთა, ანალოგიური უფლებების მინიჭებით, საუნივერსიტეტო განათლების განვითარების პერსპექტიულობა. შემდეგმა გამომსვლელმა ზურაბ კიკნაძემ განაცხადა, რომ ავტონომიის აღდგენის იდეა სტუდენტობამ დააყენა დღის წესრიგში, „რითაც დაადასტურა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფარულად მაინც, ყოველთვის იყო უნივერსიტას მაგისტრორუმ ეტსქოლარიუმ ანუ „ერთიანობა მოძღვართა და დასამოძღვრთა“.
გამომსვლელთა შორის იყვნენ პრორექტორი ელგუჯა ხინთიბიძე და სტუდენტი გიორგი მაისურაძე. სხდომის ბოლოს, რექტორმა ნოდარ ამაღლობელმა წაიკითხა უნივერსიტეტის ავტონომიის დეკლარაცია, რომელიც ერთხმად გაიზიარა დამსწრე საზოგადოებამ. დაიწყო ამ მიმართულებით ინტენსიური მუშაობა. უნივერსიტეტმა დაიბრუნა თავისი ყოფილი ტერიტორიები. ქალაქის აღმასკომმა (თავმჯდომარე ირაკლი ანდრიაძე) უნივერსიტეტს დაუმტკიცა ვაკის სტუდქალაქის ტერიტორია ახალგაზრდული ცენტრის ასაშენებლად. მოიძებნა ინვესტორიც. დაიწყო მოლაპარაკება მახინჯაურის სანატორიუმის „Наука“-ს დასაბრუნებლად, რომელიც იმჟამად ლენინგრადის გემთმშენებელ ქარხანას ეკუთვნოდა.
„გადაიდგა ნაბიჯები უმაღლესი განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობისაკენ ფასიანი სწავლების შემოღების გზით. ლოგიკა მარტივი იყო: სახელწიფო აფინანსებს იმდენ ადგილს, რამდენიც მას სჭირდება სახელმწიფო სამსახურისათვის, მაგრამ თუ პიროვნებას აქვს სურვილი და შეუძლია ამა თუ იმ სპეციალობის ათვისება, რად უშლით ხელს – თავისი ხარჯით მიიღოს განათლება? ამ მიმართულებითაც გადაიდგა ნაბიჯი და უნივერსიტეტის წიაღში წარმოიშვა საქართველოში პირველი ფასიანი „თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი“ (რექტორი პარმენ მარგველაშვილი) ე.ი. უნივერსიტეტმა მიიღო დამატებითი არასახელმწიფო შემოსავალი. მართალია ჩვენი რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ ფასიანი სწავლება მხოლოდ სახელმწიფო სასწავლებლებში დანერგილიყო (რისი მართებულებაც დრომ დაამტკიცა), არ გაითვალისწინეს და ამან სოკოებივით მოამრავლა კერძო სასწავლებლები. გარდა ამისა, უნივერსიტეტში პირველად, საბჭოთა პერიოდში, მოხერხდა სამეცნიერო წოდების მინიჭება მოსკოვის გარეშე. უნივერსიტეტის ეს გამოცდილება აიტაცა საზოგადოებამ და დადგა საკითხი მისთვის საკანონმდებლო ბაზის შექმნისა. სწორედ ამ პერიოდში შეიცვალა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა და წარმოიშვა წინააღმდეგობებიც. ძირითადი პრობლემა აღმოჩნდა არასაბიუჯეტო თანხების კონტროლის მექანიზმის შექმნა. თუ სახელმწიფო სახსრებს თან მოჰყვება მისი კონტროლის მექანიზმებიც, ალბათ, არასაბიუჯეტო თანხებსაც სჭირდება არასახელმწიფო, მაგრამ საზოგადოებრივი კონტროლი, მითუმეტეს ასე მომრავლებული კერძო სასწავლებლების არსებობის პირობებში. ჩვენ ეს აუცილებლად მიგვაჩნდა და დაიწყო ბრძოლა ამ იდეის წინააღმდეგ. შეიქმნა რექტორთა საბჭო, რომელშიც გაერთიანებულნი იყვნენ ყველა პრესტიჟული სახელმწიფო სასწავლებლების რექტორები. ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმის შექმნას თუნდაც სამეურვეო საბჭოს სახით, რაც ბევრ ქვეყანაში არსებობს.
მხოლოდ მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას საშუალებით მოხერხდა განათლების კანონში სამეურვეო საბჭოს ხსენება, მაგრამ არა როგორც აუცილებელი, არამედ როგორც შესაძლო მექანიზმი. ამ პერიოდში სტუდქალაქის ტერიტორიაზე დაიწყო ბინათმშენებლობაც, რაც ქალაქის აღმასკომთან დადებული პირობის დარღვევა იყო და არც მახინჯაურის სანატორიუმი გადმოეცა უნივერსიტეტს. ასე შეჩერდა უნივერსიტეტის ავტონომიის ჩვენეული იდეის რეალიზაცია. საწყენია, მაგრამ ფაქტია“, – იხსენებს ზურაბ შენგელია.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები III მოსმენით მიიღო, რის შედეგადაც კონსტიტუციაში გაჩნდა რეგლამენტირებული ჩანაწერი საუნივერსიტეტო ავტონომიის შესახებ. ეს ინიციატივა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს გიორგი შარვაშიძეს ეკუთვნის.