ასწლეულის მძიმე გაკვეთილები...

12 თებ 2018

დედაუნივერსიტეტი XX საუკუნის ისეთივე პირმშოა, როგორიც სვეტიცხოველი XI საუკუნისა და გელათი XII საუკუნისა. ჩვენი უნივერსიტეტიც სახეა ეპოქისა, როგორც ყველა ეროვნული ძეგლი... მასაც არაერთი ძნელბედობის ჟამი ჰქონია... ამ მცირე საგაზეთო წერილში ორ უმთავრეს პერიოდზე მინდა შევაჩერო ყურადღება; ორივე შემთხვევაში დედაუნივერსიტეტის ეროვნულობა, ქართული საქმის თავკაცობა იყო მიზეზი მოძალადეთა მტრული დამოკიდებულებისა... და ყოველივე ეს სამომავლო გაკვეთილად რომ გამოგვადგეს, ამიტომ არ უნდა დავივიწყოთ... უფრო კონკრეტულად:
ივანე ჯავახიშვილმა და მისმა გუნდმა თავიდან „თავისუფალი უნივერსიტეტი“ ჩაიფიქრეს; 1917 წლის 22 ივნისს ივანე ჯავახიშვილის წინადადებით სიტყვა „თავისუფალი“ შეცვალეს სიტყვით „ქართული“. ამით მოხდა ხაზგასმა მომავალი უნივერსიტეტის მიზნებზე, ინტერესებზე, სულისკვეთებაზე. აღნიშნა კიდეც ქართული უნივერსიტეტის პირველმა რექტორმა, საქვეყნოდ ცნობილმა ქიმიკოსმა პეტრე მელიქიშვილმა თავის სეფესიტყვაში 26 იანვარს: ჩვენი უნივერსიტეტის უმთავრესი მიზანი ქართული საქმის მსახურება იქნებაო!..
სწორედ ამ ქართულობამ, ეროვნულობამ განაწყო მტრულად რუსეთის იმპერია ქართული უნივერსიტეტის იდეისადმი და ამიტომაც ეწინააღმდეგებოდნენ გააფთრებით მის დაარსებას...
სწორედ ეროვნულობა და ქართულობა იყო ის მიზეზი, რის გამოც ბოლშევიკური ხელისუფლება მტრად მოეკიდა ახლად გახსნილ უნივერსიტეტს... პირველი მკვეთრი დაპირისპირება 1926 წელს მოხდა: ივანე ჯავახიშვილი გადააყენეს რექტორობიდან და დანიშნეს ბოლშევიკი თედო ღლონტი. მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი წერდა: „1921 წელს თედო ღლონტი სტუდენტად არ მიიღეს, რადგან სწავლის სტაჟი არ ჰქონდა. დღეს კი, 22/VI რექტორად აირჩიეს“... უნივერსიტეტის სახელწოდებიდან გაქრა „ქართული“... არ უშველა ბოლშევიკებს ამ ღონისძიებამ; საბედნიეროდ, ისე მკვიდრი იყო ეროვნული უნივერსიტეტის საფუძველი, რომ საჭირო გახდა „სხვა ღონისძიებანიც“ და დაიწყო დედაუნივერსიტეტის ძნელბედობის ხანგრძლივი და მძიმე პერიოდი: 1930 წელს დაიხურა უნივერსიტეტი (ინსტიტუტებად დაიშალა); ივანე ჯავახიშვილსა და მის თანამებრძოლებს სამსჯავრო მოუწყვეს. ამჯერად რექტორი კ. ორაგველიძე ერთგულად ასრულებს ხელისუფლების დავალებას... თავგამოდებით აქტიურობენ „წითელი პროფესორები“, ახალგაზრდა ბოლშევიკები (სტუდენტები, ასპირანტები)... უმძიმესი რეპრესიების ხანაა... დაბეზღებები, დაჭერები, დახვრეტები, უნივერსიტეტიდან გაყრა...


ისტორიას განმეორება სცოდნია...

მაინც გადარჩა უნივერსიტეტი; გაუძლო ამ ძნელბედობას; აღდგა მკვდრეთით... ნელ-ნელა მოიკრიბა ძალა... მძლავრობს მკვიდრი საფუძველი: ისევ ეროვნული სულისკვეთებით, ინტერესებითა და მიზნებით გაგრძელდა საუნივერსიტეტო ცხოვრება...
კომუნისტურმა ხელისუფლებამ თითქოს დაგმო 20-30-იანი წლების რეპრესიები, მაგრამ, როგორც ჩანს, ფორმალურად: პეტრე მელიქიშვილისა და ივანე ჯავახიშვილის სურათების გვერდით დაჰკიდეს თედო ღლონტის, კარლო ორაგველიძის, მალაქია ტოროშელიძისა და სხვათა სურათები... ეს, ფაქტობრივ, შეხსენება-გაფრთხილება იყო: ისინი სახელმწიფოს დავალებას ასრულებდნენო... სახელმწიფო კი იგივე იყო...
50-იანი წლებიდან თბილისის უნივერსიტეტმა მოიდგა წელი და იქცა ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედების ერთ-ერთ უმთავრეს ძალად, ყოველივე ქართულის თავკაცად, ეროვნული მოძრაობის მედროშედ... გავიხსენოთ 1956 წლის მარტის მოვლენები; 1978 წლის აპრილი; გასული საუკუნის 80-იანი წლების ეროვნული მოძრაობის აღმავლობა... 
ყოველივე ამან მძიმე საფიქრალი გაუჩინა ხელისუფლების სათავეში მოსვლის ჟინით შეპყრობილ ახალ თაობას... და 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყეს ფიქრი, როგორ ჩაეგდოთ ხელში ხელისუფლება და აეღოთ საზოგადოების მართვის სადავეები... წარმატებულად აითვისეს ბოლშევიკების გამოცდილება (ამიტომ ნეობოლშევიკებიც უწოდეს მათ)... 2003 წელს ხელისუფლებაში მოსული „ნაცმოძრაობის“ შეტევა დედაუნივერსიტეტის წინააღმდეგ უფრო მასშტაბური, უფრო დამანგრეველი, უფრო „შედეგიანი“ იყო, ვიდრე ნამდვილი ბოლშევიკებისა... მოჩვენებითი რეფორმა თითქოს მთელ საუნივერსიტეტო სივრცეს შეეხო, მაგრამ საგანგებოდ გაიწირა ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი... ერთი კონკრეტული მაგალითი: თუ სხვა უნივერსიტეტებში „ოპტიმიზაციის მიზნით“ პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა შემცირდა 3-4 %-ით, დედაუნივერსიტეტიდან დაითხოვეს 81%... ზეიმობს უკანონობა, უსამართლობა; ჩატარდა „პოლიტიზირებული“ კონკურსები (2006, 2009, 2012 წლებში)... პროცესებს განათლების მინისტრის კახა ლომაიას და მაშინდელი რექტორის მეშვეობით მართავენ „რეფორმატორები“... „ხულიგან“ პროფესორებს ასამართლებენ... და შეძლო ხელისუფლებამ მართვის სადავეების ხელში აღება... ისევ გაჩნდნენ „ვარდისფერი პროფესორები“, „ნეოკომკავშირლები“ და „დამშვიდდა“ უნივერსიტეტი...
საუკუნოვანი ქართული უნივერსიტეტის ისტორიაში ეს ორი უმძიმესი პერიოდი არ უნდა დავივიწყოთ; უნდა მოხდეს ამ პროცესების სამართლებრივი და მორალური შეფასება; თუნდაც იმიტომ, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს... რათა დიდი ივანე ჯავახიშვილისა და მისი ერთგული თანამებრძოლების დაფუძნებული და ნალოლიავები ქართული უნივერსიტეტი ისევ ეროვნული სულისკვეთებითა და ინტერესებით ემსახუროს ქართულ საქმეს!


დღევანდელი რექტორატის პოზიცია

გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტისადმი“ მიცემულ ინტერვიუში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ბატონი მიხეილ ჩხენკელი უნივერსიტეტში ჩასატარებელი მომავალი კონკურსების თემასაც შეეხო: „კონკურსანტებს შორის შეირჩევა ღირსეული და ვაკანსიებს დაიკავებენ პროფესიონალები. ჩვენ წლების წინ ბევრი კარგი სპეციალისტი დავკარგეთ და დღეს ისინი კონკურენტ უნივერსიტეტებში მუშაობენ, თუმცა აქვთ სურვილი – დაბრუნდნენ. როცა ისინი დაინახავენ, რომ კონკურსი გამჭვირვალე და ობიექტურია, შემოიტანენ საბუთებს ამ კონკურსში. მთავარია მთელმა საზოგადოებამ ირწმუნოს, და ეს რწმენა უნდა იყოს რეალობაზე დაფუძნებული, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონკურსები ტარდება ობიექტურად, ისე, როგორც ეს შეესაბამება და ეკადრება ჩვენს უნივერსიტეტს“.
ამ ინტერვიუს მიცემისას ბატონი მიხეილ ჩხენკელი დედაუნივერსიტეტის პრორექტორი იყო. ესაა აღიარება იმისა, რაც მოხდა უახლოეს წარსულში და გაჩნდა სურვილი მდგომარეობის გამოსწორებისა... და ეს სამართლიანობის აღდგენის იმედსაც იძლევა...
პირველი ასწლეულის ძნელბედობანი გაკვეთილი უნდა იყოს მეორე ასწლეულისათვის!.. ბედნიერი იყოს მეორე ასწლეული დედაუნივერსიტეტისათვის!..

გიორგი გოგოლაშვილი