დღეს აღდგენილი „უნივერსიტეტის საზოგადოების“ მიზანი უნდა გახდეს უნივერსიტეტის ყოველმხრივ გაძლიერება

21 დეკ 2017

2017 წლის 15 დეკემბერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ისტორიული დღეა – ამ დღეს აღდგა „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოება“, რომელმაც საუკუნის წინ კავკასიაში პირველი უნივერსიტეტის დაარსება განაპირობა. ამავე ღონისძიებით დაიწყო უნივერსიტეტის საუკუნოვანი იუბილეს აღნიშვნაც!
„ქართული უნივერსიტეტის“ საზოგადოების აღდგენა შეკრებილ სტუმრებს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ამცნო და განაცხადა, რომ საზოგადოება, უპირველესად, ორიენტირებული იქნება ნიჭიერი სტუდენტების გამოვლენაზე და მხარდაჭერაზე: „სტუდენტი არის ცენტრი ყველაფრისა, რის გარშემოც აიგო უნივერსიტეტი თავის დროზე და დღემდე ეს პრინციპი არის ურყევი. დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ კონსტიტუციაში დავაფიქსიროთ უნივერსიტეტის ავტონომია. ეს არის გაგრძელება იმ ისტორიისა, რომელიც 100 წლის წინ დაიწყო“, – აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ. 
„ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ აღდგენის ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე და მოწვეული სტუმრები. 
საზოგადოება, რომელიც უნივერსიტეტის განვითარებაზე ზრუნვას ისახავს მიზნად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებსა და მის მხარდამჭერებს გააერთიანებს. მას ცნობილი ქართველი მეცნიერი, ლუნდის (შვედეთი) უნივერსიტეტის პროფესორი ზაალ კოკაია უხელმძღვანელებს.

 

100 წლის წინ...

„ქართული უნივერსიტეტის საზოგადოება“ 1917 წელს შეიქმნა და კავკასიის რეგიონში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის დაფუძნებას ისახავდა მიზნად. უნივერსიტეტის საზოგადოების დამფუძნებლები პირველად 1917 წლის 12 მაისს თბილისში, პეტრე მელიქიშვილის ბინაში შეიკრიბნენ. მას სულ 28 კაცი ესწრებოდა. კრებას ხელმძღვანელობდა ექვთიმე თაყაიშვილი. 

კრების დადგენილების თანახმად, დაფუძნდა „ქართული თავისუფალი უნივერსიტეტის“ საზოგადოება, რომელმაც დიდი როლი ითამაშა უნივერსიტეტის დაარსების საქმეში. ამ კრებაზე ისტორიული სიტყვა წარმოთქვა ივანე ჯავახიშვილმა, რომელმაც უნივერსიტეტის დაარსების აუცილებლობა დაასაბუთა: „ყოველი ერის მეცნიერებას მსოფლიო გონებრივ შემოქმედებისათვის იმდენად აქვს მნიშვნელობა, რადგანაც იგი საერთო კაცობრიობის სალაროში საკუთარ წვლილს შეიტანს და თავისებურობას გამოიჩენს... ქართული უნივერსიტეტი ერთსა და იმავე დროს სამეცნიერო კვლევა-ძიების და ცდის დაწესებულებაც უნდა იყოს და უმაღლესი სამეცნიერო სასწავლებელიც, სადაც მეცნიერების შესწავლა და სამეცნიერო მუშაობის მეთოდების და პრაქტიკის შეთვისება შესაძლებელი იქნება. ამ უნივერსიტეტის პროფესორები და ხელმძღვანელნი მარტო ლექციების მკითხველნი კი არ უნდა იყვნენ, არამედ უპირველესად ყოვლისა მეცნიერნი და მკვლევარნი, რომელნიც თავიანთ ნაშრომებით მეცნიერების წარმატებას უნდა უწყობდნენ ხელს და მეცნიერებაზე ცხოველ მისაბაძავი მაგალითიც იყვნენ მოზარდ თაობისათვის“, – ასე განუსაზღვრავს უნივერსიტეტის ფუნქცია ივანე ჯავახიშვილს.
„ქართული უნივერსიტეტის საზოგადოებამ“ ამ შეხვედრაზე აიღო პასუხისმგებლობა, რომ ნახევარი წლის განმავლობაში ჩაატარებდა მოსამზადებელ სამუშაოებს უნივერსიტეტის გახსნისათვის. 
საზოგადოება ორი მიმართულებით მუშაობდა – 1) ინტელექტუალური შრომა, რომელიც განსაზღვრავდა – ვინ უნდა ყოფილიყო მოწვეული პირველ ქართულ უნივერსიტეტში, ვის რა საგანი უნდა წაეკითხა და ა.შ და 2) ფინანსების მოძიება. 
საზოგადოებაში გაწევრიანდა საქართველოში მცხოვრები ბევრი ადამიანი. საარქივო დოკუმენტებში შემონახულია მონაწილეთა სია, ვინაობა, მათ მიერ გადახდილი თანხა და ა.შ. დადგენილი იყო, რომ საზოგადოების წევრობისთვის ერთჯერადად იხდიდნენ 300 მანეთს და შემდეგ ყოველწლიურად 25 მანეთს.
1917 წლის შემოდგომაზე უნივერსიტეტის დამფუძნებელთა მუშაობა უმაღლესი სასწავლებლის გასახსნელად კიდევ უფრო ფართოდ გაიშალა. 
1917 წლის 3 ოქტომბერს ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების პირველ საერთო კრებაზე ივანე ჯავახიშვილმა უნივერსიტეტის „დებულებანი და წესდება“ წარადგინა. მალევე – 6 დეკემბერს, მან საზოგადოების გამგეობის კრებას გააცნო უნივერსიტეტის მომავალი სასწავლო წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა, რომელიც 200 000 მანეთით განისაზღვრა, თანაც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი იქნებოდა გახსნილი. საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება უნივერსიტეტში მხოლოდ 1918 წლის სექტემბრიდან შეიძლებოდა, ხოლო სამკურნალო ფაკულტეტის გახსნა ორ წელზე ადრე ვერ მოხერხდებოდა. დიდხანს კამათობდნენ უნივერსიტეტის გახსნის ზუსტ თარიღთან დაკავშირებით. შემოწირული თანხის სიმცირის გამო გამგეობის ზოგიერთი წევრი უნივერსიტეტის გახსნის გადადებას უჭერდა მხარს, ივანე ჯავახიშვილი კი პრინციპულად მოითხოვდა, რომ უნივერსიტეტი უეჭველად 1918 წლის იანვარში გახსნილიყო.
1917 წლის 15 დეკემბერს (ძვ. სტილით 2 დეკემბერს) ამიერკავკასიის კომისარიატმა უნივერსიტეტის წესდების ძირითადი დებულება საბოლოოდ დაამტკიცა. შედეგად, ზუსტად 100 წლის წინ, 1917 წლის 15 დეკემბერს (ძვ. სტილით 2 დეკემბერს) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურიდიულად დაფუძნდა, რაშიც სწორედ „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოებამ“ შეიტანა დიდი წვლილი (მასალები წიგნიდან „პროფესორთა საბჭოს ოქმები“).


100 წლის შემდეგ

ზუსტად 100 წლის შემდეგ, 2017 წლის 15 დეკემბერს „უნივერსიტეტის საზოგადოებამ“ კიდევ ერთხელ აიღო პასუხისმგებლობა, რომ, კურსდამთავრებულებთან აქტიური კომუნიკაციის საფუძველზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მყარად დაიკავებს ადგილს მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებს შორის. 
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ღონისძიებაზე ისაუბრა უნივერსიტეტის განსაკუთრებულ ფუნქციაზე, რომელიც მან ქართული სახელმწიფოს გაძლიერებაში შეიტანა და აღნიშნა, რომ „აქ საფუძველი ჩაეყარა იმ პატრიოტულ სულისკვეთებას, რომელსაც უნდა მოეტანა ახალი დამოუკიდებლობის აღდგენა, შეექმნა ახალი თაობა, რომელიც იტვირთავდა ქვეყნის მომავალ მართვას; აქედან ანათებდა იმედი დაკარგული სახელმწიფოებრიობის აღდგენისა. როცა ვსაუბრობთ იმ ღვაწლზე, რომლითაც შეიქმნა ახალი სახელმწიფო, უდიდესი ინტელექტუალური, ემოციური და პატრიოტული წვლილი, სწორედ უნივერსიტეტზე მოდის“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა იმ სახელმწიფო გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც, უმოკლეს ხანში დაიწყება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – თსუ-ის II კორპუსის რეაბილიტაცია; ასევე, სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტსა და უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET). „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო გაცილებით უფრო დიდი ღირებულება და ფასეულობა, ვიდრე ეს არის მხოლოდ საგანმანათლებლო კერა. ეს ყოველთვის იყო კულტურის კერა და ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბურჯი იმ ურთულესი წლების განმავლობაში, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
უნივერსიტეტის საიუბილეო დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, რომელმაც აღნიშნა, რომ გაისად მეცნიერების ფესტივალი უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. „დღეს აღდგა „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოება“, სადაც ყველას აქვს საშუალება, რომ თავისი წვლილი შეიტანოს უნივერსიტეტის განვითარების ძალიან მნიშვნელოვან საქმეში. მინდა, მივულოცო უნივერსიტეტელებს და მთელ საქართველოს დღევანდელი ძალიან მნიშვნელოვანი დღე. განათლების და მეცნიერების სამინისტრო სხვა მრავალ პროექტთან ერთად დაიწყებს 3000 სტუდენტისთვის გათვლილი საერთო საცხოვრებლის მშენებლობას“, – განაცხადა მან. 
უნივერსიტეტში შეკრებილი საზოგადოება დალოცა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ, რომელმაც განსაკუთრებით გაუსვა ხაზი უნივერსიტეტის დამსახურებას ერის სულიერების შენარჩუნებაში: „უნივერსიტეტის დაარსება იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენი სახელმწიფოებრიობის ისტორიაში. იგი, საგანმანათლებლოსთან ერთად, არის სულიერი ღირებულებების ცენტრი, ცენტრი სულიერი და ეკლესიური აზროვნების გადარჩენისა“, – აღნიშნა მან.
ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების მნიშვნელობაზე ისაუბრა საზოგადოების თავმჯდომარემ, თსუ-ის კურსდამთავრებულმა, ლუნდის (შვედეთი) უნივერსიტეტის პროფესორმა ზაალ კოკაიამ: „უნივერსიტეტი არის არა მხოლოდ ის ადგილი, სადაც ვყალიბდებით როგორც პროფესიონალები, მოაზროვნეები, არამედ, როგორც საზოგადოების წევრები. უნივერსიტეტი ყველასია. მას არ აქვს სოციალური, ეროვნული, რელიგიური, გენდერული, პოლიტიკური თუ სხვა კუთვნილება. ის ეკუთვნის საზოგადოებას. ბუნებრივია, ჩვენ ყველას გვიჩნდება სურვილი, რომ, გარკვეულწილად, ხარკი გადავუხადოთ უნივერსიტეტს – ის, რაც ჩვენ მივიღეთ უნივერსიტეტში და გაგვყვა მთელი ცხოვრების მანძილზე, შეძლებისდაგვარად უკან დავუბრუნოთ – შევიტანოთ ჩვენი წვლილი ალმა მატერის კეთილდღეობასა და შენებაში!“ – მიმართა საზოგადოებას ზაალ კოკაიამ.


ფაქტი/შეფასება/კომენტარი

იმ ხალხს, რომელსაც დღეს დაევალება ამ საზოგადოების გაძღოლა, არც გაუწყვეტია კავშირი თავის წინაპარ საზოგადოებასთან

თამაზ კვაჭანტირაძე, პროფესორი, თსუ-ის კურსდამთავრებული:

– „უნივერსიტეტის საზოგადოების“ აღდგენა დიდი საქმეა. დღეს ყველაფერი „გატრიზავებულია“ და საზოგადოების ერთ ნაწილში, სამწუხაროდ, აბუჩად აგდების განწყობაა. არადა, უნივერსიტეტი მართლა წმინდა ადგილია. მაშინ, როდესაც დიდმა ივანემ ეს უნივერსიტეტი შექმნა, მისი ფუნქცია საქართველოს გადარჩენა იყო და დიდი მოსამზადებელი ბალავარი ჩადო უნივერსიტეტმა საქართველოს გადასარჩენად. ვინ იცის, იქნებ დღესაც დადგა ის ჟამი, როდესაც ჩვენ ეროვნულ გადარჩენაზე უნდა ვიზრუნოთ? ამიტომ, ამ საზოგადოების აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია. იმ ხალხს, რომელსაც დღეს დაევალება ამ საზოგადოების გაძღოლა, არც გაუწყვეტია კავშირი თავის წინაპარ საზოგადოებასთან. ამიტომ ჩვენ ვალდებულიც ვართ, მცირე წვლილი შევიტანოთ და გავაგრძელოთ დიდი ივანეს დაწყებული საქმე.


უნივერსიტეტი და უნივერსიტეტელები კიდევ მეტად იაქტიურებენ, რომ ხვალინდელი საქართველო იყოს უფრო მშვიდი და მდიდარი

ნოდარ ხადური, პროფესორი, თსუ-ის კურსდამთავრებული:

– დღეს არის 100 წლის იუბილე მას შემდეგ, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ოფიციალურად დაფუძნდა. მიხარია, რომ „უნივერსიტეტის საზოგადოების“ აღდგენის ინიციატივა ზუსტად ამ დღეს გაცოცხლდა და მეც ამ პროცესის მონაწილე ვარ. უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულება. ის არის პრაქტიკულად ყველა დიდი ნაბიჯის დასაწყისი საქართველოში. დარწმუნებული ვარ, რომ უნივერსიტეტი და უნივერსიტეტელები კიდევ მეტად იაქტიურებენ, რომ ხვალინდელი საქართველო იყოს უფრო მშვიდი და მდიდარი.

 

მეც მეძლევა შესაძლებლობა – ჩემი წვლილი შევიტანო უნივერსიტეტის განვითარების მნიშვნელოვან საქმეში

მიხო სვიმონიშვილი, ბიზნესმენი, თსუ-ის კურსდამთავრებული:

– 100 წლის შემდეგ ისევ დადგა ის დღე, როცა ჩვენი სახელოვანი თანამემამულეების მიერ დაარსებული საზოგადოება ახალ სიცოცხლეს იძენს. მაშინ განათლება იყო ჩვენი ქვეყნის წარმატების ერთადერთი გზა. დღესაც იგივე მდგომარეობაშია საქართველო და ვიცით, რომ განათლების გარეშე არაფერი გამოვა. ეს კერა, სადაც ახლა ჩვენ ვდგავართ, იმ შემოწირულობებით შეიქმნა, რომელსაც ამ საზოგადოებამ მოუყარა თავი. მიხარია, რომ მომიწვიეს უნივერსიტეტის საზოგადოების აღდგენის ღონისძიებაზე და მეც მეძლევა შესაძლებლობა – ჩემი წვლილი შევიტანო უნივერსიტეტის განვითარების მნიშვნელოვან საქმეში.

 

მიხარია, რომ შესაძლებლობა მაქვს – ამ ისტორიულ მოვლენაში მივიღო მონაწილეობა

შოთა ცხოვრებაშვილი, პროფესორი, თსუ-ის კურსდამთავრებული:

– ამ საზოგადოების აღდგენას დიდი მნიშვნელობა აქვს უნივერსიტეტის განვითარებისთვის. აქ 83 წელი გავატარე, ჯერ, როგორც სტუდენტმა, ხოლო შემდეგ უკვე, როგორც გეოგრაფიის კათედრის თანამშრომელმა და გამგემ. ორ წელიწადში 100 წლისა გავხდები. მიხარია, რომ მომიწვიეს და შესაძლებლობა მაქვს – ამ ისტორიულ მოვლენაში მივიღო მონაწილეობა. უნივერსიტეტი იყო და არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების კერა და ყველა უნივერსიტეტელმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს მის განვითარებასა და განმტკიცებაში.

 

ეს დღე არის არა მხოლოდ თბილისის უნივერსიტეტის, არამედ სრულიად საქართველოს და ყველა უნივერსიტეტელის დღესასწაული

ლადო პაპავა, აკადემიკოსი, თსუ-ის კურსდამთავრებული:

– 100 წლის წინ ამ საზოგადოების შექმნით საფუძველი ჩაეყარა ქართულ უნივერსიტეტს. ეს იყო სამართლებრივი დაბადების დღე, თუმცა უნივერსიტეტი გაიხსნა მაშინ, როცა პირველი ლექცია ჩატარდა. ქართული ცნობიერებისთვის ეს ნიშნავდა შემობრუნებას საქართველოსკენ და იმ ტრადიციებისკენ, რომელიც მას, ჯერ კიდევ, შუა საუკუნეებში – გელათის და იყალთოს აკადემიების სახით გააჩნდა. ეს იყო ქართველი ხალხის სწრაფვა განათლებისა და მეცნიერებისკენ და რეალურად ასეც მოხდა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა არა ერთი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების თუ სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციის, მათ შორის, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკვანი. ამიტომ ეს დღე არის არა მხოლოდ თბილისის უნივერსიტეტის, არამედ სრულიად საქართველოს და ყველა უნივერსიტეტელის დღესასწაული.

 

მიმაჩნია, რომ ახლად აღდგენილი საზოგადოებაც იმ სულისკვეთებით უნდა იყოს განმსჭვალული, რომლითაც – მისი წინამორბედი

ზურაბ გაიპარაშვილი, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, თსუ-ის კურსდამთავრებული:

– თბილისის უნივერსიტეტი, ფაქტობრივად, გაიხსნა „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ მხარდაჭერით. ამ საზოგადოების შექმნით ივანე ჯავახიშვილმა გადადგა პირველი ნაბიჯი უნივერსიტეტის დასაარსებლად და საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის მოსაპოვებლად, რადგან სახელმწიფო მხოლოდ ხელს უშლიდა მიზნის განხორციელებაში. „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოებაში“ გაერთიანდა საზოგადოების საუკეთესო ნაწილი და ყველა ფენის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა მის მუშაობაში. ამ საზოგადოების გამგეობის სხდომებზე ჩამოყალიბდა მომავალი უნივერსიტეტის სტრუქტურა, ამ საზოგადოებას გააცნო ივანე ჯავახიშვილმა უნივერსიტეტის დებულება, ამ საზოგადოების წევრებმა დაადგინეს მოწვეული მასწავლებლების სია და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მაინცდამაინც სერიოზული სახსრების შეგროვება ვერ მოხერხდა, მაინც, ამ საზოგადოებამ დიდი როლი ითამაშა უნივერსიტეტის დაარსებაში. მან მიიტანა საქმე 15 დეკემბრამდე, როცა ოფიციალურად დამტკიცდა ჩვენი უნივერსიტეტის დებულება. აქედან იწყება უნივერსიტეტი.
პირადად მე აღფრთოვანებული ვარ ამ იდეით, რომელიც უნივერსიტეტის რექტორს გიორგი შარვაშიძეს ეკუთვნის, და მიმაჩნია, რომ ახლად აღდგენილი საზოგადოებაც იმ სულისკვეთებით უნდა იყოს განმსჭვალული, რომლითაც – მისი წინამორბედი. „ქარათული უნივერსიტეტის საზოგადოების“ პირველი შემადგენლობის მიზანი იყო – დაეფუძნებინა უნივერსიტეტი, დღეს აღდგენილი საზოგადოების მიზანი კი უნდა გახდეს უნივერსიტეტის გაძლიერება. იმედი მინდა ვიქონიო, რომ წლების შემდეგ მომავალი თაობა გაიხსენებს, რამდენად შეუწყო მან ხელი 100 წლის უნივერსიტეტის განვითარებას.

 

სტუდენტებს უნდა დავეხმაროთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და კრეატიული ინდუსტრიის განვითარებაში.

მიხეილ გიორგაძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, თსუ-ის კურსდამთავრებული:

– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში და მან საფუძველი ჩაუყარა პირველი ევროპული ტიპის ქართულ სკოლას. ბუნებრივია, 100 წლის იუბილე მნიშვნელოვანი, სიმბოლური და ჩემთვის, როგორც უნივერსიტეტელისთვის, ამაღელვებელია.
„უნივერსიტეტის საზოგადოებას“, რომელიც დღეს აღდგა, დიდი მისია აქვს შესასრულებელი და ჩვენ, ჩვენი კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში, მხარში უნდა დავუდგეთ მას. ვფიქრობ, ძალიან აქტიური ინტერაქცია უნდა იყოს სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან. ჩვენი მხრიდან კი უნდა დავეხმაროთ მათ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და კრეატიული ინდუსტრიის განვითარებაში, სადაც სტუდენტები წამყვანნი იქნებიან. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ხელს შეუწყობს მათ ყველა სასიკეთო ღონისძიებაში.