ახალი „სტუდენტების გაერთიანება“ და ახალი ინიციატივები

09 დეკ 2017

მიმდინარე წლის ზაფხულში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტთა ჯგუფმა – „სტუდენტების გაერთიანებამ“ – ვებ-გვერდი www.tsuholic.ge შექმნა. მათი მთავარი მიზანი სასწავლო პროცესში საჭირო ინფორმაციების ოპერატიულად მოძიებისა და უფროსი კურსელებისგან გამოცდილების გაზიარების გზით სტუდენტური ცხოვრების გამარტივება თუ გაუმჯობესება გახლდათ. შედეგად შეიქმნა გზამკვლევი სტუდენტებისთვის და, ასევე, ერთგვარი ონლაინ-პლატფორმა სტუდენტებსა და ლექტორებს შორის კომუნიკაციის გასაღრმავებლად. ვებ-გვერდზე www.tsuholic.ge სტუდენტებმა განათავსეს ინფორმაცია სასწავლო ცხრილების, ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის, შიდა მობილობის, სტუდენტური თვითმმართველობის, გამოცდის შედეგების გასაჩივრების, სტუდენტური სამედიცინო დაზღვევის, გაცვლითი პროგრამების და ა.შ. შესახებ. ვებ-გვერდს ნელ-ნელა ემატება ინფორმაცია თსუ-ში კულტურული ცხოვრების, საგამომცემლო საქმიანობისა თუ სხვა საინტერესო სიახლეების თაობაზე. ონლაინ-პორტალი ასევე აერთიანებს ბლოგს და facebook-გვერდს, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ სხვადასხვა საინტერესო თემატიკაზე სტატიების მომზადება-გამოქვეყნება, ერთმანეთთან დაკავშირება, საკუთარი შემოქმედების სხვა სტუდენტებისთვის გაზიარება.
„სტუდენტების გაერთიანება“ ახლა უკვე თსუ-ის მასშტაბით ყველა ფაკულტეტზე მუშაობს, ამ ეტაპზე თითოეული ფაკულტეტიდან ერთი წარმომადგენელი მაინც გვყავს. www.tsuholic.ge-ზე განთავსებული ინფორმაცია თსუ-ის ვებ-გვერდიდან ავიღეთ. მართალია, იქ ყველაფერია მოცემული, მაგრამ სტუდენტები ამბობდნენ, რომ თსუ-ის მთავარ გვერდზე ინფორმაცია არაორგანიზებულად არის განთავსებული და სასურველი ინფორმაციის მოპოვება უჭირთ. ჩვენი პროექტის განხორციელების მიზანია, რომ სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესებაში გარკვეული წვლილი შევიტანოთ. სხვათა შორის ინტერესი ნელ-ნელა იზრდება: ბლოგზე ახალი სტატიის ან რაიმე ახალი ინფორმაციის დამატების შემთხვევაში, ონლაინვიზიტორთა რაოდენობა მაშინვე მატულობს. ბევრი ახალი იდეა გვაქვს: მაგალითად, გვინდა მსოფლიოში ცნობილი ადამიანების საჯარო ლექციები ვთარგმნოთ და ვებ-გვერდზე გამოვაქვეყნოთ. მუდმივად ვეკითხებით აზრს სხვა სტუდენტებსაც, რას შეცვლიდნენ, რას დაამატებდნენ და ა.შ. საბოლოო ჯამში, ვცდილობთ, რომ ჩვენი პროექტი უფრო საინტერესო და ორიგინალური გავხადოთ“, – გვითხრა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტმა, „სტუდენტების გაერთიანების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ტარიელ ლომაიამ, რომელმაც ვებ-გვერდის www.tsuholic.ge ტექნიკური მხარის უზრუნველყოფაზეც არის პასუხისმგებელი. 
www.tsuholic.ge-ზე ასევე განთავსებულია ონლაინ-ბიბლიოთეკა და წიგნების გაყიდვის განყოფილება. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სტუდენტს უფროსკურსელებისგან სახელმძღვანელოების შეძენა სურს, ამის შესახებ ინფორმაციას ვებ-გვერდზე ნახავს.
გაერთიანებაში ყველა წევრი თანაბარი უფლებით სარგებლობს. გაწევრიანების მსურველებს შეუძლიათ წევრ სტუდენტებს ფეისბუქის გვერდზე დაუკავშირდნენ.
ამ დროისთვის „სტუდენტურ გაერთიანებაში“ 30 სტუდენტია გაწევრიანებული.