ძალადობრივი ექსტრემიზმის რისკ-ფაქტორები ახალგაზრდებში

18 დეკ 2017

ძალადობრივი ექსტრემიზმი და ძალადობრივი რადიკალიზაციის პროცესი, შეიძლება ითქვას, რომ არა მხოლოდ ერთი რომელიმე ქვეყნისთვის, არამედ მსოფლიოსთვის წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს. პოლიტიკური, სოციალური ან რელიგიური ძალადობრივი ექსტრემიზმისა და ძალადობრივი რადიკალიზაციის პროცესის პრევენციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ რეგიონში არსებული ვითარების სწორ დიაგნოსტიკას და დროული, ადეკვატური, პრევენციული ღონისძიებების გატარებას. სწორედ ამ მიზნით, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტში ფართომასშტაბიანი სოციოლოგიური კვლევა – „ძალადობრივი ექსტრემიზმის მიმართ მოწყვლადობა საქართველოს ახალგაზრდებში“ – განხორციელდა. კვლევას თსუ-ის პროფესორი, სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის ხელმძღვანელი იაგო კაჭკაჭიშვილი და ანალიტიკოსი გიორგი ლოლაშვილი უძღვებოდნენ.

სოციოლოგიური კვლევა მოიცავდა თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდოლოგიის გამოყენებით ფოკუს ჯგუფებთან დისკუსიებს და ჩაღრმავებულ ინტერვიუებს, VII-დან XII კლასების ჩათვლით გრიფირებული საქართველოს ისტორიისა და ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოების სიღრმისეულ კვლევას (თუ რამდენად უწყობს ხელს მათში შესული ტექსტები ძალადობრივი ექსტრემიზმის პრაქტიკაში ჩართვას და რამდენად არის გათვლილი რელიგიურად თუ ეთნიკურად მრავალფეროვან აუდიტორიაზე) და მასობრივ გამოკითხვას პირდაპირი ინტერვიუს გზით. სამიზნე ჯგუფი შედგებოდა 18-29 წლის ახალგაზრდებისგან და, ასევე, საჯარო სკოლებისა და რელიგიური სკოლა-პანსიონების მოსწავლეებისგან. სოციოლოგიური კვლევების ავტორის იაგო კაჭკაჭიშვილის ინფორმაციით, სკოლა-პანსიონების დიდი ნაწილი სახელმწიფოებრივი კონტროლის სფეროდან გასულია და მათი სასწავლო პროგრამა სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებს არ შეესაბამება. ამ დროისთვის რელიგიურ სკოლა-პანსიონებში, დაახლოებით, 800 მოსწავლე სწავლობს. საერთო ჯამში, სოციოლოგიური კვლევისას 1145 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევის შედეგად გამოვლინდა, თუ რა არის ძალადობრივი ექსტრემიზმის მიმართ მოწყვლადობის რისკ-ფაქტორები საქართველოს ახალგაზრდებში, რომელი ჯგუფია ყველაზე მეტად რადიკალიზმისკენ მიდრეკილი და რომელი ფაქტორები უწყობს ხელს პრობლემის გაღვივებას. 
„ჩვენი კვლევის შედეგად მივიღეთ დასკვნა, რომ ახალგაზრდებში ძალადობრივი ექსტრემიზმის რისკ-ფაქტორებია დაბალი ეკონომიკური სტატუსი, დასაქმების (ანუ საკუთარი უნარების რეალიზაციის) დაბალი შესაძლებლობები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების არაეფექტურობის განცდა, საჯარო და სამოქალაქო აქტივობებში დაბალი ჩართულობა, პოზიტიური სოციალური სივრცის დეფიციტი (განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებთათვის), რელიგიური ფუნდამენტალიზმისაკენ და ავტორიტეტების მიმართ მორჩილებისკენ ორიენტირებულობა... ეთნოცენტრისტული, ნაციონალისტური და ორთოდოქსული მეტანარატივებით შევიწროვება არაქართველ მუსლიმ ახალგაზრდებს, განსაკუთრებით სოფლად მაცხოვრებელს, აქცევს ყველაზე მოწყვლადად ძალადობრივი ექსტრემიზმის მიმართ საქართველოში“, – განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა. 
„საქართველოს ისტორიისა და ქართული ლიტერატურის სასკოლო სახელმძღვანელოების გაანალიზებისას ჩვენი მთავარი მიზანი იყო გაგვერკვია – მათში მოცემული ტექსტების საშუალებით, ხომ არ ენიჭება უპირატესობა რომელიმე ეთნიკურ, რელიგიურ და კულტურულ ჯგუფს. შემაჯამებელი დასკვნის სახით შემიძლია გითხრათ, რომ ამ სახელმძღვანელოების შინაარსი ხელისშემშლელია სხვადასხვა ჯგუფების სოციალური ინტეგრაციისთვის“, – აღნიშნა გიორგი ლოლაშვილმა.
სოციოლოგიური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ავტორებმა შესაბამისი სტრუქტურების – არასამთავრობო და სახელმწიფო ორგანოების მისამართით რეკომენდაციებიც შეიმუშავეს, მათ შორის გახლავთ რელიგიური სკოლა-პანსიონების სასწავლო კურიკულუმებზე სახელმწიფო მონიტორინგის გაძლიერება, საქართველოს ისტორიისა და ქართული ლიტერატურის სასკოლო სახელმძღვანელოების რევიზია და სხვადასხვა ეთნიკურ, რელიგიურ ჯგუფებს შორის ურთიერთობების გასამყარებლად ადეკვატური პროექტების განხორციელება. 
„იმის გათვალისწინებით, რომ სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით ეთნიკურად არაქართველებისთვის, უმუშევრობა მწვავე სოციალური პრობლემაა, მიზანშეწონილია – დაიგეგმოს პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ტრენინგები, რაც ახალგაზრდების დასაქმების სწორი მიმართულებით განვითარებას მოემსახურება. იმის გათვალისწინებით, რომ სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები უჩივიან რეკრეაციული ადგილების არარსებობას, მიზანშეწონილია აღნიშნულ გარემოში სპორტული, გასართობი და დასასვენებელი ზონების განვითარება. საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მუსლიმ ახალგაზრდებში პოზიტიური დამოკიდებულებაა რელიგური ფუნდამენტალიზმის მიმართ და აუცილებელია ამ განწყობის გასანეიტრალებლად პრევენციული, საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარება, მაგალითად, ადგილობრივი მედიის მეშვეობით, ტერორისტული ორგანიზაციების დესტრუქციული და ანტიჰუმანური მიზნების გამოაშკარავება. საჭიროა ქართული ლიტერატურისა და საქართველოს ისტორიის სასწავლო სახელმძღვანელოები გათავისუფლდეს ეთნოცენტრისტული მეტანარატივებისგან და ნაკლებად იდეოლოგიზირებული გახდეს. ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოები უნდა გამდიდრდეს არაქართული კულტურის მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნაწარმოებებით. მასწავლებლებისთვის უნდა ჩატარდეს ტრენინგები, რათა მათ შეძლონ ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვანი კლასის მართვა. მიზანშეწონილად მივიჩნევთ შიდასახელმწიფოებრივი მობილობის ამოქმედებას საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის, საჭიროა შემუშავდეს სოციალური გაცვლითი პროგრამები, რათა მოზარდებმა სხვა რეგიონებში განსხვავებულ ცხოვრების წესთან და შეხედულებებთან შეგუება შეძლონ. უნდა გაიზარდოს საზაფხულო ბანაკების ჩატარების ინტენსივობა, სადაც სხვადასხვა აღმსარებლობის, ეროვნების, კულტურის ახალგაზრდები ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას“, – განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა. 
სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტში სოციოლოგიური კვლევის – „ძალადობრივი ექსტრემიზმის მიმართ მოწყვლადობა საქართველოს ახალგაზრდებში“ – პრეზენტაცია 15 დეკემბერს გაიმართა. ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების ინკლუზიური განვითარების სამმართველოს წარმომადგენელი ლელა გაფრინდაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც კვლევა შეაფასა, როგორც დროული და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქმიანობის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი ინფორმაცია. 
„ახლა მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის პროცესი, ხდება სახელმძღვანელოების არჩევა, შედგენა... მიუხედავად იმისა, რომ უკვე დასკვნით ეტაპზე ვართ, ვფიქრობ, შესაძლებელია, რომ კვლევის შედეგებში ასახული აქტუალური პრობლემები გავითვალისწინოთ. ჩვენ გვაქვს სოციალური ინკლუზიის პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია მოწყვლადი ჯგუფების სოციალიზაციაზე, ახლა ვიწყებთ ამ პროგრამის სისტემაში ინტეგრირების პროცესს და იმედი მაქვს – მას პოზიტიური შედეგები ექნება. სამწუხაროდ, ინფორმაცია არ მაქვს, თუ როგორ რეგულირდება სასწავლო პროგრამის შემუშავების პროცესი რელიგიურ სკოლა-პანსიონებში, რადგან ეს უშუალოდ ჩემი პრეროგატივა არ გახლავთ, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ, თუ სკოლა არ მიყვება ეროვნულ სასწავლო გეგმას, მას ატესტატის გაცემის უფლება არ აქვს. მოხარული ვიქნებოდი, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფრო ფართო წარმომადგენლობა დასწრებოდა პრეზენტაციას, რადგან ახალი ხელმძღვანელობის პირობებში მიმდინარეობს არა ერთი აქტუალური საკითხის გადახედვა-გაუმჯობესების პროცესი“, – განაცხადა ლელა გაფრინდაშვილმა.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის თავმჯდომარის იაგო კაჭკაჭიშვილის ინფორმაციით, კვლევის შედეგები შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება. გარდა ამისა, სოციოლოგი აუცილებლად მიიჩნევს კვლევების ჩატარებას დამატებით რამდენიმე მიმართულებითაც: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ვიკვლიოთ მუსლიმი ახალგაზრდების, მოსწავლეების თურქეთში შრომითი მიგრაციის პროცესი, რაც ტერორისტულ ჯგუფებსა და ორგანიზაციებში მათი გადაბირების რისკს ზრდის. ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომელიც ეხებოდა აჭარისა და გურიის რეგიონებიდან შრომითი მიგრაციის პრობლემების შესწავლას და ეს საფრთხე გამოიკვეთა. ასევე, არ ჩატარებულა და აუცილებელია განხორციელდეს რელიგიური სკოლა-პანსიონების სასწავლო კურიკულუმების ანალიზიც, რადგან მათი შინაარსი ეროვნულ სასწავლო გეგმას საერთოდ არ შეესაბამება“.
სოციოლოგიური კვლევა „ძალადობრივი ექსტრემიზმის მიმართ მოწყვლადობა საქართველოს ახალგაზრდებში“ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში განხორციელდა. მისი პრეზენტაცია უკვე გაიმართა თურქეთში, ანტალიაში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე და აღმოსავლეთ-დასავლეთის მენეჯმენტის ინსტიტუტის (EჭMI)-ის მიერ ორგანიზებულ დახურულ სემინარზე (საქართველო).