„AVE, EVA!“ – დათო მაღრაძის წიგნის პრეზენტაცია

21 დეკ 2017

„ჩემი ახალი პოეტური კრებულის წარსადგენად უნივერსიტეტი შევარჩიე, რადგან მშობლიურ გარემოში ყოველთვის უკეთესად ვგრძნობ თავს“, – ასე მიმართა პოეტმა დათო მაღრაძემ თსუ-ის მუზეუმში შეკრებილ საზოგადოებას, სადაც მისი ახალი წიგნის „AVE, EVA!”-ს პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას თსუ-ის სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

„დათო მაღრაძე გამორჩეული უნივერსიტეტელია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს უკვე ცნობილი პოეტი სწორედ ამ კედლებში წარადგენს თავის კრებულს, რომელშიც ბოლოს შექმნილი პოეზიის ნიმუშებია თავმოყრილი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტია აგრეთვე ის, რომ ღონისძიებას ესწრება გერმანელი ქართველოლოგი გერტ რობერტ გრიუნერტი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქართული ლიტერატურის, პოეზიის პოპულარიზაციის საქმეში. სწორედ ამ დამსახურების გამო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ იგი დააჯილდოვოს უნივერსიტეტის მედლით“, – განაცხადა თსუ-ის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ გერტ რობერტ გრიუნერტმა ნინო პოპიაშვილთან ერთად გერმანულ ენაზე თარგმნა დათო მაღრაძის ლექსები და პოემა, რომლის შესახებ ვრცლად ისაუბრეს მთარგმნელებმა და მკითხველს გერმანული თარგმანები გააცნეს. პოეტის ახალი კრებულის შესახებ რეცენზია წარმოადგინა პროფესორმა პაატა ჩხეიძემ, თავად პოეტმა კი დამსწრე საზოგადოებას და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა მოწვევისათვის და თავისი ლექსები წაიკითხა. 

„მოდა ყოველთვის დროს ექვემდებარება, ჩაივლის იგი პოდიუმების ბილიკით და ნამდვილი ხელოვნება დარჩება. სამწუხაროდ, დღეს ეს ფასეულობები, სულიერების თვალსაზრისით, აღრეულია და, შეიძლება ითქვას, რომ დაცემის ეპოქაა – ყველა ასპარეზზე თავისი ფსევდო-წარმონაქმნი აქვს. ამ ქაოსში შესაძლოა ადვილად დაიბნეს ადამიანი და ვერ გამოარჩიოს ნამდვილი არანამდვილისაგან, გულწრფელობა – პათეტიკისაგან. ქართველი კაცი თავისი წესიერებით აგრძელებს თავის წუთისოფელს, ალბათ ეძებს თავის სულიერ ნავსაყუდელს, სულიერ კუნძულებს... შეიძლება გამოსავალს ვერ ვთავაზობთ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ამ ახალი წლის მოსვლასთან დაკავშირებით ვისურვებდი – ჩვენი საზოგადოების ნაწილი მაინც გამორკვეულიყოს ამ დიდი ქაოსიდან, რომელიც შემოგვთავაზა ეპოქამ. თუ ამ გზაზე ჩემ მოკრძალებულ წვლილს შევიტან, ბედნიერი ვიქნები. მინდა, მადლობა გადავუხადო აქ დამსწრე საზოგადოებას, მადლობა მთარგმნელებს, ბატონ გერტს და ნინო პოპიაშვილს, მადლობა უნივერსიტეტს“, – განაცხადა დათო მაღრაძემ წიგნის პრეზენტაციაზე.