პირველი ქართველი ექიმი, რომლის ნაშრომიც კემბრიჯის საუნივერსიტეტო გამომცემლობამ დაბეჭდა

09 დეკ 2017

თსუ-ის ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის დეპარტამენტის პროფესორის ალექსანდრე ცისკარიძის სამეცნიერო მონოგრაფია – „მკურნალობასთან დაკავშირებული ინსულტი“ – კემბრიჯის საუნივერსიტეტო გამომცემლობამ დაბეჭდა. ქართველი ექიმი წიგნზე მსოფლიოში აღიარებულ ნევროლოგებთან ერთად მუშაობდა. ალექსანდრე ცისკარიძესთან ერთად, წიგნს ორი თანაავტორი ჰყავს – ლუნდის (შვედეთის) უნივერსიტეტის პროფესორი არნე ლინდგრენი და მინესოტას (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი ადნან კურეში. წიგნი თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს – ინსულტის თემას ეხება და მოიცავს იატროგენურ და ინტრაჰოსპიტალურ ინსულტებს. წიგნში მოცემული თემატიკის აქტუალობას განაპირობებს თანამედროვე ეტაპზე დიაგნოსტიკური და სამკურნალო ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება; ინვაზიური მეთოდების სიჭარბე; „აგრესიული“ სამკურნალო ტექნოლოგიების დანერგვა, მათ შორის მედიკამენტურ მკურნალობაში; მაღალ ეფექტიანობასთან ერთად გართულებების/გვერდითი მოვლენების მომატებული რისკი და ყველა ამ მოვლენის ასახვის სიმწირე თანამედროვე სამედიცინო ლიტერატურაში. 
წიგნში – „მკურნალობასთან დაკავშირებული ინსულტი“ – თითოეული შემთხვევა დაწვრილებით არის მიმოხილული. მათზე 15 ქვეყნიდან მოწვეული ნევროლოგიის წამყვანი სპეციალისტები მუშაობდნენ. შედეგად შეიქმნა ნაშრომი ნევროლოგებისთვის, კარდიოლოგებისთვის, ინტენსიური თერაპიის სპეციალისტებისთვის, ინტერვენციული რადიოლოგებისთვის, სისხლძარღვთა და ზოგადი ქირურგებისთვის, მეან-გინეკოლოგებისთვის, ონკოლოგებისთვის და შეავსო ის დიდი სიცარიელე, რომელიც ამ თემატიკის მიმართულებით მსოფლიო სამედიცინო ლიტერატურაში არსებობდა.
აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც კემბრიჯის საუნივერსიტეტო გამომცემლობა ქართველი ექიმის მოღვაწეობით დაინტერესდა და მისი ნაშრომი გამოსცა. 
„ამ ნაშრომს რამდენიმე წელი მოვანდომე. არც თუ ისე იოლი გახლდათ ამ საქმის დაგვირგვინება. წიგნს ჰქვია „მკურნალობასთან დაკავშირებული ინსულტი“ და გარდა ამ დეფინიციისა, მოიცავს ინტრაჰოსპიტალურ და იატროგენურ ინსულტებს. იატროგენური ნიშნავს სხვადასხვა დიაგნოსტიკური თუ სამკურნალო პროცედურით გამოწვეულ მდგომარეობას. მოგეხსენებათ, დღეს ძალიან სწრაფად ვითარდება სხვადასხვა დიაგნოსტიკური და სამკურნალო ტექნოლოგიები, განვითარებულია ე.წ. აგრესიული მკურნალობის საშუალებები... ყოველივე ეს განსაკუთრებით გამოიყენება სხვადასხვა ავთვისებიანი სიმსივნური დაავადებების დროს და მაღალეფექტიანობით გამოირჩევა, თუმცა მათ ახასიათებთ გვერდითი მოვლენები – მათ შორის თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებების რისკი. აღმოჩნდა, რომ ამ თემატიკას სამედიცინო ლიტერატურაში მაინცდამაინც დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. 2011 წელს ინსულტის საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ინიციატივით გამოვედი, რომ აღნიშნული მიმართულებით სპეციალური სესია ან კონფერენცია ჩატარებულიყო, რასაც ხელმძღვანელობისგან მყისიერი გამოხმაურება მოჰყვა: დაინერგა სასწავლო კურსი, რომელიც 2011 წელს პირველად ჩატარდა ჰამბურგში ევროპის ინსულტის კონფერენციაზე, მომდევნო წელს ლისაბონში და ეს აქტივობები დღესაც წარმატებით გრძელდება. ამავე პერიოდში კემბრიჯის საუნივერსიტეტო გამომცემლობის ე.წ. კომისიონერი დამიკავშირდა და შემომთავაზა მკურნალობასთან დაკავშირებული ინსულტის თემაზე მონოგრაფიის დაწერა. სასწავლო კურსი ლუნდის (შვედეთი) უნივერსიტეტის პროფესორ არნე ლინდგრენთან ერთად მიმყავდა. შემდეგ მოვიწვიეთ მინესოტას (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი ადნან კურეში და ასე ჩამოყალიბდა ჩვენი სამეული“, – აღნიშნა ალექსანდრე ცისკარიძემ. 
წიგნის „მკურნალობასთან დაკავშირებული ინსულტი“ პრეზენტაციას თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ. 
„ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ქართველი ექიმის ნაშრომი კემბრიჯის საუნივერსიტეტო გამომცემლობამ გამოსცა, რაც ჩვენთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის დიდი პატივია. ბატონმა სანდრომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი პროფილის გასამყარებლად“, – აღნიშნა თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. 
„წიგნი მსოფლიო მნიშვნელობისაა. ის ფაქტი, რომ ნაშრომი კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ არის გამოცემული, ძალიან დიდი საერთაშორისო აღიარებაა როგორც ბატონი ალექსანდრე ცისკარიძის მოღვაწეობისა, ასევე ჩვენი ქართული სამედიცინო სკოლის. ვულოცავ უნივერსიტეტს და ქვეყანას, რომ ქართველმა მეცნიერმა შეძლო ამ მწვერვალის დაპყრობა. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს სამედიცინო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციისთვის, რომელიც, იმედია, მალე განხორციელდება. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ, ასევე, უცხოელი სტუდენტების საქართველოში მოზიდვის კუთხითაც“, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა. 
ალექსანდრე ცისკარიძის ნაშრომს ქართველი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აფასებენ, როგორც ფასდაუდებელ შენაძენს არა მხოლოდ მეცნიერებისთვის, არამედ პრაქტიკულ სამედიცინო საქმიანობაში ჩართული სპეციალისტებისთვისაც. 
„ვამაყობთ, რომ კემბრიჯის საუნივერსიტეტო გამომცემლობამ გამოსცა ეს მონოგრაფიული კვლევა. ნაშრომში სრულიად დომინირებს არა კაბინეტში, ლაბორატორიაში მომუშავე ექიმის ინტერესი, არამედ იმ ექიმის, რომელიც კლინიკაში ცხოვრობს და აზროვნებს. წიგნი კლინიკური მოტივაციით არის შექმნილი. ეს განაპირობებს მის ეფექტურ გამოყენებას და იმედია, რომ ამ სამეულის ნაშრომი მნიშვნელოვან ადგილს დაიმკვიდრებს ყოველდღიურ ნევროლოგიურ პრაქტიკაში“, – განაცხადა პეტრე სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა რომან შაქარიშვილმა. 
„კემბრიჯის საუნივერსიტეტო გამომცემლობას, აკადემიურ გამომცემლობებს შორის, საუკეთესო რეიტინგი აქვს. ამ გამომცემლობის მიერ წიგნის დაბეჭდვა თავისთავად ღირსშესანიშნავი მოვლენაა და ეს მით უფრო საამაყოა, რომ პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე არის არა მხოლოდ რომელიმე ერთი თავის ავტორი, არამედ გახლავთ მისი რედაქტორიც (მსოფლიოში ცნობილ ორ მეცნიერთან ერთად). ეს ნაშრომი უნდა გამოიყენოს ყველა ექიმმა, რომელიც ნევროლოგიაში მუშაობს და ყველა მკვლევარმა, ვინც ინსულტს იკვლევს“, – აღნიშნა თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა დიმიტრი კორძაიამ.
ალექსანდრე ცისკარიძის წიგნი „მკურნალობასთან დაკავშირებული ინსულტი“ ინგლისურენოვანია. ნაშრომი უკვე განთავსებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში და, შესაბამისად, ხელმისაწვდომია ქართველი მეცნიერებისთვის, სტუდენტებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის. გარდა ამისა, მისი ელექტრონული ვერსია „კემბრიჯ ქორის“ ონლაინ ბაზაშიც არის, რომელიც კემბრიჯის აკადემიური გამოცემების გასაერთიანებლად სრულიად ახალ პლატფორმას წარმოადგენს. რაც შეეხება ნაშრომის ყიდვას, ჯერჯერობით, საქართველოში მისი შეძენა შეუძლებელია. ალექსანდრე ცისკარიძის ინფორმაციით, წიგნი „მკურნალობასთან დაკავშირებული ინსულტი“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროგრამაში მომავალი სემესტრიდან ოფიციალურად შევა. 
ნაშრომის „მკურნალობასთან დაკავშირებული ინსულტი“ პრეზენტაცია 24 ნოემბერს გაიმართა.