„სურვილების ხე“ და აკინძული ნატვრები

21 დეკ 2017

ახალი წელი ის დღესასწაულია, რომელსაც მხოლოდ პოზიტივი შეაქვს ადამიანთა ცხოვრებაში. ეს ის დროა, როცა საკუთარ სურვილებსა და საახალწლო ჩანაფიქრებს ხმამაღლა ვამბობთ, როცა გეგმებს ვსახავთ, მიზნებს ვაკონკრეტებთ, ერთმანეთს იმედებსა და სურვილებს ვუზიარებთ. მართალია, ოცნებების დიდი ნაწილი, მეტისმეტად პოზიტიური განწყობის გამო, უტოპიურია, მაგრამ მომავალზე ფიქრი და წინასაახალწლო სურვილები მაინც დადებით მოვლენად მიგვაჩნია. ეს ერთიორად ზრდის დასახული მიზნის მიღწევის შანსს. 
რა სურვილები ამოძრავებთ უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს, რაზე ოცნებობენ და რის ახდენას ისურვებდნენ 2018 წელს – ამის თაობაზე, ალბათ, ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ხელმძღვანელობას! – ვინ იცის – იქნებ სწორედ მათ შეძლონ „სურვილების ხეზე“ აკინძული ნატვრების ასრულება...

 

ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის ვისურვებდი სახელფასო ანაზღაურების ზრდას

ვასილ კაჭარავა, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი:

– ჩემი სურვილია, უნივერსიტეტმა 100 წლის იუბილე ღირსეულად აღნიშნოს. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო უნივერსიტეტელებისთვის, არამედ მთელი ქართული საზოგადოებისთვის. ეს უნივერსიტეტის ცნობადობისთვის კიდევ ერთი კარგი საშუალებაა, როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს მასშტაბით. არ დაგვავიწყდეს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „თეთრი ტაძარი“ იყო ის ძირითადი ორგანიზაცია, რომელმაც საბჭოთა პერიოდში საქართველოს სულიერება და კულტურა გადაარჩინა. ვისურვებდი, რომ ჩვენმა უნივერსიტეტმა კვლავ დაიბრუნოს ქართული კულტურული სულიერების ავანგარდის ადგილი. 
უნდა გაიზარდოს ქართული პროფესურის პრესტიჟი და მნიშვნელობა საზოგადოებაში. მიმაჩნია, რომ ქართული საზოგადოება და ქვეყნის მთავრობა არ იყენებს საკმარისად იმ პოტენციალს, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტს გააჩნია და ამით ძალიან ბევრს კარგავს. ის, რომ ჩვენს უნივერსიტეტში არსებული ინტელექტუალური და სამეცნიერო პოტენციალი სათანადოდ არ არის გამოყენებული, აფერხებს ქვეყნის განვითარებას. აუცილებელია, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ იზრუნოს, რათა ქართული პროფესურის ადგილი საზოგადოებაში კიდევ უფრო გამოიკვეთოს, უფრო ღირსეული და პრესტიჟული გახდეს. 
ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის კი ვისურვებდი სახელფასო ანაზღაურების ზრდას, რომელიც არასდროს იყო მაღალი და, დღევანდელი ინფლაციის პირობებში, საკმაოდ მცირეა. თუ გვინდა, რომ ღირსეულად ვიმუშაოთ, მაპატიეთ და, პურის ფულზე და დამატებით სამუშაო ადგილებზე არ უნდა ვფიქრობდეთ, ორიენტირებული უნდა ვიყოთ მხოლოდ ჩვენს უნივერსიტეტზე და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე. მეცნიერება ისეთი რამ არის, რომ პროფესორი მეცნიერებაზე უნდა ფიქრობდეს, იკვლევდეს, ეძიებდეს... კარგი პროფესორი სამეცნიერო საქმიანობის გარეშე ვერ იქნები. პირველ რიგში, სამეცნიერო სფეროში უნდა ვიმუშაოთ, სამეცნიერო პროდუქტი შევქმნათ. აქ უნდა ხდებოდეს ჩვენი ინტელექტუალური შესაძლებლობების ზრდა და განვითარება. მხოლოდ ამის შემდეგ, აკუმულირებული ცოდნის მეშვეობით, შეიძლება ვიმუშაოთ სტუდენტებთან... უნივერსიტეტის წარმატებულ სტუდენტს წარმატებული პროფესურა ზრდის. 
ასევე, სასურველია მეტად შეეწყოს ხელი პროფესურის კვალიფიკაციის ამაღლებას, მათი მივლინებების დაფინანსებას უცხოეთის უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში. ასევე უნდა ვიზრუნოთ სტუდენტების სასწავლო პრაქტიკებსა და სტაჟირებებზე. ეს კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია საზღვარგარეთის წარმატებულ უნივერსიტეტებში. დღეს მსოფლიოს მრავალი უნივერსიტეტი სტუდენტებს საზაფხულო სასწავლო პრაქტიკებზე უშვებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ეს აუცილებელია სტუდენტის კულტურული ზრდისთვის. თუ ლუვრი და პრადო არ გაქვს ნანახი, მარტო თეორიული სწავლება საკმარისი არ არის და განათლება ვერ იქნება სრულფასოვანი. მართალია, სასწავლო სტაჟირებები და პრაქტიკები არის ჩვენს უნივერსიტეტში, მაგრამ კიდევ უფრო გაფართოება სჭირდება.
მინდა, თსუ-ის წიგნების მაღაზიის მუშაობის პრინციპი გამოსწორდეს. ის, პირველ რიგში, სტუდენტების მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, აქ უნდა მოიძიონ მათ სასწავლო ლიტერატურა. ჩვენი წიგნების მაღაზია კი სრულიად სხვა პრინციპით მუშაობს – ყიდის მხოლოდ იმ წიგნებს, რომელსაც თსუ-ის გამომცემლობა ბეჭდავს. სტუდენტს უნდა შეეძლოს ადგილზე შეიძინოს სახელმძღვანელო, რომ დრო არ დაკარგოს წიგნის მაღაზიებში სარბენად. ვფიქრობ, ამის ორგანიზება ძნელი არ უნდა იყოს. 
კარგი იქნება, თუ უნივერსიტეტში გაიხსნება ე.წ. Fაცულტყ ჩლუბ ანუ პროფესურის თავშეყრის ადგილი. თუნდაც პატარა, კოხტა და მყუდრო კაფე, სადაც პროფესორები ერთმანეთს შევხვდებით, ვისაუბრებთ, დავეკონტაქტებით უცხოელ კოლეგებს, ანუ როგორც ეს მსოფლიოს მრავალ უნივერსიტეტში ხდება. სწორედ ასეთ შეხვედრებზეა სამეცნიერო საუბრები, აზრთა გაზიარება, იდეების „დუღილი“. ისეთი გარემო უნდა შევქმნათ, რომ ყველა პროფესორს უხაროდეს მოსვლა და კოლეგებთან გასაუბრება.
დღეს უნივერსიტეტში ბევრი სასიკეთო რამ კეთდება, ჩვენი უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მოწოდებულია უნივერსიტეტის გაძლიერებისა და განვითარებისკენ. ინფრასტრუქტურის მხრივაც სასიკეთო ძვრებია, ამას ვხედავთ და ვაფასებთ. იდეალური მდგომარეობა არც სტენფორდის უნივერსიტეტშია! 
გისურვებთ ყველას წარმატებებს და გაძლიერებულ, გამთლიანებულ ქვეყანაში ცხოვრებას!


ვისურვებდი, რომ საქართველოს ეკლესიამ ივანე ჯავახიშვილი წმინდანად შერაცხოს

ბესარიონ ზოიძე, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი:

– ვისურვებ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თავისი ისტორიული მისია კვლავაც შეასრულოს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყველა სხვა უმაღლესი სასწავლებლებისთვის მისაბაძია და ეს ტრადიცია უნდა გააგრძელოს, იყოს სანიმუშო განათლების ევროპეიზაციის პროცესის განხორციელებაში. 
ივანე ჯავახიშვილი, ფაქტობრივად, ქართული საზოგადოებისათვის და მეცნიერებისთვის წარმოადგენს ინტელექტუალურ წმინდანს. ამიტომ, ვისურვებდი, რომ საქართველოს ეკლესიამ იგი ოფიციალურად წმინდანად შერაცხოს.


ვისურვებდი ისეთი სასაუბრო კლუბის შექმნას, სადაც ყველა საფეხურის სტუდენტს გამოცდილების ურთიერთგაცვლა შეეძლება

ნანა შათაშვილი, თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი:

– ვისურვებდი, რომ 2018 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე პრობლემა მოგვარდეს. ადმინისტრაციამ სტუდენტს უნდა დაანახოს, რომ პროფესორს, რომელსაც ირჩევს კონკურსით, ენდობა და მოფრთხილება სჭირდება. ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში სტუდენტებში პასუხისმგებლობის გრძნობა მოიმატებს და ლექციებს ინტენსიურად დაესწრებიან, რაც დღეს ასე არ ხდება – ისინი დარწმუნებულები არიან, რომც არ ისწავლონ, მაინც არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ, რადგან უნივერსიტეტში დაფინანსება მოაქვთ. თუმცა პრობლემა ექმნება პროფესორის კვალიფიციურ მუშაობას და შედეგად მისი უნივერსიტეტში დარჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დადგეს. 
პროფესორს დიდი სამუშაო აქვს, როგორც პედაგოგსა და მეცნიერს, ამიტომ დამატებით დროს არ უნდა ხარჯავდეს ისეთი საკითხების მოგვარებაში, როგორიც არის, მაგალითად, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა (ლაპარაკია ჩვენი ფაკულტეტის კორპუსებზე). ხშირად აუდიტორიაში დაფა არ არის, წყალი არ მოდის, გათბობა არ არის, საპირფარეშო მოუწესრიგებელია და ასე შემდეგ. ჩვენ, პროფესორებს, წაყენებული გვაქვს საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნები, თუმცა სამეცნიერო მუშაობის პირობები და სწავლების ფორმატიც საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება. მაგალითად, სტუდენტებისათვის, განსაკუთრებით მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის არაა გამოყოფილი სამუშაო სივრცე, სადაც მათ შეეძლებოდათ კვლევითი სამუშაოს ერთად ჩატარება, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება. ვისურვებდი ისეთი სასაუბრო კლუბის შექმნას, სადაც ყველა საფეხურის სტუდენტს გამოცდილების ურთიერთგაცვლა შეეძლება.


ვისურვებდი, რომ უნივერსიტეტს მომავალ წელს ბევრად გაეუმჯობესებინოს თავისი შესაძლებლობები

ზურაბ დავითაშვილი, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი:

– უნივერსიტეტში არის ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის პრობლემები, შესაბამისად, ვისურვებდი, რომ უნივერსიტეტს მომავალ წელს ბევრად გაეუმჯობესებინოს თავისი შესაძლებლობები. ასევე ვისურვებდი, რომ უფრო ინტენსიური გახდეს კავშირები საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებთან როგორც სტუდენტებისთვის, ისე აკადემიური პერსონალისთვის. 2018 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსებიდან 100 წელი უსრულდება, ეს საიუბილეო თარიღია და მინდა, რომ ბედნიერი წელი იყოს პირველი ქართული უნივერსიტეტისთვის. ის ჩვეულებრივი უმაღლესი სასწავლებელი არ არის და გაცილებით ბევრს ნიშნავს, ვიდრე რომელიმე სხვა უნივერსიტეტი.


ვისურვებდი, რომ აკადემიური კონკურსები წარმატებით და ობიექტურად ჩატარდეს

ავთანდილ სილაგაძე, თსუ-ის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:

– უნივერსიტეტს ვუსურვებ უფრო დიდ წარმატებებს როგორც სასწავლო, ასევე სამეცნიერო კუთხით. ის სანიმუშო უნივერსიტეტია კავკასიის რეგიონში, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი მისი პრესტიჟისა და პოპულარიზაციის ასამაღლებლად. ეს ყველაფერი გაკეთდება იმ მეცნიერთა მონაწილეობით, რომლებიც ღირსეულად იქნებიან წარმოჩენილნი უნივერსიტეტში. მომავალ წელს თსუ 100 წლის ხდება. მინდა, მთელ ქართულ საზოგადოებას მივულოცო ეს საიუბილეო თარიღი.
2018 წელს გამოცხადდება კონკურსები აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, ვისურვებდი, რომ ეს კონკურსები წარმატებით და ობიექტურად ჩატარდეს.

 

მინდა სტუდენტებს ჰქონდეთ ბევრი მოგზაურობის შესაძლებლობა

ხათუნა კაჭარავა, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი:

– ჩემი სურვილები სტუდენტებს უკავშირდება, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა პიროვნებებად იგრძნონ თავი უნივერსიტეტში, ჰქონდეთ კომფორტული გარემო არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის, არამედ ლექტორებთან ურთიერთობის თვალსაზრისითაც; ჰქონდეთ სწავლის მოტივაცია და რაც შეიძლება ბევრი მოგზაურობის შესაძლებლობა, რადგან, რასაც სწავლობენ, საკუთარი თვალითაც იხილონ. ამის საშუალება უკვე არსებობს და 2018 წელს თუ ამას განახორციელებენ, ძალიან კარგი იქნება“.

 

რა სურთ სტუდენტებს?

ვისურვებდი, რომ სახელმწიფომ დაფინანსება გაუზარდოს უნივერსიტეტსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს

დავით კვარაცხელია, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი:

– ჩემი სურვილია, რომ სახელმწიფომ დაფინანსება გაუზარდოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს. ამ ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ იმის რესურსი, რომ სამეცნიერო კვლევები შეუფერხებლად და სათანადოდ განახორციელონ. ეს, აგრეთვე, ხელს შეუწყობს სასწავლო სახელმძღვანელოების შექმნას, უცხოური სასწავლო ლიტერატურის თარგმნას და გამოცემას. ვისურვებ, რომ სტუდენტებისთვის გაიხსნას მყუდრო, კომფორტული და გემოვნებით მოწყობილი კაფეტერია, სადაც ლექციიდან ლექციამდე დასვენებას შევძლებთ.


მინდა, უნივერსიტეტში WiFi ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ყველა კორპუსში

თეონა ყიფშიძე, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი:

– კარგი იქნება, თუ უნივერსიტეტის აუდიტორიები აღიჭურვება შესაბამისი სასწავლო ტექნიკით და ამით პროფესორს ექნება საშუალება, ლექცია უფრო შთამბეჭდავი და საინტერესო გახადოს. უნივერსიტეტში ინტერნეტი გამართულად უნდა მუშაობდეს, ჭიFი-ით სარგებლობა არ უნდა გვიჭირდეს და მინდა, მისი მოწოდება იყოს ხარისხიანი და ყველასთვის ხელმისაწვდომი.

 

მინდა, რეგისტრაციისას საგნებს უპრობლემოდ ვირჩევდეთ

ანა კვიციანი, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი:

– ვისურვებდი, სასწავლო წლის დაწყების დროს არ შეგვექმნას პრობლემები საგნების არჩევის კუთხით. როცა საგანს ვირჩევთ, ან დრო არ გვემთხვევა, ან ჯგუფებში ადგილი აღარ არის, ცხრილების მოწესრიგება ნამდვილად მეტ კომფორტს შეგვიქმნის სტუდენტებს. 
ახალ წელს მივულოცავ ჩვენს პროფესორ-მასწავლებლებს, წარმატებებს და ღირსეულ ცვლას ვუსურვებ.


ვისურვებ, უნივერსიტეტის ლაბორატორიები ინოვაციური ტექნიკური მოწყობილობებითა და ინვენტარით აღიჭურვოს

ირაკლი მაისურაძე, თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი:

– სურვილი მაქვს, უნივერსიტეტმა საქმიანობა ინოვაციების დანერგვის მიმართულებითაც გააძლიეროს. ინოვაციური მიდგომა უმაღლესი სკოლის სასწავლო პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია და ის სწავლების ხარისხის ზრდას შეუწყობს ხელს. ვისურვებ, უნივერსიტეტის ლაბორატორიები ინოვაციური ტექნიკური მოწყობილობებითა და ინვენტარით აღიჭურვოს.


მინდა საკვები ობიექტი III კორპუსთანაც გაიხსნას

ნუკრი ბერიძე, თსუ-ის სიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი:

– მინდა, ბევრი საჯარო ლექციები, პროექტები ფსიქოლოგიის თემატიკის მიმართულებით... 2018 წლიდან ვისურვებდი უფრო აქტიურ ცხოვრებას უნივერსიტეტში. ასევე, მინდა, საკვები ობიექტი III კორპუსთანაც გაიხსნას“.


რამდენიმე თვეზე გადანაწილებულ სწავლის გადახდის მექანიზმს ვისურვებდი

ანა ადამაშვილი, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის I კურსის სტუდენტი:

– 2018 წლიდან ვისურვებდი უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ და განივ კორპუსებში სველი წერტილების მოწესრიგებას; საგნის არჩევის გამარტივებულ სისტემას; უნივერსიტეტის აუდიტორიებში, განსაკუთრებით ნულოვან სართულებზე უკეთეს გათბობას... მიუხედავად იმისა, რომ მე 100%-იანი გრანტი მაქვს და ჩემთვის პრობლემა არ არის, სტუდენტებისთვის უფრო გამარტივებულ და რამდენიმე თვეზე გადანაწილებულ სწავლის გადახდის მექანიზმს ვისურვებდი. ასევე, მინდა, სტიპენდიები გაიცეს რეალური დამსახურების მიხედვით და არა უხარისხო კონფერენციების გათვალისწინებით.


ვისურვებდი გაცვლით პროგრამებს ჩემს ფაკულტეტზეც

გიორგი დუნდუა, თსუ-ის სიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის I კურსის სტუდენტი:

– გაცვლითი პროგრამები ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტს არ აქვს და მინდა, 2018 წლიდან დაემატოს.


მინდა, III კორპუსის ეზოს კედლები ფსიქოლოგიის თემატიკის მიხედვით მოიხატოს

ერეკლე ჩერქეზიშვილი, თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი:

– ვისურვებდი, რომ III კორპუსის ეზოს კედლები ფსიქოლოგიის თემატიკის მიხედვით მოიხატოს.


მინდა, უნივერსიტეტში დიდი საახალწლო კარნავალი ჩატარდეს

ნატა ღირსიაშვილი, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის I სტუდენტი:

– საახალწლო მილოცვებს მეც ვუერთდები და ჩემს სურვილსაც გაგიმხელთ: მინდა, უნივერსიტეტში დიდი საახალწლო კარნავალი ჩატარდეს, სადაც ყველა ფაკულტეტის სტუდენტი და პროფესორ-მასწავლებელი მიიღებს მონაწილეობას. ჩემს თავს და თანაკურსელებს კი სწავლაში წარმატებას და მიზნების განხორციელებას ვუსურვებ.

 

ჩემი სურვილია, ყველა კორპუსი ლამაზად მოირთოს

ნინო ჭელიძე, თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი:

– ახალი წელი ჩემთვის ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. ამ დღეს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად აღვნიშნავ. მინდა, საზეიმო განწყობა უნივერსიტეტშიც დამხვდეს. ჩემი სურვილია, ყველა კორპუსი ლამაზად მოირთოს. მინდა, ბევრ ბედნიერ სახეს ვხედავდე. ვულოცავ ჩემს მეგობრებს და ჩემს პედაგოგებს ამ დღესასწაულს საუკეთესო სურვილებით.


მინდა, უნივერსიტეტის ფოიეში სიმღერები ისმოდეს

თამთა სანიკიძე, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი:

– ამ ახალ წელს მინდა, ყველა ჩემს ახლობელს ბედნიერება ვუსურვო, თანაკურსელებს კი – მიზნებისა და ოცნებების ასრულება. ჩემი სურვილია, ამ ახალ წელს, უნივერსიტეტში დიდი ნაძვის ხე დადგან, იმაზე დიდი, ვიდრე წინა წელს იყო, ფოიეში კი სიმღერები ისმოდეს“.


მინდა, საახალწლოდ, უნივერსიტეტმა ნაძვის ხის ზეიმზე მიუსაფარ და სოციალურად დაუცველ ბავშვებს უმასპინძლოს

ანუკა ფირცხალავა, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი:

– მინდა, საახალწლოდ, უნივერსიტეტმა ნაძვის ხის ზეიმზე მიუსაფარ და სოციალურად დაუცველ ბავშვებს უმასპინძლოს. ჩვენ კი, სტუდენტებმა, ცოდნის ტაძარზე მოვუთხროთ, სიხარული და სითბო ვაჩუქოთ, საახალწლო საჩუქრები დავურიგოთ, ბავშვებში სწავლის სიყვარული გავაძლიეროთ, მეცნიერებისადმი ინტერესი გავუღვიძოთ და იმედი ვაჩუქოთ... დედა-უნივერსიტეტის კარი მათთვის ყოველთვის ღია და ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

მოამზადა თამარ დადიანმა, ნატო ობოლაძემ, შურთხია ბეროშვილმა