დიმიტრი კორძაიას „უჩინარი“ ახალი წელი

21 დეკ 2017

„ბაბუამ თქვა: – აი, ახალი წელიც მოვიდა!“... ოთახში სანთლები ენთო, გარეთ თოფების და ფოიერვერკების ხმა ისმოდა, ტელევიზორში „მრავალჟამიერს“ მღეროდნენ, მე გაოცებული ვიყურებოდი აქეთ-იქით... ვერ გავიგე, ყველას ასე ძლიერ რა უხაროდა, ირგვლივ არავინ ჩანდა ოჯახის წევრების გარდა, რომლებიც ერთმანეთს „რაღაცას“ ულოცავდნენ, ბაბუა კი ამტკიცებდა, რომ ახალი წელი მოვიდა“, – ასე ლამაზად და ზღაპრული ელფერით შემოვიდა და ჩარჩა „უჩინარი“ ახალი წელი მის ცხოვრებაში, ამიტომ დღემდე ამ განწყობით – იმედებით, სიხარულით და ახლის მოლოდინით ხვდება დღესასწაულს.
მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ „ის ნამდვილად მოდის“, თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის, პროფესორ დიმიტრი კორძაიას ყოველი ახალი წელი საინტერესო და განსხვავებულია, თუმცა ერთი რამ არ იცვლება – დღესასწაულს ყოველთვის ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად ხვდება... 
ბავშვობა თბილისში, ფიქრის გორაზე გაატარა. დიდ ოჯახში ახალი წლის სამზადისიც იმ ტრადიციების ნაწილი იყო, რომელსაც ტიტე ბაბუა და მარიამ ბებო ამკვიდრებდნენ. პირველ შვილიშვილს ბებია და ბაბუა განსაკუთრებით ანებივრებდნენ, მშობლები დაკავებულები იყვნენ: მამა უნივერსიტეტში ფილოსოფიის კათედრის გამგე იყო, დედა – სამედიცინო ინსტიტუტში ფილოსოფიის კათედრაზე მუშაობდა, მაგრამ ახალ წელს ყველა იცლიდა და განსაკუთრებულად ემზადებოდნენ. 
„როგორც ყველა ქართულ ტრადიციულ ოჯახში ჩვენთანაც კეთდებოდა გოზინაყი და საცივი... გოზინაყს ბებია აკეთებდა, მერე დედა, ახლა ჩემი მეუღლე აკეთებს, მაგრამ მე ყველაზე მეტად მამიდას გაკეთებული გოზინაყი მომწონდა – პატარა ბურთულები მოხალული ნიგვზით... ნაძვის ხეს ჩემს ბავშვობაში დედა რთავდა – დილით გაღვიძებულს მეუბნებოდნენ, რომ თოვლის ბაბუამ მომიტანა... მაშინ ჯერ კიდევ სანტა-კლაუსის შესახებ არაფერი ვიცოდი, მაგრამ ახალი წლის ღამეს სურვილებს ჩავუთქვამდით და მათი ასრულების გვჯეროდა... ახლა მეუღლესთან ერთად ვრთავ ნაძვის ხეს შვილებისთვის და შვილიშვილისთვის“...
კორძაიების ოჯახში მეკვლეს დღესაც დიდი სიხარულით ელიან, მაგრამ ბავშვობაში მოსული პატარა მეკვლე მაინც სხვანაირად დაამახსოვრდა: „ექვსი წლის ვიყავი, კარზე კაკუნი გაისმა და ოთახში ჩემი ბიძაშვილი ჭაბუა ჭაბუკიანი შემოვიდა ბიძაჩემთან, ოთარ ჭაბუკიანთან ერთად. ჭაბუას მხრებზე ლეჩხუმიდან ჩამოტანილი ძველი ნაბადი ჰქონდა მოხვეული და ხელში ტკბილეული ეჭირა, ძალიან კარგი შეგრძნება იყო, მას შემდეგ მეც ხშირად ვყოფილვარ მეკვლე“, – იხსენებს დიმიტრი კორძაია. 
საოჯახო ფოტო-ალბომში საბავშვო ბაღში ახალი წლის ზეიმების ამსახველი ფოტოები დღესაც ინახება. მაშინ ნაბდიანი, თეთრწვერა, ყაბალახიანი თოვლის პაპა და რუსი „დედ მოროზი“ ერთად ულოცავდნენ „საბჭოთა კავშირის“ ბედნიერ ბავშვებს ახალ წელს. ერთ-ერთ ზეიმზე თავადაც განასახიერებდა თოვლის ბაბუას. „მახსოვს, ერთ ზეიმზე თოვლის ბაბუა ვიყავი, ლევან უჩანეიშვილი კი – მეკვლე. გრიმის გასაკეთებლად ბებიამ პიონერთა სასახლეში წამიყვანა, სადაც თეთრი წვერი დამამაგრეს. სკოლის პერიოდში სცენაზეც ვმსახიობობდი, „ოტელოს“ როლიც კი მაქვს შესრულებული. ზეიმებზე ლექსებსაც ხალისით ვკითხულობდი. მამა პოეზიის დიდი მოყვარული იყო და მისი სიყვარული მისგან გამომყვა. მახსოვს, რა გრძნობით ვკითხულობდი სიმონ ჩიქოვანის ლექსს, – „ვინა სთქვა“... ასე რომ, ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილებები დღემდე მომყვება“. 
ბატონი დიმიტრი სკოლის პერიოდში და სტუდენტობისას, ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი, მეგობრებთან და ნათესავებთან მიდიოდა მეკვლედ. ერთხელ თოხაძეების ოჯახს ცხენითაც კი მიადგა. ტრადიციული სამოსით ახალი წლის შეხვედრის ტრადიცია სამედიცინო ინსტიტუტშიც დაამკვიდრა. მაგრამ განსაკუთრებული ის ახალი წელი იყო, როდესაც მომავალ მეუღლეს ოჯახში ესტუმრა. „ეს ჩემი პირველი ვიზიტი იყო მის ოჯახში და, რა თქმა უნდა, ვღელავდი. წელს შეუღლებიდან 30 წელი გვისრულდება და, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენც ვინარჩუნებთ ოჯახებიდან გამოყოლილ ტრადიციებს, თუმცა მენიუ ცოტა შეიცვალა, სუფრაზე სამარხვო კერძები ჭარბობს. განსაკუთრებულად ვხვდებით შობის დღესასწაულს – ტაძარში მივდივართ, ფანჯრებთან კი სანთლებს ვანთებთ...
ახალი წლის მომდევნო დღეებში მეგობრებისა და ნათესაობის მონახულებაც ერთგვარი რიტუალია. დიმიტრი კორძაია სიამოვნებით იხსენებს კოლეგებთან გატარებულ ახალი წლის დღეებსაც: „ბოლო წლებია, ჩვენს უნივერსიტეტში კოლეგებთან ერთად ახალი წლის აღნიშვნა კარგ ტრადიციად იქცა. ზოგჯერ თამადაც ვარ, სიამოვნებით ვკითხულობ ლექსებსაც. ეს ახალი წელი კი განსაკუთრებული იქნება უნივერსიტეტისთვის, რადგან 100 წლის იუბილე გვიახლოვდება – ამ ემოციას ზოგადი ფრაზებით ვერ გადმოვცემ. ჩემი სურვილია, ამ იუბილეს ღირსეულად შევხვდეთ და უნივერსიტეტმა იმ მაღალი ღირებულებებით გააგრძელოს ცხოვრება, როგორც მის დამაარსებლებს ჰქონდათ ჩაფიქრებული და თავის ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის. მედიცინის ფაკულტეტისთვის ეს წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იწყება საერთაშორისო ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პერიოდი, ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რომლის მისაღწევად ძალისხმევაა საჭირო. ყველას ვუსურვებ მიზნების მიღწევას და სურვილების ასრულებას!“.